ექსკლუზიური ინტერვიუ ლუკა სირაძის ძმასთან!

“დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია და თავისი წვლილი შეიტანა ჩემის ძმის სიკვდილში!”

“ჩემი ძმა ჩემით ამაყობდა, მე მისით ვამაყობდი, რომ ასე მაგრად და ძლიერად დადგა მამის სიკვდილის შემდეგ და დედაზე ზრუნავდა…”

მალე ლუკა სირაძის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება.
ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბრალდებულია – მარიანა ჩოლოიანი. ამიტომ ამ ინეტრვიუს ასე, ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებ.


 „ალია“ ესაუბრება ლუკა სირაძის ძმას, 20 წლის ბექა სირაძეს:

– მამა სამი წლის წინ დაგვეღუპა, 25 იანვარს, მამის დაღუპვის დღეს იყო ლუკას ორმოცი. მე უკვე ჯარში ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ლუკა გამაგრდა მაშინ ძალიან, იცოდა, რომ დედასთვის უნდა მიეხედა და ძალიან მაგრად და ძლიერად იდგა.

-დედა მუშაობს?

არა, დედა ვერ მუშაობს, ხერხემლის პრობლემა აქვს.


– ბოდიში, ცუდი კითხვა უნდა დაგისვა, ვინ გარჩენთ?


– სოფელში სახლი გვაქვს გაქირავებული და მანქანა დაგვრჩა კიდევ და იმას ვაქირავებთ.


– სკოლაზე უნდა გკითხოთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მწვანე სკოლაში“ გადასახადი ვერ გადაიხადეთ და ამიტომ გამოიყვანეთ ლუკა, ასევე ვრცელდება ის ინფორმაციაც, რომ „მწვანე სკოლის“ საჯარო სექტორში სწავლობდა ლუკა და გადასახადი არ ჰქონდა.


– ნახეთ, როგორ იყო – ლუკა სწავლობდა საჯარო სექტორში, მაგრამ მანდაც არის გადასახადი – 200 ლარია თვეში. რაღაც ეტაპზე ვერ მოვახერხეთ გადახდა და დედამ გადაიყვანა საჯარო სკოლაში, მაგრამ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ დედა დირექტორთან შევიდა და სთხოვა გადასახადის დაკლება, ან გაუქმება. არც უთქვამს მიზეზი, რატომ გადაიყვანა.

არც სკოლას უკითხავს?


– როგორც ვიცი, არა.


– „მწვანე სკოლაში“ დისციპლინური გადაცდომები ჰქონდა? სკოლას როდესმე ჰქონდა პრეტენზია?


– არა, არც „მწვანე სკოლას“, არც სხვა სკოლას მსგავსი პრეტენზია არ ჰქონდა. ერთი ის იყო, არ სწავლობდა კარგად ნამდვილად, ამ ბოლოს მოუმატა სწავლას და გვიხაროდა.


– ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბავშვმა მოხატა სკოლის კედლები.


– ისიც არ არის დამტკიცებული, ნამდვილად ლუკა იყო თუ არა. კადრები რაც ვნახეთ, იქ ერთი ჩანს და ისიც ბუნდოვნად, ვერ მოხერხდება იდენტიფიცირება.


– აბა, მარტო ლუკას რატომ დაადეს ხელი?


– არ ვიცი, საქმეს იძიებენ და მეც ძალიან მაინტერესებს. როცა ლუკას ფეისბუქის ნახვა დასჭირდა გამოძიებას, მითხრეს, რომ პროცედურებია გასატარებელი ლუკას ფეისბუქის და მესენჯერის სანახავად და ამ პროცედურებს დრო სჭირდებაო, არადა განყოფილებაში პირველივე დღეს ეუბნებოდნენ ლუკას, ფეისბუქიდან გვაქვს ჩანაწერებიო, თუმცა, როგორც ვიცი, არ აჩვენეს რა ჩანაწერებზე იყო საუბარი. დიდი ალბათობით, უკანონოდ ჰქონდათ ამოღებული და იცოდნენ ეს, ამიტომ არ აჩვენეს და ვერც საქმეში ჩადებდნენ. ახლა როცა მითხრეს, პროცედურებია საჭირო, რომ ლუკას ფეისბუქი ვნახოთო, ვუთხარი, რომ თავად შემეძლო პაროლი მიმეცა.


