“ის, რაც ირაკლი შოთაძემ გააკეთა, იყო უპრეცენდენტო და ამის გაკეთებას ვაჟკაცობა სჭირდება!”

„ალიას“ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.


ბატონო ვალერი, ჩვენი საუბარი ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირებით მინდა დავიწყო. ირაკლი შოთაძეს კვლავ მთავარ პროკურორად აბრუნებს. ამ ფაქტს როგორ აფასებთ?


– სამართლებრივად რაიმე აკრძალვა არ არსებობს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მეორედ მიიღოს მთავარი პროკურორობის არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი შეზღუდვა არ არის კანონში. რადგან კანონში არ არის შეზღუდვა, შოთაძე იქნება თუ სხვა, კანონით შეუძლია კონკურსში მონაწილეობა და მთავარი პროკურორის პოსტის დაკავება. თუმცა, აქ, ამ საქმეში არის მეორე ნაწილი, მორალური და ზნეობრივი მხარე. როდესაც პროკურორი გათავისუფლდა კონკრეტული მიზეზების გამო თანამდებობიდან და მას იმავე პოსტზე აბრუნებენ, ეს არ არის ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სწორი გადაწვეტილება. პოლიტიკურად გაუმართლებელია. ცხადია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ კადრების მოზიდვა, შერჩევა და კომპეტენტური გარანტიების მიცემა საზოგადოებისთვის, კვალიფიკაციის მიხედვით მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ხალხის დანიშვნა არ ხდება. ეს არის მხოლოდ ნდობის ნიშნით შერჩეული კადრი და ამას პოლიტიკური ხელისუფლება ადასტურებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ ნდობის, ერთი კაცის ერთგულების ნიშნით ხდება კადრების შერჩევა, მაგრამ ეს უკვე ნორმად იქცა ამ ქვეყანაში. ცხადია, ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას ყოველმხრივ. არა მხოლოდ პროკურატურის სისტემაში, რადგან კვალიფიციურ კადრებს არ ეძლევათ გასაქანი, ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება. ამიტომაც არის, რომ ჯერ ერთ ადგილას ვიყავით გაჩერებული და ახლა, უკან–უკან მივდივართ. რაღა ახლა, დიდი ხანია ამ ქვეყანაში რეგრესია ყველა სფეროში. იმ ხალხს, ვისაც რაღაცის შეცვლა შეუძლია ქვეყანაში, ახლოს არ აკარებენ ხელისუფლებას, რადგან ისინი არ გამოირჩევიან იმ ხარისხის ერთგულებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც მას სურს. შესაბამისად, ამ ხელისუფლების ხელში წინსვლას და სასიკეთო ცვლილებებს არც უნდა ველოდოთ. ერთსაც ვიტყვი, როდესაც პარლამენტი დაამტკიცებს თუ არ დაამტკიცებს ირაკლი შოთაძეს, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რასთან გვაქვს საქმე, ირაკლი შოთაძის საკუთარ ინიციატივასთან თუ პოლიტიკურ პროცესთან.  


– ირაკლი შოთაძე საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა პოსტიდან. ეს აქციები ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობების არასწორმა გამოძიებამ, საქმის ჩაფარცხვის მცდელობამ, დამნაშავეთათვის ხელის დაფარებამ, მტკიცებულებათა გაყალბებამ და განადგურებამ გამოიწვია. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, დათუნა სარალიძის მკვლელთა მიმართ პროკურატურის ლოიალურ დამოკიდებულებას ვგულისხმობ.


