“თუ შეიწყალებენ ჩემი ხელით მოვაჭრი თავს” – ვინ სთხოვა პრეზიდენტს შეწყალება?

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 5 წლის წინ, ტყიბულში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნუკრი კ-მ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართა.

მსჯავრდებული  შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა და სავარაუდოდ, პრეზიდენტი მას არც მომავალში შეიწყალებს, თუმცა იმ ფაქტმა, რომ მან შეწყალებაზე განცხადება დაწერა, მოკლულის ახლობლები აღაშფოთა.

„დარწმუნებული ვარ, მაგას არავინ შეიწყალებს, მაგრამ ეს რომ მოითხოვა, ფაქტია, რომ მას არანაირი ნამუსი არ გააჩნია. ნეტავ მართლა შეიწყალონ, გამოუშვან და სადმე შემახვედრა, მე ვიცი რასაც ვიზამ. ჩემი ხელით მოვაჭრი თავს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მოკლული ქალის, მაია კირკიტაძის ძმა, ბუხუტი კირკიტაძე.

მსჯავრდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის 18 წლის იყო, მკვლელობის შემდეგ კი მისი ოჯახი ტყიბულიდან გაასახლეს და მას შემდეგ იქ აღარ გამოჩენილან.

მაი კირკიტაძე ტყიბულში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. მეზობლების გადმოცემით, იმ დღეს ოჯახის უფროსი თბილისში სამუშაოდ იყო წასული, მაია კი ტყეში წაბლის საკრეფად წავიდა.

რა მოხდა რეალურად 2015 წლის ნოემბერში ტყიბულის ტყეში?

საზარელმა მკვლელობამ მაშინ მთელი რაიონი შეძრა. მოვლენები ასე განვითარდა:

პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში შედის შეტყობინება ახალგაზრდა ქალის, 41 წლის მაია კირკიტაძის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ. ბოლოს ის მეზობელმა ტყისკენ მიმავალ გზაზე შენიშნა… კვალი ტყის მასივში იკარგება…

გამომძიებელი ერთმა დეტალმა დააეჭვა, სწორედ ეს დეტალი გახდა ცხელ კვალზე საქმის გახსნის საფუძველი:

დაკარგული ქალბატონის მოძებნაში პოლიციას მეზობლებიც ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სამართალდამცავებს საკუთარ ვერსიებს სთავაზობდა იმის შესახებ, სად შეიძლებოდა ეპოვათ მაია. მის მიერ დასახელებული ყველა ადგილი მცდარი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მორიგი „ცრუ ადგილის“ დათვალიერებისას გამომძიებელმა მის კისერზე არსებული ნაკაწრი და სისხლჩაქცევა შეამჩნია, რის შემდეგაც განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკითხვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა,  ზუსტად სად და რა ვითარებაში მოკლა მაია კირკიტაძე.

ტყიბულის ტყეში, შემთხვევის ადგილზე პოლიციას იმაზე შემზარავი სურათი დახვდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. როგორც ჩანს, მკვლელმა მაია ჯერ სასტიკად სცემა, რადგან სახე დასახიჩრებული ჰქონდა, შემდეგ კი გაგუდა.

სწორედ ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რითაც ირკვევა, რომ ბრალდებული 18 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც 41 წლის ქალი, სამი შვილის დედა სიცოცხლეს სასტიკი მეთოდებით გამოასალმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებული რაიონულ ცენტრში მუშად მუშაობდა და როგორც მეზობლები ყვებიან, იმ დღესაც სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო. მათი ვერსიით, ტყეში წაბლის საკრეფად გასულ მაიას ის ჩუმად აედევნა და შუაგულ ტყეში, იქ, სადაც ქალი საშველად ვერავის მოუხმობდა, თავს დაესხა.

5 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება „პრაიმტაიმმა“ ქალაქ ტყიბულის რწმუნებულს, კობა გიორგაძეს სთხოვა, რომელმაც მაია კირკიტაძის დასახიჩრებული ცხედარი პირადად ნახა და მიღებული შოკიდან დღემდე ვერ გამოსულა.

კობა გიორგაძე, ტყიბულის რწმუნებული:

-იმდენად შოკში ვიყავი, რომ დღემდე ვერ გდავხარშე ის, რაც ვნახე ჩემი თვალით. 13 წელი მიუსაჯეს საბოლოოდ. ცხედარი ძალიან დაზიანებული იყო, სახე საერთოდ დამტვრეული ჰქონდა. არ ვიცი, ასეთი სადიზმი ფილმებშიც არ მინახავს. სიტყვიერად ვერ გადმოვცემ. ბუნებით ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ვარ და სულ ვცდილობ მწყობრიდან არ გამოვიდა, მაგრამ იმ მომენტში იარაღი რომ მქონოდა, არ ვიცი რას გავაკეთებდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა ადამიანის მოკვლის სურვილი.

-ბოლოს, რა დასახელდა მკვლელობის მოტივად?

-უამრავი ვერსია. ითქვა, რომ უთვალთვალებდა ამ ქალს მანამდეც. სხვა ქალების მიმართაც იყო შემჩნეულიო. მე პირადად, რაიმე ავადმყოფობას ამ ბიჭს ვერ ვატყობდი, მაგრამ ალბათ ჰქონდა გადახრა.

-მისი ოჯახი ტყიბულში აღარ ცხოვრობს, როგორც ვიცი…

-არა, იმ დღეებშივე წავიდნენ და გადასახლდნენ. ამ ქალს სამი შვილი დარჩა. ერთი არასრულწლოვანი იყო მაშინ. უპატიოსნესი და გაწონასწორებული გოგო იყო.

-თავადაც ეძებდა ცხედარსო, ასეა?

-კი, ჩვენთან ერთად დადიოდა გულშემატკივარივით და ეძებდა ვითომ. რამდენჯერმე მეზობლები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა, კვალი რომ არეოდათ და ცხედარი ვერ ეპოვათ. როდესაც ეჭვი მიიტანეს მასზე, განყოფილებაში წაიყვანეს და ყველაფერი მაშინვე აღიარა. თქვა, სად დამალა ცხედარი. რომ მივედით საზარელი სურათივ დაგხვდა. ფიჩხები ეყარა ცხედარს, თვალები საერთოდ არ ემჩნეოდა, თავი უკიდურესად დაზიანებული. კიდევ კარგი, დროულად მივუსწარით და ცხოველებმა არ შეჭამეს. აღმოჩნდა, რომ წინასწარ უთვალთვალებდა და აედევნა, როდესაც ტყეში წაბლის საკრეფად წასული დაინახა.

პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს პრეზიდნეტი ს არჩევანია და პატივი უდნა ვცეთ

  2. ანონიმური

    ეს მუქარები არასწორია ამ დროს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.