“თუ კოალიციური მთავრობა დაგვასვეს თავზე, დავიწყებთ სახალხო აჯანყებას, რომლის კონსტიტუციური უფლებაც ყველას გვაქვს”

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, „ალიას“  სამოქალაქო აქტივისტი, რამაზ გაგნიძე ესაუბრება.

– რამაზ, რას იტყვი 13 ამერიკელი  კონგრესმენის მიერ მიღებულ დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და ამერიკის  უსაფრთხოების საფრთხედ არის წარმოდგენილი?


– ჩვენ თუ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რას ნიშნავს, რომ 13 კონგრესმენი უგზავნის ამ ანგარიშს ჩვენს მთავრობას? ეს ნიშნავს, რომ „დაჩმორებული მთავრობა“ გვყავს. გვეუბნებიან, ესე და ესე მოიქეცითო და მაგათგან ჩვენი  ჭკუის სწავლება არ დამთავრდა. ან სად აქვთ მტკიცებულებები, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და ამერიკისთვის საფრთხეა? ივანიშვილს არ ვიცავ, მაგრამ ეს მთელი ქვეყნის რეპუტაციის შელახვაა. მე  ტალახს გესვრი,  მერე შენ მოიწმინდე – ამ პრინციპით მოქმედებენ. უბედურება ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას იმისი თავიც არ აქვს, ამ კონგრესმენებს ღირსეული პასუხი გასცეს. ეგ კონგრესმენები და სენატორები, მესიჯს მესიჯზე რომ გვიგზავნიან, მოსყიდულები არიან 2003  წლის მერე „ნაცებისგან“, ახლა „ნაცები“ და „ევრონაცები“ ერთად არიან ჩართულნი ამ საქმეში. ფულს აძლევენ ლობირებაში, ხელისუფლების და ივანიშვილის საწინააღმდეგო წერილებისა და ანგარიშების წერაში. თუ შენ ვერ სცემ პასუხს, აიღე ფული, შენც გადაუხადე ფული 13 კი არა, 33 კონგრესმენს, დააჯახე ერთმანეთს, ლობისტური კომპანიების მეტი რა არის? იხვეწებიან. ივანიშვილს კიდევ ფულის მეტი რა აქვს? ეგ და სხვა კონგრესმენები მაშინ ჩუმად იყვნენ, სააკაშვილი და „ნაცები“ ამ ქვეყანას რომ აუპატიურებენ. ვისგან იღებენ ფულს? იმათგან, ვინც წლების მანძილზე ციხეებსა და პოლიციის შენობებში პატიმრებს აუპატიურებდა და აწამებდა და არა მხოლოდ პატიმრებს?  ხალხს ბიზნესს და კერძო  ქონებას ართმევდნენ? უდანაშულო ადამიანებს ციხეში ჰყრიდნენ, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ და ამათ წამახალისებელ წერილებს და ანგარიშებს წერენ?  ამ 13 კონგრესმენის ეს ანგარიში, როგორც სხვა კონგრესმენებისა და სენატორების წერილები და განცხადებები,  სხვა არაფერია, თუ არა მოწოდებები რევოლუციისკენ. „ნაცებს“ და „ევრონაცებს“ მოუწოდებენ რევოლუციისკენ. ამათ სახელმწიფო გადატრიალება რომ მოაწყონ, ეგენი „გაუპრავებენ“. შარშან, 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობა იყო, სხვა არაფერი. ამერიკამ და ევროპამ მარტო პოლიციის ძალადობა დაინახა, მეტი ვერაფერი. რაც 2003 წელს მოხდა, ახლა მოუწოდებენ, იგივე გააკეთონ წელს, არჩევნების მერე, რადგან ეგენი, ლიბერასტები არჩევნებს ვერ მოიგებენ, ხალხი არ უჭერს მაგათ მხარს. ეს ხალხი, ამერიკელების წახალისებით, ყველაფერს იკადრებს. სისხლსაც დაღვრიან.


