“ექიმების ნახევარი, რეალურად გამოკეტილია, ან იზოლაციაში, ან კარანტინშია – ძალიან დიდია მედპერსონალის დაინფიცირების რიცხვი!”

„ალიას“ ესაუბრება, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი-რეამინატოლოგი, ვახტანგ კალოიანი.

– ბოლო დროს ექიმების აზრი სამად გაიყო, ზოგი ამბობს, რომ ეს ეპიდემიის მეორე ტალღაა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდე პირველი ტალღააო და არიან ისეთებიც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჯერ არც პირველი ტალღა დაწყებულა და მით უმეტეს, არც მეორეო.

– ტალღებზე, ტეხილებზე და მრუდეეზე საუბარი ტერმინებით მანიპულირებაა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მატება და ამას სჭირდება მზად ყოფნა, პირველი ტალღაა, თუ მეორე ტალღის პირველი ნახევარი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ეს შეიძლება იყოს აკადემიური დავის საკითხი.

– ადამიანთა უმრავლესობა და ექიმთა ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა იმიტომ, რომ იმატა ჩატარებული ტესტირების რიცხვმა და რომ ეს რაოდენობა იქნებოდა წინა თვეებშიც, ტესტირება რომ ჩაგვეტარებინა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ვარაუდი?

– მაგის საწინააღმდეგოდ მეტყველებს კვლევა, რომელიც ჩაატარა დაავადებათა კონტროლის ნაციონალურმა ცენტრმა სხვადასხვა რეგიონში, თუ არ ვცდები 1800 პაციენტზე, გადატანილი ინფექცია აღმოჩნდა გამოკვლეულთა მხოლოდ ერთ პროცენტში. ეს მნიშვნელოვანი არგუმენტია და მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მასშტაბი დიდი არ იყო, სავსებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გავრცელება მანამდე დიდი არ ყოფილა. რაც შეეხება ახლა ჩატარებულ ტესტებს, აჭარაში ამ გავრცელებისას, წესით დღეში 5-დან 7 ათასამდე ტესტი უნდა გააკეთო, რომ შენ პოპულაცია მოცული გყავდეს. ჩვენ გვქონდა იმდენად დიდი დისტანცირება მარტისა და აპრილის თვეში, რომ კლება რაოდენობის, სრულიად ლოგიკური იყო, ამ სიმძაფრის ჩაკეტვა სულ რამდენიმე ქვეყანას ჰქონდა. ამან  გარკვეული დრო მოგვცა სისტემის მომზადებისთვის, რომელიც არ გაკეთებულა.

– კი, ბატონო, კერ კიდევ თებერვალში ითხოვდა „ალია“, რომ დაწყებულიყო ექიმების გადამზადება, მოწყობილიყო კოვიდკლინიკები, ამდენი თვის მანძილზე, „ინფექციურს“ ნომერ პირველ კლინიკას ეძახიან თავად და ამ კლინიკაში წყალი ჩადის, შენობის პრობლემა ვერ მოუგვარეს.

– სამწუხაროდ, ინფექციური არის ერთი და ძალიან მცირე მაგალითი იმ უთავბოლობის  და უპასუხისმგებლობის, როგორც მოეკიდა ხელისუფლება მომზადებას ახალი ტალღისათვის. ახლა ვიწყებთ ფიქრს მსუბუქი პაცინტების სახლში დატოვებაზე, ახლა ვცდილობთ მძიმე და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებისთვის  საწოლების განთავისუფლებას ჰოსპიტალში… ჯერ კიდევ მაისში გვიმტკიცებდა მინისტრი, რომ პირველადი  ჯანდაცვის, რომელიც ახლა არის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი, გადამზადება დაწყებულია, ხოლო დოკუმენტი, რითიც ეს გადამზადება მაისიდან „დაიწყო“, 22 სექტემბერს დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ – ხომ წარმოგიდგენიათ?…

– აპრილში რომ დამტკიცებული არ იყო, ვიცოდი, მაგრამ, აქამდე თუ არ დაუმტკიცებია, ვერც კი წარმოვიდგენდი…

