“დამემუქრა მოკვლით” – შეიარაღებული ძალების ყოფილი თანამშრომლის ექსკლუზიური ინტერვიუ

ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრობის დროს, არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც “ალიაც" ბევრს წერდა. ამჯერად სხვებზე არ შევჩერდები, მის მიერ შეიარაღებული ძალებიდან გაშვებულ პროფესიონალებზე მოგახსენებთ. უფრო კონკრეტულად, მისი მინისტრობის პერიოდში, არმიიდან დაითხოვეს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ექსპერტი, ვიცე–პოლკოვნიკი ელგუჯა ურუშაძე. ბატონი ელგუჯა ორი სამხედრო სახელმძღვანელოს ავტორი გახლავთ – „ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი“ და „ჯარისკაცის სამახსოვრო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის საქმეში“. შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფში განხილვის შემდეგ, ორივე მათგანს მიეცა დადებითი რეკომენდაციები და ორივე დამტკიცებულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მიერ. შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში შემოღებულია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო. ელგუჯა ურუშაძემ ორივე წიგნი აჩუქა თავდაცვის სამინისტროს და მადლობის ნაცვლად, ლევან იზორიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტთა დეფიციტია ქართულ ჯარში. ელგუჯა ურუშაძისთანა პროფესიონალები სანთლით არიან საძებარნი. ასეთ ხალხს ჯარიდან კი არ უნდა უშვებდნენ, ხელის გულზე უნდა ატარებდნენ, სამუშაოდ ყველა პირობას უნდა უქმნიდნენ. ამ სფეროში ელგუჯა ურუშაძისთანა კომპეტენტური ადამიანების საჭიროება დღეს უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც მსოფლიოს კორონავირუსმა შემოუტია. კაცმა არ იცის, ეს ვირუსი ბუნებრივია თუ ხელოვნურად შექმნილი მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღი. სამომავლოდ კიდევ უარესი პროგნოზები კეთდება. ვინ და რა სახის ბიოლოგიური იარაღს გაავრცელებს, კაცმა არ იცის. ამგვარი იარაღისგან მოსახლების დაცვა კი სწორედ ელგუჯა ურუშაძისთანა ადამიანებს შეუძლიათ. ელგუჯა ურუშაძისთანა პროფესიონალები რომ არ გყავდეს, მათ სხვა ქვეყნებიდან უნდა იწვევდნენ და კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში, როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია. ჩვენ გვყავს და არ ვაფასებთ. კაცი, რომელიც ახლა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იდგეს, დღეს სახლში ზის.

“ალია” ბატონ ელგუჯასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:


– ბატონო ელგუჯა, რომელ წელს გამოგიშვეს შეიარაღებული ძალებიდან და რა თანამდებობაზე მუშაობდით იმ დროს?


– 2017 წლის 11 იანვრიდან უკვე აღარ ვირიცხებოდი შეიარაღებული ძალების რიგებში, სრულიად უკანონოდ გამათავისუფლეს. ბოლოს ვმსახურობდი კრწანისის სასწავლო ცენტრის საინჟინრო და ქიმიური სკოლის უფროს ინსტრუქტორად.


– რა მიზეზით გაგიშვეს?


– ვიდრე გამათავისუფლებდნენ, დამირეკეს 3 დღით ადრე და მკითხეს, ვიყავი თუ არა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე, ვარ თუ არა ომის ვეტერანი. ვუთხარი, რომ ვიყავი ომში და ვარ ვეტერანი. ამის შემდეგ, სიტყვიერი განკარგულებით, დოქტრინების დეპარტამენტში გამგზავნეს მივლინებაში, ქიმიური ლიტერატურის დამუშავებაში ვეხმარებოდი სპეციალისტებს. მოულოდნელად დამირეკა უფროსმა, ბოდიში მომიხადა, უკვე 2 დღეა გათავისუფლებული ყოფილხარ სამსახურიდან, მე ეს არ ვიცოდი. მიდი კრწანისის სასწავლო ცენტრში და ჩაიბარე გათავისუფლების ბრძანებაო.


– ვინ დაგირეკათ?
– ვიცე–პოლკოვნიკმა ზურაბ სამხარაძემ, სამხედრო–საინჟინრო და ქიმიური სკოლის უფროსმა. წარმოიდგინეთ, ისე გამათავისუფლეს, ჩემი უშუალო უფროსი, სამხარაძე 2 დღე საქმის კურსში არ იყო, არ იცოდა.


