“ეს შეიძლება თვეები გაგრძელდეს” – რა კვალს ტოვებს კოვიდ19 ორგანიზმში?

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა:

„არის ვარაუდი, რომ განკურნების შემდეგ, კორონავირუსი ორგანიზმში გრძელვადიან უკუშედეგებს ტოვებს. ახლახანს გაჟღერდა ტერმინი „ლონგ კოვიდი“, ანუ გახანგრძლივებული კოვიდი, როდესაც ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, გაეწერება, ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ სიმპტომები უგრძელდება. განსაკუთრებით – ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სახსრების, კუნთების ტკივილი, დიარეა. ეს, შეიძლება, გაგრძელდეს დღეები, კვირები, თვეები. ამას ჰქვია გახანგრძლივებული კოვიდი. საბედნიეროდ, ჩვენთან, საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არის ან იმდენად ცოტაა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთან.

არის მეორე ვარიანტიც: როცა ჩივილები აღარ აქვს, მაგრამ საკონტროლო გამოკვლევაზე თუ მოვიდა 3 თვის, 6 თვის, ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ჩანს გარკვეული ცვლილებები ფილტვებში. მაგალითად, ფიბროზული ცვლილებები რჩება ან იყოს დარჩენილი გულის კუნთის დაზიანება, ან – თავის ტვინში. ცალკეული კვლევებით ამბობენ, რომ ეს ასე ხდება და კოვიდი, ხშირ შემთხვევაში, მთლად უკვალოდ არ გადის და რაღაც კვალს ტოვებს. ეს ასეა თუ არა, ჯერ არავინ იცის, რადგან ასეთი კვლევები ძალიან ცოტა იყო. ამიტომ არ ღირს ამ საკითხზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს გარკვეული შეშფოთება. ჯერჯერობით, მაინც ითვლება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი ჯანმრთელია“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.