ექსკლუზიური ინტერვიუ ბელორუსის პარლამენტის ქართველ დეპუტატთან!

რას ელოდება საქართველოს ხელისუფლება და რატომ არ ულოცავს გამარჯვებას ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს?  ეს მაშინ როცა, ბელორუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების  და მხარდაჭერის არასდროს არ შეშინებია?! 2018 წელს ლუკაშენკო, ოფიციალური ვიზიტითაც იმყოფებოდა საქართველოში და მთელ რიგ ხელშეკრულებებსაც მოაწერა ხელი, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, ჯანდაცვას და ა.შ. დახმარებოდა… ესტუმრა საქართველოს კათალიკოსს პატრიარქსაც და მის წინაშე მუხლიც მოიდრიკა!


ბელორუსიაში მძიმე პოლიტიკური ვითარების შესახებ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ  ,,ალიას“ სტუმარია, ჩვენი ბათუმელი მეგობარი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი, 2004 წელს საქართველოდან იძულებით  წასული, ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორის ყოფილი მოადგილე, დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, ,,ნიკას“ შვიდგზის გამარჯვებული, აწ ბელორუსის პარლამენტის დეპუტატი თენგიზ დუმბაძე!

-გამარჯობა თენგო! მე კი ვიცი, მაგრამ  იქნებ ,,ალიას“ მკითხველს უამბო, 2004 წელს ემიგრაციაში წასვლა, მაინცდამაინც ბელორუსში რატომ გადაწყვიტე?

-მივესალმები ,,ალიას“ მკითხველს და მათთან ერთად სრულიად საქართველოს! ჩემთვის ბელორუსია იგივეა, რაც საქართველო, მინსკი იგივეა, რაც ჩემი საყვარელი ბათუმი! რადგან დედა ბელორუსი მყავს და არდადეგებზე, სწორედ აქ ჩამოვყავდით მშობლებს ბებია ბაბუისა და ნათესავების მოსანახულებლად, სხვა არჩევანი არც გამიკეთებია,  სად  შეიძლებოდა  ოჯახთან ერთად წავსულიყავი… ბელორუსები მშრომელი, მშვიდობისმოყვარე, ძალიან რბილი, მოსიყვარულე ხალხია და ის რაც დღეს ხდება აქ, მართალი გითხრა ძალიან მაშფოთებს, მეტიც მეშინია რომ ეს ხვავით გავსებული, მშვიდი  ქვეყანა, გარედან თავსმოხვეულმა იდეოლოგიამ, ცრუ დემოკრატიამ და სისხლმა არ წალეკოს….მე გახლავართ მინსკის ერთ-ერთი დიდი ინდუსტრიული რაიონის, „პარტიზანსკი რაიონ“-ის დეპუტატი და მარტო ერთ ქარხანაში, რომელიც სასოფლო ტექნიკას აწარმოებს 16 000 ადამიანია დასაქმებული!   ზოგადად ბელორუსი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა, მხოლოდ 3%-ია და არა იმიტომ, რომ სამსახურის შოვნაა პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ამ კატეგორიას მუშაობა არ უნდათ, არ შიათ, არ სწყურიათ, სახელმწიფო მათი უმუშევრობის კომპენსაციასაც  იხდის და რატომ იმუშაონ? იმავდროულად ასეთ ადამიანებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებითაც უზრუნველჰყოფს და თუკი დასჭირდათ, მათი ოპერაციებიც, ისევე როგორც დასაქმებული ადამიანებისა, სახელმწიფოსგან ფინანსდება ანუ,  ბელორუსში ჯანდაცვა უფასოა! საერთოდ, ბელორუსი  ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებისგან ბევრი რამით განსხვავდება და სწორედ ეს განხვავებულობაა  მიზეზთა მიზეზი ამ ქვეყნის ხელში ჩასაგდებად!
ვინ არის  ლუკაშენკოს კონკურენტი სვეტლანა ტიხონოვსკაია, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და  საარჩევნო ხმების  10% მიიღოო? თუმცა, მისი მომხრეები ამბობენ, ხმები გაყალბდაო, მაგრამ ხომ ფაქტია ისიც, 30%-ც რომ აეღო, დღეს მაინც ეს ვითარება იქნებოდა და ბელორუსი პოლიტიკურ რყევებს ვერ ასცდებოდა?

