დათო – ბიჭი, რომელიც 20 ივნისის შემდეგ სამყაროს ერთი თვალით ხედავს

2019 წლის 20 ივნისს 20 წლის იყო და როგორც მისი თაობის არაერთი წარმომადგენელი, დათო ქურდოვანიძე პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე იდგა. ამბობს, რომ არ მოეწონა ის, რაც იმ დღეს მოხდა და პროტესტის გამოხატვაც ამიტომ გადაწყვიტა. ის ღამე აღარასდროს დაავიწყდება.

დათო გვიყვება, რომ 7 საათიდან პარლამენტთან იყო, ღამის 2 საათისთვის კი იფიქრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, ხალხიც ნელ-ნელა იშლებოდა და თვითონაც სახლში წავიდა. კადრები, როგორ არბევდა სპეცრაზმი აქციას ძალის გადამეტებით, ტელევიზორში ნახა. ამბობს, რომ უსამართლობის გრძნობა ყოველთვის უკარგავდა მოსვენებას. მაშინაც ასე მოხდა.

ეს ის ჟილეტია, რომელიც დათოს 2019 წლის 20 ივნისს ეცვა.ფოტო: დათო ქურდოვანიძე / FB

რა თქმა უნდა, რუსთაველზე დაბრუნდა. იხსენებს, რომ დაახლოებით გამთენიის 4 საათისთვის, ოპერასთან, თვალში ძალიან დიდი რაღაც მოხვდა. მაშინვე მიხვდა, რომ მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა იმედი ჰქონდა, მხედველობას შეინარჩუნებდა, 50%-ს მაინც.

დათო ფიქრობს, რომ გამიზნულად ნასროლი ტყვია მოხვდა, რადგან სხვა ლოგიკით, მისთვის აუხსნელია რატომ უნდა კარგავდეს ვინმე მხედველობას აქციაზე, წელს ზემოთ, სახეში ნასროლი ტყვიით.

წარბთან მოხვედრილმა ტყვიამ ძვალი მთლიანად თვალში ჩაშალა. ორი ოპერაცია იმ ღამესვე გაუკეთეს. როგორც გვიხსნის, პირველად უბრალოდ თვალის გაწმენდას ცდილობდნენ, შემდეგ ძვლის პროთეზი ჩაუსვეს. ბადურის გარდა, მისი თვალის სხვა ნაწილები მკვდარია, უჯრედს კი აღდგენის საშუალება არ აქვს.

“მესამე ოპერაციაზე მთლიანად უნდა გაეწმინდათ თვალი სისხლჩაქცევებისგან და დაენახათ, რეალურად რა ხდებოდა. მანამდე ვერაფერს ხედავდნენ ექიმები, არც ის იცოდნენ, იყო თვალი ჯანსაღი თუ არა. ვერაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ დიდ იმედსაც ვერ მაძლევდნენ. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე”

ამ პერიოდში 5 ოპერაცია გაიკეთა — სამი საქართველოში, ორი მიუნხენში. ერთი წლის შემდეგ კი, დათოს დაზიანებული თვალის მხედველობა მაქსიმუმ 2%-ია. პანდემიამ მასაც შეუშალა ხელი, რადგან მაისში კიდევ ერთ კონსულტაციაზე უნდა წასულიყო. გვიხსნის, რომ მისი მხედველობა სამედიცინო ჩარევებზე უკვე ნაკლებადაა დამოკიდებული — ექიმების თქმით, ორგანიზმმა უნდა “გადაწყვიტოს”, რამდენად შეძლებს აღიდგინოს მხედველობა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს მაქსიმუმ 8% შეიძლება იყოს.

დათო ქურდოვანიძეს ერთხელ მაინც თუ შეხვდებით, ალბათ თავადაც დარწმუნდებით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს. ინტერვიუს დროს ვთხოვ, გაიხსენოს ისეთი მომენტები, რომლებიც მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველაზე რთული იყო; სიტუაციები, როცა მიხვდა, რომ ის, რასაც წარსულში აკეთებდა, აღარ შეეძლო. მპასუხობს, რომ ვერ მეტყვის, ფსიქიკისთვის რთულია, ამიტომ ცდილობს დაივიწყოს და ამაზე არ იფიქროს.

20-21 ივნისს პირველ რიგში იმ ფაქტს ეგუებოდა, რომ ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც თუნდაც 2 დღის წინ იყო. ახალ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მთავარი ის იყო, რომ ყველაფერს, რასაც მანამდე ორი თვალით აღიქვამდა, ახლა ცალით ხედავდა.