– რამაზ, ფულით არის დაწერილი თუ უფულოდ, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი უკრაინელი მაფიოზების გვერდით დააყენეს, ამერიკისთვის საფრთხე უწოდეს.


– ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია და პოლიტიკა. ამერიკის ელჩმა, კელი დელგანმა განაცხადა, რომ ამ 13 კონგრესმენის პოზიცია არ არის ამერიკის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაო. მე ველოდებოდი, რომ ამას იტყოდა და კარგია, რომ თქვა. ესენი არიან ლიბერასტი კონგრესმენები, მოსყიდულები, „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ თანამოაზრენი. ესენი არიან იმის მაპროვოცირებლები, რაც დღეს რასიზმის სახელით ხდება ამერიკაში. ამნაირი კონგრესმენები ებრძვიან ტრამპს და აუგორეს იმხელა არეულობა, რომელიც დასრულდება თუ არა, კაცმა არ იცის. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.  რა ხდება ამერიკაში? ამაზრზენი რაღაცები.  თეთრკანიანები შავკანიანებს ფეხებს უკოცნიან, თითქოს რაიმე დაეშავებინოთ მათთვის.  კი, ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა შეგნებულად მოკლა. მეტიც, წამებით მოკლა, ეს ნაღდია, ეს ყველამ ნახა, მაგრამ იმ პოლიციელს ხელს არ აფარებენ.  30 წლამდე ციხე ემუქრება და ახლა, აფროამერიკელების გული რომ მოიგონ,  მაქსიმუმს, 30  წელს მიუსჯიან, ეჭვი არ შეგეპაროს. ის სამი პოლიციელიც დაისჯება, ვინც  იქ იყო და იმ პოლიციელს ხელი არ შეუშალა, არ გააჩერა.  მეტი რაღა ქნან? რა შუაშია „ნაიკის“ მაღაზიის გაქურდვა და მარადიორობა, შენობების დაწვა, ამერიკელი გმირების ძეგლების ჩამოგდება და ქრისტოფორე კოლუმბს საერთოდ რას ერჩიან, ეს მართლა ვერ გავიგე. კაცმა აღმოაჩინა ამერიკა, ახალი კონტინენტი, ეგ იყო მაგის საქმე და ამით ვის რა დაუშავა? კოლუმბი რომ არ ყოფილიყო, როდის რას ეწეოდნენ, კაცმა არ იცის.  ეს  დანარჩენი რაც ხდება,  უკვე არეულობა და ეს უბედურებები, ამერიკელი ლიბერასტების აგორებულია  ტრამპისა და კონსერვატორების  წინააღმდეგ.  აი, ასეთი კონგრესმენები, სხვა პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, გუბერნატორები, მერები  დგანან ამის უკან. ამ ცამეტმა  კონგრესმენებმა   მიხედონ  თავიანთ ქვეყანას, ამერიკის არეულ–დარეული  შტატებს და ჩვენ თავი დაგვანებონ, მორჩნენ ამ შეფარულ  მოწოდებებს რევოლუციისკენ, თორემ  ხალხი გარეთ გამოვალთ, სისხლს გამოვიდენთ, თუ საჭირო გახდა,  რევოლუციის მოსურნე „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ ერთ ადგილს მივუჩენთ და მაგათ „ქოცებსაც“ მივაყოლებთ. არ ვაპატიებთ მაგათ. რაც დღეს ამერიკაში ხედება, ამის შემდეგ, ამერიკამ დაკარგა მორალური უფლება, სხვას დემოკრატიის დაცვისაკენ მოუწოდოს და  ჭკუა დაარიგოს.


– როგორ ფიქრობ, დაუწესებენ  ივანიშვილსა და მისი ახლო  გარემოცვის წევრებს სანქციებს?


