“ეს პირდაპირ, პირველ რიგში აწყობს ბატონ ბიძინას!“ – რა დაუმალეს ივანიშვილს კობახიძემ და სამხარაძემ?

უკვე რამდენიმე წელია, საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, ითხოვს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნას ადგილობრივ თვითმმართველობებში, რამდენიმე თვის წინ, მან „ალიასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ამ თემაზე სურს ივანიშვილთან შეხვედრა და საუბარი. პროექტის თანახმად, მრჩეველთა საბჭოში იქნება ყველა სოფლის წარმომადგენელი, ვისაც სოფელი დაასახელებს და მათ ექნებათ როგორც აზრის გამოთქმის საშუალება, ასევე ეცოდინებათ, რა პროექტები იქნა განხილული, რომელი პროექტი იქნა შერჩეული და ექნებათ საშუალება, თავიანთი სოფლის სახელით, რჩევა მისცენ მუნიციპალიტეტებს. როგორც ცნობილი გახდა, ერეკლე კუხიანიძეს, ერთხელ უკვე ჰქონია საუბარი მრჩეველთა საბჭოს შესახებ ივანიშვილთან და მეტიც, ივანიშვილმა დეპუტატს, პარტიის რეგიონალურ მდივანს, დიტო სამხარაძეს დაავალა, გადაეცა მისთვის პროექტი. რა მოხდა შემდეგ და საერთოდ, რა ხდება სახელისუფლებო კულუარებში, როგორ იმართება ქვეყანა და რითი ჰგავს „ქართული ოცნება“ „ცისფერი მთების“ სიუჟეტს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

-როგორც ვიცი, ამ პროექტს „ქართულ ოცნებაში“ ჰყავს მოწინააღმდეგეები.

-ეს პროექტი გარანტირებულად მისცემს პარტიას უპირატესობას და ეს ვერ გაიგეს, დავკარგავთ ძალაუფლებასო, მეუბნებიან, რატომ დაკარგავ, კაცო, ადამიანს გვერდზე დაიყენებ, ჰკითხავ რა გააკეთო, როგორ გააკეთო, თავისი ქვეყნის მმართველად იგრძნობს ისიც თავს, ეს არის ჩემი ოცნება.

-მაგალითად, საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი რომ მოხვდეს მრჩეველთა საბჭოში, მასთან ერთადაც იმუშავებდით?

-ვისთანაც გინდათ ვიმუშავებდი. სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილმა იცით რა მითხრა? როცა საკრებულოში მოვედი, ხაბეიშვილი წავიდა ინსპექციით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და ვიღაცა ქალი იყო, ვისაც სურდა რაღაცა ხე-ტყე. ეს ქალბატონი იყო, ნაცების დროს გამოქცეული ომის ტერიტორიიდან, რომელსაც ნაცებმა არ მისცეს მიწა, შეაგდეს ნესტიან სახლში, ახლა ყველაფერს უკეთებენ და მაინც ნაცების მომხრეა, გავგიჟდი. ლევანს რომ შევხვდი, შენი ბედი, რომ იქ არ იყავი, თორემ ტყავს გაგაძრობდი, რომ ჩამოხვედითქო – დაიწყო სიცილი, ბატონო ერეკლე, ვიცი, ვიცი, იქ როგორ პატივს გცემენო.

-ვიცი, რომ რამდენიმე მცდელობა გქონდათ, პროექტი ივანიშვილისთვის გადაგეცათ. ასეა?

-პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, იყო შეხვედრა პარტიაში, სადაც იყო ბატონი ბიძინა, პრემიერი ბახტაძე, კახი კალაძე, დიტო სამხარაძე იყო რეგიონების სამსახურის უფროსი და სხვები. მაშინ დავიწყე ამ თემაზე საუბარი, შევახსენე ივანიშვილს თავისივე სიტყვები, თქვენ ხომ თქვით, ქვეყნის სწრაფი მატერიალური გამოკეთება რთულია-მეთქი – კიო, ნამდვილად ეგრეაო. დემოკრატიის ხარისხის გაზრდით, მოსახლეობასთან  კომუნიკაციით, მივაღწევთ ხალხის გვერდში დგომასაც  – მეთქი – კი, კი, ეგრეაო. ის სიტყვებიც გავიმეორე, ბატონმა ბიძინამ რომ ბრძანა, თუ საზოგადოება თვითორგანიზაციას ვერ მოახერხებს, სახელმწიფო ვერ განვითარდებაო და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც, ფაქტიურად მართავს ქვეყანას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან კარგად ესმის დემოკრატიის მთავარი პრინციპი.

