“ვცდილობთ თვითმკვლელების გათეთრებას – “არ უნდოდა…”, “ბოლოს შველას ითხოვდა…”, “ბოლომდე ებრძოდა დემონს…”, “სუსტი იყო…”

პიარტექნოლოგი, ქოუჩი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

23 წლის გოგონაზე წერენ აქ – მოკლეს თუ თავი მოიკლა და ამ აიწონა-დაიწონაზე ადიან და ჩამოდიან, ადიან და ჩამოდიან…

მე არაფერს გამოვრიცხავ. არც შეთქმულებას, არც თვითმკვლელობას. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ ტრაგედიას მხოლოდ ერთი რაკურსიდან უყურებენ.

მე კიდევ ვუყურებ ასეთ ტრაგედიებს ბავშვობიდან! წლებია ვაკვირდები, როგორ ცდილობენ ადამიანები ბიოგრაფიის “გათეთრებას”. თვითმკვლელი ადამიანების ბიოგრაფიის – “არ უნდოდა…”, “ბოლოს შველას ითხოვდა…”, “ბოლომდე ებრძოდა დემონს…”, “სუსტი იყო…”

ყველას გვაქვს გასვრილი ხელი გამათეთრებელ ხსნარში… ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიცდია იმ ადამიანის გამართლება, რომელიც ძალიან ძალიან გვიყვარდა და არ გსურდა ბედის ანაბარა დატოვება. არ გვემეტებოდა არც სიკვდილისთვის, არც მიწისთვის, არც ჯოჯოხეთისთვის, რომელიც ცოცხალი ადამიანებისთვის არსებობს მხოლოდ მათ წარმოსახვაში და იქმნება შიშით! იმდენი მეგობარი გავაცილე, იმდენი გამათეთრებელი ხსნარი დავღვარე, ზუსტ რაოდენობას ვეღარც ვიხსენებ.

ხსნა არი ხსნარში და ხსნარში არის ხსნა. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემმა ძალიან ძალიან ძვირფასმა მეგობარმა თავი მოიკლა ვიღაც ბიჭის გამო. თამუნას უყვარდა, იმ ბიჭს არა. მერე ყველაფერი ძალიან ნაცნობი სცენარით გათამაშდა – საძილე აბები, სასწრაფო, საავადმყოფო, მორგი! ერთად ვსწავლობდით თეატრალურში. რამდენიმე წლის წინ, ჩემი ასევე ძალიან ძვირფასი მეგობარი, დათო – უჭკვიანესი, განათლებული, სიმპათიური, წარმატებული, იშვიათი გულისა და გონების მქონე ადამიანი სახრჩობელადან ჩამოხსნა საკუთარი ხელით ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა…

თამუნამ გაიარა წარუმატებლობის, დათომ კი წარმატებისა და აღიარების გზა. ორივემ დაასრულა თვითმკვლელობით.

ეძებო მათ გადაწყვეტილებაში ლოგიკა და იმის რაციონალური არგუმენტი თუ რატომ მოიკლავდნენ თავს, ჩემი აზრით, არის წყლის ნაყვა და დროის ფლანგვა. თვითმკვლელობის საფუძველია მეტწილად ჩვენი ემოციური ფონი; ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ვიფიტებით. არ ვიცი, რა მოხდა.

მეც ამ აიწონა-დაიწონაზე ავდივარ და ჩავდივარ, უბრალოდ არაფერს გამოვრიცხავ. არ გავატანოთ ერთმანეთი. ძალიან გთხოვთ. ავავსოთ ერთმანეთი ყოველ წამს.ნეტავი იცოდეთ, როგორ მინდა, როგორ ვნატრობ, როგორ ვოცნებობ, რომ აღარ მჭირდებოდეს გამათეთრებელი…”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რა ადვილად ლაპარაკობს…
    ,, სხვა სხვისა ომსა ბრძენია”.

  2. ანონიმური

    შენი თვალებიც არ მომწონს, მე! უნდა გაუმკლავდე დემონს!

  3. ანონიმური

    როცა ქოუჩი ვერ გეხმარება, ინტუიციას უნდა მოუხმო … მაგრამ ეგ ყველას საბოძვარი არ არის, ასე რომ, აიწონა დაიწონაა შენი საქმე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.