ვიცი, ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ უნდა ვთქვა – ეს გულსაკლავი საყურებელია – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემს წინა პოსტზე რამდენიმე კომენტარია სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის შესახებ. ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას.

გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდ სიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება – უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.

ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?

წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო, მთლიანად ამას დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა.

რა შედეგი გამოიღო ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვამ? ახალი შემთხვევების რაოდენობით მაინც მსოფლიო ლიდერები გავხდით და ბავშვებს ინფექციის გავრცელების კუთხით ასეთი დრამატული დამატებით რა უნდა ჩაედინათ? აღარაფერს ვამბობ სტუდენტებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ნებისმიერი სხვა ჯგუფების მსგავსად მარტივად შეძლებდნენ შესაბამისი წესების დაცვას. განსაკუთრებით უცნაურია, რაც მესმის სალიცენზიო/რეზიდენტურის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.

მოკლედ, იქნებ ცოტა ოპერატიულად მოვახდინოთ ხოლმე ეპიდ სიტუაციაზე რეაგირება სასწავლო დაწესებულებების გახსნის თვალსაზრისით. აშკარად უფრო სწრაფია რეაგირება ბიზნესის გაღება/დაკეტვის კუთხით და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შეზღუდვების ცუდი შედეგი ეკონომიკაზე პირდაპირ და მკაფიოდ ჩანს. სასწავლო პროცესის შეჩერების შედეგებს ასე სწორხაზოვნად ვერ ვხედავთ, ზეწოლაც შესაბამისი სექტორის მხრიდან არ არის (საგანმანათლებლო სექტორისგან, ცხადია, ისეთი წნეხი არ არის, როგორც ბიზნესის მხრიდან) და ასე „იოლად გადის“ ეს თემა. მართალია, სასწორის ერთ მხარეს უმძიმესი დაავადებაა (ოღონდ არა ბავშვებში), მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდების/ბავშვების მენტალური სტატუსი და განათლების ხარისხია.”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ამ ჯირკს რა უნდა?

  2. Mììiii

    მართალი ბრძანდებით ქალბატონო მაია იქნებ თქვენ მაინც მოვისმინონ და იფიქრონ ბავშვებზე დაუჩლუნგდათ ტვინი ვეღარ სწავლობენ შეიძლება ამდენი დროით იყოს სკოლები დაკეტილი ან სტუდენტები ვინც წელს ჩააბარა მითუმეტეს ბავშვები გაოგნებულები არიან ზოგს ინტერნეტთანაც არა აკვს წდომა ამაზე ფიქრობენ საერთოდ სად არის განათლების მინისტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.