– რასაც ბიძინა იტყვის,  მაგის ოთხფეხა მონები იმას აკეთებენ. ახლა „გააპრავებენ“ ბიძინას ყველა ქმედებას და ანგელოზად წარმოგვიჩენენ. ბიძინას არ ყავს ლობისტთა ჯგუფი, რომელიც ამ კონგრესმენებსა და სენატორებს პასუხს გასცემს. არ ჰყავს ხალხი, ვინც მისი ერთგული იქნება და დაიცავს კრიტიკულ მომენტში.  რამე რომ მოხდეს, ივანიშვილი დასავლეთისგან მიიღებს ხელშეუხებლობის  გარანტიებს, როგორც შევარდნაძემ და სააკაშვილმა მიიღეს, არჩევნების გზით კი ხელისუფლებაში  მოვლენ „ნაც–ქოცები“ და ახლა  ერთად დაიწყებენ ხალხის დაჭერას, ძარცვა–გლეჯვას და გაუბედურებას. ეს უკვე იქნება უფრო  მძიმე ფორმებში, ვიდრე „ნაცების“ დროს იყო. ეს არ ადარდებს ივანიშვილს, ეს იქნება მაგის დამსახურება. ამ ჩარჩი ვაჭრისთვის, ამ ხიხოსთვის მთავარია, საკუთარი მილიონები შეინარჩუნოს, მეტი არაფერი ადარდებს და წავა ამაზე, მოუშვებს კოალიციურ  ხელისუფლებაში „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“. სანქციებს, აქედან გამომდინარე, არ დაუწესებენ. რასაც ამერიკელი ლიბერასტები უბრძანებენ, იმას აკეთებს ივანიშვილი და რაში სჭირდებათ სანქციები?


– „ქართული მარში“ პოლიტიკაში მოდის, სანდრო ბრეგაძემ გააკეთა განცხადება. შენ „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი იყავი მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციას  ბევრი მომხრე ჰყავდა და ხელისუფლებაზე ზეწოლით, მოახერხეთ, კონსტიტუციურად აკრძალულიყო ერთსქესიანთა ქორწინება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სასოფლო–სამეურნეო მიწების მიყიდვა და გამკაცრდა საიმიგრაციო კანონები, ასევე, გამკაცრდა უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესები,    მარიხუანას კულტივაციაც გადააფიქრებინეთ ხელისუფლებას ეკლესიასთან  და სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად. მაშინ მართლა დიდი გავლენა გქონდათ და ბევრი საქმე გააკეთეთ. თუმცა, ამ მოძრაობიდან ბევრი ლიდერი წახვედით და თან  ბევრი აქტივისტი გაიყოლეთ. „ქართულ მარშს“ ძველი ძალა და გავლენა აღარ აქვს, ეს ფაქტია. შეძლებს დღეს „ქართული მარში“ არჩევნებში წარმატების მიღწევას?