სვეტლანა ტიხონოვსკაია გახლავთ დიასახლისი, ცნობილი ბლოგერის მეუღლე და მეტი არაფერი! მას არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან, გარდა  მისი მეუღლის პოლიტიკური შინაარსის ბლოგებისა! მისი მეუღლე ადრეც შემჩნეული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ურთიერთობით, თუმცა ამის გულისთვის იგი არავის შეუწუხებია, არ გაუძევებიათ ბელორუსიდან და ა.შ. მას მჭიდრო კავშირები აქვს როგორც პოლონეთში ,,მოღვაწე“ ორგანიზაცია „ნექსთან“, ასევე ლიტვის და ჩეხოსლოვაკიის არასამთავრობო, კარგად დაფინანსებულ ორგანიზაციებთან და თავისი ბლოგებითა თუ ფინანსების წყალობით, ბევრი ახალგაზრდა და  ლუკაშენკოზე  სხვადასხვა დროს განაწყენებული ადამიანების ჯგუფები აიყოლია! სხვათაშორის, ბევრი ელოდა, რომ სწორედ ეს ბლოგერი დააყენებდა თავის კანდიდატურას, მაგრამ მის ოფიციალურ  ბიოგრაფიაში არსებული არცთუ სახარბიელო ფაქტების გამო, გადაწყვიტა თავისი მეუღლე შეეთავაზებინა მომხრეებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონ სვეტლანას იმაზე მეტი ხმა, რაც ოფიციალურად გამოცხადდა პლიუს-მინუს 1-2 % არც აუღია!

-თენგო, დამეთანხმე, რომ 26 წელი ხელისუფლებაში ყოფნა, მართლაც ნამეტანია, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკომ ქვეყანა ააშენა, მძლავრ რელსებზე შეაყენა და არ გაუცამტვერებია ის, რაც წლობით არსებობდა, რაც ქმნიდა დოვლათს და ადამიანებს ნორმალური არსებობის საშუალებას აძლევდა….

-გეთანხმები, მაგრამ ევროპარლამენტი რომელიც დღეს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს, რატომღაც არ აპროტესტებს იგივე ანგელა მერკელის 20 წლიან მმართველობას!!! გერმანიაში არ აგზავნის გადამტრიალებელთა ჯგუფებს და მათ დაფინანსებასაც არ ახდენს – რატომ?! საქმე იმაშია, რომ აქ პიროვნულად ლუკაშენკოს „კარტოფელნი დიქტატურას“ კი არა, ზოგადად ე. წ. ლიბერალური კანონების დაკანონებას ვერ მიაღწიეს  და ახლა ლიტვიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან აპირებენ ამის მიღწევას! ლუკაშენკოს ვერ აპატიეს ის, რომ დღეს ბელორუსს მათი  ვალი არ აქვს! არ აპატიეს ის, რომ 3 971 საწარმო და ფაბრიკა  სრული დატვირთვით მუშაობს! არ აპატიეს ის, რომ მხოლოდ კვების მრეწველობის 1600 საწარმოდან გაგზავნილი პროდუქცია იყიდება არამხოლოდ  ევროკავშირის ქვეყნებში,  ასევე დიდია მოთხოვნაც  ჩინეთში, რუსეთში, საქართველოში და ზოგადად კავკასიის რესპუბლიკებში! არ აპატიეს ის, რომ მძიმე ინდუსტრიის 300 საწარმო გამართულად და საათივით მუშაობს! აგრო სექტორის 1200 ობიექტი კი მთლიანად ექსპორტზეა გადასული და აბა, მითხარი, რატომ შეიძლება მოსწონდეთ  ის ლიდერი, რომელიც ამ ყველაფრის შემნახავია? ბელორუსს არ აქვს გარე ვალი და სწორედ ამიტომაა ქვეყანაში ხვავი ბარაქა, აქ არავის არ შია, არ სწყურია, არ არის უსახლკარო და მეტიც, უამრავი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებმა თავი ადამიანებად იგრძნონ და არა მათხოვრებად! მაგალითისთვის მოგიყვანთ დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს  დამოკიდებულებას…. ახლად დაქორწინებულ წყვილს, სახელმწიფო 1%-იან სესხს აძლევს, რათა იმ ბინის ღირებულება გამოისყიდონ, რომელიც გადასცეს! ყოველი ახალშობილის დაბადება ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო 3-ზე მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში, მათ  ჩუქნიან  შესაბამის ფართს, სულადობის მიხედვით, პლუს ფინანსური მხარდაჭერაც! ჩვენთან საშუალო ხელფასი 500 დოლარის ექვივალენტია, პენსიონერები კატეგორიის მიხედვით იღებენ პენსიას და მინიმალური 300 დოლარის ექვივალენტია! მუშაობს ყველა და არ არსებობს ოჯახი, სადაც თუნდაც 2 ადამიანია უმუშევარი! ყველა ფეხის ნაბიჯზეა გამოკრული განცხადებები – გვესაჭიროება სპეციალისტი! ანუ, ეს არის თვითკმარი ქვეყანა, სადაც საშუალო კლასი არსებობს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით და  ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ ჩემ საქართველოშიც ასე ყოფილიყო-თქო…

