„იქ რევოლუციურ შტაბებს ამზადებენ, რომლებიც პირველივე დაძახებაზე თბილისისკენ დაიძვრებიან!“

შემოდგომის წვიმიანი, ცივი დილა იდგა….

ზღვაში, „პრიჩალზე“ კატარღა ირწეოდა, ნაპირზე კი ბარგაკიდებული ადამიანების მწკრივი მოსჩანდა… ომი ახალი დაწყებული იყო და სოხუმიდან ის აფხაზური ოჯახები იხიზნებოდნენ, რომლებმაც ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანეს ომის შემზარავი სინამდვილე, ანდა არ უნდოდათ დაეჯერებინათ ძმა-ძმას ტყვიას რომ ესროდა… სად მიჰყავთ-მეთქი? ვიკითხე… გუდაუთაშიო, მიპასუხა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომელმა და უმალ შევეკითხე – შეიძლება მეც გავყვე? გზაში ინტერვიუებს ჩავწერ, თანაც რამდენიმე ნაცნობს ვხედავ მათ შორის და მგონი, აი ის ხანშიშესული ადამიანები, დეპუტატ ნათელა აკაბას მშობლები არიან, მივალ გამოველაპარაკები-თქო… ასე იყო, თუ ისე, კატარღაზე ყველაზე ბოლოს ავედი, ჩავრთე ვიდეოკამერა და ამ დროს დამიძახეს კიდეც, გადაღება არ შეიძლებაო… აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას, კატარღას სამხედრო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული ადამიანები აცილებდნენ და დავემორჩილე… წამოვდექი და ერთ-ერთთან მივედი…

თქვენი აზრით, ჩემს აქ ყოფნას, რა დანიშნულება აქვს?“ – საკმაოდ მკვახედ ვკითხე …

დაემორჩილეთ ბრძანებას“, – მანაც მკვახედ მომიგო და იქვე მითხრა, თუ გნებავთ საერთო კადრები გადაიღეთ, ზღვა, აი, ეს ადამიანები, რომლებსაც არავინ შეურაცხყოფას არ აყენებს და პირიქით, პატივისცემით რომ ეპყრობიან ამ ხანშიშესულ ადამიანებსო… ჩემს ვიდეო კამერას, ნათურაზე შავი „იზოლენტა“ ჰქონდა აკრული, კამერის ჩართვისას წითელი შუქი რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო და ასე იღლიაში ამოჩრილი, ჩართული კამერით მიმოვდიოდი, ვეკითხებოდი, მპასუხობდნენ, ტიროდნენ და ვამშვიდებდი, გვსაყვედურობდნენ და ყველას მაგივრად ვპასუხობდი და როგორც იქნა, ნაპირიც გამოჩნდა და იქაც, ნაპირზე მომლოდინე ადამიანების გრძელი მწკრივი  შევნიშნე…

თუკი სოხუმში ყველაზე ბოლოს ავედი კატარღაზე, ამჯერად პირველმა ჩამოვირბინე ტრაპი და გადაღება თამამად დავიწყე, ვიცოდი ხელს ვეღარ შემიშლიდნენ იმიტომ, რომ ნაპირთან მომლოდინეებს შორის ჩემი ძველი ნაცნობი აფხაზი დეპუტატები დავინახე და მათ შორის ნათელა აკაბაც, რომელიც მშობლების დასახვედრად მოსულიყო…

მე რომ მეგონა, აფხაზების გასაცილებლად  ვიყავით წამოსულები, თურმე სად ვარ? რამდენიმე დღით ადრე, გუდაუთის რაიონის სოფლებში, იქ სადაც ქართველები, კერძოდ კი რაჭველები ცხოვრობდნენ, ეთნიკური წმენდა ჩაუტარებიათ ათასი ჯურის ბოევიკებს და ვინც სახლებში ვერ ჩახოცეს, სიმინდის ყანებში ჩაუკლავთ და მათ შორის მაისურაძეების ოჯახიდან 4 ახალგაზრდა კაცი, რომელთა დედაც ნაპირზე ლოყებს იხოკავდა…