– კი, მხოლოდ 22 სექტემბერს გამოიცა მინისტრის ბრძანება. არანაირად სერიოზული სისტემური მზადება ამ თვეების განმავლობაში არ ყოფილა. ამას ადასტურებს ბათუმის სიტუაცია, რეალურად, იძულებულნი ვართ, პაციენტები გადავიყვანოთ ქობულეთში, ქუთაისში, ფოთში, თბილისში – მაშინ როცა ბათუმში არის რესურსი სწორი ორგანიზების პირობებში. მინისტრი რომ ჩამოვიდა, ქუჩა-ქუჩა უწევდა საავადმყოფოებში ადგილების ძებნა, არანაირი გეგმა ჰოსპიტლების მობილიზაციის არ არსებობდა – ცუდზე და კარგზე კი არ არის საუბარი, საერთოდ არ არსებობდა. ერთ საავადმყოფოში ერთი სართული აიღეს, მეორეში – მეორე. ერთ-ერთი ყველაზე გამართული კლინიკა იყო „მედალფა“, რომელსაც დაუგროვდა კოვიდთან მუშაობის დიდი გამოცდილება და ჰქონდა კარგი შედეგი, ეს კლინიკა იმ გუნდმა დატოვა და სანამ ექთნები არ გაიფიცნენ, ხელფასიც არ გადაუხადეს. მთავარი ექიმი წამოვიდა, წამყვანი რეანიმატოლოგი წამოვიდა, მიმღების მთავარი ექიმი წამოვიდა – გუნდი, რომელიც გამოცდილი იყო და მუშაობდა, აღარ არის, დაიშალა. ფაქტის წინაშე აღმოჩნდა სამინისტრო, რომ ეს საავადმყოფო ვეღარ  მიიღებდა იმ პაციენტებს, რაც უნდა მიეღო. უზარმაზარი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების, ძალიან მაღალი ციფრია, ბათუმის ექიმების ნახევარი რეალურად გამოკეტილია, ან იზოლაციაში, ან კარანტინში. საბედნიეროდ მძიმე და საშუალოდ მძიმე არც ერთი  არ არის, მაგრამ უამრავი ექიმია დაინფიცირებული. ხელი არ ჰყოფნით, ლაბორატორიული სიმძლავრეები არ ჰყოფნით, ანალიზების პასუხებში სრული „ბალაგანი“ და არეულობაა. მე არ  ვიყავი მაღალი აზრის ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯერულ უნარებზე, მაგრამ ის რაც მოხდა ბათუმში, განსაკუთრებით პირველ კვირებში, ეს იყო ენით აღუწერელი, ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი იყო, ელემენტარული აღრიცხვა ვერ აწარმოეს ანალიზის პასუხების და ვიღაცის დადებითი ვიღაცის უარყოფითად მიდიოდა პასუხში, ისინი სამსახურებში დადიოდნენ, მერე უცებ, უი, უი, შეგვეშალა და ა. შ.

– ერთი ქეციანი ბოდიში კი გვითხრა მაგის გამო ამირან გამყრელიძემ, თითქოს ამდენთვიან უსაქმურობას ბოდიში უშველიდა. მეორეს მხრივ, გამოვიდა, რომ აღიარა.

– ყველამ აღიარა ბოლოს. ამას სისტემური სახე ჰქონდა და ახლაც არ არის ბოლომდე გამოსწორებული. დღეს აი, რესპუბლიკური საავადმყოფო ბათუმის, გადაივსო, რომელია შემდგომი კოვიდრეაგირების კლინიკა, როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე ჩვენ. ახლა უკვე უნდა არსებობდეს კლინიკა, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ  ის ჩაერთვება პროცესში. ამაღამ რომ გადაივსოს რესპუბლიკური, სად მიჰყავს სასწრაფოს პაციენტი?