– რეალურად, ახლა „ქართული მარშის“ ერთადერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძეა, მან დაიტოვა  ორგანიზაციის სახელი,  ჩვენ წამოვედით და დავუბრუნდით იმ ორგანიზაციებს, სადაც მანამდე ვიყავით. მე, ბევრი სხვაც „ქართულ მისიაში“ დავბრუნდით. „ქართული მარშის“ დაშლის ერთი მიზეზი ის იყო, რომ შიგნით სუს–ის  აგენტურა გამოვავლინეთ. ხელისუფლებას ჩვენი აქტიურობა ცხვირში მწარედ მოხვდა. 100 და 200  კაცი ძლივს იკრიბებოდა საპროტესტო აქციებზე  და ჩვენ 15 ათასამდე კაცი გამოვიყვანეთ აღმაშენებლის გამზირზე.  შეეშინდათ ჩვენი, იცოდნენ, უკან არ დავიხევდით. რაც ჩამოვთვალე, ის ყველაფერი ხომ ძალად გავაკეთებინეთ და კიდევ ბევრს დავათმობინებდით, ხვდებოდნენ. სუს–ი ამოქმედდა, ხიხომ, ივანიშვილმა დახარჯა ფული, ბევრი გადაიბირეს  ფულით და ჩვენგან და ჩვენს საწინააღმდეგოდ ამუშავებდნენ. ამით საგრძნობლად დაგვასუსტეს. უარესი რომ არ მომხდარიყო, ხალხში ნიჰილიზმი რომ არ ჩამოვარდნილიყო და სხვებიც რომ არ გასვრილიყვნენ, ავდექით და  წამოვედით. შევთანხმდით, რომ „ქართულ მარშს“ სანდრო დაიტოვებდა. ვინც სუფთად წამოვედით, ჩვენ ახლა ერთად ვართ და ბრძოლა არ შეგვიწყვეტია. ვფიქრობთ, ჩვენი ბრძოლა უფრო ეფექტური გავხადოთ. „ქართულ მარშს“ რაც შეეხება,  ფინანსურ წყაროებს მოკლებულია, როგორც ვიცი და ფულით დაახრჩობს ბიძინა. უფულოდ კიდევ, დღეს ძნელია არჩევნებში წარმატების მოღწევა, თუ ხალხის სერიოზული მხარდაჭერა არ გაქვს. „ქართული მარში“ კი ძველებურად ძლიერი ორგანიზაცია ვერ არის. შესაბამისად, რაც ჰქონდა, ხალხის ის მხარდაჭერა არ აქვს. ცოტა გაუძნელდება არჩევნებში სოლიდური რაოდენობის  ხმების მოპოვება. თუმცა, სანდრო ბრეგაძეს, „ქართულ მარშს“ წარმატებას ვუსურვებ არჩევნებშიც და  ყველაფერში.


– რამაზ, ეროვნული, პატრიოტული ძალების გაერთიანება ვერა და ვერ მოხერხდა.. ცალ–ცალკე ვერ მოერევით, ამ „ნაცებისა“ და „ქოცების“ დანაშაულებრივ პოლიტიკურ მონოპოლიას.  რაც ჩამოთვალე, რაც გამოგლიჯეთ ხელისუფლებას, ეს ერთად ყოფნით შეძელით. ის 15 000 კაცი რომ გამოიყვანეთ, ის  საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა კანონები რომ მიაღებინეთ,  ყველანი ერთად იდექით.


– ამ რამდენიმე დღის წინ, ეროვნულად მოაზროვნე კაცმა, გურამ ქართველიშვილმა, რომელსაც  ძალიან ბევრი აქვს ნაბრძოლი ლიბერასტების  წინააღმდეგ, „ფეისბუკზე“ პოსტი დადო, მოგვნიშნა ის ხალხი და ორგანიზაციები, ვინც ეროვნულ ძალებად მოვაჩნივართ და გაერთიანებისკენ მოგვიწოდა. რამდენიმე ადამიანი გამოვეხმაურეთ. ბევრი ისეთი არ შეეხმიანა, გამიკვირდა. ვითომ ეროვნული რომ ჰქვიათ და ხელისუფლებისგან იმართებიან, იმათგან არ გამკვირვებია. ეს ხალხი ზოგი სუს–იდან იკვებება, ზოგი შსს–დან, ზოგი ბიძინას ახლობელი ბიზნესმენებისგან. ამათი დუმილი არ გამკვირვებია, მაგათი მიზანი ჩვენი  ერთიანობის ჩაშლაა. თუმცა, ვინც შევეხმიანეთ, ვისაც მართლა გვინდა ერთობა, რაღაც ფორმით გავერთიანდებდით. შესაძლოა, ამ ეტაპზე ერთ ორგანიზაციად გაერთიანება ვერ შევძლოთ, მაგრამ ბევრ საკითხში ერთად ვიქნებით. ვეცდებით, რომ  რაღაც მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ და საპროტესტო აქციები იქნება თუ სხვა სახის აქტივობები, დავიწყოთ „ნაც–ქოცების“ წინააღმდეგ. არჩევნებია  4 თვეში და არ დავანებებთ ამათ ამ ბაირამობის გაგრძელებას, კოალიციური მთავრობის შექმნას და ხალხის გაუბედურებას. ამათ სხვანაირად ვერ გავასწორებთ.