-ბოლოს 3 წლის წინ ვიყავი მინსკში და მართალი გითხრა, ფეხშიშველიც რომ მევლო, არც არაფერი დაშავდებოდა  ისეთი გაკრიალებული იყო მანდაურობა… არ ვაჭარბებ და ბევრი დამეთანხმება, აღფრთოვანებული დავრჩი მომღიმარე ბელორუსებით, რომლებიც ქართველებივით არიან სტუმრის დანახვაზე, შევიარე საკოლმეურნეო ბაზარშიც, სადაც ყველაზე კარგად სჩანს ქვეყნის ეკონომიკური მაჯისცემა და ფასებმა, მართალი გითხრა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი ადამიანური იყო…

-კიი, აქ თავის მოწეულ ჭირნახულს ჰყიდიან და იმიტომაც  არის ასეთი ფასები… მეტსაც გეტყვი, არამხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციაა იაფი, არამედ სრულიად ხელმისაწვდომი ფასებია აქ წარმოებულ სხვა პროდუქციაზეც, მაგალითად მაცივრებზე, გაზქურებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და ა. შ. რომელიც უცხოეთშიც გადის ექსპორტზე იმიტომ, რომ სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მოდერნიზებული ის საწარმოები, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას აწარმოებენ! ბელორუსების უმრავლესობა კარგად ხედავს რა ხდება  მის საზღვართან მიბმულ  უკრაინაში, რომელიც ასევე მდიდარი ქვეყანა იყო და რომელიც სრულიად გაპარტახდა პოლიტიკური რყევების გამო! უკრაინამ დაკარგა ტერიტორიებიც და ადამიანების უმრავლესობა დღეს გადახვეწილია სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ოჯახები არჩინონ! ბელორუსსაც ემუქრება ეს საშიშროება და გარდა ქუჩაში გამოსული პროტესტანტებისა, არსებობენ  ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ ამ საშიშროების რეალობა!

-სად იმყოფება ლუკაშენკოს კონკურენტი სვეტლანა ტიხონოვსკაია, რომელიც ვიდეო მიმართვებს ავრცელებს და მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს აშკარა რევანშისთვის?