– იმერეთში მოხდა, წაიყვანა სასწრაფომ სიცხიანი პაციენტი, ატარა, ასეირნა, მერე უთხრა, რომ არც ერთ კლინიკაში ადგილი არ არისო და დააბრუნა უკან სახლში.

– მსუბუქი თუა – კი, დატოვებ სახლში, მაგრამ საშუალო სიმძიმის თუა, ან ასაკოვანი? – სად მივდივართ? მოიკითხეთ, ცხელების ცენტრებში ადგილი არ არის. დავუშვათ გვყავს პაციენტი მუცლის ტკივილით და ცხელებით, არ მიიღებს არც ერთი კლინიკა, სანამ კოვიდის პასუხს არ მიუტანს და კოვიდის პასუხი რომ აიღო, ცხელების ცენტრში უნდა მიხვიდე, ცხელების ცენტრში კიდევ ადგილი არ არის. თან კოვიდის დადგენას ახლა უნდა 4 დღე მინიმუმ.

– 24 საათში ვეღარ ადგენენ?

– სადღა დგინდება ერთ დღეში, ეგ დრო წავიდა, 96 საათი არის ყველაზე კარგი ვარიანტი. დღეს რომ გვეუბნებიან, რომ 300-მდე ახალი შემთხვევაა, რომელი დღის პასუხებია ეს? ეს არის 4 დღის წინანდელი. 4 დღის წინ აღებული ანალიზის პასუხებია ეგ, დაავადებათა კონტროლმა ისევ გააჩერა პასუხების გაცემა, ტესტირების რაოდენობებს ტვირთავდა და აღარ ტვირთავს. სამი დღეა ეგ რაოდენობები მათ საიტზე აღარ არის. ჩვენ ყური მიგვეჩვია ბათუმზე, თორემ თბილისში 44 ახალი შემთხვევა იყო კვირას და კიდევ მოიმატებს.

– რა თქმა უნდა, ბათუმში უამრავი ხალხი იყო წასული, ისინი ხომ დაბრუნდნენ სახლებში? ყველა ხომ არ დაუტესტავთ?

– რა თქმა უნდა, ახლა თბილისში მოიმატებს. ბათუმში კი ტრანსპორტის შეზღუდვა გავრცელების რაღაც კუთხით შეანელებს,

– მატარებელი დადის, როგორც ვიცი.

 – მატარებელი დადის, მაგრამ შიგნით ბათუმში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მარტივად გეტყვით, ადამიანები ვერ მიდიან სამსახურში, პირდაპირი გაგებით, შესაბამისად, ნაკლებად გაავრცელებენ. ეს არის მთელი ლოგიკა. ეს არის მცირე ამოსასუნთქი საშუალება, რომ სისტემა გააწყო, თუ ასე უთვაბოლოდ გააგრძელეს, რა უნდა გააწყონ… იძახეს, რა მაგრები ვართო და პოლიტიკურ თემად გახადეს კორონავირუსი და უცებ  შემოუტრიალდათ, არ ელოდებოდნენ. სულ ვაფრთხილებდით, ტურისტული სეზონის მერე დაიწყება, დაიწყება, ისინი გვპასუხობდნენ, მოვიგეთ, მოვიგეთ. ფეხი ფეხზე ჰქონდათ გადადებული, არაფერს აკეთებდნენ და ერთმანეთს ეძახდნენ რა მაგრები ვართო – ახლა უცებ მოხვდათ ცხვირში და პანიკაში არიან.

– მახსოვს, პრემიერი ყველა გამოსვლას ასრულებდა მოწოდებით, რომ შიდა ტურიზმი კარგია, პრეზიდენტი, პირადად მოგზაურობდა და მოგვიწოდებდა დაგვესვენა საქართველოს კურორტებზე, ახლა გვეუბნებიან, შენ რომ დაგვიჯერე და დაისვენე, შენი ბრალია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაო.