-რა გიპასუხათ?

-კი, ეგ ვთქვი ნამდვილადო. ვუთხარი, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს თვითორგანიზაციას, გადაღლილი და  დასუსტებულია-მეთქი, კიო, სამწუხაროა, მაგაზეც დამეთანხმა. – საბედნიეროდ მოხერხდა, ვიპოვეთ ფორმა, თვითორგანიზაცია როგორ მოვახდინოთ და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კრების მერე-მეთქი. კი, ძალიან მაინტერესებსო. კრების მერე, მივედი, დაველაპარაკე, დიტოც იქ იდგა სამხარაძეც და ივანიშვილმა მითხრა, გადმომეცი დოკუმენტებიო. – როგორ გადმოგცეთ-თქო – ან კახის მიეცი, ან დიტოს და მომცემენო.

-კახის პოვნა ასე მარტივი არ არის.

-ნუ, მაშინ რადგან მე საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, შემეძლო კახისთვისაც მიმეწოდებინა. მაგრამ, დიტოს რადგან პირდაპირ ეხება რეგიონების თვითმმართველობა, გადავეცი დიტო სამხარაძეს ხელში. გავიდა დრო და დიტომ თქვა, ბიძინა ივანიშვილს არ გადავეციო, ჩავაბარე კანცელარიაშიო…

-რის კანცელარიაში ჩავაბარეო, რომელშიო?

-ბიუროს, მგონი… კი, მაგრამ ადამიანმა თქვა, რომ გადაეცი დიტოს და დიტო მე გადმომცემსო, ივანიშვილს რომ სდომნოდა კანცელარიაში ჩაგვებარებია დოკუმენტი, გვეტყოდა, რომ კანცელარიაში ჩააბარეთო.

-დიტო, ყველაფერზე კანცელარიას იძახის, ჟურნალისტებსაც მაგას ეუბნება, კითხვები კანცელარიაში დატოვეთო…   შემდეგ რა გაგრძელება მოჰყვა?

-გავიდა დრო, არ ვიციო, იძახდა ჯერ, მერე მითხრა, დაიკარგა დოკუმენტიო…

-როგორ დაიკარგაო? დიტოს ჩაბარებული დოკუმენტი თუ იკარგება, მოქალაქის დოკუმენტს რა მოუვა? წიწილააო? ქორმა წაიღოო?

-როგორც ჩანს, რა ვიცი, ქორი რად უნდოდა, პატარა წიწილებს მიაქვთ ეგეთი რაღაცები. მერე კიდევ მივაწოდე ხელმეორედ, კიდევ არ გადასცა… ამას წინათ მივწერე, მე შეიძლება ბატონ ბიძინას შევხვდე და რა გავაკეთო, არ მინდა უხერხულობა შეიქმნას, რომ შენ გადმოგეცი და შენგან არ წავიდა… უთხარიო, რომ ორჯერ მომეციო, ამას მწერს… რას ნიშნავს ახლა ეგ? არ ვიცი, რას ნიშნავს, ვამბობ ფაქტებს… კობახიძესაც ვესაუბრე ამ თემაზე. რომ დავინახე რომ მაინც არაფრის გამკეთებელნი არიან, კაჭრეთში ვიყავი შეხვედრაზე, ბატონ ბიძინასთან იყო შეხვედრა და ისე მოხდა, გვერდი-გვერდ ვიყავით და ვიფიქრე, კიდევ თავად დაველაპარაკები ბატონ ბიძინას-თქო. მაინც არ გადავახტი ირაკლის და ვუთხარი, მინდა დაველაპარაკო და მოდი, შენც მინდა, რომ დაესწრო ამ საუბარს… ირაკლი მპასუხობს – მაინც, საბოლოო ჯამში, მე უნდა მკითხოს ბატონმა ბიძინამ აზრი და სჯობს იცი, რა გავაკეთოთო, ჯერ ჩვენ გავიაროთ დეტალურად და მერე დაველაპარაკოთო. დავეთანხმე და აღარ მივედი ბატონ ბიძინასთან სასაუბროდ. ამის მერე ეს კაცი, კობახიძე, დამემალა, გესმით, დამემალა. ვურეკავ, ვწერ – დამემალა.

-მართლა ეგრეა? ყველა საკითხზე კონსულტაციას ირაკლი კობახიძესთან გადის ივანიშვილი?