-ის ამჟამად ლიტვაშია და მას  ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე მასპინძლობს…. ამით ყველაფერია ნათქვამი და აქაც იკვეთება ის, რომ ლიტვას თავისი ინტერესები აქვს ბელორუსში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ პოლონეთს, ჩეხეთს და ლიტვა-ლატვიას! დღეს ბელორუსის მესაზღვრეებს სიაც კი აქვთ იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ქვეყნებიდან სიტუაციის ასარევად შემოვიდნენ, როგორც საერთაშორისო ტრანსპორტით, ისე საკუთარი ავტომობილებით! ეს ადამიანები უწევენ ორგანიზებას როგორც გარედან, ისე შიგნით, ბელორუსში არსებულ ჯგუფებს. ქაოსს და  არეულობას ადგილობრივ ახალგაზრდათა ნაწილის მეშვეობით! მე სულ ქართული ,,კმარა“ მახსენდება, რომელიც აგრეთვე ჩეხეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ანალოგად მოევლინა საქართველოს და ვეუბნები კიდეც აქაურებს – ჩემმა სამშობლომ ეს გზა 2003 წელს გაიარა და  ქვეყნის სათავეში ის ახალგაზრდა მმართველები  მოიყვანა, რომლებიც დღემდე მოუშორებელ ჭირად ექცათ ქართველებს-თქო…. როგორც უკვე გითხარით, ბელორუსში  ის ძალებია ქუჩაში გამოსული, რომლებსაც გარედან აფინანსებენ, ცნობილია ე. წ. ,,სტავკებიც“ და დაფიქსირებულია ფულის გადაცემის დოკუმენტური მასალაც.. მაგალითად  რიგით აქტივისტებს 15 დოლარის ექვივალენტი აქვთ დღიურად, ხოლო მათ კოორდინატორებს 300, მათ უფრო ზემდგომებს კი უცხოეთში გაცილებით მეტი!
სხვათაშორის ლუკაშენკოს კონკურენტმა ქალბატონმა, ამ დაძაბულ ვითარებაში ქვეყნიდან გაქცევა ამჯობინა, მაგრამ ვინ უზრუნველჰყო მისი ლიტვამდე ჩაყვანა, ხომ გაინტერესებთ? ვინ და ბელორუსიის სპეცსამსახურის დანაყოფმა, რომელიც მხოლოდ ლუკაშენკოს ექვემდებარება და რომლის შემადგენლობაც 120  კბილებამდე შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმელითაა წარმოდგენილი….

-უიი, რას მეუბნები მართლააა? სხვათაშორის არც ის მეჩვენება უცნაური, რომ ქალბატონი კანდიდატი მაინცდამაინც  ლიტვის ყოფილი პრეზიდენტს და წარსულში ლიტვის კომპარტიის თავჯდომარე დალია გრიბაუსკაიტეს მიადგა პოლიტიკური თავშესაფარისთვის, ბლოგერ მეუღლესა და შვილებთან ერთად… ვფიქრობ ეს ,,უმნიშვნელო“ აქცენტი ბევრ რამეზე მეტყველებს და ქალბატონი დალიას შერჩევაც ძალიან საგულისხმოა ოპოზიციონერი ქალბატონის მხრიდან…

-დასკვნები მკითხველმა გააკეთოს…. მე თავში გითხარით, რომ ბელორუსში სიტუაციის არევა ბევრი ქვეყნის ინტერესებში შედისთქო, მათ შორის რუსული ოლიგარქიული ანკლავისაც და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ლუკაშენკომ მინსკში განთავსებული მათი ,,ბელგაზპრომბანკი“ დახურა, აუკრძალა მუშაობა და სათოფეზე არ იკარებს მათ, მრავალ მიზეზთა გამო! 