ჩვენ უვნებლად ჩამოგიყვანეთ აფხაზები, თქვენ კიდევ მშვიდობიან სოფელს დაესხით თავს, დახოცეთ უიარაღო მოხუცები, ახალგაზრდები და კიდევ ღიმილით მხვდებიი?“ – შევუტიე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატ ოლეგ დამენიას, რომელიც სად გამქცეოდა, არ იცოდა… ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცი მომიახლოვდა და ვიცანი, ის იყო კატარღაზე გადაღება რომ ამიკრძალა… დამშვიდდით, ჩვენ აქედან ისედაც ტრამვირებული ადამიანების წასაყვანად ვართ ჩამოსულები და ჩხუბის დრო არ არისო, მაგრამ მე რა გამაჩერებდა?!

წვიმაში, სიცივეში, კატარღაში მოკუნტული ქართველებით და ტირილით დავემშვიდობეთ გუდაუთას… მთელი გზა არ გამომირთავს ვიდეოკამერა და მაყურებელსაც კარგად ახსოვს „საღამო მშვიდობისას“ ეთერში, როგორ შემზარავ ისტორიებს მიყვებოდნენ ჩვენი გაუბედურებული ქართველები… ის ახალგაზრდა სამხედროც ჩავწერე, რომელთანაც ჯერ კამათი მომივიდა , ხოლო შემდეგ დავმეგობრდი, იგი მალხაზ თოფურიად გამეცნო…

დღეს „ალიას“ სტუმარი სწორედ ის მალხაზ თოფურიაა, რომელიც  გუდაუთისკენ მიმავალ კატარღაში გავიცანი! მოგვიანებით, ბედმა 2008 წლის აგვისტოს ომშიც გადაგვყარა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „მახაჩასთან“ დაზვერვაზე წასვლა შეიძლება, ის საქართველოს პატრიოტია მთელი თავისი ბიოგრაფიით და სწორედ ამიტომაცაა საქართველოს შინაურმა მტრებმა, ამ რამდენიმე დღის წინ, მასზე მასირებული შტურმი რომ დაიწყეს იმიტომ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინა ასევე ომის ვეტერანმა, ირმა ინაშვილმა!

აბააა, მითხარი, რა უნდათ შენგან, რატომ დაგესივნენ გიენებივით, სამშობლოს უღალატე, მილიონები მოიპარე, მტერთან ითანამშრომლე ტერიტორიების ჩასაბარებლად თუ, რატომ?

– მივესალმები „ალიას“ მკითხველს! აბა, რა გითხრაა? საოცარი რამ ხდება და მართალი გითხრა, ძალიან გამიკვირდა, როცა „ნაცების“ შხამიანმა შემადგენლობამ კი არა, „ოცნების“ იმ ფრთამ დამცხო, რომლებიც ფეისბუქზე იაფფასიან, დახელფასებულ სტატუსებს წერენ და მხოლოდ ამით გამოიჩინეს თავი! მაგათ ნამუსზე და სინდისზე იყოს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და არ ამომიყვანონ ყელში, თორემ ისეთ ფეისბუქსტატუსებს მიიღებენ ჩემგან, იქნებ მეხვეწებოდნენ, თავი დაგვანებე შეგვეშალაო! მაგათ თუ ჰგონიათ, მაგ ღვარძლით თავიანთ პატრონებს ასიამოვნებენ და უფრო მეტს გადაუხდიან, ვიდრე აქამდე უხდიდნენ, ძალიან შემცდარან იმიტომ, რომ საქართველო პატარაა და ხალხმაც ძალიან კარგად იცის ვინ ვინ არის…

ვის გულისხმობ მათ პატრონებში, ბიძინა ივანიშვილს?