– კარგი იყო შიდა ტურიზმის რეკლამირება, თავისთავად, მაგრამ იქაც რეგულაციები უნდა დაცულიყო. სად გასკდა ბათუმში – „დონაში“, ხო? ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მაღაზიაში. ესენია მაღალი რისკის ჯგუფი, რესტორნები, მაღაზიები სასტუმროები, ტურისტული, გასართობი ცენტრები, ისინი პროფილაქტიკისთვის, როგორც ექიმები ვიტესტებით სავალდებულოდ, 2 კვირაში ერთხელ, მინიმუმ ასე უნდა გატესტილიყვნენ და ამხელა მატება არ გვექნებოდა უცებ. ეგ იყო მათი მთავარი შეცდომა  ზაფხულში, თორემ, შიდა ტურიზმი არ არის ცუდი. ბათუმი ისედაც დამშეულია და ახლა საერთოდ შიმშილისთვისაა განწირული. 20 ათასი თანამშრომელია დარჩენილი უმუშევრად აჭარის ტურისტულ სექტორში, 20 000! გული მოგიკვდებათ ბათუმში რომ გაიაროთ. ამას დამატებული, ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ვერ მიდიან სამსახურში და დარჩნენ ახლა ხელფასის გარეშე? ან ტაქსით უნდა მივიდეს სამსახურში ან პერსონალური მანქანით და რამდენს აქვს ამის საშუალება? ხალხი სამსახურში ვერ დადის ფიზიკურად, არჩევნების წინ მისცემენ მაქსიმუმ 50 ლარს და ჰგონიათ დამთავრდება მაგით. უმუშევრობა კიდევ გაიზრდება, გაკოტრდა რესტორნები, კაფეები, პატარა სასტუმროები.

– თქვენ რომ ყოფილიყავით ჯანდაცვის მინისტრი, ჩაკეტავდით ქვეყანას, თუ გახსნიდით და შემოუშვებდით ტურისტებს?

– არა, არ ჩავკეტავდი არავითარ შემთხვევაში. მოვამზადებდი აეროპორტის, ტურისტის, სასტუმროს, რესტორნის ჯაჭვს, სადაც ყველგან დავაყენებდი ტესტირების საშუალებებს, სკრინინგის საშუალებებს, მკაცრად მოვითხოვდი ნიღბის გამოყენებას. ფრენებსაც გავხსნიდი, არ დაგიმალავთ, ოღონდ მანამდე დროს გამოვიყენებდი ამ სისტემის გასაწყობად. გარდა ამისა, ჯანდაცვაში ჰოსპიტლის საწოლების საკითხს დავალაგებდი, ექიმებს და ექთნებს გადავამზადებდი, პირველადი ჯანდაცვას გავმართავდი და გავაორმაგებდი.

– პირველადი ჯანდაცვა გამართეს და გააორმაგეს კი არა შეამცირეს, უამრავი პოლიკლინიკა გააუქმეს პირველი მაისის ბრძანებულებით.

– კი, არადა პირველად ჯანდაცვაზე უნდა გადავიდეს მთელი წნეხი ახლა. ეს ექიმები და ექთნები გაიხნენ შუაში. საავადმყოფოში ერთ ექთანს ჰყავს 60 პაციენტი, რა უნდა მოსთხოვო იმას? მერე მოადგებიან და უწერენ, არ უვლით და ყურადღებას არ აქცევთო. მოვიდეს, აბა, მინისტრი ტიკარაძე და მოუაროს 60 პაციენტს, ერთი საათით მოუაროს, 24 საათიან მორიგეობას  არ მოვთხოვთ, ერთი საათი გაუძლოს და მერე გავუვლი და ვკითხავ როგორაა, რამე ხომ არ სჭირდება. საწყალი ექიმები და ექთნები ხან სოციალურ ქსელში, ხან მედიაში გამოდებულნი არიან და აკრიტიკებენ, ამ დროს, ძალა არ ჰყოფნით ფიზიკურად. მორიგეობის მერე, მოდით და შეხედეთ ექიმს და ექთანს რას გვანან, რა დღეში არიან,  უბრალოდ სახეზე შეხედეთ.

