თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გადაადგილების გასაკონტროლებლად, სამაჯურებს გაუკეთებენ?

“ვინც დღეს უბიძგებს სახელმწიფოს იმისკენ, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მითხრას, რა ღონისძიებებს გულისხმობენ? რა უნდა გაკეთდეს ამაზე მეტი?”

“ეპიდემია შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში და ჩვენ რომ დღეს ყველაფერი გავაჩეროთ და დავხუროთ მთელი საქართველო ისე, როგორც ჩინეთმა დახურა თავისი ერთი რეგიონი, კოლაფსს მივიღებთ”

„ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე:

– საუბარი მიდის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე – რას მოიცავს საგანგებო მდგომარეობა? რა ღონისძიებები გატარდება?

-გააჩნია სიტუაციას, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება იყოს საომარი მოქმედებებით გამოწვეული, შეიძლება იყოს სტიქიური უბედურების გამო და ერთ-ერთია, ასევე ეპიდემიოლოგიური, ამ შემთხვევაში, ვირუსული. ყველა ეს ვითარება მოითხოვს სხვადასხვა ხასიათის, მოცულობის სამუშაოებს და სამთავრობო სტრუქტურების მიერ სხვადასხვა სტრატეგიებს. მთავრობის ყველა უწყებას აქვს სამოქმედო გეგმა. არის ეპიდემიოლოგიური საშიშროება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია და გარკვეულ მდგომარეობებს ითვალისწინებს.


– საგანგებო რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვა, ძალოვანი უწყება – გვეუბნებიან, რომ სამთავრობო სტრუქტურებიც, დაკეტილია სკოლები – რას შეცვლის ამაზე მეტს საგანგებო მდგომარეობა? რა დაიხურება კიდევ? რესტორნები? მაღაზიები? (გარდა პროდუქტისა) კაზინობი?

-კაზინოები და მაღაზიები არც ამერიკაში დაიკეტება, არც ბალტიისპირეთის ქვეყნებში და არც არსად. ჩინეთშიც კი არ დახურულა მაღაზიები და სხვა დაწესებულებები, ისინი გადავიდნენ მუშაობის სხვა რეჟიმზე. ადგილზე მიტანის სერვისებით მუშაობდნენ, აქაც გვაქვს მიტანის სერვისი, უმეტესად რესტორნიდან მიაქვთ საკვები და საჩუქრები. არის ერთეული შემთხვევები, როცა მარკეტიდანაც უკვეთავენ, მაგრამ რომ მოგინდეს მარკეტიდან რამე შეუკვეთო – სამწუხაროდ, არ არის საიტზე სრული ინფორმაცია, როგორც დახლზე ვხედავ პროდუქტს და ფასს, ასე უნდა ვხედავდე საიტზეც რომელიმე მაღაზიის სასურველი სექციიდან, ამოვარჩევ პროდუქტს და მომიტანენ სახლში. შესაბამისად, ადგილზე მიტანის სერვისს სჭირდება სათანადო ყურადღება, ხელთათმანები, ნიღბები, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა.შ. სხვათა შორის ამ სერვისებს ჩვენთან არავინ უყურებს და უკეთესია, გაცილებით მაღალ დონეზე თუ იქნება, თან ყოველგვარი კორონავირუსის გარეშე.
ამ ვირუსს, რომელზედაც ახლა ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, დადებითიც აქვს, ყველანი ვსაუბრობთ ჰიგიენის დაცვაზე, ეს პრობლემა საქართველოში არის. გარკვეული საკითხებისადმი კრეატიული მიდგომებია საჭირო და ამას არ სჭირდება მთავრობიდან მითითება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მარკეტებს თავად შეუძლიათ მიტანის სერვისთან გააკეთონ ხელშეკრულება. 3 ლარია მიტანა ადგილზე და ეს სამი ლარი მაინც გეხარჯება გზაში. ამიტომ, შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად შეიძინო პროდუქტი.


– და მაინც, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? რა ღონისძიებებს მოიცავს?


-რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვირუსს შეეშინდება, საგანგებო მდგომარეობის და ვეღარ შემოვა, ძალიან ცდება. საგანგებო მდგომარეობა გარკვეულ ღონისძიებებს მოიცავს, ეს არის – მთავრობის, სხვადასხვა დაწესებულების და ორგანიზაციების (ეს იქნება, სახელმწიფო, თუ კერძო), საქმიანობის განსაკუთრებული, სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც მიზნად ისახავს საფრთხისგან მოსახლეობის და სახელმწიფოს უზრუნველყოფას. გამომდინარე იქედან, რა მასშტაბის საფრთხეებია და რა მოცულობის ღონისძიებები იქნება შესაძლებელი, საგანგებო მდგომარეობა მოიცავს ადამიანების უფლებების და თავისუფლების შეზღუდვას.
რა მდგომარეობა გვაქვს დღეს და როგორ შეიძლება განვითარდეს ვითარება მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოში და შესაბამისად სამეგობროში – ეს პროგნოზები კეთდება, მაქვს კომუნიკაციები ჩინოვნიკებთან და ამ საკითხებზე მუშაობენ. ფონი აგიხსენით, ახლა მივყვეთ, ღონისძიებები, დაწყებული სამთავრობო თუ სხვა სტრუქტურების მუშაობის რეჟიმიდან, დავინახეთ, რომ მთავრობა გადავიდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე, თუმცა, რიგი თანამშრომლებისა მუშაობს დისტანციურად, ისინი, ვისაც შეუძლიათ დისტანციურად იმუშაონ და ამით კიდევ უფრო ავირიდებთ ვირუსის გავრცელებას. მთლიანობაში, ვადევნებთ თვალს, რომ საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა და შეიქმნა დროულად, მე იქ დაგვიანება ვერ დავინახე. საბჭო არის გაფართოებული, იქ არ არიან მხოლოდ მინისტრები, შემადგენლობას ყველა ვხედავთ, რაც იძლევა სტრუქტურების კოორდინირებულად მუშაობის საშუალებას და ეს ჩანს კიდეც – ეკონომიკურ ბლოგში, ძალოვანებში, ჯანდაცვაში და ა.შ.
საგანგებო მდგომარეობის დროს, ღონისძიებების გატარება იწყება პირველ რიგში, სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის რეჟიმიდან და შემდეგ მოჰყვება ქვემოთ. ძალოვნები ასევე არიან გადასულნი საგანგებო მდგომარეობაზე, მუდმივად არიან ჩართულები ჯანდაცვის სტრუქტურებთან ერთად საკარანტინო და თვითიზოლაციის დაცვის კონტროლით. რა თქმა უნდა, შეიძლება არის ნაკლოვანებები, ვფიქრობ დაიხვეწება – არ გამოვრიცხავ, რომ სამაჯურებიც შემოიღონ, რომ ვიცოდეთ, როგორ გადაადგილდება თვითიზოლაციაში მყოფი პირი, გამოჩნდა ამის საჭიროება.
პროგნოზირებაზე გესაუბრეთ და ღონისძიებებზე. სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის რეჟიმი, ძალოვანი და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება, საკარანტინო სივრცეების გამოყოფა, საწოლების დარეზერვება წინასწარ 440 საწოლი დარეზერვებულია, 3600 საჭიროების შემთხვევაში გამოიყოფა. საგანგებო მდგომარეობის გარეშე – ეს ღონისძიებები უკვე ჩატარებულია.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება, არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა დაინახავს, რომ მოსახლეობის უფლებები და თავისუფლებების შეზღუდვაა საჭირო.


მაგალითად, თუ დაინახეს, რომელიმე რეგიონში, არის ეპიდემიის საშიშროება. როგორც უხანი გამოაცხადა ჩინეთმა, ასე შეუძლია მთავრობამ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა მთელს ქვეყანაში ან რომელიმე რეგიონში, დავუშვათ იმერეთში და დაიწყოს იმ ღონისძიების განხორციელება, რაც დაიწყო ჩინეთში.
ახლა გეტყვით ძალიან მნიშვნელოვანს, ჩინეთს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება დაუჯდა 200 მილიარდი დოლარი (ორი კვირის წინანდელი ინფორმაციით) საქართველოს მაგდენი არ დაუჯდება, მაგრამ ჩვენს ეკონომიკასთან შედარებით – ჩვენთანაც ძალიან მაღალი ციფრი იქნება.
ის რაც უნდა ხორციელდებოდეს საგანგებო მდგომარეობის დროს – გამოცხადებულია, ოღონდ მთავრობა არ მიდის ჯერ იქამდე, რომ ყველაფერი გააჩეროს. ჩვენ გავაჩერეთ სკოლები, ბევრ ქვეყანასთან შევზღუდვეთ მიმოსვლა, რაც აისახება საავიაციო კომპანიებზე, აეროპორტების შემოსავლებზე, აერონავიგაციების შემოსავლებზე – მათ ჰყავთ თანამშროლები, თანამშრომლებზეც აისახება. ჯაჭვური პრობლემები იქმნება ამ შეზღუდვებისას. საქართველომ ვირუსის გავრცელების საშიშროება უნდა აღკვეთოს და თან სახელმწიფო არ გააჩეროს მთლიანად, რადგან ეპიდემია შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში და ჩვენ რომ დღეს ყველაფერი გავაჩეროთ და დავხუროთ მთელი საქართველო ისე, როგორც ჩინეთმა დახურა თავისი ერთი რეგიონი – უხანი, ჩვენ კოლაფსს მივიღებთ და ვინც უბიძგებს ხელისუფლებას ქმედებისკენ, რომ დახურონ ყველაფერი, ის ან არაკვალიფიციურია, ან პროვოკატორია და მერე დაიწყებს კომენტარების გაკეთებას, რომ აი, სახელმწიფო არასწორად მოიქცა.


