იცავს თუ არა “ბეცეჟეს” აცრა ვირუსისგან და რა გააკეთა სამხრეთ კორეამ ისეთი, რითიც ვირუსი შეაჩერა?

„ალიას“ ესაუბრება ინფექციონისტი, რევაზ მეჭურჭლიშვილი:

– რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ე.წ. „ბეცეჟე“ აცრა იცავს კორონავირუსისგან ადამიანებს. ეს მითია თუ რეალობა?

-არა, ჯერჯერობით რაიმე მსგავსი ინფორმაცია დადასტურებული არ არის და ეგაც მითია, რა თქმა უნდა. „ბეცეჟე“ აცრა არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა და ასე პირდაპირი მოქმედება აქვს თუ არა კორონავირუსზე, ჯერ არავის დაუდასტურებია.

-მე არ მაქვს ეგ აცრა გაკეთებული. მე და ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ე.ი. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არ ვართ?

-არა, რისკს არ ცვლის ეს აცრა. ჯერჯერობით, არათუ ეს, არც ერთი სხვა აცრა არ არის დადასტურებული, რომელიც შეიძლება იცავდეს რამენაირად ამ დაავადებისგან.

-ასაკობრივი ზღვარია განსხვავებული სხვადასხვა ქვეყნებში – იტალიაში იწყება დაახლოებით 50 წლიდან და 50-70 წლის პაციენტები პროცენტულად უკვე იმდენივეა რამდენიც 70-დან ზემოთ, ამერიკაში – 20 წლიდან ზემოთ ადამიანებშიც ბლომად გამოვლინდა დაინფიცირებული. საქართველოში უკვე 10 ბავშვია ინფიცირებული და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია პროცენტულად. ამას რა განაპირობებს? საუბრობენ, რომ გენეტიკასთანაა კავშირშიო.

-დავიწყოთ იმით, რომ არ არის ჩვენთან ყველაზე დიდი პროცენტობა ბავშვების. ბავშვს ჩვენ ვითვლით 0-დან 18 წლამდე, ისინი ითვლიან 0-დან 10-მდე და 10-დან ოცამდე. განსხვავებულად ითვლიან სტატისტიკას.
ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, ახალგაზრდა პაციენტების ყოლა განპირობებულია იმით, რომ ახალგაზრდები მოგზაურობენ საქართველოდან მეტწილად. ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში კი, ძირითადად პენსიაზე გასული ხალხი მოგზაურობს და უფრო ასაკოვან ხალხშია ეს დაავადება.
გენეტიკასთან კავშირშიც არ არის ჯერ დადასტურებული, თუმცა, მე პირადად, არა მგონია, რომ რამე კავშირში დადასტურდეს ოდესმე გენეტიკასთან.
რაც შეეხება ამერიკას – ამერიკაში ცოტა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები. რომ დააკვირდეთ სამხრეთ კორეაში და ამერიკაში ერთი და იგივე დღეს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, მაგრამ სამხრეთ კორეამ აგრესიულად მიმართა ტესტირებას, ძალიან ბევრი დატესტეს – 27 თებერვლისთვის, 47 ათასი მოქალაქე ჰყავდა დატესტილი სამხრეთ კორეას და ამერიკას – 400. ძალიან დიდი სხვაობა იყო მათ შორის. ამერიკამ ახლა დაიწყო ტესტირება და ბევრი აღმოჩნდა უკვე ინფიცირებული.
როცა ბევრი ადამიანია დაინფიცირებული, შესაბამისად, მათში ბევრი იქნება თანხმლები დაავადებების მქონე ადამიანი, ვინც შედარებით მეტი რისკის ქვეშ არის.


– სამხრეთ კორეის მაგალითზე რომ ვთქვათ, სწრაფი ტესტი კარგად მუშაობს, გამოდის?