დღეს, ეს ოლიგარქები, სხვადასხვა ქვეყნებში გადაქაჩული ფულით, ყიდულობენ  მოსახლეობის ნაწილს, გამოჰყავთ ქუჩაში ფულზე დახარბებული ახალგაზრდები, მათი ე. წ. ლიდერები და დასავლეთის ბელორუსთან მოსაზღვრე ქვეყნებთან ერთად  ცდილობენ  მღვრიე წყალში  დიდი ღლავების დაჭერას! ღმერთმა ნუ ქნას და თუკი მათი გეგმები განხორციელდა – ბელორუსში დიდი პრივატიზაცია დაიწყება, გაიყიდება ყველაფერი, უმუშევრობა მიაღწევს არნახულ მასშტაბებს, იქნება შიმშილი, მუდმივი დესტაბილიზაცია  და ამით მხოლოდ გაუმაძღარი ე.წ. ,,ინვესტორები“ იხეირებენ! მე გითხარით, რომ მინსკის ერთ-ერთი დიდი რაიონის დეპუტატი ვარ, სადაც მხოლოდ ერთ უბანში 100 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული, სადაც წარმოებული ცნობილი „მაზ“ და „ზილ“ იწარმოება და რომელიც ექსპორტზეც დიდი წარმატებით გადის! თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები აქ დასაქმებულ ადამიანებს და მერწმუნეთ, ისინი ბოლომდე აცნობიერებენ საკუთარ პერსპექტივას თუკი მავანთა ხაფანგში ჩადგეს ფეხი! დალია გრიბაუსკაიტემ ლიტვას რა გაუკეთა, ჰკითხეთ ცნობილ კალათბურთელს, მილიონერ საბონისს და ის გეტყვით… მე ვუზრუნვეჰყოფ თქვენს შეხვედრას და ჩაწერეთ ინტერვიუ, რაც აშენდა, ვინ ააშენა და სახელმწიფომ რაში მიიღო მონაწილეობა? მთელი ლიტვა-ლატვია ემიგრაციაშია, რომ ოჯახები არჩინონ და ამ ქვეყნებში ზუსტად იგივენაირი სიდუხჭირეა, როგორც უკრაინაში და საქართველოში! უმუშევრობა პიკზეა, ხოლო ფასები ევროპული….შეხვდით ლიტველებს, ლატვიელებს და ჩემზე კარგად ისინი მოგიყვებიან, რა ხდება მათ ქვეყნებში რეალურად…
ლუკაშენკო ბევრისთვის „ნეუდობნი“ მმართველია. ეკონომიკური წარმატებისთვის  მან  შვედური მოდელი აირჩია… არ ჩაკეტა ქვეყანა, ყველაფერი მუშაობს, მედიცინა მაღალ დონეზეა, ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები, რომელიც საქართველოში ძალიან ძვირია, აქ კაპიკები ღირს, ტარდება უნიკალური  ოპერაციები და სხვათაშორის, ჰკითხეთ საქართველოს ჯანდაცვას რამდენი ქართველი ექიმი გადის ბელორუსიაში ორდინატურას? ჩემი ინფორმაციით, ასეთი უკვე 2000 ექიმია 2 წლის განმავლობაში! ბელორუსში გამართულად მუშაობს პროფკავშირი, მათ წევრებს საშუალება აქვთ ფასდაკლებით დაისვენონ კურორტებზე, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც მათი დებულებითაა გაწერილი! ასევ მოქმედებს ბავშვთა დასასვენებელი ბანაკები, რასაც საბჭოთა გადმონაშთს ეძახიან ქვეყნის გარეთ, მაგრამ აბა ჰკითხეთ მათ მშობლებს, რომლებიც სიამოვნებით უშვებენ თავიანთ შვილებს ასეთ ადგილებში, სადაც ბუნებრივი საკვებით, საუცხოო გარემოში, გაპრიალებულ გალამაზებულ მიდამოში უწევთ ზაფხულის გატარებაა? მასხარად რომ იგდებენ ბელორუსს, „კოლხოზები“ ისევ მოქმედებსო, რომ ჩამოხვალ, განახებ ის „კოლხოზები“ რა დონისაა, როგორი მოდერნიზებულია თანამედროვე სტანდარტებით და მოგიყვებიან რამდენ ქვეყანაში იგზავნება იქ მოწეული პროდუქცია! სასაქონლო ფერმებიც იგივე სტანდარტით გადაიარაღდა და დღეს ბელორუსში გაზრდილი საქონლის  ხორცის  ხარისხიც  იკითხეთ როგორია და რა მოთხოვნილებაა მასზე, რომ აღარაფერი ვთქვა რძის ნაწარმზე რომელზეც ევროკავშირის ქვეყნებიდან  შემოსულ შეკვეთებს ვერ აუდის ისეთი მოთხოვნაა მათზე!