– კი, ბატონო, საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა ირაკლი შოთაძე და ეს კარგად მახსოვს. თუმცა, მისთვის ბრალი არავის დაუდია, რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე. კი, იყო მღელვარება. ერთ–ერთი შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე აპროტესტებდა გამოძიებას და ტენდენციურობაში ადანაშაულებდა პროკურატურას. ამ მოვლენებმა გამოიწვია საზოგადოების მაღალი ინტერესი ამ საქმის მიმართ და ირაკლი შოთაძემ ჩათვალა, რომ თუ ეს პროცესები, ეს მღელვარება მისი გადაგომის მერე ჩაცხრებოდა და გადადგა კიდეც. თუმცა, ვნახეთ, რომ მისი გადადგომის შემდეგ ეს პროცესები არ მინელდა. ანუ, მისი გადადგომა არ გამოდგა საზოგადოების დამშვიდების იმედი. პირიქით, შოთაძის გადადგომის შემდეგ, უფრო გააქტიურდა პროცესი და უფრო მასშტაბური სახეც მიიღო. გახსოვთ, კარავი დაიდგა პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დიდხანს იყო ასე, ვიდრე გიორგი გახარია არ მოვიდა შს მინისტრად და არ დააჭერინა დანარჩენი პირები, რომელთა დანაშაულებრივი მონაწილეობა ამ საქმეში ან დადასტურდება, ან არა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. თუმცა, ინფორმაცია ისე ტირაჟირდება, რომ პირობადადებული ჩვენებებია, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაგიშვებ, მიეცი ასეთი ჩვენება… ანუ ტექნოლოგიები ისეთია გამოყენებული, რომ ეს გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ საქმე არის მყარი და ეს არ გამოირიცხება. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღემდე სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლოს საკითხი კვლავ ეჭქვეშ დგას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შოთაძის გადადგომა კი არ იყო აქ მთავარი, არამედ კვალიფიციური გამოძიება იყო მთავარი პრობლემა.


ირაკლი შოთაძისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ მისი მთავარი პროკურორობის დროს მოხდა მტკიცებულებათა გაყალბება და განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა, ცრუ ჩვენებების მიცემა. მის დროს გამრუდდა ეს საქმე და ასცდა კვალიფიციური და სამართლიანი გამოძიების ჩარჩოებს და დღემდე ვერ ხერხდება გამოძიების სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება.


– ცოტა ობიექტურები ვიყოთ, რა. არ მინდა გამწარებული ადამიანების ბედზე ვილაპარაკო. ეს ძალიან ძნელია ჩემთვის მორალურად. მე შეიძლება ბევრი რამ მომწონდეს, ბევრი არა, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი. უკვე სხვა ხასიათი მიიღო ამ პროცესმა, გაირკვა, რომ მოთხოვნა მთლად სუფთა და წმინდა არ იყო. მე ვერიდები ამ თემა, უბრალოდ, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბოლომდე გაფანტულიყო აზრი იმის თაობაზე, რომ მისი გადადგომის შემდეგ, გამოძიება სრულფასოვნად არის ჩატარებული. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც კი, რომელმაც ის ფაქტობრივი  და ფორმალური გარემოებები ნახა, რომლებიც ამ დარღვევებისკენ მიუთითებდა, ვერ დაამტკიცა, რომ პროკურატურა შეგნებულად მოქმედებდა კანონდარღვევით, ხარვეზები, რაც ამ საქმეში იყო, შეგნებულად იყო დაშვებული და არა კომპეტენციის უკმარისობის გამო. პარლამენტმა სრულიად საპირისპირო დასკვნა გამოიტანა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ორი აზრი არსებობდა. ორი აზრის არსებობა ეჭვის არსებობას ნიშნავს, ეჭვის არსებობა არაობიექტურობას, არასრულყოფილებას, მიკერძოებას ნიშნავს. აქამდე მოვედით, ფინალამდე. ახლა საქმეს სასამართლო განიხილავს და ეს ეჭვები არ გამქრალა.