– არა, იქ ნაცხის ანალიზსაც აკეთებდნენ, კარანტინში იყვნენ, იცავდნენ წესებს. სწრაფი ტესტი იყო სკრინინგისთვის მხოლოდ, რითიც ბოლომდე ვერ დაადასტურებ დაავადებას, ოქროს ტესტი არის ნაცხის აღების მეთოდი, თუ ეს მეთოდი არ არის გაკეთებული, ვერ ეტყვი ზუსტად, რომ აქვს კორონავირუსი, ვერც იმას ეტყვი ამ სწრაფი ტესტით, რომ გამოჯანმრთელდა.
სამხრეთ კორეაში იმუშავა აკრძალვებმა, მე მაინც კლინიცისტი ვარ და არ მეხება ეპიდემიოლოგია, მაგრამ მე რასაც ვუყურე, იქ იმუშავა კონტროლმა. ყველა ადამიანი იცავდა წესებს, მოხდა ლოკალიზაცია აფეთქების. ჯიპიესით აკვირდებოდნენ თვითიზოლაციაში მყოფ პირების საკრედიტო ბარათს და მის ტელეფონს. მეტსაც გეტყვით, თუ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, ან შემხებლობა რომელიმე დაავადებულთან, გაივლიდა სხვა ადამიანთან ძალიან ახლო მანძილზე – ჯიპიესის მეშვეობით, ტელეფონებს აკვირდებოდნენ და იმ მეორე ადამიანს, ვის ტელეფონთანაც ახლოს გაივლიდან რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქე და შესაბამისად, ამ მოქალაქის ტელეფონი, ატყობინებდნენ, რომ მისულიყო და მასაც გაეკეთებინა ტესტი, ყოფილიყო თითიზოლაციაში. იქ ძალიან სერიოზული სამუშაო ჩატარდა.

-ბევრს საუბრობენ სწრაფი ტესტების შემოტანის აუცილებლობაზე. რას შეცვლის იგი იმ პირობებში, როცა ქვეყანა უკვე გადადის მეოთხეული გავრცელების ეტაპზე?

-მთავარი ამ ტესტის შემოტანაში არის ის, რომ ჰქონდეს მაღალი მგრძნობელობა და მაღალი სპეციფიკურობა. რაც იმას ნიშნავს, რომ როცა გაიტესტება ადამიანი, თუ აქვს დაავადება, რამდენ პროცენტს აღმოუჩენს ვირუსს, ხო? ასეთი სწრაფი ტესტები, ჯერჯერობით მსოფლიოში ან ძალიან ცოტაა, ან არ არის საერთოდ. რაც არის ევროპის ქვეყნებში, შედეგი აქვს ჯერჯერობით 30 პროცენტი, დანარჩენ 70 პროცენტს უშვებს ცრუ უარყოფით პასუხს.

-ეს დამოკიდებულია სიმპტომის არსებობაზე?

-არა, ნახეთ, აქვს დაავადება და ამ სწრაფი ტესტის ჩატარების შემდეგ არ დაუდასტურდა. იმიტომ რომ ტესტი იყო დაბალი მგრძნობელობის. ტესტის სიავკარგეზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ასეთი ტესტები არ გვაწყობს, რადგან, რომ გავუშვათ ასეთი ცრუ უარყოფითი პასუხებით დაავადებული, მერე გამოვა, რომ გავრცელება გაიზრდება. ამიტომ ტესტი, მთავარია, იყოს მაღალი მგრძნობელობის და მაღალი სპეციფიკურობის.

-შესაძლებელია თუ არა იმის დადგენა, გადაიტანა, თუ არა ადამიანმა კორონავირუსი?

-გადაიტანა თუ არა, კი ეგ შეიძლება. როცა სისხლის ანალიზში ჩანს იმუნოგლობულინი "G", ეს იმას ნიშნავს, რომ გადატანილი აქვს ამ ადამიანს ეს დაავადება, თუ არ არის იმუგლობულინი “M”. ანუ, მხოლოდ იმუნოგლობულინი “G” თუ აქვს, ესე იგი გადაიტანა უკვე კორონავირუსი.

-რამდენ ხანში შეიძლება გამოჩნდეს სისხლში ეს მონაცემი?

-"M" გამოჩნდება ხუთი დღის მერე დაავადების დაწყებიდან სისხლის ანალიზში, მეხუთე-მეშვიდე დღეს დაახლოებით, შეიძლება უფრო ადრე ან გვიანაც. მაგრამ, იმუნოგლუბულინი “G” ჩნდება უფრო გვიან, დაახლოებით მესამე კვირის მერე. ეს არის ე.წ. იმუნიტეტი, რომელსაც ვირუსი გამოჯანმრთელების მერე ტოვებს.

