დიდი დაპირისპირება “ნაცმოძრაობაში” – რატომ დაიწყო სააკაშვილმა დამოუკიდებელი თამაში?!

ფაქტები, რომლის შესახებაც “ალია” თვეების წინ წერდა!

მიხეილ სააკაშვილი უკრაინული სკოლის ფილიალს თბილისში ხსნის. სხვაგვარად, ვერაფრით ვერ ავხსნით იმ ფაქტს, რომ ექსპრეზიდენტი პირად შტაბს იკეთებს და თანაც თბილისის ცენტრში – პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში სწორედ ის ახალგაზრდები შეიკრიბებიან, რომლებიც დასტა-დასტა ჩადიოდნენ სააკაშვილთან უკრაინაში, გადიოდნენ ტრენინგებს, პირადად იღებდნენ ინსტრუქციებს მიშასგან და არ ემორჩილებიან არავის, გარდა სააკაშვილისა. თავის დროზე „ალია“ ამის შესახებ დეტალებში წერდა, წერდა იმასაც, რომ ეს ახალგაზრდები სამომავლოდ პრობლემა იქნებოდნენ როგორც ნაციონალური მოძრაობის სტაჟიანი წევრებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის და ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაძაბულობა რომ არის, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდი ისეთმა სახეებმა თუ სახელებმა დატოვეს, როგორებიც ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და ზაზა ბიბილაშვილი არიან, ეს უკანასკნელი პოლიტსაბჭოს თანათავმჯდომარეც იყო ნიკა მელიასთან ერთად და იყო სწორედ იმიტომ, რომ მელიას საკუთარი თამაში არ წამოეწყო, საკუთარი გუნდი არ გაეძლიერებინა და მიშას წინააღმდეგ არ წასულიყო. ახლა კი ბიბილაშვილი მიხვდა, რომ პოლიტსაბჭოს თანათავმჯდომარეობის მიუხედავად, მომავალ პარლამენტში მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ სულ სხვა თამაში დაიწყო და ამ თამაშში ბიბილაშვილის ადგილი არ აღმოჩნდა.
„გარდა იმისა, რასაც ტელევიზიით ვისმენთ, არის კიდევ მეორე მხარე. აბსოლუტურად ყველა პარტიაში ყალიბდებიან იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს სიაში, არსებობს გამსვლელი სიის სავარაუდო მონახაზი და რაღა თქმა უნდა, ყველას სწორედ გამსვლელ სიაში მოხვედრა სურს. ამიტომ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა პრეტენზია გამოაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხნის განმავლობაში პარტიას ისინი ათრევენ და აღარ არიან ვალდებული, სიაში ხალხი მიხეილ სააკაშვილის მითითებით შეიყვანონ. პარტიიდან წასვლით ნიკა მელიაც დაიმუქრა და ეს პრაქტიკულად დაშლის გამოცხადება იქნებოდა, რადგან ახალი სახეებიდან გუნდში აღარავინ დარჩებოდა. პარტიაში იმითაც არიან უკმაყოფილო, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა გამოჩდნენ ძველი, ოდიოზური ფიგურები, აკო მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და სხვები. ეს ცალკე პრობლემაა ახალი გუნდისთვის“, – გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი.


როგორც ჩანს, სააკაშვილი დარწმუნდა, რომ მართვის სადავეები ზედ არჩევნების წინ შესაძლოა ხელიდან გაექცეს, პარტია ორად გაიხლიჩოს და ამიტომ, საკუთარ შტაბს აკეთებს, ეს შტაბი იქნება სრულად დაკომპლექტებული უკრაინა მოვლილი ახალგაზრდებიდან და დაემორჩილება მხოლოდ მიშას. ეს შტაბი იქნება აქციების დამგეგმავი, პერფორმანსების ჩამტარებელი და ეს შტაბი სრულად დაფინანსდება უკრაინიდან. ახალგაზრდებმა შეკრება უკვე დაიწყეს და ისინი მზად არიან, პრეზიდენტის ბიბლიოთეკა სრულად აითვისონ.


პარალელურად, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თუ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვლება და მთლიანად პროპორციულზე არ გადავა, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლა არის. მართალია, ასეთ შემთხვევაში, ნაციონალებს სხვა პარტიების დარად მაჟორიტარული ოლქების მოგების პრაქტიკული შანსი არ ექნებათ, მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ მეორე ადგილზე მარტივად გავლენ, შესაბამისად, პროპორციული სიით ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვანენ და მთავარი ოპოზიციური ძალის გარდა, პარლამენტში უმცირესობის კვოტასაც სრულად მიიღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ საპარლამენტო თანამდებობები და რაც მთავარია, საყოველთაო პროტესტი თუ დაიწყება, ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ ნაციონალებს ექნებათ. აი, 50/100 ან სხვა მოდელით არჩევნების ჩატარება, ნაციონალების ინტერესში არ შედის.
„შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, თუ 50/100-ზე ჩატარდება არჩევნები, ნაციონალებს რატომ არ უნდა აწყობდეთო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, ოლქები გამსხვილდება და მაჟორიტარებს მეტი ფასი დაედებათ. შედეგად, კონკრეტულ ოლქებში მაჟორიტარები ბევრად მეტ ხმებს მიიღებენ და ეს პროპორციულ სიას დაარტყამს და ნაციონალებს დაგეგმილზე ნაკლები ოდენობა შეხვდებათ. ეს ყველაფერი დათვლილი და გათვლილია. ამიტომ არის, გრიგოლ ვაშაძემ გასაგებად რომ თქვა, დროა, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყოთო და ამიტომ არის, ამერიკაში მყოფმა არჩილ თალაკვაძემ რომ განაცხადა, თუ თებერვლის ბოლომდე 50/100-ზე ვერ შევთანხმდებით, მაშინ ყველაფერი უცვლელი დარჩებაო. ანუ, ეს პროცესი ხელისუფლებასაც აწყობს და მათაც უნდათ, რომ მეორე ძალა სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყოს, ძალა, რომელსაც მათი აზრით, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს“, -გვეუბნება ჩვენი წყარო.


სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ, რომ საყოველთაო მოსაზრებით, ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, სააკაშვილი გუნდის ასპროცენტიან რებრენდინგს ცდილობს, ანუ თვითონ და ახალგაზრდები. თავისთავად, ეს ძველებს არ აწყობთ და დაპირისპირებაც ამის ნიადაგზეა.
მეორეს მხრივ, თითქოს აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება და „მთავარი ოპოზიციური ძალა“ შეხმატკბილებულად მოქმედებენ და ორივე ერთმანეთის ხარჯზე აპირებს ფონს გასვლას. „ქართულმა ოცნებამ“ წამზომი არჩილ თალაკვაძის პირით ჩართო, ანუ თუ თებერვლის ბოლომდე შეთანხმება შედგება, ხომ კარგი, თუ არა და მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ აპირებს. გადაჭრით შეგვიძლია გითხრათ, რომ მთელი ოპოზიცია რომ შეთანხმდეს 50/100-იან მოდელზე, წინააღმდეგი ნაციონალური მოძრაობა წავა და ამ კანონს არაფრისდიდებით არ მიაღებინებს ხელისუფლებას.


წამზომის ჩართვის გარდა, არანაკლებ საინტერესო მესიჯი გააჟღერა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებში მინიმუმ 50%-ის აღებას აპირებს, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით, არჩევნების შემდეგ, მარტივად იქცევა 65-68%-ად და საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არა, აბსოლუტური უმრავლესობა „ოცნებას“ ნამდვილად ექნება.


ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის წინააღმდეგი არსებული კანონი დარჩეს, უკვე იციან სხვა ოპოზიციურმა ძალებმა. ამის თაობაზე მწვავე კამათიც გაიმართა ნაციონალების ლიდერებსა და კიდევ ორი პარტიის, ლეიბორისტებისა და ევროპული საქართველოს ხელმძღვანელებს შორის. დეტალებს რომ მივყვეთ, ნაციონალებმა გადაჭრით თქვეს, რომ ორი უკიდურესობა აქვთ – ან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა კანონმდებლობა, ან ისინი სხვა არცერთ ვარიანტს მხარს არ დაუჭერენ. ეს რა თქმა უნდა თითქოს დანარჩენ ოპოზიციასაც უნდა აწყობდეს, მაგრამ როგორც გითხარით, დანარჩენ ოპოზიციას ყველაფერი აწყობს, გარდა აღნიშნული კანონის დატოვებისა, რისკენაც პოლიტიკური სპექტრი დიდი ნაბიჯებით მიდის.


„მართალია, ხმამაღლა არ ახსენებენ, მაგრამ აღიარებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება. ევროპული საქართველო დარწმუნებულია, რომ პატრიოტთა ალიანსი მათი მთავარი კონკურენტი იქნება მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, პარალელურად, ყველა ხვდება, რომ ოპოზიციაში ფულით თამაშს დაიწყებს მამუკა ხაზარაძე. მისმა „ლელომ“ უკვე აქტიური მოქმედებები დაიწყო და რეგიონებში პარტიის აქტივს აგროვებენ. „ლელოს“ წარმომადგენლები მიდიან სოფლის ავტორიტეტებთან, ადამიანებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ და პირდაპირ ეუბნებიან, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, მსუყე პრემიას მიიღებენ. მსუყე პრემიაში კი 20-25 ათასი ლარი იგულისხმება, ანუ დაახლოებით იგივე მარჟა, რაც შეიძლება ხელისუფლებამ და სხვა ვერავინ გადაიხადოს“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.


ასეა თუ ისე, წინ აშკარად საინტერესო დღეები გველოდება და ეჭვი გვაქვს, ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებული დაპირისპირება გარეთ სწორედ მიმდინარე კვირაში გამოვა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მეტად, 50/100-იან სისტემაზე გადასვლას ყველაზე მეტად სწორედ ნაცები გააპროტესტებენ და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ამ სქემას დათანხმდება, მოღალატედ გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ისინი ივანიშვილს მიეყიდნენ.

ანი დვალიშვილი

ალია №5

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ისემც უქნიათ დაუხოციათ ერთმანეთი თუ უნდათ

  2. ანონიმური

    რაც უნდათ ის უქნიათ ეგ გვადარდეთ ეხლა რა

  3. Giorgi

    Ristvis blokavt chem komentarebs simartle ar gindat ro moxvdet yurshi nacebs

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.