– ვინც გურამ ქართველიშვილის პოსტს არ გამოეხმაურა და მათგან ვინც ეროვნულ ძალად აცხადებს თავს, ამ დროს კი ივანიშვილის ჯიბეს არიან გამობმულები, ეს ხალხი რამდენად სახიფათოა და შეძლებენ თუ არა იმ გაერთიანებისთვის ხელის შეშლას, რომელსაც აპირებთ? 


– ვერა, ვერ შეგვიშლიან ხელს.  არ არიან იმდენნი, რომ თუ ჩვენ გაერთიანება გადავწვიტეთ, შეგვაფერხონ. თუმცა, ამას შეეცდებიან, ეს ვიცი. ამ ეტაპზე, შეგნებულად არ ვასახელებ ამ ხალხის ვინაობას.


– სუს–მა „ქართული მარშის“ გავსება შეძლო აგენტურით და ეროვნული ძალების დაქსაქსვას თავს არ დაანებებენ. თავს ნუ დაიმშვიდებ, რომ „ქართული მისია“ იქნება თუ სხვა ორგანიზაცია, იქ არ შეეცდებიან აგენტურის დანერგვას. ისიც მაინტერესებს, დღეს ვინ ხართ ერთად, ამ ხელისუფლების  წინააღმდეგ ბრძოლას ვინც აპირებთ?


– გამორიცხული არც არაფერია, სუს–ი თავის ბინძურ მეთოდებს თავს არ დაანებებს, მაგრამ ფრთხილად ვართ. ჯერ არაფერია საიმისო, რომ ერთმანეთში ეჭვი შევიტანოთ. გია კორკოტაშვილი, რამაზ ნოზაძე, კახა იოსელიანი, ბიჭო შუბლაძე, ზაზა გიორგაძე, გიგლა ჩიქოვანი, დათო ზირაქაშვილი… ბევრნი  ვართ, ძველი თანამებრძოლები და ერთმანეთი არაერთ ბრძოლაში გვყავს გამოცდილი. დღეს „ქართულ მისიაში“ ვართ ყველანი. თბილისის  მასშტაბით 5 ათასამდე მომხრე გვყავს, ნაღდი მომხრე და 30 ათასამდე ასეთივე მომხრე გვყავს საქართველოს მასშტაბით. ცოტანი არ ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით.


– „ქართული მისია“, გურამ ქართველიშვილისა და  და ლევან ვასაძის მომხრეები. ამგვარ გაერთიანებაზე რას იტყვი? შესაძლებელია?


– კიდევ „ალტ ინფო“ ჯგუფი – კოკა მორგოშია. ეს ოთხნი, შესაძლოა, მართლა გავერთიანდეთ, არ არის გამორიცხული. ჩვენ მეგობრებიც ვართ, თანამებრძოლებიც და ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენი  გაერთიანების შანსებს. გვაქვს გაერთიანებაზე ლაპარაკი, რომ ამ ლიბერასტებს ერთად ვებრძოლოთ, ხელისუფლებას და ვითომ მის ოპოზიციას, ერთიანი ფრონტი გავუხსნათ. კონსულტაციებს ჯერ  არ  ვიწყებთ. არჩევნებამდე 2–3 თვით ადრე დავიწყებთ კონსულტაციებს და თუ ხალხი მოთხოვნა იქნება,  ალბათ, ერთად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. კონსულტაციებს ჯერ იმიტომ არ ვიწყებთ, 2–3 თვეს იმიტომ ვამბობ, რომ   სუს–ს ნაკლები დრო ჰქონდეს, რომ ვიღაცები შემოგვიგდონ და შიგნით პრობლემები შეგვიქმნან. გვყავს პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ აგენტურის გაშიფვრას,  მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად ვართ. რაც „ქართულ მარშში“ მოგვივიდა, ეგ გამოუცდელობის ბრალია, ბევრი ჩვენგანისთვის უცხო იყო ის ბინძური პოლიტიკური  და კრიმინალური მეთოდები, რომლითაც ხელისუფლება გვებრძოდა. ეს გამოცდილება გამოგვადგა.


– კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს რა შეზღუდვებიც არსებობდა, ხელისუფლებამ მათი ნაწილი სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებში გადმოიტანა. ქვეყანაში დიქტატურას ამყარებენ და ხალხი ჩუმად არის.


– ეს არის მართლა დიქტატურის გამოცხადების მცდელობა. რაღაც  გამოგონილი ვირუსის საბაბით შეკრების თავისუფლებას გვიზღუდავენ, წინასაარჩევნოდ, თუ მოინდომეს, აგიტაციას ვერ ჩაატარებ ხალხში, გეტყვიან, 3  კაცზე მეტის  შეკრება არ შეიძლებაო. ქალაქებს და რაიონებს კეტავენ და არ შეგიშვებენ. ათასი სისულელე დატოვეს კიდევ იმ შეზღუდვებიდან და როდესაც მოუნდებათ, აამუშავებენ. პარლამენტმა მოიხნა პასუხისმგებლობა და მთავრობას გადაულოცა ამდენი უფლებამოსილება. პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება მთავრობას, ისე გამოგვიცხადებს ფაქტობრივ საგანგებო მდგომარეობას, ოღონდ  იურიდიულად საგანგებო მდგომარეობა არ ერქმევა. აფრიკის ტომებში აღარ ხდება ასეთი რაღაცები, ის ტომები უფრო დემოკრატიულად იმართება. გამოვიდა  ანრი ოხანაშვილი პარლამენტში და განაცხადა, ჩვენ საკანონმდებლო ორგანო ვართ და დეპუტატებმა არ უნდა გავიკეთოთ პარლამენტის შენობაში პირბადეებიო. პარლამენტში კორონას შესვლა ერიდება თუ რაშია საქმე? ხალხი პირბადეებით ამოახრჩვეს  ამ სიცხეში ტრანსპორტში, სამსახურებში, მარკეტებში და თვითონ არ ეკადრებათ პირბადეებით მუშაობა. თავხედი და გარეწარია ეს ოხანაშვილი, ვინ ჩემი ფეხებია, ამდენს რომ ბედავს? კანონი ხალხისთვის კანონი უნდა იყოს და ჩვენ, დეპუტატებს არ გვეხებაო.
ამ ლუგარის ლაბორატორიის შეფებმა, უფროსმა და მოადგილემ, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ განაცხადეს, რომ ჩვენ სომხეთს დავეხმარებით დღეში 500–1000  პი–სი–არ ტესტით და კიდევ  10 000 ტესტს ვაჩუქებთო. მე ამათი მეორე ტალღისა არ მჯერა, მაგრამ თან ამ  მეორე ტალღით გვემუქრები  და თან სომხებს ჩუქნი იმ ტექსტებს, რომლებიც გაჭირვებით იყიდე ბიუჯეტის ფულით? ვისას ჩუქნიან? ხალხის ფულით ნაყიდია და ხალხს არაფერს ეკითხებიან? ახლა მეორე. ხომ გვახსოვს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა რომ განაცხადა, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობას მალავენ, სტატისტიკას აყალბებენ, უფრო მეტი დაავადებული და გარდაცვლილი ჰყავთო. თან, ჩვენი სისტემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე ძლიერიაო. კი დავინახეთ, ვისი ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია და რა დღეში არიან ახლა სომხები, გაექცათ კორონა. მოკლედ, გაგვლანძღეს, აფერისტები გვეძახეს  და  ამის მერე უცხადებენ თანადგომას  ბიუჯეტის ხარჯზე. დაეხმარონ იმ ფულით, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს და დაანებონ ბიუჯეტს თავი. მესამე და ყველაზე ცუდი რაც არის, გამყრელიძისა და იმნაძის სიტყვები მახსოვს, რომელიც გაზაფხულზე თქვეს. ჩვენ შეგვიძლია დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული პი–სი–არ ტესტის გამოყენება, მეტის დატესტვის საშუალება არ გვაქვსო. ახლა სომხებისთვის დღეში 500–1000 ტესტის გაგზავნას აპირებენ და მგონი, მარტო გაგზავნასაც არ აპირებენ, ექიმებიც უნდა გაუშვან და ჩვენმა ექიმებმა  დატესტონ სომხები. თან 10 000 ტესტის ჩუქებას ცალკე აპირებენ. ჩვენ არ გვჭირდება, სომხებს რომ ჩუქნიან? ჩვენ რომ დაგვჭირდეს იგივე ტესტირება, ლუგარის ლაბორატორიაში 500–დან 700  ლარამდე უნდა გადავიხადოთ.  ქართველზე მეტად უყვართ სომხები?