– და რამდენ ხანს ჩანს იმუნოგლობულინი “G”?

-ეს არის ახალი დაავადება, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი და დარჩება თუ არა, ჯერ უცნობია. დრო სჭირდება ამ ყველაფრის გაგებას და ზუსტი სტატისტიკა. 

ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ ჰქონდა სიცხე, ხველა და გაუგრძელდა გრიპის სიმპტომები, შესაბამისად, თვლის, რომ თვეების წინ უკვე გადაიტანა კორონავირუსი. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავუშვათ დეკემბერში, იანვარში ანდაც თებერვალში გადაეტანათ კორონავირუსი უსიმპტომოდ, ან სუსტი სიმპტომით?

-დეკემბერში არა მგონია, რადგან დეკემბერში სულ ახალი დაავადება იყო, ოფიციალური დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება პირველ დეკემბერს, თუმცა, მაინც ნოემბრის შუა რიცხვებში უკვე ჩანდა ეს დაავადება. ზოგს შეიძლება მართლა ჰქონდეს გადატანილი მცირე სიმპტომით, ან უსიმპტომოდ, მაგრამ – სიცხე ჰქონდა, ახველებდა დავუშვათ – ყველა ვირუსი და გაციება კორონავირუსს არ უნდა მიეწეროს.

შეიძლებოდა ნოემბერ-დეკემბერშიც გადაგვეტანა კორონავირუსი?

-ვერა, იმიტომ რომ ნოემბერ-დეკემბერში გამოჩნდა ჩინეთში. იანვრის პირველ კვირამდე ჩინეთშიც კი არ იყო მასობრივად და ერთეული შემთხვევები დადასტურდა მხოლოდ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ვიღაც ქართველიც ყოფილიყო მაგ პერიდოში ჩინეთში და იქ გადაეტანა იმ პერიოდში და ახლა გადატანილი ჰქონდეს. მაგრამ ასე მტკიცებით საუბარი, რომ ვინმეს გადატანილი აქვს, ან არა აქვს – არ შეიძლება.

-საუბრობენ იმაზეც რომ ევროპა როცა აქვეყნებს კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას, იმ მონაცემში ყველა ადამიანი არ გარდაცვლილა კორონავირუსით და ეს ზოგადად, გარდაცვლილთა სტატისტიკააო.

-გარდაცვლილთა სტატისტიკაში, კორონავირუსს რაც შეეხება, დათვლილია მხოლოდ დადასტურებული შემთხვევები. შეიძლება გულის დაავადებებით გარდაიცვალოს ადამიანი, შეიძლება სხვა რომელიმე ქრონიკულ დაავადებას ემსხვერპლოს, მაგრამ დადასტურებული არის ერთი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია და ის გარდაიცვალა.

-ემიგრანტები წერენ, რომ არც ერთი მისი ნაცნობი ან ნაცნობის ნაცნობი ევროპაში არ გარდაცვლილა. საუბრობენ სპეკულაციაზეც. 

-არა. სპეკულაციასთან ვერ გვექნება საქმე. კლინიცისტი ვარ და ვხედავ ჩემი თვალით ადამიანებს, ვისაც ვირუსი აქვს, ვირუსის სიმპტომები – არ არის კორონავირუსი სპეკულაცია და ნამდვილად არსებობს.

-და მისი მთავარი უარყოფითი მხარე არის სწრაფი გავრცელება?

-კი. რაც უფრო მეტი იქნება დაავადებული, მით მეტი იქნება გარდაცვლილი. ამიტომ ცდილობს სახელმწიფო, შეაჩეროს გავრცელება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაინფიცირდეს.

-რამე ახალი რეკომენდაცია ხომ არ დაგვემატა პრევენციისთვის?

-დამატებით, არა, ისევ იგივე, სოციალური დისტანცირების და ჰიგიენის მკაცრი დაცვა.

ალია № 12б თამო კეშელავა

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.