“რას იზამ, ხდება. წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, არაფერი ეშველება ჯანმრთელობის მხრივ, მთავარია ვიბრძოლოთ, რომ ეს იყოს საბოლოო წერტილი და ეს იყოს საბოლოო მსხვერპლი ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შვილებს მსგავსი ზიანი არასდროს მიადგეთ და შეეძლოთ თავისუფლად აპროტესტონ კიდეც, გამოვიდნენ კიდეც და არ ჰქონდეთ შიში, რომ ვიღაც ტყვიას ესვრის და მერე ეს უსამართლობის განცდა არ გასდევდეს მათ ცხოვრებას მუდამ”

2019 წლის ივნისის მოვლენებამდე სწავლობდა და თან მუშაობდა. ახლა მისი შრომისუნარიანობა შეზღუდულია, ამიტომ იმ საქმეს ვეღარ აკეთებს, რაც უნდოდა ეკეთებინა. პესიმისტური მიდგომა არც ამ შემთხვევაში აქვს და გვეუბნება, რომ ახლაც სამსახურის ძიების პროცესშია.

დათო ერთ-ერთია იმ ათობით ადამიანს შორის, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაშავდა, თუმცა მას სახელმწიფო დაზარალებულად დღემდე არ აღიარებს. აღნიშნავს, რომ პროკურატურაში სულ ერთხელ იყო, ისიც ჩვენების მისაცემად, გასული წლის ივლისში. მაშინ ყველაფერი დეტალურად აღწერა. მისი აზრით, გასროლის კადრი ოპერის, დაინჰოლის და მიმდებარე მაღაზიების კამერებს უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული.

“თითქოს ადამიანებმა რაღაც დაგიშავეს და ბოდიში, უხეშად უნდა ვთქვა, ფეხებზე დაგიკიდეს, საერთოდ არ აინტერესებთ. ქვეყანაში, სადაც ნორმალური პოლიტიკაა, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ სახელმწიფოს ადამიანი არ აინტერესებდეს”

დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით სახელმწიფოს სამჯერ მიმართა, ბოლოს — ერთი თვის წინ. პროკურატურის ერთადერთი პასუხი ისაა, რომ მუშაობენ. როგორც გვიხსნის, პირველ რიგში ამის შეცვლა უნდა, რადგან ერთი წელი გავიდა და მისთვის ყველაფერი ისევ იგივეა. უსამართლობის გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერმინისტრად დააწინაურეს.

“ესაა ყველაზე დიდი სირცხვილი. 20 ივნისის ამბების შემდეგ დაწინაურება?! გულდაწყვეტა და კიდევ ერთხელ უსამართლობის გრძნობა მაქვს ამის გამო, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება ამბობს, მე არ გამიცია ბრძანება, მე ის არ მიქნია, მე ეს არ მიქნიაო, გახარია თავს არიდებს ამაზე პასუხის გაცემას, მაგრამ ნათელია, რომ როდესაც ხარ ლიდერი, უშენოდ წესით არაფერი წყდება, ჩემი გადმოსახედიდან ასეა”

ერთი წლის შემდეგაც, 20 ივნისს ისევ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მიდის. ამბობს, რომ შიში არ აქვს და პირიქით, ამ ერთმა წელმა უფრო მეტი რამ დაუგროვა, რის გაპროტესტებასაც აპირებს. მთავარი, რაც ამ გრძნობას უფრო და უფრო უმძაფრებს, სახელმწიფოს დამოკიდებულებაა:

“რატომ ასე უსამართლოდ, როდესაც შეიძლება მეტად ჰუმანურად, მეტად სამართლიანად მოექცე ადამიანებს?!”.

ფიქრობს, რომ პარლამენტის წინ ყველა უნდა დადგეს, ვისაც იგივე განცდა აქვს იმ ყველაფრის მიმართ, რაც 2019 წლის 20 ივნისს მოხდა.

ეს დაახლოებით ის ტერიტორიაა, სადაც დათოს 2019 წლის 20 ივნისს თვალში ტყვია მოხვდა.ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, 20 ივნისი მაინც 20 ივნისი იქნება, მაგრამ არ იცის, წლების შემდეგ ამ დღეს როგორ გაიხსენებს.

“სიამაყითაც გავიხსენებთ ალბათ, რომ ჩვენ ვიდექით, როდესაც საჭირო იყო, ჩვენი ვალი მოვიხადეთ ქვეყნის წინაშე, ადამიანებსაც დავუდექით გვერდში და ვეხმარებოდით. ჩემი მოტივიც ეს იყო ღამის 4 საათზე ჩასვლის, რომ ვხედავდი ძალიან უსამართლოდ ექცეოდნენ და ვცდილობდი, ვიღაცას ოდნავ მაინც დავხმარებოდი”

ინტერვიუს ბოლოს დათოს ვეკითხები, როგორ უნდა, რომ ხალხმა გაიცნოს, რა უნდა, რომ უცნობმა ადამიანებმა მასზე იცოდნენ. კითხვაზე ეღიმება და მპასუხობს, რომ ამაზე არასდროს უფიქრია, ამიტომ მკითხველმა თავად გადაწყვიტოს

ონ.ჯი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ჯანმრთელობა და წარმატებები შვილო.

  2. ანონიმური

    რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.