– ხელი ვინ მოაწერა თქვენი გათავისუფლების ბრძანებას?


– გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. იმ დროს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახლდათ.


– რამდენადაც ვიცი, წვრთნებისა და განათლების ყოფილ სარდალს, მალხაზ მაკარაძეს დიდი წილი უდევს თქვენს გათავისუფლებაში


– დიახ, სწორედ მალხაზ მაკარაძემ მისწერა წერილი მინისტრ იზორიას და სთხოვა ჩემი შტატის გაუქმება. იზორიამ კი თანხმობა განაცხადა. მაკარაძე იყო ჩემი ყოფილი კურსანტი აკადემიაში, მას ვასწავლიდი საგანს, რომელსაც ერქვა მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვას.


– მართალია, რომ მალხაზ მაკარაძეს თქვენ ნიშანი არ დაუწერეთ, კურსზე ტოვებდით, ეს ჩაიდო გულში და მიეცა თუ არა შანსი, შური იძია და გაგიშვათ სამსახურიდან?


– კურსზე არ დამიტოვებია, ეს არც მიფიქრია, მაგრამ ჩემს საგანში, ერთ–ერთ გაკვეთილზე, არასათანადო ცოდნის გამო, დაბალი შეფასება მიიღო. დამატებით მეცადინეობებს ვუტარებდი მას და სხვებსაც და გამოცდაზე მაღალი შეფასება დავუწერე. ამან შედეგი გამოიღო. ჩემს საგანს 2 წელი, პირველ და მეორე კურსზე სწავლობდნენ. როგორც ჩანს, ეს წყენა მართლაც ჩაიდო გულში და სამაგიერო გადამიხადა. სხვათა შორის, მერე გამოცდაზე მაღალი შეფასება დავუწერე, მაგრამ ადამიანების ნაწილს კარგი არ ამახსოვრდება, მხოლოდ ცუდს იმახსოვრებენ. ასე მოხდა მაკარაძის შემთხვევაში. მე არანაირი პრეტენზია არავისთან მექნებოდა, ჩემი შტატი მართლა რომ გაუქმებულიყო. აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი პრობლემა და არა სამხედრო ქიმიკოსის შტატი. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვა, როგორც საგანი არ გაუქმებულა და კვლავ ისწავლება, მე კი გამომიშვეს. ასეთი მნიშვნელოვანი საგნის წაკითხვა შეუთავსეს იურისტს, რომელსაც სამხედრო ქიმიის 3-დღიანი განათლება მიიღო გერმანიის ერთ–ერთ სამხედრო სკოლაში. 3 დღეში როგორ შეიძლება გახდეს კაცი სამხედრო ქიმიკოსი?


– ვინ არის ეგ გენიოსი, ბატონო ელგუჯა, რომელმაც 3 დღეში ისწავლა ქიმია, მინიმუმ, მაგისტრის დონეზე და დამატებით, ქიმიის სამხედრო მიმართულებების და სპეციფიკაც აითვისა?


– მოდით, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ.


– თქვენს ადგილას რომ გია მახარაძე მუშაობს, ეს მთელმა შეიარაღებულმა ძალებმა იცის, ჩემთვისაც ცნობილია და რატომ აფარებთ ხელს იმ კაცს, პროფესიით იურისტს, რომელმაც გადაწყვიტა, სამხედრო კურსანტებს წაუკითხოს ის საგანი, რომლისაც არაფერი გაეგება? პირადი ურთიერთობა არაფერ შუაშია, თქვენ, შეიარაღებული ძალების ვიცე–პოლკოვნიკი ელგუჯა ურუშაძე, ქვეყნისა და არმიის ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებული ხართ, თუ ეს მართალია, დამიდასტუროთ, რომ დღეს კურსანტებს სამხედრო ქიმიაში „ანათლებს“ არაპროფესიონალი, არაკომპეტენტური პედაგოგი, იურისტი, უდიპლომო ქიმიკოსი გია მახარაძე. ქვეყანა უნდა იცნობდეს საკუთარ „გმირებს“.