-მე არ ვიცი, როგორ არის პარტიაში, ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა, ამ საკითხზე მაინც მე დამელაპარაკებაო და მომატყუა? – მომატყუა, როგორც ჩანს. ფაქტია, მერე დამემალა. დავუშვათ, ცუდია ხო, არ მოგწონს – შემხვდი, დამელაპარაკე, მითხარი რატოა ცუდი, არა, ყველა მეუბნება რა კარგია, მაგრამ თან იქვე აყოლებს, პარტიაში არ მოსწონთო…

-ჩვენ კი მოგვწონს, მაგრამ პარტიაში არ მოსწონთო? და ვინ არის ამ პარტიაში?

-დიახ, არ ვიცი, არ მეუბნებიან, ვის არ მოსწონს და რატომ არ მოსწონს, ვისაც ეს პროექტი არ მოსწონს და ბლოკავს, იცოდეთ, ის არის კორუმპირებული ადამიანი. რისი გეშინია, რას მალავ? როდემდე შეიძლება ხალხთან კუკუდამალობანას თამაში. როცა თეთრიწყაროში დავიწყე ამ პროექტის გაკეთება, დიდი დაპირისპირება მომივიდა, ისევ პარტიიდან, დაანებე თავი ამ თემასო, მაინც გავაგრძელე და იმდენად პოპულარული გახდა საზოგადოებაში უცებ, ნაციონალებიც კი მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ბატონო ერეკლე, თქვენ თუ დაგასახელებენ მერად, ჩვენც თქვენ მოგცემთ ხმასო, ზეპარტიული პროექტი გამოვიდა…

-ზეპარტიული ვის სჭირდება საქართველოში? მერე რაზე იჩხუბონ?

-არ ვიცი, ამ ეტაპზე ამ შეფასებებისგან თავს შევიკავებ, მე ვარ ორიენტირებული, საქმე გავაკეთო. ამის მერე თეთრიწყაროდან გადმომიყვანეს, დამაწინაურეს ასე ვთქვათ, რომ იქედან მოვეშორებინე… საკრებულოში იქნებიო და რაღაცაო… არ მინდა, საქმე მინდა გავაკეთო-თქო, მერე მივხვდი, რომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი და გადმოვედი…

-გინდა თუ არა უნდა დაგაწინაუროთო, ხო?

-ეგრე გამოვიდა… საკრებულოში მაინც გავაგრძელე იგივე თემა, ყველა იძახდა, რა კარგია, რა კარგია… სიმპოზიუმი იყო, ასე ვთქვათ, „ბოსები“ ჩამოვიდნენ ევროპიდან და იქაც ვილაპარაკე ამ თემაზე, იქაც მოიწონეს, ამის მერე გაიძურწნენ და ჩამოაყალიბეს კომისია, რომლის თავმჯდომარეც ვიყავი მე და იქაც მიდიოდა ამ თემის განხილვა, ძირითადი მოტივი, რატომ არ გვინდა არის ეს –  არ ვიცით, ამან შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა მოძრაობები, ამას შეიძლება გამოიწვიოს ცუდი რეზულტატები, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაციონალების მოხვედრა მრჩეველთა საბჭოში, ძალაუფლების შესუსტება და ასეთი კომენტარები იყო – აი, ვერ გავიგე, რა უნდათ.

-შეიძლება არ უნდათ, რომ ოპოზიციამ ცხვირი ჩაყოს შიდა სამზარეულოში, ბიუჯეტის განხილვაში, არ უნდათ ყველა ოჯახისთვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ყველა სოფელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თავისი წარმომადგენლის დახმარებით?

-დემოკრატია თუ არის, მოიგებს ნაციონალი? – მოიგოს, კაცო, ესე იგი შენ ვერ მუშაობ კარგად. ხო, შეიძლება გახდეს მრჩეველთა საბჭოს წევრი და ჩაყოს ცხვირი, რატომ არ უნდა ჩაყოს, ამიხსენით… ბიუჯეტი ღიაა ისედაც…. მრჩეველთა საბჭოს უფლება არა აქვს აკრძალვის, შეუძლია მირჩიოს, ესენი არიან მთელი მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ადამიანების საბჭო, მივედი სოფელში მაგალითად და ვუთხარი, დააყენონ კანდიდატები, აირჩიონ ერთი და წარმოადგინონ საბჭოში, შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს რჩევები იქნებოდა მთელი მუნიციპალიტეტის მიერ დემოკრატიულად, კენჭისყრის შედეგად მიღებული რჩევები. თუ იქნება ისეთი საკითხი, რომ ყველა მრჩეველმა ერთი მირჩია და არ ვაკეთებ, ესე იგი, ან მე ვარ გიჟი, ან ყველა შეიკრა ცუდად – ეგაც ღია იქნებოდა. ცოცხალი დემოკრატიაა საჭირო და იმ პროცესში ყველა გამოჩნდება, როგორც აბანოში…