-მითხარი მსხვერპლის  და დაპატიმრებულების შესახებ…

-დაპატიმრებულებს რაც შეეხებათ, ეს ის ადამიანები არიან ვინც მილიციას  ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, ვინც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა, როგორც მილიციის კორდონებისკენ ასევე ქალაქში! ახლა ყველას ათავისუფლებენ და მხოლოდ ერთ დღეს ასეთი 2000 ადამიანი გაათავისუფლეს, მაგრამ პატიმრობაში რჩებიან ისინი, ვისაც კანონთან სერიოზული პრობლემები აქვს ახლაც და წარსულში! მაგალითად ერთ-ერთი გარდაცვლილი, რომელსაც ხელში აუფეთქდა მოლოტოვის კოქტეილი, წარსულში 6-ჯერმძიმე მუხლებით ნასამართლევი პირი გახლდათ… მეორე გარდაცვლილის ბიოგრაფიაც ვერ არის მთლად სახარბიელო და ის მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ემსხვერპლა! 

-შენ ბელორუსიის სახელწიფო ტელევიზიის დირექტორის მოადგილე იყავი, მაგრამ ამის მიუხედავად არ მიგიტოვებია შენი ჰობი – დოკუმენტური ფილმების გადაღება, ხომ ასეა?

-აბა, რააა? ბელორუსის ცენტრალური არხით გადაიცემოდა ის ფილმები, რომლებიც მე მთელ მსოფლიოში გადავიღე და მათ შორის რამდენიმე საქართველოში – აჭარაზე, კახეთზე, თბილისზე… შეიძლება საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი, აქ ბელორუსიის ქალაქ ვიტებსკის მახლობლად სოფელ ბესენკოვეჩის საძმო საფლავში განისვენებს! 2018 წელს ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს, გამომიჩნდა თავისუფალი დრო და სასწრაფოდ გავემგზავრე თიანეთში, მირზა გელოვანის სოფელში, საიდანაც ქართული მიწა წამოვიღე! თიანეთი და ვიტებსკი დამეგობრებული ქალაქები არიან და როცა მირზას ხსოვნას მიაგეს პატივი ფაშიზმის დამარცხების 75-ე წლისთავზე, მაშინ მოვაყარე  თიანური მიწა მის საფლავს და საქართველოში ბელორუსიის ელჩის ცოლმა მისი ლექსი ქართულად წაიკითხა! სხვათაშორის რამდენადაც ვიცი, მანდაც გაშუქდა ეს ამბავი… ჩემი ფილმი ,,ონი ოსვაბაჟდალი ბელორუსს“ სწორედ მაგ დღეს გავიდა ეთერში და იქ მირზა გელოვანის  ღვაწლს საკმაოდ დიდი დრო დაეთმო…. ნუ, კახეთში გადაღებული ჩემი დოკუმენტური ფილმი, დიდი მოწონების საგანი გახდა, ჩემი მეგზური ცნობილი მსახიობი ვანო იანტბელიძე გახლდათ და ,,ჯარისკაცის მამის“ მონუმენტის მასშტაბებმა, იდეოლოგიურმა  დატვირთვამ, მუსიკამ და ა. შ. დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში… 

-მოკრძალებით კი მესაუბრები შენს ფილმებზე, მაგრამ მკითხველს ვეტყვი, რომ 7-ჯერ გადი „ნიკას“ გამარჯვებული და მეც ბევრჯერ დავღვარე ცრემლი, მათი ცქერისას! მადლობა შენ ასეთი გულიანი ქართველი რომ ხარ….