– ლუკას ფეისბუქის პაროლი იცოდით?


– კი, იმ დღეს, როცა პირველად დაიბარეს განყოფილებაში, დედამ დამირეკა, თუმცა, მოკლედ მომიყვა, არ უთქვამს, რომ ამდენი საათი გაგრძელდა დაკითხვა, მხოლოდ ის ვიცოდი, რას ედავებოდნენ და რომ ჩემით დაემუქრნენ. მაშინ დაველაპარაკე ლუკას და ვთხოვე ფეისბუქის პაროლი, მინდოდა მენახა რა მესიჯებზე იყო საუბარი. ლუკა ამბობდა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მისი მესიჯები არაა, მაგრამ მინდოდა მენახა.


 მოგცათ პაროლი?


– კი, უპრობლემოდ. ლუკას და მე ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ეს საუბარი ტელეფონით შედგა, ვფიქრობდი, რომ ჩამოვიდოდი და დაწვრილებით მომიყვებოდა…


 წაშლილი ჰქონდა მესიჯები?


– არა, არაფერი ჰქონდა წაშლილი.


– რა ეწერა იქ?


– ისეთი არაფერი ეწერა, ერთი იყო, რომ ძაღლებად მოიხსენიებდა პოლიციას, ზუსტად ამაზე იყვნენ აჭრილები, მაგრამ ლუკა ამბობდა, მე არ მიმიწერია არავისთვის ეგ სიტყვები, გამიტეხეს ფეისბუქიო.


– გამოდის, იცოდნენ და ნანახი ჰქონდათ უკვე ლუკას ფეისბუქი პროცედურების, ნებართვის გარეშე.


– კი, მიიყვანა თუ არა დედამ ლუკა პოლიციაში, პირდაპირ გინება დაუწყეს, ვინც ჩვენ ძაღლები დაგვიძახოსო.


– გინებას როცა ამბობთ, ლანძღვას გულისხმობთ?


– არა, გინებას, ვინც ჩვენ ძაღლები დაგვიძახოს, იმის დედა …ევეცითო…


– დედის თვალწინ?


– კი, დედის თვალწინ ხდებოდა ეს. ჩემს ძმას თავი ჰქონდა გადაპარსული და აი, მზად მოსულხარო, მოგწონს ასეთი ცხოვრებაო, იქ ჩაგაყუდებთ, სადაც ასე უნდა გადაგვეპაარსა თავიო… არადა, სინამდვილეში ლუკას ჯარისკაცობა სურდა, ამიტომ გადაიპარსა თმები. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მოსწონდა რომ ჯარში ვიყავი და მასაც სურდა. ჩემი ფორმის ჩაცმა უყვარდა ხოლმე. იმ წელს კადეტთა სასწავლებელში სცადა ჩაბარება, ქულები დააკლდა, მაგრამ ისევ აპირებდა ცდას და სწავლასაც უმატა, რომ ისევ ეცადა და ჩაებარებია.


– მუქარას პოლიციაში დედა ისმენდა?


– კი, დედა ისმენდა როგორ ემუქრებოდნენ, რომ მე შემიქმნიდნენ პრობლემას და რომ შეეძლოთ ჩემთვის პრობლემა შეექმნათ. როგორც კი გავიგე, უფროსს ვთხოვე, გამოვეშვი, უნდა ჩამოვსულიყავი, თუმცა, ასე სწრაფად და ასე ცუდად თუ განვითარდებოდა მოვლენები, ვინ იფიქრებდა… გადაწყვეტილი მქონდა, ჩამოვსულიყავი, მივსულიყავი პოლიციაში და მეკითხა, როგორ და რატომ შემიქმნიდნენ პრობლემას.