– რამაზ, ამ კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების და ექიმების მიერ ხალხის დაპანიკებამ, ყველა დაღალა. გასაგებია რომ ვირუსია, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი, რაც ბოლო პერიოდში ყოფილა, მაგრამ ეს პანიკა ხომ უარესია?


– ხალხის  დაშინებას,  დაპანიკებას,  და დაზაფრვას, სხვადასხვაგვარად იყენებენ. დიდ ქვეყნებში სხვა და სხვა დაავადებებით ვინც კვდება, აბრალებენ კორონას. ამით, ვფიქრობ, პენსიონერებს იშორებენ თავიდან და ეს ამ ქვეყნების ბიუჯეტებისთვის შვებაა.  ჩვენთან რაც იყო და გადავიტანეთ, ეს ხომ ერთი უბედურება იყო. გარდა მაგისა, ბევრი ფული იშოვეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ამ პანდემიის დროს.  ახლა მეორე ტალღით გვაშინებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებისთვის მეორე ტალღას გამოიყენებენ სათავისოდ. გარდა მაგისა, შეეცდებიან ხალხის დაჩიპვას. თუმცა,  ამ ეტაპზე მთავარია, „ქოცები“ და „ნაცები“ დარჩნენ ხელისუფლებაში. წეღან ვთქვი, რომ თუ „ნაც–ქოცური“ კოალიციური მთავრობა გვეყოლება არჩევნების მერე, ესენი თუ ამაზე წავლენ, თუ ეგ კოალიციური მთავრობა დაგვასვეს თავზე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: მთელი ჩემი სამეგობრო, ეროვნული ძალები, ძალიან დიდი გუნდი, რამდენიმე ათასი კაცი დავიწყებთ სახალხო აჯანყებას, რომლის კონსტიტუციური უფლება შენც გაქვს, მეც და საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარანტიას ვიძლევით, დავიწყებთ სახალხო  აჯანყებას. გარეწრები, მკვლელები, ხალხის გამაუპატიურებლები  არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუ მოიყვანეს ივანიშვილმა და დასავლეთმა კოალიციის გზით, ჩვენ არ შევეგუებით და  ორივეს დავიფრენთ. არავითარი სახელმწიფო გადატრიალება. ეს იქნება სახალხო აჯანყება და ამათი დასასრული.


– 20 ივნისის გაერთიანებული ოპოზიციის  დაანონსებულ აქციაზე რას იტყვი?


– რა უნდა ვთქვა?  ეს აქცია იმათ აწყობთ, ვინც ამ კოალიციური პარლამენტის შეკრებას აპირებს. შარშან, 20 მაისს რაც მოხდა, ეგ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მარტო ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს, მეტი არავინ. მარტო ოქრუაშვილი იყო დასაჭერი?  ერთი 20–30 ლიდერი მაინც იყო დასაჭერი და  იმ ლიდერების გარდა, ერთი 300 კაცი, რომლებიც პოლიციელებს იპარავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩაფხუტებსა და ფარებს ართმევდნენ. მერე მხარეს კიდევ პოლიციელები იყვნენ დასაჭერები, რომელთაც ძალას  გადაამეტეს, თვალები გამოსთხარეს ხალხს. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ფეხებში უნდა ესროლო ადამიანს ის რეზინის ტყვია და არა თვალში. ოქრუაშვილისა და ორი პოლიციელის გარდა, არავინ დასჯილა. წელსაც, 20 ივნისს იგივე გეგმა ექნებათ, რაც შარშან ჰქონდათ – არეულობა, დესტაბილიზაცია და თუ მოახერხეს, ხელისუფლების ძალით დამხობა.