– გცოდნიათ უკვე და ვიტყვი, მაშინ. არ მინდოდა მისი დასახელება. კი, ბატონო, გია მახარაძეა ეს პიროვნება, ვინც ჩემი ადგილი დაიკავა. თუმცა, აქ არ დასრულებულა. ამ პიროვნებამ დამირეკა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მოკვლით. ეს ამბავი ჩემთვის გულსატკენია, რადგან გია მახარაძე ჩემი ყოფილი კურსანტია და მის აღზრდაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული.


– რატომ? რაიმე საბაბი და მიზეზი მიეცით საამისოდ?

– ახლავე აგიხსნით, რაც მოხდა. მე წერილი მივწერე პოლკოვნიკ როინ ფაილოძეს, რომელიც მალხაზ მაკარაძის ახლობელია და ერთად მუშაობდნენ. ფაილოძე იყო სამხედრო განათლების შტაბის უფროსი. ამ წერილში ფაილოძეს ვთხოვდი, დაესახელებინა კანონის ის მუხლი, რომელიც მას უფლებას აძლევდა, გაეთავისუფლებინა დიპლომიანი, კვალიფიციური ქიმიკოსი, ასევე, ორი სამხედრო სახელმძღვანელოს ავტორი სამხედრო ქიმიაში და მისი საგნის სწავლება დაევალებინა უდიპლომო პიროვნებისთვის. იურისტის დიპილომი კი აქვს მახარაძეს, მაგრამ ქიმიკოსის არ აქვს. მე არ მიმიწერია ფაილოძისთვის, რომ გია მახარაძე გაუშვით და მე დამაბრუნეთ სამსახურში–თქო. ეს ჩემი განცხადება, როგორც ვვარაუდობ, გადაუგზავნეს მახარაძეს, უთხრეს, რომ შენს გაგდებას ითხოვს ელგუჯა ურუშაძეო და ბრმა იარაღად გამოიყენეს. ამ წერილის გაგზავნიდან მოკლე ხანში დამირეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მოკვლით დამემუქრა.


– ამის შესახებ სამართალდამცავებს არ მიმართეთ?


– მივმართე ისანი–სამგორის პოლიციას და პროკურატურამ აღძრა ს.ს. საქმე, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. მივმართე თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც, თუმცა გენინსპექციამ ხელი დააფარა მახარაძეს. ის ს.ს. საქმეც, ფაქტიურად, შეჩერებულია, წინ არ მიიწევს, რადგან სხვებივით ხელისუფლებაში მფარველი არ მყავს და ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. გია მახარაძეს კი ჰყავს მფარველები და მის დასჯას არავინ აპირებს. მე მებრძვის სისტემა და არა ერთი ან რამდენიმე პიროვნება, მთელი თავდაცვის სისტემა ჩემს წინააღმდეგ არის განწყობილი.


– ბატონო ელგუჯა, ვიცი, რომ ებრძვით სისტემას, რომელმაც უსამართლოდ, უკაცრავად და, გაგაგდოთ შეიარაღებული ძალებიდან. ვიცი, რომ გვერდში გიდგათ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე და „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი“, კიდევ რამდენიმე ვეტერანი ოფიცერი, მაგრამ ვფიქრობ, ამ კორუმპირებულ და ნეპოტისტურ სისტემასთან ბრძოლის მოსაგებად, მეტია საჭირო. რა გეგმა გაქვთ და რა მეთოდებით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?


