თბილისის მერია ღია კაფეებს მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართობების გამოყენების უფლებას აძლევს

შეზღუდვების მოხსნამდე, თბილისის მერია ღია კაფეებს მიმდებარედ არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობების გამოყენების უფლებას აძლევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც იცით, პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობები და მაგიდები განალაგონ ასეთ ადგილებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და საქმიანობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან, ღია კაფეების მეპატრონეები იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონტურებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა, კაფეების ინფრასტრუქტურამ მოქალაქეთა სავალი ნაწილი დაიკავოს, თუმცა მიმაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდონ, რადგან ეს დროებითი ღონისძიებაა. ვიმედოვნებ, რომ ამ მძიმე პერიოდს ერთობლივად, ძალიან მალე წარმატებით გადავლახავთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.