– როგორ და როდის მოხდა ლუკას და დედათქვენის დაბარება სკოლაში?


– სკოლის მოხატვიდან მეორე დღესვე დედას დაურეკეს და დაიბარეს. ლუკა მასწავლებელთან იყო, დედამ დაურეკა, გზაში შეხვდა და ერთად მივიდნენ.


– „მწვანე სკოლა“ დაუკავშირდა იმ სკოლას, სადაც ლუკა სწავლობდა?


– როგორც ვიცი, არა!


– არც ფსიქოლოგი ჩართულა პროცესში და არც სოციალური სამსახური, ხო?


– არა! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა ითხოვდა სოციალურ სამსახურს, არა!


 პოლიციის განყოფილებაში თქვენი ძმისა და დედის დაკითხვა სრულადაა გადაღებული?


– არა, კამერა რომელიც პირდაპირ იმ მაგიდას უყურებდა, სადაც ჩემები ისხდნენ, არ მუშაობდა.


 არ იყო ჩართული?


– არა, ჩართული იყო, მაგრამ არ მუშაობდაო – ნაცრისფერი ფონია მხოლოდ, გაფუჭდაო.


– გაფუჭდაო, თუ გავაფუჭეთო?


– ამბობენ, გაფუჭდაო…


 რა ჩანს?


– ჩანს, როგორ იქნევენ ხელებს სხვა პოლიციელები, მათი გამომეტყველებით, ხელის აქნევით და ტუჩის მოძრაობით მიხვდები, რომ ყვირიან, ილანძღებიან, თუმცა, სიტყვები არ ისმის.


– მარიანა ჩოლოიანი ვინმეს ურეკავდა? მაგალითად ზედამხედველ პროკურორს?


– ვის ურეკავდა არ ვიცით, მაგრამ ხშირად გადის ოთახიდან და შედის უფროსის კაბინეტში, იქ ვის ელაპარაკება, ვის უთანხმდება, ვის ურეკავს, უკვე არ ვიცი.


 ლუკაც გაიყვანეს, ხო?


– კი, ლუკა ორჯერ დარჩა მარტო, ერთხელ, როცა დედას ნომრის მოტანა სთხოვეს, სჭირდებოდათ ლუკას რეპეტიტორის ნომერი, როგორც ვიცი და მეორედ, ერთი შემოდიო და შეიყვანეს.


– ამბობენ, რომ დედას გავარიდეთ, დედა-შვილმაც იკამათაო.


– პოლიციელები რომ აგინებდნენ და უყვიროდნენ ლუკას, ლუკას უთქვამს, არ გაქვთ ყვირილს უფლებაო, ლუკამ ასევე მოითხოვა სოციალური სამსახური. მარიანამ უთხრა, არ გჭირდება, არ გეკუთვნის, როცა დედა აქ არისო. ლუკა უმტკიცებდა, რომ სჭირდებოდა და ეკუთვნოდა. დედამ ჩათვალა, რომ პოლიციამ უკეთ იცის, რისი უფლება გვაქვს და არ მოგვატყუებდა, დედა ძალიან მოკრძალებული და მორიდებულია, ტიროდა თურმე მთელი ის დრო და ლუკას ურჩევდა, ნუ ეპასუხებიო, ეს იყო სულ. ლუკა არ აღიარებდა რომ ის იყო და რაც უფრო დიდხანს არ აღიარებდა, მით უფრო ბრაზდებოდნენ პოლიციელები. როგორია, ერთი 15 წლის ბიჭს ვერ დააწერინეს აღიარებითი ჩვენება. ლუკა ეუბნებოდა, თურმე, არაფერი გაქვთ ჩემს წინააღმდეგო და როგორც გაირკვა, მართალიც იყო, მართლა არაფერი ჰქონდათ ლუკას წინააღმდეგ. დედას სურდა მშვიდობიანად დასრულებულიყო ყველაფერი, ეხვეწებოდა გამომძიებელს, რომ ამბობ, ჩანაწერი გაქვს, მაჩვენე, მე ხომ ვიცნობ ჩემი შვილის სილუეტს, თუ მართლა ჩემი შვილია, ვიცნობ და მე ავანაზღაურებ სკოლის ზარალსო.


