“გიორგი ჯანაშია თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას – კალანდიამ კი 9-10-ჯერ შეცვალა ჩვენება”

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

„მინდა კალანდიების ოჯახის ცილისმწამებლურ განცხადებას ვუპასუხო, როგორც დაზარებულის მიმართ, ასევე გიორგი ჯანაშიას ოჯახის მიმართ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მიხეილ კალანდია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის. ის თავის დროზე ძალიან ბევრჯერ დაიკითხა და მან ყოველ ჯერზე ჩვენებები შეცვალა და საგამოძიებო ორგანო შეცდომაში შეიყვანა. ის დაიკითხა პირველ ინსტანციაში რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სასამართლოში იცრუა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელი შეუშალა. მან კვლავ იცრუა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ გააკეთა ყველაფერი, რომ საქმეზე სწორი და კანონიერი განაჩენი არ გამოტანილიყო. ეს არის ადამიანი, რომლის ბრალიც არის ნაწილობრივ, რომ საქმეზე თავის დროზე არ გამოიკვეთა უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც აინტერესებდა საზოგადოებას და სასამართლოს. ამ ყველაფერის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მათ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, დაზარალებულ მხარეს, ისინი გამოდიან და დავით სარალიძეს, ზაზა სარალიძეს, გიორგი ჯანაშიას ოჯახს აყენებენ შეურაცხყოფას. მიმაჩნია, რომ სულ მცირე უხერხულია მათი მხრიდან მსგავსი მოქმედებები. მათ უნდა შეწყვიტონ სხვა პირების მიმართ შეურაცხყოფის მიყენება, საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და უნდა იდავონ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად. დღეს გაკეთდა რამდენიმე შეურაცხმყოფელი განცხადება გიორგი ჯანაშიას ოჯახის წევრების მიმართ და არ გამოვრიცხავთ, რომ სამართლებრივად დავიწყოთ დავა მათ წინააღმდეგ, თუ ისინი არ შეწყვეტენ მსგავს სამარცხვინო და ცრუ განცხადებებს“

ძალიან უხერხულია, როცა გიორგი ჯანაშიას მხრიდან ჩვენების შეცვლაზე საუბრობს ადვოკატი, რომლის დასაცავმა პირმაც 9-10-ჯერ შეცვალა ჩვენება, გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და იმის გამო, რომ მან გააკეთა ყველაფერი, საქმეზე არ დადგენილიყო ჭეშმარიტება მაშინ როცა ის უმნიშვნელოვანესი მოწმე და ფიგურანტი იყო, საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგა და თავის დროზე ბევრი დეტალი არ გამოიკვეთა. სწორედ ამას მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება. გიორგი ჯანაშია თავისი ფეხით, თავის დროზე ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოს, მან იკისრა თავისი წილი პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით, მან სასამართლოს ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მან ჩვენებები მისცა ასევე საგამოძიებო ორგანოს. გიორგი ჯანაშიამ ყველა კითხვას ამომწურავად და დამაჯერებლად უპასუხა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ამ საქმეზე განხორციელებულიყო ეფექტური მართლმსაჯულება განსხვავებით უამრავი პირისგან, რომლებმაც არ ითანამშრომლეს, სასამართლოს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებმაც არ უპასუხეს უმნიშვნელოვანეს კითხვებს საქმესთან დაკავშირებით. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ გიორგი ჯანაშიამ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა.

მინდა ყველა პირს მოვუწოდო, ვისაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, სიმართლეს ნუ დამალავენ, მხოლოდ სიმართლე ისაუბრონ და ნუ შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ მართლმსაჯულება. მიხეილ კალანდიას ოჯახს კი მოვუწოდებ, შეეშვან შეურაცხყოფების მიყენებას, როგორც მსჯავრდებულების მიმართ, ასევე დაზარალებულის მიმართ და საქმეს პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანენ. იდავონ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.