დღეს გვაქვს კოტროლირებადი სიტუაცია, გვაქვს გამოჯანმრთელების შემთხვევა, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მიდის ნელი ტემპით. რომ გვქონდეს ასეთი შემთხვევა, რომ დღეს არის 5 ინფიცირებული, ხვალ 6 ახალი შემთხვევა, ზეგ 15 ახალი შემთხვევა და ა.შ. ეს დინამიკა უკვე მიუთითებს საშიშროებას და ასეთ დროს, რა თქმა უნდა ხელისუფლება მიიღებს გაცილებით მკაცრ ზომებს.
ოქროს შუალედია დასაცავი, ყველას ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არავინ მოგვცემს დღეს 1 მილიარდს, 2 მილიარდს და 5 მილიარდს იმისათვის, რომ ეკონომიკური პრობლემები გადავფაროთ, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ დახმარებები გამოგვიყოს მსოფლიომ. მაგრამ, ყველას თავისი პრობლემები აქვს დღეს. ამერიკას დიდი პრობლემები აქვს საფონდო ბირჟაზე. ზესახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი ეკონომიკური პრობლემები და თავისუფალი ფინანსური სახსრები, არა მგონია, იოლი გასამეტებელი იყოს მათთვის, თუმცა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესებშია ჩვენნაირ ქვეყნებს დახმარება გაუწიონ, თუ ამის საჭიროება არსებობს და საჭიროების გარეშეც უნდა დაგვეხმარონ.
შენ თუ ყველაფერს დახურავ, ყველა ქვეყანასთან დახურავ მიმოსვლას, გააჩერებ იმ დაწესებულებებს, რომლებსაც ფული შეაქვთ ბიუჯეტში – ერთ თვეში ადამიანებს ამოეწურებათ ფინანსური რესურსები და ჩამოიქცევა მთლიანად სახელმწიფო.
მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ბიუჯეტი ივსებოდეს და დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს, ბიუჯეტში ფულს იხდიან, არ გაჩერდეს.
ვინც დღეს უბიძგებს სახელმწიფოს იმისკენ, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მითხრას, რა ღონისძიებებს გულისხმობენ? რა უნდა გაკეთდეს? ადამიანებს მიეცა ყველა მითითება, რაც არის აუცილებელი. მოცემული გვაქვს თვითიზოლაციის რეჟიმზე გადასვლა, ცარიელია ქუჩები, დღეს რუსთაველზე ვიყავი, ცარიელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ხო, გარეთ გამოსვლა აკრძალული, ქუჩაში გამოსვლის პრობლემა არ არის, ახლო კომუნიკაციაში არ უნდა შევიდეთ ადამიანებთან.
მნიშვნელოვანია ავტობუსების, მიკროავტობუსების, ტაქსების დეზინფექცია მუდმივად, დღეში ერთხელ კი არა, მუდმივად ეხებიან მას ადამიანები, იგივე მარკეტებში – ამ ყველაფერის გაკეთებას არ სჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
ახლა რომ მთავრობამ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, იმის გარდა, რაც უკვე გააკეთა – რა უნდა გააკეთოს? რისთვის აცხადებენ? რომელიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობაა და რეზერვის მობილიზება მოხდება? კორპუსები გადაიკეტება? რა უნდა გააკეთოს? – ახლო პერსპერქტივაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველს ვერ ვხედავ.

რედაქციის შენიშვნა – ინტერვიუს ჩაწერიდან მალევე, მთავრობამ სანქციების დაწესება დააანონსა იმ პირების მიმართ, ვინც კარანტინინს ან თვითიზოლაციის წესს დაარღვს. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა დააკისროს დამრღვევ პირებს სისხლის სამართლებრივი სასჯელიც. უკვე ორი ათასამდე ადამიანია თვითიზოლაციაში და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება დამრღვევებს? – ალბათ, სამაჯურები ყველაზე მარტივი გამოსავალია.

თამო კეშელავა

ალია №10

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.