-მადლობა შენ, ჩემო ირინა და დიდი მადლობა ,,ალიას“, რომ დაინტერესდით რა ხდება ბელორუსში! ბელორუსია და საქართველო ბევრი მტრის ჯინაზე, კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას, ჩვენ ერთმანეთთან არ გვაქვს სავიზო რეჟიმი, ბელორუსს არ უღიარებია ე.წ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა! ალექსანდრე ლუკაშენკო უდიდესი მოწიწებითაა განმსჭვალული საქართველოს პატრიარქის მიმართ და სხვათაშორის, მასთან შეხვედრის დროს ერთგვარი ფიციც კი დადო სიტყვებით ,,კაკ ვი სკაჟეტე ი ჟელაეტე, ტაკ ი ბუდეტ“-ო! ვიზიტის დროს უამრავი ხელშეკრულება გაფორმდა ჩვენ ორ ქვეყანას შორის და ღმერთმა ინებოს, დასცალდეს ბელორუსს და მის ხელმძღვანელს  საქართველოს დახმარება მრავალი მიმართულებით!!! მშვიდობას გისურვებთ თქვენც და ბელორუსსაც, დიდი მადლობა!

ირინე გოგოსაშვილი, ალია №29

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    მართალს ბრძანებს ბატონი თენგიზი 22 წელია მინსკში ვცხოვრობ ოჯახით. ძალიან მეშინია ამ არეულობის და არ მინდა საქართველოს უკრაინის მაგალითი განმეორდეს

  2. მარტივი ლოგიკა

    ესეც ბლეფიააააა, ე.წ. ბლოგერებო, ექსპერტებო…დაიმახსოვრეთ!, პოლონეთმა თუ ვერ ჩაიგდო ხელში ბელორუსია და განსაკუთრებით მისი ეკონომიკა, პოლენეთს დაშლა ემუქრება 4-6 წელიწადში. ისეთი ცუდი ეკომიური მდგომარეობა და “პერსპექტივებია” პოლონეთში რომ, ამის შესახებ ბევრი უცხოელი ექსპერტი საუბრობს. დევიდა ეხლააააააა

  3. კოტე

    100% იანს ბრძანებს ბატონი თენგიზი. ბელორუსში არის “იდეალური” სიტუაცია და ისევე როგორც 2004 წლამდე იყო აჭარაში და საქართველოში ზოგადად. ასლან აბაშიძის დროს ცუდი იყო? მერე რა რომ ფული კეთდებოდა, კორუფცია, რუსეთის ჯაშუშობა, ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გადაქცევის სურვილი, რაც კარგი იყო კარგი იყო ნამდვილად (ცოტა იყო და გათავდა უბრალოდ). ახლა კიდევ ეს “დესტრუქციული” დასავლეთი თავისი დემოკრატიით და ლიბერალიზმით უტევს ბელორუსს და იპოვა დასაყრდენი მოსახლეობის 99%-ში, წარმოგიდგენიათ, ყველა ერთის (ერთეულების) წინააღმდეგ. “გაიყიდა” მთელი ერი რომელსაც უნდა დემოკრატია, თავისუფლება, ევროპაში ინტეგრაცია. არადა რა კაცი ყავთ სათავეში, კაცური კაცი ან ავტომატით ხელში რა ბიჭია, ასლანიც ეგრე არ იყო ტყვიას ტყვიაში აჯენდა. ეჰჰ რა ქვეყანას “ანგრევთ” თქვე ყურუმსაღებო. მორჩა კინო!

  4. კოტე

    მონობაში დაბადებული თავისუფალი ვერასოდეს გახდება!!! მოსემ 40 წელი უდაბნოში ატარა ებრაელები, რათა აღთქმულ მიწაზე ახალი თაობა მისულიყო. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ, მონობაში დაბადებულები ვერ ვნახავთ ჭეშმარიტად თავისუფალ საქართველოს. მეორეს მხრივ ჩვენი შვილები ნახავენ და ეს ფრიად სასიხარულო ფაქტია. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და თავისუფალ ბელორუსს. გაუმარჯოს ახალ თაობას, რომელიც გაცილებით უფრო პროგრესულია, ინფორმირებულია და ასე შემდეგ!!! ძირს “ნისუნები”, ქურდები, ფლიდები, დამსმენები და მონები!!!