– არცერთ შემთხვევაში! მე ვგულისხმობ კონკურენტ პარტიებს, რომელთა შემადგენლობაში, არცთუ სახარბიელო და ტკბილი წარსულის ადამიანები არიან თავმოყრილები… მე ის კაცი არ ვარ, ვიღაცების წარსულის ქექვით დავიწყო ჩემი წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თუ არ მოისვენებენ, იძულებულს გამხდიან და იმ იაფფასიან „გამპრავებელებს“ რომლებიც თავისით არ გაჩერდებიან, კონკრეტულ პატრონებს გამოვუმზეურებ და მერე ვნახოთ, ვისი აჯობებს! ამიტომ ვურჩევ – დააშოშმინონ ეს ყველანაირად პატარა ადამიანები, მათთვის უფრო მომგებიანი იქნება…

იაფფასიანი „გამპრავებლები“ ახსენე და აქვე შეგახსენებ, რომ ეგენი ბუზსაც ვერ აგიფრენენ, მაგრამ შენ გყავს დიდი ფინანსებით აღჭურვილი კონკურენტებიც, რომლებიც ყველა ღონეს იხმარენ და მათ შორის ფინანსებსაც დახარჯავენ იმისთვის, რომ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდე…

– თუ ბექა ოდიშარიას გულისხმობ, აქვე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მას მამის გარდაცვალების გამო და პირდაპირ გეტყვი, ვისურვებდი, რომ ათი ბექა ოდიშარია ყოლოდა საქართველოს, რათა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც მათნაირი ადამიანები სამუშაო ადგილებს შექმნიდნენ, ადამიანების დასაქმებაზე იზრუნებდნენ, ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დააყენებდნენ და მარიონეტებივით პულტზე ხელის დამჭერებად კი არა, ქვეყნის ამღორძინებლებად მოგვევლინებოდნენ!   კი, ბექას უზარმაზარი ბიზნესები აქვს, ეს ყველამ იცის, მაგრამ მე მაინტერესებს, როცა ამხელა ბიზნესების პატრონი ხარ, გაქვს შენი საქმე, რომელიც კარგად გამოგდის, რატომ გინდა, რომ კანონშემოქმედებით ორგანოში, ანუ პარლამენტში, დაკარგო ძვირფასი დრო და დეპუტატიც გახდე, თანაც უკვე მერამდენედ? ბექას ძლიერი მხარე არ არის პოლიტიკა და არც მახსენდება, რომ იმ რეჟიმის წინააღმდეგ გაელაშქროს, რომელიც საქართველოს დაქუცმაცებაზე იყო ორიენტირებული! მისი მოვალეობაა ყველა მთავრობასთან იყოს, იმიტომ რომ ბიზნესმენია, მისი ცხოვრების სტილია ბიზნესი და მე მართლა ვისურვებდი, რომ იგი დაუბრუნდეს იმ საქმეს, რაც კარგად გამოსდის და არ მოცდეს იმ საქმით, რომელიც მისი ძლიერი მხარე არაა! ასევე ვისურვებდი, თავის საქმეს დაუბრუნდეს ჩემი მეორე კონკურენტი შალვა შავგულიძეც, რომელიც ცხონებული გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის ადვოკატობით გაიცნო საზოგადოებამ და დღეს ვანო მერაბიშვილს და იმ ძალებს დაუმეგობრდა, რომელთა ყველა სიბინძურე საკუთარი თვალებით ნახა და სწორედ ამ სიბინძურიდან დასახელდა მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად! ის რომ ვიღაც დამწყები, ახალგაზრდა ბიჭი იყოს, ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ შალვამ ხომ თავად იცის, როგორი ჩირქის გროვის გვერდით დგას, თუ აქამდეც იცოდა და თვითონაც მათი ნაწილი იყო შეფარულად? მე ვისურვებდი, შალვა თავის საქმეს დაბრუნებოდეს და აქვე დავამატებ, რომ პარლამენტში იურისტები მართალია საჭიროა, მაგრამ როცა ამდენ ლავირებას აკეთებენ, ამდენჯერ გადააგდებ ამომრჩეველს, ვანო მერაბიშვილს ჩაეხუტები და სინდისზე უარს იტყვი, წერტილი უნდა დასვა სადღაც და დაამთავრო პოლიტიკური ამბიციები! გულწრფელად გეუბნებით, მებრალება ახალგაზრდა კაცი, არცთუ ცუდი ადვოკატი ასე რომ დაეცა და გაისვარა, ჰოდა, დაუბრუნდეს თავის პროფესიას, მისთვისვე აჯობებს!

შენ რითი მოდიხარ პოლიტიკაში და რას ჰპირდები ამომრჩეველს?

– მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი კაცობით და ღირსებით, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, არაფერში გამიცვლია! ვცხოვრობდი ლესელიძის ქუჩაზე და სახლ-კარის გადაწვის შემდეგ, მომიწია ჩემი უბნის დატოვება და სხვებისგან განსხვავებით, არც კომპენსაცია მიმიღია და არც ხელგაწვდილი დავმდგარვარ ხელისუფლების წინაშე, დამეხმარეთ და შემდეგ გემსახურებით-თქო!

ეს ქალაქი, ისევე, როგორც ჩემი კონკურენტებისთვის, ჩემი ქალაქია და მაქვს ამბიცია, წარმოვადგენდე იმ ერთადერთ პარტიას, რომელსაც  პროგრამაში აქვს – საქართველოს ტერიტორიების აღდგენა!!!

ისე, რა საინტერესო და საგულისხმო რამ თქვი? ორ ასეულზე მეტი პარტიაა საქართველოში და თითქოს პირი შეკრესო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე აღარავინ საუბრობს… ამასწინათ მამუკა გიორგაძე ჩავწერე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი და მანაც იგივე თქვა, დაავიწყდათ აფხაზეთიო…

– ჰო, ეს თემა უკვე ამოშალეს დღის წესრიგიდან და მე მებრძვიან ეს შეჩვენებულებიი? „ნაცმოძრაობა“ გასაგებია, თავიანთი გურუს დირექტივებით იმართებიან და იზიარებენ მის აზრს, რომ აფხაზეთი საქართველო არც არასოდეს ყოფილა, მასზე ქართველი კომპოზიტორები, სიმღერებსაც კი არ წერდნენო… მაგრამ, თუნდაც „ქართულ ოცნებას“ უპირველესი საზრუნავი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა, რატომ აქვს გაყინული, მომკალი და ვერ გამიგია! „ნაცების“ დიქტატის ქვეშ რომ არიან, დავიჯერო თვითონ არ ეუხერხულებათ, თუ გავრილოვის ღამეების მომწყობ დესტრუქციულ ძალებთან სიამტკბილობა ურჩევნიათ? ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ შემოდგომაზე, პირველივე შერყევისთანავე ყველა დატოვებს მათ პარტიას და იქ გადავლენ, საითაც სარგებელს დაინახავენ?

ანუ, შენ იმას ამბობ, რომ შეიძლება, შემოდგომაზე სერიოზული პოლიტიკური რყევები იყოს?

– მე ძალიან ცუდ რაღაცებზე ვფიქრობ და გარკვეული ინფორმაციაც მაქვს… იმდენად ცუდზე, რომ ამის ღიად დეკლარირება, რამდენად სწორი ან არასწორია, არ ვიცი… აი, შენ ხომ ძალიან კარგად გახსოვს ყველაფერი? აბა, მითხარი, როცა „ნაცმოძი“ მაჟორიტარ დეპუტატად ისეთ გენერალს წარადგენს, რომელიც თბილისში ზარბაზნის პირველ სროლასთან ასოცირდება, რას უნდა ნიშნავდეს ეს? მე გვარს არ დავასახელებ, მაგრამ რაში ჭირდებათ, რაში, რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან სამეგრელოში რომ გადაისროლეს და თითქოს არჩევნებისთვის ემზადებიან? თქვენ რა გგონიათ, იმ რაიონებში საარჩევნო შტაბები ყალიბდება? იქ რევოლუციურ შტაბებს ამზადებენ, რომლებიც პირველივე დაძახებაზე თბილისისკენ დაიძვრებიან!

უუფ, მე გეტყვი მაგ გენერლის სახელ-გვარს – დევი ჭანკოტაძე!

– ანდა როგორ შეიძლება საქართველოს, თბილისს და საბურთალოს აკადრო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც თურმე 50-მდე შეიარაღებული კაცი ჰყოლია და ეს კამაზების რევოლუციონერი, თურმე ნუ იტყვით და, ამ 50 კაცით აპირებს სიტუაციის ამტუტებას? აი, ეს მიდგომა აქვთ, ეს ჩანაფიქრი და ამ თამაშში ნელ-ნელა უნდა ჩაითრიონ ხალხიც? დიახ! მე ზუსტადაც ამ ყველაფრის წინააღმდეგ მოვდივარ პოლიტიკაში და რამდენად შევძლებ ამ ყველაფრისთვის წინააღმდეგობის გაწევას, საზოგადოებამ შეაფასოს!