-არ უნდათ აბანო და ყველაფრის გამოჩენა, არა…

-რას ჰქვია არ გინდა, პარტიის სექტანტი კი არა ვარ… პარტია მჭირდება საქმის გასაკეთებლად. არადა, ქვეყანა იღუპება, ჩმორდება ხალხი… გამგებელი რომ ვიყავი, წყლის აიპი იყო, რომელსაც მივეცი საშუალება სხვა სამუშაოებიც  შეესრულებინა. ლურსმანის დაჭედებაზეც ტენდერი უნდა გამოგეცხადებინა, წამოვიღე ფული, რომელიც არ დაიხარჯებოდა, კანონი მაძლევდა საშუალებას, ბიუჯეტის ამ ნაწილიდან წამომეღო 5 პროცენტი – ყველა მებრძოდა ამის გამო, დეპუტატებიც კი, მაგრამ სამაგიეროდ, რამდენ სოფელს გავუყვანე წყალი და გზა? იმ სამ თვეში, რაც გამგებელი ვიყავი მივხვდი, რომ სინამდვილეში, ძალიან ადვილია ქვეყნის მართვა, თუ გინდა, თუ არ გინდა და სხვა ინტერესები გაქვს, აი, მაშინ ძნელია… უამრავი პროფესიონალია, რომელსაც ვეუბნებოდი, რომ უფრო ღიად და თამამად ელაპარაკათ და არა დაბეჩავებულად და თავჩახრილად რაღაცის და ვიღაცის შიშით…  ვიაზროვნოთ, კი არ უნდა ვიჩხუბოთ, ვიაზროვნოთ… ამისთვის საჭიროა ნება, რომელიც არ იყო და არ არის. ადრე არ ვსაუბრობდი ასე ღიად, რადგან ვთვლიდი, რომ „ოცნების“ დარტყმა, იყო ნაციონალურ მოძრაობაზე წყლის დასხმა, მაგრამ უკვე ვაპირებ რაღაცა გავაკეთო და შევქმნა ჯგუფი, არ ვიცი ჯერ პარტია იქნება, თუ რა ფორმით, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით შედეგამდე მივიდეთ.

-არ გეშინიათ, რომ ნაციონალად გამოგაცხადებენ?

-გამომაცხადონ, რა ვქნა, აქლემიაო, ეგაც შეუძლიათ თქვან. რომელ ჩემ სიტყვაში და ქმედებაში ჩანს, რომ ნაციონალი ვარ? – პირიქით, ეს პირდაპირ, პირველ რიგში აწყობს ბიძინა ივანიშვილს. არა აქვს ყველაფერის კონტროლის საშუალება, რამდენმა უღალატა? პირდაპირ გვითხრა, ვერ განვითარდება ქვეყანა, თქვენ თუ არ მოახდენთ თვითორგანიზაციას. აბა, ეს სხვას რას ნიშნავს? ეს არ არის ბლა-ბლა-ბლა და არჩევნების წინ ხტუნაობა. მითხრან დემოკრატიაზე უკეთესი გზა თუ არსებობს ქვეყნის სამართავად, ხალხის ჩართულობა თუ არ არის დემოკრატია – მითხრან მაშინ, რომელია ის უკეთესი გზა…

თამო კეშელავა, ალია, №23

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ერეკლე ძალიან მომწონს შენი პოზიცია მიდგომა გეთანხმები.

  2. ანონიმური

    საიდან რა სისულელეს მოიტანთ ხოლმე ნეტა რა

    1. ანონიმური

      რა არის ტყუილი?

  3. ანონიმური

    სინდისისც კარგი საქნოლეია საიდან იგონებთ ასეთ უტიფარ ტყუილებს

    1. ანონიმური

      ocneba da sindisi sasaciloa

  4. ანონიმური

    თავს ნუ იდებილებ ერეკ(ყ)ლე. სტალინად გამომიყვანა აქ ბიძინა. სტალინმა არ იცოდა, ბიძინას დაუმალეს…. ვინ გაბედავს ბიძინასათვის რამის დამალვას, მისი ნებართვის გარეშე ბეღურაც კი ვერ მოჯვავს

  5. ანონიმური

    bizina aris kriminali vin unda daumalos ram aba gabegon tavs moahrevinebs mahinve xalxo gauhvad es kriminali nu gaiyidebit arhevnebze hemo0xazet yvela minuzs 41.

    1. Georgian!!!

      და სისულელე და საგინებელი რა არის. ხალხს ეზარება გააზრება ეს ადამიანი რას ამბობს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.