– გარდა იმისა, რომ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და სხვათა შორის, ამაზეც თვეებია წერს „ალია“, რომ ექიმებს და ექთნებს უნდა ასვენებდნენ, უნდა ხდებოდეს მათი ჩანაცვლება, რატომ არ იყენებენ სხვა ექიმებსაც? გადაამზადონ და გამოიყენონ, რომ არ ჩავარდნენ ასეთ ცუდ დღეში. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ კლინიკების უმეტესობას არა აქვს საჭირო ოდენობის აღჭურვილობა.

– აღჭურვილობა დღეს უკეთესად აქვთ, ვიდრე აპრილში, მაგრამ ხარისხი არ არის ისეთი ამ აღჭურვილობის, რაც საჭიროა. რაც შეეხება ექიმების დახმარებას – დაიხმარონ კი არა, რეანიმატოლოგები არ არიან გამოყენებული ბოლომდე, არ ვიცი, რატომ. რეანიმატოლოგთა 15 პროცენტს იყენებენ მხოლოდ. ჩვენ ჯერჯერობით ექიმების, განსაკუთრებით რეანიმატოლოგების რესურსი გვაქვს. არაფერში გვჭირდება ამ ეტაპზე ქირურგის და გინეკოლოგის დახმარება, არსებობს რესურსი, უბრალოდ გამოყენება უნდა და სწორად გადანაწილება.

– პანდემიის განვითარების თქვენი პროგნოზი როგორი იქნება?

– რაოდენობა კიდევ გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება თბილისშიც, დღეში შეიძლება იყოს 400-500-ის ფარგლებშიც. თუ სწორად გააკეთეს მობილიზება, გადავრჩებით. მსუბუქი პაციენტები სახლში უნდა გვყავდეს, ოღონდ, არა უყურადღებოდ. თუმცა, სანამ სახლში მოვლის სისტემას ააწყობ, შეიძლება გამოიყენო კარანტინი. საჭიროა საწოლების მობილიზება, ოღონდ, რეალური საწოლების, საჭიროა რეალური აღჭურვილობა, რეალური ექიმებით და რეალური ექთნებით და არა ისე, რომ 60 პაციენტზე  ერთი ექთანი მოდიოდეს.

თამო კეშელავა, ალია №35

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    ჰოდა ვინმემ ახსნას,რატომაა ის კეკელა ქალი ჯანდაცვის მინისტრი და არა ექიმი კალოიანი?????გახსენით აეროპორტი,სასტუმრო, მაღაზია,კაფე,ბარი…წინააღმდეგ შემთხვევაში,კოვიდს გადავურჩეთ შეიძლება,შიმშილით კი ნამდვილად დავიხოცებით.კოვიდი ყველას არ კლავს,შიმშილი-კი!!!

    1. ((

      გეთანხმებით .

  2. ანონიმური

    გამოკეტილი კი არაა, თავს არიდებენ. არ უნდათ ამ ფსიქოპანდემიაში მონაწილება

  3. კოვიდ ისტერია კლავს! ვირუსი არა!

    ვინ აგებს პასუხს ამ ისტერიის გამო.ფსიქოლიგიურად, უიმედობით რომ გვკლავთ, რომელი აგებთ პასუხს?! მე თუ ვირუსს ვირჩევ მივიღო, გადავიტან თუ არა ჩემი საქმეა და მერე თავისუფლად გავაგრძელო ცხოვრება, რატომ არ მაქვს ამის უფლება? რა პაატა იმნაძის საქმია ჩემი ჯანმრთველობის დარაჯობა? პაატას უკეთ ცოდნია, რომ გადამარჩინოს ვირუსისგან და მომკლას შიმშილით! სადამდე მიდის თქვენი ფანტაზია??

  4. Situs dominoqq terbaik

    Heya i’m for the first time here. I came across this
    board and I find It truly useful & it helped me out a lot.
    I hope to give something back and help others like you helped me.

  5. Nike Air Max

    I really like what you guys tend to be up too. This kind of clever work and coverage!
    Keep up the very good works guys I’ve included you guys
    to my blogroll.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.