„თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, მაშინ აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში“

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე.


– ბატონო დემურ, ხელისუფლების კორონაპანდემიის შემდგომ საქმიანობას როგორ შეაფასებთ?  მთავრობა უნდა დახმარებოდა  სოფლის მეურნეობას, კონკრეტული გეგმები უნდა დაედო  ქვეყანაში მრეწველობის განვითარებაზე, ტურიზმზე ჰქონდათ აქცენტი და იმის ნაცვლად რომ  ტურისტები შემოსულიყვნენ ქვეყანაში, საჰაერო ფრენები კვლავ აკრძალულია. კიდევ ბევრი დაპირება იყო მთავრობის, მისი  ეკონომიკური ბლოკის მხრიდან, მაგრამ დღემდე შეუსრულებელია.


– მე ვფიქრობ, რომ ბოლო მთავრობის სხდომაზე, ზოგიერთი შეხედულების გადახედვის  თაობაზე იყო საუბარი. ეს სიტუაცია გაუთვლელია, პროგნოზს არ ექვემდებარება, როგორც თავიდან ჩანდა. ვატყობ, წლის ბოლომდე მაინც გასტანს ეს კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯერ არ ვიცით, პიკი როდის იქნება.  თითქმის ყველა შეხედულება ყველა ქვეყანაში გადახედვას ექვემდებარება და კარგია, რომ მთავრობა, თუ არ ვცდები,  აპირებს გააფართოოს დახმარებების წრე. ვნახოთ, ახლა როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. პლანეტარული მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელმაც ყველა ქვეყანა შეარყია და სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, რომ მთავრობის ძველ  და ოპერატიულ გადაწყვეტილებებში,  ყველაფერი ვერ იქნა გათვლილი.  ალბათ, ძნელი იყო.


– საერთაშორისო ფრენების არ აღდგენას რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ტურიზმის სფერო უმძიმეს დღეშია?


– ტურიზმი, მე მგონი, წელს უნდა დავივიწყოთ. შიდა ტურიზმი ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ უცხოელი ტურისტების იმედად ნამდვილად ვერ ვიქნებით. ამის პერსპექტივა ნულოვანია.


– სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკის კლება   13.5 %–ია.  ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფულად დიდი ვარდნაა, ამას ყველა აღიარებს.


– თუ კიდევ ქვევით არ წამოვიდა ვარდნა,  დიდი მიღწევაა. წლის ბოლომდე თუ 6%–ზე მეტი ვარდნა არ იქნება, კარგი იქნება. ყველა ქვეყანაში მსგავსი მდგომარეობაა. ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები.


– არაერთმა უცხოელმა  ექსპერტებმა განაცხადეს, რომ პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნები დაზარალდებიანო და რამდენიმე მათგანმა საქართველოც ახსენა.


– წლების განმავლობაში ჩემი ხისტი კრიტიკა ხელისუფლების  მიმართ, ალბათ, დღეს უფრო ნათელი და ბევრისთვის გასაგები გახდა. არადივერსიფიცირებული ეკონომიკა გვაქვს, ეკონომიკის სტრუქტურა კატასტროფულია. როგორც კი ოდნავ რაიმე პრობლემები გაჩნდება,  ფინანსური კრიზისი  იქნება მსოფლიოში  თუ პანდემია, ჩვენი ეკონომიკა დგას უცილობელი კრახის წინაშე. ტურიზმზე ეკონომიკის აგება იყო სტრატეგიული შეცდომა. უარის თქმა საკუთარ წარმოებაზე, მით უმეტეს, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე. მისი პოტენციალი ძალიან დიდია ჩვენს ქვეყანაში. შეცდომა იყო  მაღალტექნოლოგიური დარგების თანდათანობით, ეტაპობრივ განვითარებაზე უარის თქმა. ამას მოჰყვებოდა  განათლების, მეცნიერების დარგების სრული მოდენრიზაცია. დღეს გვაქვს კატასტროფული მიმართულება, მიდგომა ამ სფეროების მიმართ.  ამიტომ, გასაკვირი არაფერია. იმედია, რომ ეს პლანეტარული მასშტაბის  კრიზისი რაღაც წარმოდგენებს შეცვლის საქართველოს ხელისუფლებაში. კრიზისი ცუდია, მაგრამ იმით არის კარგი, რომ წლების განმავლობაში მიღებულ ყველა არასწორ გადაწყვეტილებას, ყველა დეფორმაციას აშიშვლებს და აჩენს ახალ გზებს, ახალ პერსპექტივებს. თუ ამ გზებსა და პერსპექტივებს ვერ დაინახავენ, კიდევ  უფრო მძიმე სიტუაცია იქნება ქვეყანაში. ვფიქრობ, გარემოებები ყველას აიძულებს შეიცვალოს, გადააფასოს პრიორიტეტები და ვერც საქართველო დარჩება განზე.


