“ისეთი ლამაზი ცოლი იყო, ისეთი დიდი გულით” – ინგლისელ მამას ტყუპების გაზრდა საქართველოში სურს

3 აგვისტოს კლინიკა „ჰერაში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იმ დღეს თამუნა მინაშვილმა საკეისრო კვეთით ტყუპები გააჩინა, ერთ საათში კი მოულოდნელად დაიღუპა.

თამუნა ინგლისელ პოლ-რობერტ ქერელზე 9 წლის წინ დაქორწინდა. 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპების დედა გახდა, თუმცა ეს სიხარული სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

„ჩემი ლამაზი მეუღლე თამუნა ტრაგიკულად გარდაიცვალა 2020 წლის 3 აგვისტოს, ჩვენი შვილების – ენი როუზ ქერელის და დანიელ ჯეიმს ქერელის დაბადებიდან მალევე. ისეთი ლამაზი ცოლი იყო, თან ისეთი დიდი და მოსიყვარულე გულით, სიტყვები ძლივს აღწერს. მწუხარებით სავსე ვარ ჩემი ლამაზი თამუნას გამო.

თამუნა, სადაც უნდა იყოს შენი სული, ძალიან მიყვარხარ“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც ტყუპების გაზრდას საქართველოში აპირებს.

პოლის აქ ბინადრობის უფლება აქვს, თუმცა ახლა გეგმავს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართოს.

„თამუნამ ტყუპები რომ გააჩინა, დაინახა, გაუცინა და უცებ გული გაუჩერდა“, – იხსენებს ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თამუნას გამზრდელი დეიდა, ანა ყუბანეიშვილი.

„ბავშვის გაჩენაზე გვიან იფიქრეს და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაფეხძიმდა. კარგი ფეხმძიმობა ჰქონდა. კონტროლის ქვეშაც იყო, მეუღლეც თავზე ევლებოდა და ყველა…

ბავშვები დაიბადნენ და მერე გაუჩერდა გული. მხოლოდ ეს ვიცით. ერთხელ აუმუშავეს თურმე გული და მეორედ ვეღარ მოახერხეს. დაესივნენ ყველანი, მაგრამ… ბავშვები ნახა თამუნამ, უყურებდა და უცინოდა თურმე“, – ყვება გარდაცვლილის დეიდა.

წყარო: ჟურნალი „სარკე“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.