– 300 ლარს ითხოვდა სკოლაო – გავრცელდა ინფორმაცია.


– არა, ეგეც ტყუილია, კონკრეტულად თანხაზე არ იყო საუბარი, არც დათვლილი იყო ზარალი, საუბარი იყო კედლის გადაღებვაზე და მეც ვუთხარი დედას, რა პრობლემაა, ჩამოვალ და გადავღებავთქო. დედაც ითხოვდა ზარალს ავანაზღაურებთო, მაგრამ ლუკა არ აღიარებდა, ვერც უმტკიცებდნენ და ასე ვერ აუნაზღაურებთო.


– რატომ გაიყვანეს ლუკა ცალკე?


– არ ვიცი. მაგ მომენტში, მე არც არაფერს ვეუბნებოდიო, დედამ. გამოდი ერთიო – უთხრეს და გაიყვანეს. უკან რომ შემოიყვანეს ლუკა, ტიროდა და ხელი თავზე ეჭირა, უთქვამს, ცუდად ვარ, სასწრაფო გამოიძახეთო. დედამ ჰკითხა, რა გჭირს, გული ხომ არ გაქვს ცუდადო და არა, თავი მტკივა ძალიანო.


– თავზე რამე ეტყობოდა? მაგალითად ცემის კვალი?


– არა, ასე არ ეტყობოდა არაფერი. რომც დაერტყათ, დედას არ ეტყოდა, უფრო რომ არ ენერვიულებია. ლუკა მამის გარდაცვალების მერე სულ ცდილობდა დედაზე ეზრუნა.


– სასწრაფო არ გამოიძახეს, როგორც ვიცი.


– არა, მარიანას უთქვამს, მე უკეთ ვიცი, როდისაა საჭირო სასწრაფოს გამოძახებაო. ამის მერე ლუკამ აღიარა, როგორც დედა ამბობს, თუმცა, გამომძიებელი იძახის, აღიარება არ მომხდარაო, როგორც ჩანს, ოფიციალურად ვერ გააფორმეს, იქნებ, იმიტომ რომ გვიანი იყო უკვე და წესით, მაგ დროს უკვე აღარ ჰქონდათ დაკითხვის უფლება? არ ვიცი. მეორე დღეს დაიბარეს, ეტყობა მეორე დღეს აპირებდნენ აღიარებითი ჩვენების გაფორმებას.


– მეორე დღეს პოლიციამ დაიბარა? ამბობენ არ დაგვიბარებია.


– კი, პოლიციამ დაიბარა. იმავე დღეს, დედას ძაღლმა უკბინა გზაში და მეორე დღეს 12 საათზე, აცრის გასაკეთებლად უნდა მისულიყო, ამიტომ მარიანას დაურეკა და სთხოვა, იქნებ აცრიდან რომ წამოვალ მერე მოვიდეთო, უარი უთხრა მარიანამ – არა, მაშინ ადრე დილით მოდითო. მივიდნენ ადრე დილით, ლუკამ ისევ არ აღიარა. ისევ იგივე უთხრა, გვაჩვენეთ თუ რამე გაქვთ ჩემს წინააღმდეგო. გამოუშვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, საქმე დახურული არ იყო. დედაც დააჯერეს წინა დღეს რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დაჭერა შეეძლოთ ლუკასი. ლუკამ არ აღიარა, მაგრამ საქმე გრძელდებოდა.
დედა აცრაზე წავიდა და სახლში რომ მოვიდა, ლუკას უთხრა, მითხარი, გთხოვ, შენ თუ იყავი და გადავიხდი ზარალსო. მოვიხედე და ლუკა აღარ იყოო. დაურეკა პირველ რიგში, მარიანას, რომელსაც დახმარება სთხოვა, ჩოლოიანმა უპასუხა, ხომ გყავს შვილი კიდევ და იმან მოგაძებნინოსო, დამირეკე მე, მე ჩემის მხრივ, გადავურეკე ლუკას ყველა მეგობარს და ყველა ეძებდა.


