„თუ ხელისუფლებები არ შეიცვალა ამერიკასა და საქართველოში, მათ ერთმანეთში სიამტკბილობა არ ექნებათ“

ალიას“ ესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე:

– უკვე გამოქვეყნდა არჩევნებში მონაწილე  ყველა პარტიის პროპორციული და მაჟორიტარული სიები და საარჩევნო პროცესი, როგორც იტყვიან, გახურდა. „ქართული ოცნების“ სიას მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, არც ახალი სახეები ჰყავთ და თუ  ჰყავთ რამდენიმე, მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. უწინდელისგან განსხვავებით, კონკრეტული დაპირებებითაც აღარ იწუხებენ თავს მმართველი გუნდის ლიდერები. რა  მოლოდინი გაქვთ  ამ არჩევნებისგან?

– მე არანაირი სასიკეთო მოლოდინები არ გამაჩნია. ეს არჩევნები დამთავრდება ისე, როგორც ყოველთვის. არანაირი ცვლილებები ოქტომბრის არჩევნების  შემდეგ არ იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ვითარება იქნება  უცხოეთში. თუ იქ მშვიდობა იქნება, საქართველოში. არჩევნები არაფერს შეცვლის.

– „ქართულმა ოცნებამ“ თუ გაიმარჯვა და დარჩა ხელისულებაში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რა გავლენას მოახდენს სამომავლოდ „ქართული ოცნების“ მიერ  ხელისუფლების შენარჩუნებაზე?

– ამერიკის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, საქართველოზე კი არა, მთელ მსოფლიოზე და მის პოლიტიკურ სიტუაციაზე მოახდენს გავლენას. უნდა დაველოდოთ შედეგებს და ღმერთმა ქნას, ამერიკელებმა სწორი არჩევანი გააკეთონ. 

– დონალდ ტრამპმა თუ გაიმარჯვა, რომელსაც გულზე არ ეხატება ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, ასევე, მის ადმინისტრაციას და ეს არაერთხელ დაადასტურეს, იმის საფრთხე ხომ არ არსებობს, რომ საშინაო საქმეებს რომ მოილევენ,  მერე შეეცდებიან მათ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას, თუნდაც რევოლუციის  გზით?

– ტრამპისა და მისი მომხრე კონსერვატიული ელიტის პოლიტიკა გაცილებით მასშტაბურია და ისინი არასდროს გაიმეორებენ იმას, რაც 2003 წელს მოხდა საქართველოში ამერიკის მხარდაჭერით. არ ველი მსგავს არაფერს. ღმერთმა ქნას, კონსერვატორები დარჩნენ ამერიკის ხელისუფლებაში. ეს იქნება ყველაზე კარგი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის.

– თუმცა, ტრამპისა და კონსერვატორების პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ნეოლიბელარულ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის და ამას როგორ შეეგუებიან სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნაში?

– მოდით, უკვე პირდაპირ ვთქვათ, თქვენ მიაგენით ზუსტ წერტილს, მთავარ მიზეზს ჩვენი და ამერიკის ხელისუფლებების შეუთავსებლობისას. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სერიოზულ გაკვირვებას იწვევს ის ნეოლიბერალური ტლაპო შეხედულებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის და სხვა მიმართულებით. ნეოლიბერალიზმი, მისი საზიზღარი ფორმით, რომელმაც ლამის დაანგრია დასავლეთი, სანაგვეზეა მოსროლილი. ერთადერთი საყრდენი ნეოლიბერალიზმისა ამერიკაშიც, ევროპაშიც,  საქართველოა. საქართველო რჩება ნეოლიბერალურ ტლაპოდ და ეს ძალიან ცუდია. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებები არ შეიცვალა ამერიკასა და საქართველოში,  ჩვენს ნეოლიბერალურ და ამერიკის კონსერვატიულ მმართველობებს, ერთმანეთში დიდი სიამტკბილობა არ უნდა ჰქონდეთ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“ #36

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.