– კონტრაქციის გამართვას  ხომ არ აპირებთ?


– არა, ჯერ არაფერს ვგეგმავთ. თუ  ამ კრიმინალურმა ძალებმა სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისკენ წაიყვანეს საქმე, სახლში არ დავჯდებით და  წინ გადავუდგებით. კონტრაქცია კი არა, მერე მოვახდენთ უბედურებას. მაგათ არ მოვუშვებთ ხელისუფლებაში. დამიჯერე, თუ სახელმწიფო გადატრიალებისკენ  წავიდა საქმე, ესეც „ქოც–ნაცური“ გეგმა იქნება, ერთობლივი პროექტი. „ქოცები“ ხომ იმიტომ მოათრიეს ხელისუფლებაში, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც გზით, ისევ „ნაცები“ დაებრუნებინათ, კოალიციური თუ ამგვარი გადატრიალების გზით.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №20

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    javaxiShvilis meti vin moismenda amden tralalas

    1. ანონიმური

      მე მოვისმინე,ვეძებ ვის შეიძლება მივცე ხმა რომ გადაჯიშდნენ ნაც_ქოცები.

  2. ანონიმური

    Auciledlad unda gadavahenot nac kocebi .

  3. Stalini

    Roca garet mgeli kmuis mas hemi sisxli stkuria,kvela mgeli unda movklat.

  4. სოსო ნატროშვილი

    მაიმცდამაინც ლოზუნგებით უნდა გამოგიკრან?
    30 წელია სულ ერთიდაიგივე მოძალადეების და მოღალატეების კოალიციური “მთავრობა” არ გვანადგურებს?
    რას ეძახი კოალიციურს და რით არ არის ეს ე.წ. „მთავრობა“ კოალიციური?
    კალაძე, მურუსიძე, შოთაძე, გუგული მაღრაძე და სხვანი გაარკვიე რომელი პარტიის წევრებია?
    თუ ბურჯანაძე არ არის კოალიციური მთავრობა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ 2 მილიონი გადაუხადა ბუიუჯეტიდან „ეროვნული მოღავაწეობისათვის“?
    კიდევ რამდენი ჩამოგითვალო?
    .
    სამშობლოს ღიად და დაუფარავად გვიუპატიურებს
    ყველა ნაძირალა,
    ყველა პოზაში,
    ყვლგან და სანამ სხვისი დაწერილით არ მოგწერენ, ამას ვერ ხვდები?
    .
    ამისთანა უაზრო და უთყირსები ლაპარაკი საკუღთარი გაუპატიურების დამადასტურებელი რომ არის ამასაც ვერ ხვდებით?
    თუ სანამ ხელს არ მოისვავ და გაზეთებში არ დაწერენ მანადე არ ითვლება?
    .
    საქართველოს მთავარი პრობლემა კოალიციური მთავრობა კი არა, იმ ნაძირალა ლაქიების კოალიცია, რომელთა ტაშითაც მოდიან ხელისუფლებაში ყველა თახსირები!

    1. ანონიმური

      ყველა ნორმალურ და წარმატებულ ქვეყნებში იქმნება კოალიციური მთავრობები! ჩვეთან ეს აუცილებელია, ქურდობისკენ მიდრეკილ ხალხში. კარგად უნდა აკონტროლონ ერთმანეთი!

  5. ანონიმური

    ნაცქოცური კოალიცია თუ იქნება, სახელწიფო გადატრიალება იქნება და შემდეგ მოვლიან პატრიოტი ძალები!!

  6. these g

    Hi! I’ve been following your website for a long time now and
    finally got the courage to go ahead and give you a shout out from
    New Caney Texas! Just wanted to say keep up the good work!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.