 სახლიდან გასვლიდან რამდენ ხანში…


– საათი, საათნახევარში.


– ბოდიში, უნდა გკითხო, არსებობს ვერსიაც, თითქოს ხელი ჰკრეს…


– გამორიცხულია. ლუკა იქ ავიდა მარტო, რომ ეფიქრა… ისეთ ადგილას ავიდა, რომელიც ჩაკეტილია, გადაძვრა მეორე სახლის სახურავიდან და ისეთ ადგილას იყო, სადაც ასასვლელი ჩაკეტილია, თუ მეორე სახურავინ არ გადაძვრები, ან თუ გასაღებით არ გააღებ, ისე ვერ ახვალ. უნდოდა ისეთ ადგილას ასულიყო, სადაც არავინ დახვდებოდა და მარტო იქნებოდა. მერე რა მოხდა, არავინ იცის.

-ძებნის დროს ურეკავდით ლუკას?

-კი, მაგრამ ტელეფონი სალხში ჰქონდა დატოვებული. ფანრიანი “ნოკია” ჰქონდა და იშვიათად ატარებდა…


– არაფერი დაუწერია იქ?


– მეც მაინტერესებდა ეგ, ავედი, ვერაფერი ვნახე.


– ლუკა ძლიერი ბავშვი იყო, შეიძლებოდა შეეშინებიათ?


– ლუკას შეშინება არ იყო ადვილი, ერთადერთი მხოლოდ ჩემთვის პრობლემების შექმნით, ოჯახისთვის პრობლემების შექმნით, დედის ნერვიულობით შეიძლებოდა მისი დაშინება… და უფრო ეს იყო შეურაცხყოფა. იგრძნობდა თუ არა თავს ლუკა შეურაცხყოფილად დედის თვალწინ რომ დედაზე აგინეს? – კი, აუცილებლად!

 ამ ე.წ. დაკითხვას, როგორც ვიცი, ესწრებოდა სკოლის წარმომადგენელი.


– კი, ესწრებოდა, ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყო, პედაგოგი, თუ მანდატური.

– არც მას გაუპროტესტებია დაკითხვის ფორმა?

– არა.


– საუბარია ასევე გოგონაზე, რომელიც დააპირისპირეს და რომელმაც თავის მოკვლა სცადა.


– კი, იყო მსგავსი, მაგრამ რა თქმა უნდა არ დავასახელებ. არც წვრილმანებს მოვყვები.


– კიდევ ერთი უხერხული კითხვა მაქვს, ამბობენ, რომ ლუკა ფსიქოლოგთან დადიოდა.


– კი, მამის გარდაცვალების შემდეგ – სწავლას მოუკლო და სკოლამ გაუშვა ფსიქოლოგთან, ეს იყო ორი თუ სამი ფორმალური ვიზიტი, თუმცა, ფსიქოლოგმა გადაწყვიტა, რომ ლუკას არ სჭირდებოდა მკურნალობა.

რატომ აირჩა ლუკამ „მწვანე სკოლა“ იმ შემთხვევაში, თუ ლუკამ მოხატა სკოლის კედელი?