მალხაზ! დიდი ეჭვი მაქვს, „პატრიოტთა ალიანსმა“, სწორედ შენი წარსულის გამო შეგარჩია და როგორც ვვარაუდობ, აფხაზეთის თემის გააქტიურებისთანავე გამოიყენებს შენს იმ პოტენციალს და ავტორიტეტს, რომელიც აფხაზებშიც საკმაოდ წონადია, ასეააა? და ბარემ ისიც მითხარი, ტყვეთა გაცვლის გარდა, აფხაზეთის ომისა და შემდგომ პერიოდშიც მათთან კონტაქტები ისევ გაქვს?

– დასამალი არაფერია და გეტყვით, რომ ომის შემდგომ გაავრცელეს ჭორები იმის შესახებ, რომ თითქოსდა, დანარჩენი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ საპატიმროებში, ჩვენ განთავსებული გვყავდა აფხაზი ტყვეები..

პირველად მესმის…

– კი, კი და სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან 2 წონიანი, ავტორიტეტული პიროვნება ბესლან კობახია და ჯემალ სმირი! ჩვენ ერთად მოვიარეთ ყველა ციხე და ის დაწესებულება, რომლებსაც ისინი ასახელებდნენ, მათ შორის ფსიქიატრიული საავადმყოფოებიც კი… ამ პერიოდში ჩემდამი ნდობა იმდენად დიდი ჰქონდათ, რომ არ მგონია, ხვალ რომ სოხუმში მიმასპინძლონ, რამე შეიცვალოს ჩვენს ურთიერთობებში! სხვათაშორის, თითქოს ბედად მერგო ტყვეთა გაცვლის სფერო… თავდაცვის სამინისტროში ჩემი ბოლო თანამდებობა უკავშირდებოდა „ჯეი 9“-ს, რომელიც საზოგადოებაში არმიის ურთიერთობას გულისხმობს და პირველ რიგში, ეს ურთიერთობა არის წითელ ჯვართან! ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში კიდევ, როგორც წითელ ჯვართან, ასევე დაკარგულ მებრძოლთა, მათი სამარხების პოვნის საქმეშიც, ყველაზე მეტს მე ვურთიერთობ არაკონტროლირებადი ტერიტორიების წარმომადგენლებთან! რასაკვირველია მაქვს კავშირები, რიგით აფხაზებთანაც, მაგრამ აქ მთავარი იცი, რა არის? მე არასდროს ჩამიდენია სამხედრო დანაშაული და ვგულისხმობ, თუნდაც ტყვესთან დაკავშირებულ დაწერილ თუ დაუწერელ კანონს, ანუ არასოდეს მოვქცევივარ მათ უღირსად, არ დამიმცირებია მათი ღირსება და როგორც იტყვიან, ციმ-ციმ გადამიცია მოწინააღმდეგე მხარისთვის! ეს ყველაფერი კი ახსოვთ, ჩემო კარგო, ისევე, როგორც მე მახსოვს მათი საქციელი… არანაირი სპეციალური კურსები არ გამივლია მე, როგორ უნდა მეურთიერთა ტყვეებთან, უბრალოდ ადამიანის ადამიანისადმი ურთიერთპატივისცემა, მითუმეტეს ტყვესადმი, იმდენად მქონდა ძვალსა და რბილში გამჯდარი, ისეთ ოჯახში გავიზარდე, ამას ჩემი შინაგანი ბუნება მკარნახობდა და თამამად შემიძლია გითხრა, რომ თუკი ოდესმე ჩემი გაცვლილი აფხაზი ტყვეების ოჯახში მოვხვდები, თვალებში შეხედვის და ხელის ჩამორთმევის არასოდეს შემრცხვება და იმაშიც გარწმუნებთ, რომ მათი მხრიდანაც იგივე მოხდება! დიდი იმედი მაქვს, შერიგების პროცესი მალე დაიწყება, რადგან ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება!!! გენეტიკურ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ და აფხაზები ისედაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს ბევრი რამით.. ავიღოთ ნარკოტიკები, რომელმაც წალეკა აფხაზი ახალგაზრდობა, ცე ჰეპატიტი ანადგურებს იქაურობას, გაჭირვება და სიდუხჭირეა იქაც და ჩვენი გადასარჩენები არიან, ჩვენი იმიტომ, რომ ჩვენს გარდა მათ არც ენას გადაურჩენს არავინ და არც მათ ეკონომიკას მიხედავს ვინმე! მიმხედავი აქამდე მიხედავდა და ჩვენ ვხედავთ, როგორი სიხარულით მოდიან ქართველ ექიმებთან სასწრაფო ოპერაციებსა თუ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ! აგრეთვე  სასწრაფო და გადაუდებელ ნაბიჯად მიმაჩნია ლტოლვილების დაბრუნება, რომელთათვისაც ეკონომიკური პროგრამები უნდა გაიწეროს, რათა ისინი სახელმწიფოს კი არ დააწვნენ ხარჯად, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებით, საკუთარი ოჯახებიც არჩინონ და ქვეყანაც ახეირონ! გადახედეთ საქართველოს, ვის აქვს დღეს წვრილი ბიზნესი და ვინ არიან წარმოდგენილი სავაჭრო ობიექტებში? დევნილები, ხომ? ესენი ენერგიული, მშრომელი, ოპტიმიზმით სავსე ხალხია და ვფიქრობ დაბრუნებიდან მალევე დაეტყობა აფხაზეთს მათი ხელი!

„პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთის აგენტებს რომ ეძახიან ეს მართლა აგენტები, განა სასაცილო არ არის? „პატრიოტთა ალიანსი“ მხოლოდ აფხაზებთან კი არა ყველა იმ ძალასთან დიალოგის მომხრეა, რომლებიც დაკარგულ ტერიტორიებს დაგვაბრუნებინებენ, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი თუ  ინგლისი და ამაში ცუდი რა არის, გამაგებინონ, რააა? სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ ვერ უწევს წინააღმდეგობას „ნაცების“ წნეხს, რომ თუნდაც 1 ნაბიჯი გადადგას მოლაპარაკებების დაწყების კუთხით და ეს ხდება იმის შიშითაც, რომ ამ მართლაც ჯაშუშურმა ძალამ, ვიღაც აკუ მინაშვილმა თუ სააკაშვილ-თარგამაძეებმა რუსეთუმეები არ დაუძახონ და მიტინგები არ გაუმართონ რუსთაველზე, გამიგეეე? ნახევარი „ნაცმოძრაობა“ მოსკოვში რომ ცხოვრობს, ეს მარტო მე ვიცი? პუტინს ხვალ ბალეტის ყურება რომ მოუნდეს, გრიგოლ ვაშაძის მეუღლე, ნინო ანანიაშვილი მაშინვე ჩაფრინდება მოსკოვში და გზადაგზა ამოიცვამს პუანტებს, მეფე არ ვალოდინოო და ესენი გვეძახიან ჩვენ რუსეთუმებს და აგენტებს? ანდა ბურჭულაძე რომ უმღერის პირდაპირ პუტინს და მისკენ ბედნიერი სახით იყურება, არც ეს არაფერი და ჩვენ ვართ რუსეთუმეები და მოღალატეებიი? ისეთი ფაქტების მოყვანა შემიძლია, რამდენჯერ, როგორ, სად და ვისთან უმტრეს საქართველოს, ცოტა მომერიდონ, ურჩევნიათ, თორემ ცუდი გაბრაზება ვიცი და არ მინდა, მოვა მაგის დროც…

გიმეორებ, ჩემი რიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, რას ჰპირდები, თუნდაც ოქროყანის მოსახლეობას?