– არ ვიცი, დარჩება თუ არ დარჩება ეს ხელისუფლება, მაგრამ თუ დარჩა, გჯერათ თქვენ, რომ გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას, შექმნიან ისეთ გარემოს საკანონმდებლო და სხვა სფეროებში, რომ ქვეყანაში პრიორიტეტად იქცეს მრეწველობის დარგების განვითარება? ადგილობრივმა ბიზნესმა სოლიდური თანხები ჩადოს ამ სფეროში და უცხოელი ინვესტორებიც მოიზიდონ?


– ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ, პირადად მე, შიდა პოლიტიკის მოდერნიზაციას ვეძახი. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, უკვე 30 წელია, აცილებულია იმას, რამაც წარმატება მოუტანა ყველა განვითარებულ ქვეყანას. ჩვენ რაღაც ილუზორულ სამყაროში აღმოვჩნდით. ცხადია, ამ ხელისუფლების „დამსახურებაც“ არის, ასეთ დღეში რომ ვართ. მთელი ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული, ჩვენი  საკუთარი რესურსები არ მუშაობს, ჩვენი ფინანსები არ მუშაობს. ბანკებში,  დეპოზიტებზე დევს  საქართველოს მოქალაქეების 8 მილიარდი ლარი, რომელიც არ არის დაბანდებული საკუთარ ეკონომიკაში. ჩვენ კიდევ ვლაპარაკობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.  კი, ბატონო, იყოს უცხოური ინვესტიციაც, მაგრამ რად გინდა უცხოური, როდესაც შენი ფული გაქვს და ვერ მოძრაობს, მის ინვესტირებას ბიზნესში  ვერ ახერხებს?

ეს უზარმაზარი თანხაა,  ეკონომიკაში რომ მუშაობდეს, ფანტასტიკურად უკეთესი მდგომარეობა იქნება, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება, ათასობით ოჯახი ამოისუნთქავს, ბიუჯეტშიც შევა სოლიდური თანხები…  ჩვენ  ყველაფერი, ფაქტიურად, საბანკო სექტორზე დავკიდეთ და  სხვა ფინანსური ინსტიტუტები არ განვავითარეთ. არ შევქმენით საბაზრო ეკონომიკისთვის აუცილებელი ფინანსური ინსტიტუტები, მაგალითად, საფონდო ბირჟა, ხელი არ შევუწყვეთ საინვესტიციო კომპანიების შექმნას და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. კრიზისმა აჩვენა, რომ როდესაც ასეთი ინსტიტუტები არ არსებობს,  ყველა პრობლემა ხელისუფლებამდე დავიდა. ამერიკაშიც კი, სადაც  ეს ყველაფერია და ბევრი სხვაც, უზარმაზარი  სახელმწიფო დონის დახმარებები გასწიეს ყველა მიმართულებით და ნეგატიურ შედეგებს მაინც ვერ ასცდნენ. ჩვენ იმდენი საშუალებები არ გვაქვს, მაგრამ  გადაწყვეტილებების  ეფექტურობა ძალზე დაბალი იყო ჩვენი ხელისუფლებისა. შერჩევითი დახმარების დაანონსება თავიდანვე იყო დიდი შეცდომა და ამაზე მივუთითე კიდეც ხელისუფლებას.

უნდა განისაზღვროს დონეები. რა მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს რა დახმარება უნდა გაეწიოს. მნიშვნელობა არ აქვს, პანდემიის დროს დაკარგა სამსახური თუ ორი წლის წინ. ამ ქვეყნის მოქალაქეა, უჭირს, ამ საყოველთაო გაჭირვებამ კიდევ უფრო დაუმძიმა სიტუაცია  და  უნდა დაეხმარო, ვალდებული ხარ.  ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ომში ვართ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ომშია და ომის დროს,  ფორსმაჟორის დროს, ყველას უნდა დაეხმარო. ომის დროს ადამიანები არ უნდა დაყო ისეთ კატეგორიებად, რომ ერთს აჭამო  და მეორეს არა. ეს დაუშვებელია. დიახ, ომში ვართ.  გარჩევას რომ დაიწყებ, შენ  აჩენ კორუფციის ძალზე საშიშ  პრეცენდენტს. იქ, სადაც  ბიუროკრატს შეუძლია აარჩიოს რესურსები, რისკის ქვეშ აყენებ. ან ეხმარები ყველას, ანდა  უნდა გადახედო საკუთარ შეხედულებათა სისტემას, რათა კიდევ უფრო არ დაამძიმო სიტუაცია.


– ზოგადად,  ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მაგრამ საამისოდ  ჩვენს ქვეყანაში ძირეული რეფორმებია გასატარებელი ქვეყანაში, დღემდე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებებია მისაღები, თან უმოკლეს დროში.


– მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ყველაფერს ეშველება. ეს რომ იყოს ერთი ქვეყნის მიმართ რაღაც შოკი, მაშინ შეიძლება უფრო მძიმე იყოს სიტუაცია. ეს შოკია მსოფლიო დონეზე და ახლა კაცობრიობა ნამდვილად ვერ გადაშენდება.  მძიმე მდგომარეობაში მოიძებნება სრულიად განსხვავებული გზები. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი მობილიზებულები, როგორც არასოდეს. ყველა ანტენა უნდა გვქონდეს ჩართული და უნდა მივიღოთ ყველა სიგნალი,რომელიც ეკონომიკაში უმცირეს ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ უნდა მოვარგოთ ეს ცვლილებები ჩვენს ქვეყანას, მყისიერად უნდა მივიღოთ ახალი და სწორი გადაწყვტილებები,  იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იზოლირებულნი, სხვა ქვეყნებზე ძალიან ვართ დამოკიდებულნი. თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, მაშინ აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში.


– ბოლო პერიოდში და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბომბარდირება მოუწყეს „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს. ამ უკანასკნელს და მის გარემოცვას სანქციებით დაემუქრნენ, ღიად ლაპარაკობენ ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც იგივე ხალხი ანხორციელებს. ამერიკა გამოყოფილი 132 მილიონი დოლარიდან გვიყინავს თანხის 15%–ს, ვიდრე ივანიშვილი და მისი გუნდი არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების მართვაზე არ აიღებენ ხელს. ეს ავტოკრატიული ხელისუფლების  ნიშნებია და დარწმუნებული ვარ, მალე ავტოკრატადაც მოიხსენიებენ ივანიშვილს. სადაც  ოქრუაშვილსა და უგულავას პოლიტპატიმრები უწოდეს, არც ეს უნდა  გაგვიკვირდეს. ეს და კიდევ სხვა დარტყმები დასავლეთის მხრიდან ჩვენს ხელისუფლებაზე, ეს ქვეყნის  საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად არ იმოქმედებს? უცხოელი ბიზნესმენები ფეხს არ აითრევენ საქართველოში ფულის დაბანდებაზე?


– მოდით, ასე ვთქვათ, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში მთავარია, ოფიციალური ხელისუფლებები, რომლებიც უფლებამოსილები არიან, განსაზღვრონ მთავარი პოლიტიკური საკითხები. აშშ–ს ოფიციალურ ხელისუფლებას ასეთი რამ არ განუცხადებია. ცალკეული კონგრესმენები, სენატორები, თანაც ლობირებულნი, რა თქმა უნდა, საყურადღებონი არიან, მათი განცხადებებიც  საყურადღებოა, მაგრამ  მთავარი ოფიციალური აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკაა. ამერიკა რჩება საქართველოს  სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ამ ურთიერთობის არანაირი ცვლილების სურვილი  საქართველოში არ იგრძნობა და ეს ძალიან კარგია. ცალკეული პოლიტიკოსების უკმაყოფილებები იქნება, ეს ბუნებრივია. მე იმიტომ  ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, უკეთესი მინდა გახდეს. ახლა ქვეყანა  დაიქცევა და  დიქტატურა და ავტოკრატიული მმართველობა დამყარდება ქვეყანაშიო,  ეს სერიოზული არ მგონია. ჩვენ გვაქვს პრობლემები და მათი არსებობა თავად კარგად ვიცით. არც ამერიკელი და არც ევროპელი პოლიტიკოსების მითითებები არ გვჭირდება, რადგან კარგად ვიცით, რა გვჭირს, რა პრობლემები გვაქვს. 30 წელია ვერ ვვითარდებით და ამის  მიზეზები ყველამ კარგად ვიცით.


– გასაგებია, მაგრამ ეს არაფორმალური თუ ჩრდილოვანი მმართველობა ხომ არის ქვეყანაში და კორუფციის მთავარი წყარო ეს არის. ვიღაცა რკინიგზას მართავს, ვიღაც ეკონომიკის სხვა სფეროებს, ზოგის სასამართლო სისტემას, ზოგი პროკურატურას და ყველაფერს ერთად, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არანაირი სახელმწიფი პოსტი არ უკავია.


– ეს არის #1 პრობლემა ქვეყნისა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების როლი დაქვეითებულია. ტრაგიკული სიტუაციაა, როდესაც გარეშე პირს შეუძლია მოახდინოს გავლენა ეკონომიკაზე, ფინანსებზე, მართლმსაჯულებაზე…  სწორედ ეს არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს სიტუაცია, რომელიც ასე აშკარად არის გამოკვეთილი, ცხადია, არც სამომავლოდ მოგვიტანს არაფერს სასიკეთოს. ამ ტიპის მმართველობა,  უნდა დასრულდეს ქვეყანაში და გარეშე პირებს არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან.