– ვინც გვერდში მიდგას, ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ. ბრძოლა არ შემიწყვეტია არც ერთი წამით. გამათავისუფლეს თუ არა, მაშინვე მივმართე სასამართლოს. თუმცა, საქმე გადასცეს ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ნოტარიუსები არიან და არა მოსამართლეები, რომლებიც ვერ მიიღებენ ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილებებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, უნდა დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, სისტემას და ამ სისტემის ყურმოჭრილი მსახურები არიან. საქმეები წავაგე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ახლა უზენაეს სასამართლოშია საქმე და ალბათ, იქაც წავაგებ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ობიექტური სასამართლო არ არსებობს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯერ ივანე ღლონტი იყო, ჩემს თვალწინ, თავდაცვის სამინისტროს იურისტს, პროცესზე სამინისტროს წარმომადგენელს და მხარეს, ჩემს თვალწინ ჩაუტარა კონსულტაცია, თუ რისთვის უნდა მიექცია ყურადღება, რა უნდა ეთქვა და რა – არა, რომ არ წაეგო პროცესი. ამის გამო ამ მოსამართლეს აცილება მივეცი. შემდეგ მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს გადასცეს საქმე. დარწმუნებული ვარ, დიანა ფარქოსაძეს დაავალეს, რომ მე უნდა წამეგო ეს პროცესი და ისე ნერვიულობდა, რომ ჩემი გათავისუფლების ბრძანების ნომერი აერია და სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს პროცესის დაწყებისას, მერე ცოტა გაუარა ნერვიულობამ. ადგა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, კურიოზული. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ თავდაცვის სამინისტროში, ის შტატი, რომელზედაც ვმუშაობდი, გაუქმებულია. მაგრამ სასამართლოს ის არ აუხსნია, რომ თუ შტატი გაუქმებულია, კვლავ რატომ ისწავლება საგანი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვა. ის ფაქტი, რომ გია მახარაძე ატარებს ამ საგანში ლექციებს, უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემი შტატი არ არის გაუქმებული. სააპელაციოში, მოსამართლე ილონა თოდუამ დამცინა. როდესაც ჩემს სიმართლეს იურიდიულად ვამტკიცებდი, სამოქალაქო კოდექსის კონკრეტული მუხლები და პუნქტები მომყავდა თავის დასაცავად, ირონიულად მითხრა, შენგან კარგი ადვოკატი დადგებოდაო. ბოლოს ადგა და არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი. ასეთი მოსამართლეები რომ იქნებიან სასამართლოში, რა სამართალი უნდა იპოვო ამ ქვეყანაში? უზენაესშიც თუ წავაგე და ვფიქრობ, ასეც იქნება, რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იმედია, იქ მაინც გამამართლებენ. მანამდე უნდა მივმართო საქართველოში არსებულ ყველა უცხო ქვეყნის საელჩოს, ამ საელჩოების ყველა სამხედრო ატაშეს, ადამიანის უფლებდამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ბოლომდე ვიბრძოლებ, ფარ–ხმალი არ დამიყრია და არ დავნებდები.


– მალხაზ მაკარაძე როგორ აღზევდა ამხელა თანამდებობაზე?