-ხო, ჯერ ეგ არ არის დადასტურებული, მაგრამ თუ აირჩევდა, აირჩევდა ერთი მიზეზით, ამ სკოლას ჰყავდა დაცვა, ჰქონდა კამერები და დააინტერესებდა, რამდენად შეძლებდა კამერების და დაცვის უჩინრად გადასვლას და წარწერის გაკეთებას. პრინციპში, თუ ეს ლუკა იყო, გამოუვიდა კიდეც, სად იყო დაცვა? ეს ხომ არ მომხდარა შუაღამისას? რას აკეთებდა დაცვა? ხუთ წუთში მოიხატა კედლები?


 დაცვისთვის გვერდის ავლა, ისეთ სახურავზე გადაძრომა სადაც არ იყო ასასვლელი ღია – როგორც მივხვდი რთული გზა უყვარდა და თან, შეიძლებოდა, აქ ყოფილი ჯარისკაცობის მომენტი – ასე ვთქვათ, გამოცდასავით, გამძლეობაზე, სირთულის გადალახვაზე?


– შეიძლებოდა, კი. ერთი სული ჰქონდა, როდის გახდებოდა ჯარისკაცი.


 სკოლიდან ვინმესთან გქონდათ მერე კონტაქტი?


– არა.


 რატომ დაასახელა სკოლამ ლუკა?


– არც ეგ ვიცი. როგორც ამბობენ, მშობლებს ჰკითხეს, სურდათ თუ არა მათ პოლიციის ჩარევა ამ საქმეში და მშობლების უმეტესობამ უარი უთხრა, თუმცა, მაინც ჩარიეს.


– ამჯერად მხოლოდ მარიანა ჩოლოიანია დაკავებული…


– კი. გამოძიება გრძელდება, ჩვენი სურვილია, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც დამნაშავეა. თქვენგან გავიგე საქმის ზედამხედველი პროკურორის გვარი, ანჟელა გეთია ყოფილა. დანარჩენს ადვოკატი მოგიყვებათ, კანონის მიხედვით როგორაა, უნდა დაისაჯოს თუ არა ის პოლიციელები, რომლებიც ლუკას აგინებდნენ და ლანძღავდნენ, ხელს უქნევდნენ ცხვირწინ დედის თვალწინ… რამდენად სწორად წარიმართა დაკითხვა, ვის ურეკავდა ჩოლოიანი, ან ვის უთანხმებდა მოქმედებებს… ამ ყველაფერზე ადვოკატი ისაუბრებს.


 საავადმყოფოზე უნდა გკითხოთ – რამდენად კმაყოფილი ხართ სამედიცინო მომსახურებით?


– გთხოვთ, ეს დაწერეთ, ბევრი კითხვა გაჩნდა საავადმყოფოსთან დაკავშირებით, რას არ ამბობენ, სინამდვილეში, ძალიან მადლიერი ვარ მათი, მთელი განყოფილება ფეხზე იდგა. უცხოეთიდან ექიმიც ჩამოდიოდა დამატებითი კონსულტაციისთვს, მაგრამ სასწრაფო საოპერაციო იყო ლუკა…
მადლობის მეტი ექიმებისთვის არაფერი მეთქმის…
მქონდა თუ არა იმედი?
მქონდა…
იმხელა სიმაღლიდან გადმოხტა და სუნთქავდა… ცოცხალი იყო… ვფიქრობდი, რომ რაკი ადგილზევე არ დაიღუპა, რაკი ამხელა სიმაღლიდან გადმომხტარი ისევ ცოცხალი იყო, გადაგვირჩებოდა…
ჩემი ძმა ჩემით ამაყობდა, მე მისით ვამაყობდი, რომ ასე მაგრად და ძლიერად დადგა მამის სიკვდილის შემდეგ…
ჩემი ძმა ჩემს ფორმას იცვამდა ხოლმე, მეც ბევრჯერ ჩამიცვამს მისი ტანსაცმელი…
ჩემი ძმა აუცილებლად ჩააბარებდა კადეტთა სასწავლებელში და კარგი ჯარისკაცი დადგებოდა…
უკანონოდ არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ის გვინდა, კანონის მიხედვით დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია და თავისი წვლილი შეიტანა ჩემის ძმის სიკვდილში.
ძალიან უყვარდა ლუკას სიცოცხლე, შეიძლება ბევრ ჩვენთაგანზე უფრო მეტადაც კი…