– ვიდრე ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, მითხარი, რომ  საკარმიდამო მცირე ნაკვეთების დაკანონების პრობლემა გაქვთ და რომ მოგატყუათ „ნაცმოძრაობამ“ მაშინ, როცა ეს აგარაკები შეგასყიდათ, საკუთრების მოწმობაში სახლის მიმდებარე ნაკვეთებიც ჩაგიწერათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთი მტკაველი მიწა თქვენი საკუთრება არ აღმოჩნდა, ხომ? აი, მე გპირდებით, რომ სადაც საჭიროა, იქ მივალ, მერია იქნება ეს თუ ეკონომიკის სამინისტრო, კაბინეტების  გზას ავუტალახებ და საკუთრებაში გადმოგეცემათ ის, რაც ქაღალდზე თქვენია, ოფიციალურად გიწერიათ, მაგრამ დღეს თქვენი არაა! აგრეთვე ვპირდები მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობას, რომ სხვებივით კაბინეტში არ გამოვიკეტები და ყველანაირად დავუდგები გვერდში ამ რაიონის თითოეულ მაცხოვრებელს!

კეთილი! ახლა მითხარი, საიდან მოდიხარ, ვინ არიან შენი მშობლები, ოჯახის წევრები?

– მამა აკადემიკოსი, ამიერკავკასიაში ერთადერთი შუმეროლოგი კარლო თოფურია მყავდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა… დედა ნონა ჭულაძე პედაგოგი მყავს! მეუღლე  ეკა მიქელაძე, რომელიც მთაწმინდელია, 47-ე სკოლა აქვს დამთავრებული, ამჟამად დიასახლისია, მყავს 2 შვილი, ნუცა და ჯარჯი რომელიც 100% გრანტით მოეწყო უნივერსიტეტში! მე თვითონ დამთავრებული მაქვს თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ვარ ყოფილი რაგბისტი, ვთამაშობდი „აკადემიაში“, ცნობილი „ბურძგლას“ გაზრდილი ვარ, ძალიან მეამაყება, რომ  ლეგენდარული ვასკა და ნუკრი წიკლაურების თანაგუნდელი  ვარ  და მოკლედ, ესა ვარ რაცა ვარ! არასდროს მიღალატია ჩემი ქვეყნისა და პრინციპებისთვის, როგორც შემიძლია, ისე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვისაც საქართველოსთვის ნამდვილად სიკეთე უნდა, აგერ ვარ, ბატონო, მომცეს ხმა და არ ინანებს! მეტი რაღა ვთქვა?

– არც არაფერი… ჩემი ხმა შენია, ჯერ ერთი, იმიტომ რომ მოხარშულს გიცნობ და მეორეც, ვიცი, რომ ნამდვილად კარგი დეპუტატი გვეყოლება როგორც ომის  ვეტერანებს, ისე მთაწმინდისა და კრწანისის რიგით მოქალაქეებს. მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებები…

ირინე გოგოსაშვილი, „ალია“ #33

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    მაგარი კაცი!

  2. ანონიმური

    Გაიხარე,მართლა მაგარო კაცო,შენ ისეთი ადამიანის გვერდზე დგეხარ, მართლა რომ სამშობლო გულით სტკივა,თუმცა არაკაცების თავდასხმის ხშირი მსხვერპლი ხდებით ,არაუშავრა გენაცვალე ცუდს რად უნდა მტრობა,ყველაფერი კარგად იქნება უფალს ებარებოდეთ, ამინ!!!

  3. მედეა

    “პატრიოტთა ალიანსი კარგი პროგრამითაა ჩართული, მ ა გ რ ა მ მიუმხრობლობა ფრიად საეჭვო ნიშაა. ჟორდანიას მთავრობა მიუმხრობლობა-ნეიტრალიტეტის გამოცხადებამ დაღუპა. პუტინი ლენინზე კ ე თ ი ლ ი ჰგონიათ? ფარას ძაღლები თუ მოაშორე–დაუცველი იქნება და მგელი გაანადგურებს! რ უ ს ე თ ი არის ამით მკვეთრად დაინტერესებული. ხალხმრავალი აქციები არ შეცვლის რუსის მადას! მცდარია მიუმხრობლობის ქადაგება, არ გამოგვივა ეგ! ვინ და რატომ აფინანსებს ასე გულუხვად ინაშვილ -თარხან მოურავს? საკითხავი აი, ეს არის!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.