– მფარველები ჰყავდა, თორემ ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი მასწავლებელი უკანონოდ, არასამართლიანად გააგდო შეიარაღებული ძალებიდან, არ იმსახურებს განათლების სარდლობას. სახლში მაქვს შენახული მისი ერთ–ერთი მფარველის, რიონ ფაილოძის ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში დაწერილი სამარცხვინო პატაკი, რომლითაც ითხოვდა ჩემს გაშვებას შეიარაღებული ძალებიდან. მაშინაც იმის გამო მავიწროებდა, რომ მაღალი და დაუმსახურებელი ნიშანი არ დავუწერე მის მეგობარს, მალხაზ მაკარაძეს. მაშინ, აკადემიის რექტორმა, გენერალმა გიორგი გოგაშვილმა არ დააკმაყოფილა მისი ეს განცხადება. გოგაშვილს ჩემი გაგდების გარდა ფაილოძე სთხოვდა, რომ არ მომნიჭებოდა ვიცე–პოლკოვნიკის წოდება, მაშინ მაიორი ვიყავი. არც ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა გოგაშვილმა, რადგან კარგად მიცნობდა და იცოდა ფაილოძის ინტრიგების შესახებ. მოკლედ, ეს დევნა და შევიწროება დიდი ხნის დაწყებულია ჩემს წინააღმდეგ, 2003 წლიდან. მაშინ ფაილოძე იყო სამხედრო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში და მაკარაძე ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ეს რომ არ გამოუვიდათ, მერე უკვე ვითომ შტატი გააუქმეს და ასე გამომიშვეს. არადა, ვმუშაობდი მესამე სახელმძღვანელოზე, რომელიც დასრულების სტადიაში იყო. ეს გახლავთ „ქიმიური ჯარების ტაქტიკა“. სამსახურიდან რომ გამაგდეს, დამეკარგა ამ წიგნის ელექტრონული ვერსია და თუ დავბრუნდი სამსახურში, ხელახლა მიმიწევს ყველაფერის გაკეთება. ასევე ვმუშაობდი საინჟინრო სახელმძღვანელოზე. ორ სახელმძღვანელოზე ვმუშაობდი და არც ერთი მინდოდა ჩემთვის, ქართული შეიარაღებული ძალებისთვის მინდოდა ორივე. ჩემი გამოშვებით, თავს არ ვიქებ, სოლიდური ზიანი მოადგა ქართულ არმიას. შეიარაღებულ ძალებში ვერ ნახავთ ქვედანაყოფს, სადაც არ ჩამეტარებინოს რადიაციულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ დაცვაში ლექციები. ფაილოძემ და მაკარაძემ, ჩემი გაშვებით, მუხრუჭის როლი შეასრულეს შეიარაღებულ ძალებში მე რომ გამომიშვეს. იმ ორ სახელმძღვანელოზე კი ვთქვი, რომლებზეც უკვე ვმუშაობდი, მაგრამ მარტო მათ ხომ არ დავჯერდებოდი? კიდევ ხომ განვაგრძობდი მუშაობას ამ მიმართულებით და სამომავლოდ, კაცმა არ იცის, რამდენ სახელმძღვანელოს დავწერდი.
მალხაზ მაკარაძე დღეს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორია, იმ აკადემიის ბიბლიოთეკაში ჩემი ორი წიგნია, მისი კურსანტები კი იმ წიგნებს კითხულობენ, ამუშავებენ და გამოცდას აბარებენ იურისტ მახარაძეს. რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს იმ სარდალს, სამხედრო აკადემიის იმ რექტორს, რომელმაც საკუთარი მასწავლებელი, პირადი ბოღმის გამო გააგდო სასწავლებლიდან? ორიანი ვის არ მიუღია? მერე რა მოხდა? ეს როგორ უნდა ჩაიდო გულში? სამაგიერო როგორ უნდა გადაუხადო ამის გამო მასწავლებელს, თან უკანონოდ? ასეთ ადამიანს რა უნდა შეიარაღებულ ძალებში? ერთსაც ვიტყვი და ჯარიდან ჩემს გამოშვებაზე ამით დავასრულებ საუბარს. ლევან იზორიამ 3 500 კაცი რომ გაუშვა, მანამდე ყველას ჩაუტარეს საკვალიფიკაციო გამოცდები. კომისიებში ქიმიკოსები არ იყვნენ. ან საიდან მოიყვანეს? მე კომისიამ საშუალო შეფასება მომცა კომისიამ, როდესაც სამხედრო ქიმიიდან არაფერი უკითხავთ. ქიმიკოსს ქიმიის შესახებ თუ არ ჰკითხავ, მისი კომპეტენცია როგორ უნდა შეაფასო, იქნებ მითხრას ვინმემ? კომისიაში იყვნენ იურისტები, მერე მედიით გავიგე, კბილის ტექნიკოსი და ავეჯის ხელოსანიც კი და მათ ქიმიაზე რა უნდა ეკითხათ ჩემთვის? კომისიის ამ საშუალო შეფასებით, ერთგვარი მორალური ბარიერი მოიხნა იმ ხალხმა, ვინც მერე გამომიშვა. მართალია, კომისიის ეს დასკვნა საფუძვლად არ დასდებია ჩემს გათავისუფლებას, მაგრამ ამ საშუალო შეფასებამ, მათ გადაწყვეტილების მიღება გაუიოლა.


– ლევან იზორია აღარ არის თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია. მას თუ მიმართეთ?

-კი, მივმართე წერილობით ირაკლი ღარიბაშვილს, დავუსაბუთე, რომ მე დღეს ვჭირდები ქართულ შეიარაღებულ ძლებს, მაგრამ სამინისტროდან სტანდარტული პასუხი მივიღე – თქვენი საქმე სასამართლოში ირჩევა და პროცესის დასრულებამდე უძლურები ვართ დაგეხმაროთო. არადა, ჩემი დაბრუნება რომ უნდოდეთ, მეტყოდნენ, მეც გამოვიტანდი სარჩელს უზენაესი სასამართლოდან და მორჩებოდა ამით ყველაფერი. ჩემი აზრით, ლევან იზორიას ვერ ახტება ღარიბაშვილი, მის გაშვებულ კადრს ვერ აბრუნებს სამსახურში.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №15

  •  
  •  

კომენტარი

  1. ₩₩₩

    აქ იმდენი უსამართლობაა მოთხრობილი, ბოლომდე წაკითხვას ვეღარ გავუძელი… არ მჯერა რომ იზორიასნაირი ნაძირლები თავისით ბედავენ ამდენს, ქვეყნის დამაქცევრებს ასევე ქვეყნის დამაქცევარი მფარველები ყავთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.