უახლოეს დღეებში „ალია“ შემოგთავაზებთ ოჯახის ადვოკატთან ინტერვიუს, რომელიც ასევე მძიმე წასაკითხი იქნება.


„ალია“ დაუკავშირდა „მწვანე სკოლის“ დირექტორსაც, რომელიც ჯერ დაგვპირდა ინტერვიუს, მერე ზარზე აღარ გვიპასუხა და ბოლოს მოგვწერა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს სურვილი ინტერვიუს მოცემის, რადგან საქმის გამოძიება მიმდინარეობს და ყველა კითხვაზე პასუხი აქვს უკვე გაცემული. დაგვპირდა, რომ ინტერვიუს დროც მოვიდოდა.


„ალიამ“ მისწერა სკოლის დირექტორს კითხვები, რომელზედაც პასუხი გაცემული არ არის და არც ყოფილა. რამდენიმე დღის წინ, სკოლა 500 ლარით დაჯარიმდა, სკოლის დირექტორმა კი განაცხადა, რომ არ იცოდა, პოლიცია თუ უსამართლოდ სთხოვდა ჩანაწერს. შესაბამისად, დირექტორისთვის გაგზავნილ კითხვებს, დაემატა კითხვები: თუ არ იცოდა სკოლამ კამერების განთავსების და მერე ამ ვიდეო მასალების ამოღების და გამოყენების წესი – რატომ დააყენა საერთოდ? საკუთარი სახლიდან რომ მოეთხოვათ მისი შვილის ვიდეოს გადაცემა – გადასცემდა იურისტის გარეშე? და ბოლოს, ვიდეო ხო და როგორ მოიპოვა სკოლამ ფეისბუქის მიმოწერები და სქრინები?რა სქრინებზე და ჩანაწერებზე ესაუბრებოდნენ პოლიციელები ლუკას და დედას?


და „ალიას“ ფურცლებიდან ვეუბნებით სკოლის დირექტორს, ახლა უკვე დროა ამ და სხვა კითხვებზე უპასუხოს საზოგადოებას!


სანამ არ უპასუხებს – მანამდე ამ კითხვებს მუდამ დავწერთ!
და თუ რედაქტორი დამიდასტურებს, „ალიას“ ყველა ნომერში დაიბეჭდება კითხვები, რომელიც სკოლის დირექციასთან გვაქვს და ფრაზა – აქ უნდა ყოფილიყო „მწვანე სკოლის“ დირექტორის პასუხები!


და ბოლო, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს, დაადგინოს საქმის ზედამხედველი პროკურორის, დაადგინოს სხვა პოლიციელთა ბრალი და ნუ “შემოგვთავაზებს” მხოლოდ მარიანა ჩოლოიანს – ამ საქმეში განტევების ვაცი არ იქნება!
დედა აგინეს ოხანაშვილს და მძიმე დანაშაულიაო.
15 წლის ბავშვს დედის თვალწინ დედა აგინეს პოლიციელებმა, მერე გაიყვანეს და ატირებული შემოიყვანეს და არაფერი?  ერთი მარიანა ჩოლოიანი? და ისიც მხოლოდ ამ მუხლით? – არ გამოვა ეგრე!
ჯგუფური ძალადობაა ეს!
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც კარგად გადაიკითხეთ და ორ დღეში ზედიზედ ორჯერ ძალადობა – არის თუ არა პერმანენტულ ხასიათის – მაგაზეც გვიპასუხეთ.

თამო კეშელავა

ალია №4

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.