გერმანიის ერთი რეგიონი COVID-19-ის კვლევით ლაბორატორიად აქციეს – რას ეძებენ მეცნიერები?

გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში მდებარე ჰაინსბერგის ოლქში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, მეცნიერები უპრეცედენტო კვლევას აწარმოებენ, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების მექანიზმისა და მისი შეჩერებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრაა.

უახლოესი კვირების განმავლობაში, ბონის უნივერსიტეტის წამყვანი ვირუსოლოგი, ჰენდრიკ შტრეეკი და მისი 40 სტუდენტი “გერმანიის უხანად” წოდებულ რეგიონში, სადაც ამ დროისთვის დაავადების 1200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, COVID-19-ის კლასტერულ კვლევას ჩაატარებენ.

ისინი ჰაინსბერგში მცხოვრებ 500-ზე მეტ ოჯახს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ყოველდღიურად დააკვირდებიან და კორონავირუსის გავრცელების გზებს შეისწავლიან. მათ შორის, ბავშვებიდან მოზრდილებზე გადაცემის, მობილური ტელეფონებიდან, კარის სახელურებიდან, ჭურჭლიდან თუ ტელევიზორის პულტებიდან, ასევე შინაური ცხოველებისგან ინფიცირების შესაძლებლობებს. კვლევაში მონაწილეობას ათასი ადამიანი მიიღებს.

“კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვეძლება, გავცეთ რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც პოლიტიკოსები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით ხორციელდება, სწორია, თუმცა, მე საპირისპიროს ველი”, – აცხადებს ჰენდრიკ შტრეეკი.

ჰეინსბერგის ოლქში მდებარე ქალაქ განგელტში განლაგებული COVID-19-ის ტესტირების მობილური სადგური. ფოტო: Reuters
ჰეინსბერგის ოლქში მდებარე ქალაქ განგელტში განლაგებული COVID-19-ის ტესტირების მობილური სადგური. ფოტო: Reuters

ვირუსოლოგის თქმით, ჰაინსბერგში შეგროვებული მონაცემების წყალობით, ცნობილი გახდება, როგორ ვრცელდება კორონავირუსი, რაც მის შესაჩერებლად პრაქტიკული გამოსავლის მოძებნაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კვლევა არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.