“თუ დავით გარეჯის დაცვის გამო დაგვიჭერენ, ბედნიერები ვიქნებით – აზერბაიჯანელი ერი არის ჩვენი მოძმე ერი”

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, რომელმაც დაანონსა, რომ პოლიტიკაში მოდის:

– აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურმა საქართველოს ხელისუფლებას, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი გამოუგზავნა. იქ  ლაპარაკი იყო გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე და ამ პროვოკაციების  სამართლებრივი გზებით აღკვეთაზე. ფაქტობრივად, პროვოკატორების დაკავებას სთხოვდა აზერბაიჯანული მხარე ქართულ მხარეს. ამ  წერილში კი მხოლოდ „ქართული მარში“ იყო ნახსენები. პრინციპში, აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, რომ „ქართული მარშის“ ლიდერები დაგიჭირონ,  თქვენი ორგანიზაცია გაანეიტრალონ და აზერბაიჯანელების მიერ  დავით გარეჯის მიტაცების გამპროტესტებლები მოგიშორონ თავიდან.

– არ არსებობს ქვეყნად სიმდიდრე, არ არსებობს ქვეყნად არაფერი, რომელიც უარს გვათქმევინებს დავით გარეჯზე. სიცოცხლის  გაწირვაც რომ დაგვჭირდეს, ერთ გოჯ  მიწას არ დავუთმობთ არავის დავით გარეჯში. ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანელი ერი არის ჩვენი მოძმე ერი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას აზერბაიჯანის იმჟამინდელი ხელისუფლება სერიოზულ დახმარებას უწევდა და ამის შესახებ შემიძლია დეტალურად, ფაქტებით საუბარი. საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები, ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ სეპარატისტების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა ახლო და მეგობრული ურთიერთობა, მე ამის მომხრე ვარ.  თუმცა, ჩვენს შესახებ აზერბაიჯანში აგზავნიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს „ქართული მარში“ აზერბაიჯანელების წინააღმდეგი ვართ და მათთან კონფრონტაციას ვუწყობთ ხელს. ეს არის სისულელე. აზერბაიჯანელებმა შესანიშნავად იციან, რომ „ქართული მარში“ არის მათი მოყვარული, ძმური ურთიერთობის მოწადინე ორგანიზაცია. „ქართული  მარშის“ არაერთი წევრი ეროვნებით აზერბაიჯანელია. ასეთ რაღაცას  როდესაც აცხადებს აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურა, ეს ჩვენთვის ყურადსაღებიც კი არ არის. არის რაღაც გაუგებრობა დავით გარეჯთან დაკავშირებით და ეს უნდა გაირკვეს. დავით გარეჯი რომ ქრისტიანული და ქართული  კულტურის ძეგლია, მეორე იერუსალიმია ქართველებისთვის, იქ რომ ქართული წირვა–ლოცვა უნდა აღევლინებოდეს, ამაში ვერავინ შეგვეკამათება. ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით და გავაგრძელოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება. თუმცა, ამასთანავე,  დავით გარეჯს არასოდეს განვიხილავთ საქართველოს გარეთ, დავით გარეჯი  იყო,  არის და მარად იქნება ქართული  რელიგიური და კულტურული  ძეგლი.

– დავით გარეჯთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს გეგმავთ. პარალელურად, პოლიტიკაში მოსვლა დააანონსეთ და ლოგიკურად, ხელისუფლებას არა ერთ ფრონტზე უნდა შეუქმნათ პრობლემები. „ქართულ ოცნებას“, „ნაცებს“ და „ევრონაცებს“ კოაბიტაციის დასრულებით ემუქრებით, რისი წყალობითაც ეს ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებს, დანარჩენები კი კომფორტულ ადგილსა და  პირობებს პოლიტიკაში. არ გეშინიათ, რომ დავით გარეჯის აქციების გამო პროვოკაცია მოგიწყონ და თქვენც, „ქართული მარშის“ სხვა ლიდერებიც ციხეში გამოგკეტონ? იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ მერე ლიბერალური დასავლეთი დიდ ამბავს ასტეხს, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები პოლიტპატიმრებად გაღიარებენ და ხელისუფლებას თქვენს გამოშვებას მოსთხოვენ.  

– ამას ჩვენ დიდი ხანია შეგუებულნი ვართ. მეც და ჩემს არაერთ თანამებრძოლს სააკაშვილის რეჟიმის დროს მოგვიწია ციხეებში ყოფნა შეთითხნილი ბრალდებებით.  არ გამიკვირდება, ამ ხელისუფლებამაც იგივე გააკეთოს. თუ დავით გარეჯის დაცვის გამო დაგვიჭერენ, ბედნიერები ვიქნებით, რადგან  არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სამშობლოს გამო მსხვერპლის გაღებაა. ჩვენმა ეკლესიამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან აქვს მოლაპარაკებები, ჯერ ამ მოლაპარაკებების შედეგებს ვერ ვხედავთ. დავიცდით და თუ არ გამოჩნდა შედეგი, მერე პერმანენტული აქციების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ხელისუფლებაზე, ისინიც აცხადებენ, მოლაპარაკების რეჟიმში ვართ და დაგვაცადეთო. დავაცდით, ვნახოთ, რა შედეგებს დადებენ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №19

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    გეგმავს და ყბედობს. სხვა ამის გაკეთებული გინახავთ, დაწერეთ!

  2. Bidzina

    რუსეთს რატომ არ უპროტესტებ შე სირო

  3. იოსები იბესოი

    კი, მალადეც!!! შენ არ გეშინია დაჭერის! – ჩემი თვალით მაქვს ნანახი. პატარა შიშმაც თუ აგიყოლია, კი იცი შენ რაც უნდა გააკეთო 🤣🤣🤣

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.