  5. ნანა

    ჩვენც დავბოდიალობთ უკვე 30 წელია,მაგრამ რა…

  6. ანონიმური

    ქართველებმა ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი არეულობას იმ ქვეყნებში, რომელსაც რუსი აკონტროლებს . შემდეგი ყაზახეთი იქნება.

  7. იმედა

    დავიწყოთ იქედან რომ ჯანდაცვა უფასოა მაგრამ ალბათ უფროს თაობას გვახსოვს კომუნისტების დროინდელი ჯანდაცვა ძველი საავადმყოფოებით დანგრეული და გამოხრული პალატებით სადაც კორუფცია მეფობდა,როგორც კი მინსკს გავცდებით იგივე მდგომარეობაა შიგ მინსკშიც კი მეორე რაც შეეხება ექსპორტს ბელორუსული საქონელი ტექნიკა თუ სხვა საექსპორტო მასალები გათვლილია ძირითადად მესამე ხარისხოვანი ქვეყნებისათვის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის გარდა იმათისა რომლებიც ევრო კავშირში არ არიან,მესამე ბატკას რომ მერკელს ადარებ შე ოჯახაშენებულო მერკელი დემოკრატიულად არჩეულია თუნდაც ასჯერ და მის არჩევას ასეთი მაშტაბის მიტინგები და უკმაყოფილება არ მოყოლია ან არჩევნები როგორ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად როცა არცერთი უცხოელი დამკვირვებელი იქ არ ყოფილა გარდა რუსებისა და აზიის თუ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისა,და რაც მთავარია ბატონ თენგიზს ვეტყოდი ალბათ დაავიწყდა ის პერიოდი როცა ასლანი მეფობდა აჭარაში და მონოპოლიზირებული ქონდა ყველა სფერო არც არავის უწევდა ანგარიშს და ხალხიც ეკიდა ბატონი თენგიზი კი მისი ჟურნალისტი და გამპრავებელი იყო იმ პერიოდში თუნდაც როგორც ყოფილი ჟურნალისტი რატო არ უცხადებს სოლიდარობას დღეს იქ მყოფ მედიიის წარმომადგენლებს გარდა ლუკაშას მხარდამჭერი და რუსეთიდან მოვლენილი პუტინის ჟურნალისტებისა??? დეპუტატობა ვიცი რო კარგია მაგრამ ხალხის გვერდში დგომა და მათი დაფასებაა საჭირო იმიტო რომ სტატუსი დროებითია პოლიტიკურ ცხოვრებაში ხოლო ხალხის ნდობის მოპოვება ძნელი და მარადიულია ასე რომ მოდი თენგიზ ცოტა სხვა ვარად იაზროვნე რაც შეეხება ტიხანოვსკაიას ის ლიეტუაში იმიტოა რომ დაემუქრეს შვილებისა და მეუღლის ფიზიკური განდაგურებით და დაწერილი ფურცელი წააკითხინეს იძულებით ოჯახი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია ხო და დავამატებდი რაც შეეხება პენსიებს ის ალბათ კარგად იცის ბატონმა თენგიზმა თუ რა ოდენობის საგარეო ვალი გააჩნია ბელორუსს და რის და ვის ხარჯზე ღებულობენ იქაური პენსიონერები ამ პენსიას და ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დავამატებდი რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს ისინი ბატკამ იმიტო არ და ვერ აღიარა რომ გავიმეორებ მისივე სიტყვებს ხავიერ სოლანამ გააფრთხილა სვიფთიდან გაგთიშავთო და სანქციებს დაგიწესებო პუტინმაც ზურგი აქცია ბატკას ეკონომიკურად მე ვერ გარჩენთო და სხვა რა გზა ქონდა ბატკას უარი თქვა აღიარებაზე ესააა სიმართლე და არა ის რაღაც ზღაპრებს რო უყვებით ქართველ ხალხს რომლებმაც კარგად იციან თუ როგორი დიქტატორია ბატკა და შენ მისი გამპრავებელი დეპუტატი რომელსაც სკამის დაკარგვის ეშინია როგორც აქ საქართველოში ოდესღაც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.