ერთი ისტორია მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომელიც ირაკლი შოთაძეს ეხება. გეხსომებათ ეს გახმაურებული საქმე, „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის გია გვიჩიანს, როგორც მისი მკვლელობის შემკვეთს, ხოლო მკვლელობის შემსრულებელს, ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა საქალაქო სასამართლომ, სააპელაციო სასამართლომ კი ორივეს 15 წლიანი მსჯავრით შეუცვალა უვადო პატიმრობა. ამ საქმის პროკურორი იყო ირაკლი შოთაძე. მიუხედავად საქმეში არსებული ბევრი უზუსტობისა, რომლებიც მათ უდანაშაულობაზე მეტყველებდა, უზენაესმა სასამართლომაც ეს განაჩენი დატოვა ძალაში. მაშინ ადვოკატი ვიყავი. გია გვიჩიანმა ციხიდან მთხოვა, გაეცანი ჩემს საქმეს, კი, ვიცი, არავინ გამამართლებს, ამის პერსპექტივა არ არსებობს, მაგრამ მაინც მინდა საქმე ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ უდანაშაულო ვარო. გავეცანი საქმის მასალებს, ვნახე იქ რამდენიმე ისეთი საქმე, რომლებიც ხელახლა ითხოვდნენ გადამოწმებას. დავაყენე ექსპერტიზის წინაშე საკითხი. ექსპერტიზამ დაადასტურა ჩემი ვარაუდები, აღმოჩნდა, რომ საქმეში რაც მტკიცებულებები იყო, იარაღის ტიპთან, გასროლის კუთხესთან, შედეგთან  დაკავშირებით, აბსოლუტურად ცვლიდა რეალობას, აბსოლუტურად გაყალბებული იყო ეს საქმე. საქმეში მაყუჩიანი იარაღი საერთოდ არ იდო, არადა, მკვლელობა მაყუჩიანი იარაღით მოხდაო, პროკურატურამ და სასამართლომ გადაწყვიტეს. დავწერე შუამდგომლობა მთავარი პროკურორის სახელზე. ადამიანი უდანაშაულოა, როდესაც მტკიცებულებები არ არსებობს.

ამ დროს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა. დამიბარა, შევხვდი. მითხრა, წავიკითხე შენი შუამდგომლობა, ძალიან დამაინტერესა და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ამ საქმის პროკურორი და ახლაც მიმაჩნია, რომ გია გვიჩიანი დამნაშავეა, ამ ახალმა მტკიცებულებებმა ეს აზრი ცოტა შემიცვალა, პოზიცია შემირყიაო. ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევცდი მაშინო. ახლავე დავავალებ საგამოძიები ნაწილს, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ეს მომენტები, დავნიშნოთ კომპლექსური ექსპერტიზა და ამის შემდეგ მექნება საბოლოო პოზიციაო. ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა, რამაც დაამტკიცა გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას უდანაშაულობა. ზუსტად 6 თვის თავზე, ჩვენი შეხვედრიდან, ირაკლი შოთაძემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გვიჩიანის უდანაშაულოდ ცნობა. გვიჩიანი 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და ცხადია, გაათავისუფლეს ჩემიაც, რადგან თუ არც ერთი იყო მკვლელობის შემკვეთი და არც მეორე მკვლელობის შემსრულებელი.

კი, უდანაშულო ადამიანები 11 წელი ციხეში ისხდნენ და ამას ვერ გაექცევა შოთაძე, მაგრამ მეორეს მხრივ, მან ის გააკეთა, რაც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არავის უქნია. მის მიერვე წაყენებული ბრალის გაუქმება თავადვე მოითხოვა პროკურორმა მას შემდეგ, რაც ეს ბრალი კანონიერად სცნო სასამართლოს სამივე ინსტანციამ. თან ეს მთავარი პროკურორის რანგში გააკეთა. აღიარა შეცდომა და ამით საკუთარ თავს დაარტყა. საკუთარი კი არა, სხვის მიერ წაყენებული ბრალის გაუქმებას ვერ ბედავენ პროკურორები. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ჩვენს პროკურატურაში და ამის გაკეთებას ვაჟკაცობა და მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება.  ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ამგვარი რაღაცები, არაორდინალური ქმედებები მას ახასიათებს. მან თუ ჩათვალა, რომ მისმა გადადგომამ არ უშველა სარალიძის საქმის გამოძიებას, არ გამოსწორდა, იგივენაირად, ტენდენციურად თუ ხარვეზებით გაგრძელდა გამოძიება, მისი პირადი ფაქტორით არ იყო  გამოწვეული ის შეცდომები თუ უზუსტობები, რაც სარალიძის საქმეშია დაშვებული. შესაბამისად, ადგა და ახლა გადაწყვიტა უკან დაბრუნება, რადგან ამ საქმეში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თუმცა, ვიმეორებ, რომ მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის სწორი ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად დაბრუნება.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №3

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შოთაძე ნაცების რისხხვაა და იმიტომ არის ფეხები რომ უკანკალებთ მაგის გაგონებაზე

  2. ანონიმური

    ბევრი საქმის გამოძიება დაიწყო მაგის პროკურორობის პერიოდში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.