– ბატონო დემურ, თავადაც არა ერთხელ გითქვამთ,  ეს ქვეყანა რომ ვერ ვითარდება, ამის ერთ–ერთი მიზეზი კორუფციაა. მედიით ვრცელდება კონკრეტული ფაქტები, ჩინოვნიკების ქონებრივ დეკლარაციებსა და სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომ კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა, 2–3 წელიწადში იშოვეს რამდენიმე მილიონი დოლარის ქონება  და ამ პერიოდში, მათი ოჯახის მთელი ოფიციალური შემოსავალი, ამ ქონების 10 და 20 პროცენტი იყო, მეტი არა. აშკარაა, ეს  ქონება ბიუჯეტიდან მოპარული, ქრთამად აღებული ფულით, სხვა უკანონო ფინანსური მაქინაციებით აქვთ ნაშოვნი. ამ დროს სუს–ი, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, ვისაც ამგვარი დანაშაულებების გამოძიება ევალება, ჩუმად არიან. არ უნდა დაადგეს საშველი ამ პრობლემის მოგვარებას? არ უნდა დასრულდეს ცალ–ცალი კალოშით ხელისუფლებაში მოსულთა მყისიერი გამდიდრება ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე? დაექვემდებაროს დაუსაბუთებელი ქონება ჩამორთმევას და ეს პრობლემაც მოგვარდება.


– ხელისუფლება, რომელიც ასეთ ფაქტებზე  არ რეაგირებს, ძირს უთხრის საკუთარ თავს. ამით  ძირი რომ ეთხრება ჩვენს ქვეყანას, ეს კარგა ხანია, ვიცით. 30 წელია ვხედავთ, რომ უქონელი ხალხი მოდის ხელისუფლებაში და 2–3 წელიწადში მილიონერები ხდებიან. მე ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. კორუფცია ყველგან არის, მათ შორის, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც. თუმცა, როდესაც გიდებენ ფაქტს, უნდა მოახდინო რეაგირება. თუ ხელისუფლება  კორუფციონერს იფარავს, იცის და არ რეაგირებს, ამით საკუთარ თავს ძირს უთხრის. ეს არ მესმის, ეს არის ინსტინქტების მოდუნება ან საერთოდ გაქრობა.


– ეს ხომ არ მიიყვანს დასასრულამდე ამ ხელისუფლებას?


– მარადიული არაფერია ამ ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, თუ ეს სიტუაცია ფარულად მაინც მხარდაჭერილი იქნება, ცხადია, სისტემა დაინგრევა. სასურველია, რომ ჩვენ მუდმივ ნგრევებში არ ვიყოთ. ჩვენ გვინდა ევოლუციური განვითარება. არ გამოგვდის ეს, სამწუხაროდ. სამხედრო გადატრიალება, ერთი რევოლუცია, მერე მეორე რევოლუცია. სულ ასეთ ჯანჯღარში ხომ არ ვიქნებით? უბრალოდ, ეს  არაგონივრულია.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №24

  •  
  •  

კომენტარი

  1. 30 წელია ვხედავთ, რომ უქონელი ხალხი მოდის ხელისუფლებაში და 2–3 წელიწადში მილიონერები ხდებიან.

    ხოდა ამოვიდა ყელში მთავრობის კანონიერი ბანდიტების
    პარპაში სხვადასხვა სახელით.. მოქკავშირი, ნაცები, ქოცები
    ყველას მოგი👎🏿ყანთ და შხამად ყველაფერი რაც ხალხს მოპარეთ!

    1. ბერია

      ვინც ხალხს და სახელმწიფოს ღალატობს კ სტენკე!
      რასტრელიაც ბეზ სუდა ი სლედსტვია!

  2. ((((

    ხელუსუფლებავ ასე ჩაკეტეთ და გადაკეტეთ საზღვრები და ელოდეთ ხმებს არჩევნებზე ! დახოცეთ ხალხი უიმედობით.თქვენს მიმართ აგრესია იზრდება, კიდე ჩარაზეთ ყველა კარი, მთავარია პანდემიას გადარჩეთ!

  3. ანონიმური

    საზღვრები კი არა, სახლებში გვიპირებენ ისევ გამოკეტვას, მისდგნენ უკვე მარნეულ-გარდაბნებს, ლილოს და ასე აპირებენ არჩევნების მოგებას.

  4. ანონიმური

    რატომ გვყავს ეკონომიკის მინისტრად ნათელა თურნავა და არა გიორხელიძე!

  5. ანონიმური

    ვეთანხმები მოსაზრებას ბნ გიორხელიძის სამთავრობო სტრუქტურებში ჩართვაზე

  6. ანონიმური

    რადგანა რ ხსნიან ს ჯერ ესე იგი არ სებობს ამის საფუძველი

  7. ანონიმური

    რაებს მიედ მოედები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.