„გახარიამ დამარწმუნა, რომ ქუჩს მიტინგები და აქციები აღარ იარსებებს და ქუჩიდან ხალხი ვეღარ მოხვდება სიებში…“

„ალია“ ესაუბრება, სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ-ინფექციონისტს ნათია ფირცხალაიშვილს:

-ახლა რას საქმიანობთ, რომ მოვუყვეთ  მკითხველს? როგორც ვიცი, თქვენ ხართ ცნობილი ინფექციონისტის  ქალიშვილი…

-დიახ, დედაჩემი მართლაც ცნობილი ნეირო-ინფექციონისტია, დალი ფოცხიშვილი და მისით ყოველთვის ვამაყობ, დღესაც მუშაობს და თავის საქმეზე შეყვარებულია. თუმცა, ალბათ, მაინც სჯობს, მასზე მისმა პაციენტებმა მეტი ილაპარაკონ, ვიდრე მე. 3 წლის მანძილზე ვიყავი რეზიდენტი ექიმი-ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, შემდგომ აღარ გამიგრძელებია ინფექციონისტად მუშაობა (რიგი მიზეზების გამო, თავს ვიკავებ ამ თემაზე საუბრისგან), ვმუშაობდი  სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებში, სამედიცინო წარმომადგენლიდან კომპანიის დირექტორამდე. ბოლო წელიწადნახევარია, რაც არ ვმუშაობ.

-არის დასაქმების პრობლემა ქვეყანაში?

-კი, არის, კოვიდ-19 პანდემიის დროს, ყველანაირი ვაკანსიები შეწყდა და უამრავი ადამიანია უმუშევარი, მეც უმუშევარი ვარ დღეს, რაღაცნაირად ეს პრობლემა უნდა გადავაგოროთ ერთად და შევუწყოთ ხელი სახელმწიფოს, თუ საჭიროა მივუთითოთ, მოვთხოვოთ, მაგრამ როგორღაც უნდა გადავაგოროთ…

-ალბათ იცით, სხვა ქვეყნებში როგორ მოხდა, სახელმწიფომ იზარალა, ისესხა ფული, მოიძია, მოსახლეობას დაურიგა, საქართველოში კი გვესმის, მოდი, დავეხმაროთ ხელისუფლებას, გვერდში დავუდგეთ და ასე შემდეგ. ბავშვი რომ მყავს მშიერი, ხელისუფლებას გვერდში როგორ დავუდგე, აქეთ უნდა დამიდგეს გვერდში…

-მართალია,თუმცა უშეცდომო არავინაა. მე ვფიქრობ, რომ დაუდგა ხელისუფლება გვერდით ხალხს. მანაც მოიძა გარკვეული რესურსები, რომ იმ 3-4 თვის მანძილზე, მოახდინეს თანხების აკუმულირება, შეადგინეს ეკონომიკური დახმარების პროგრამა – უშეცდომო არავინაა. მე მაგალითად ერთჯერადი კომპენსაცია ჩამირიცხეს, ჩემ ირგვლივ, უამრავ ადამიანს ჩაურიცხეს. რაღაც ნაწილი დაუბრუნდა ისევ თავის სამსახურს, რაღაცა ნაწილი ჯერ ისევ დაუსაქმებელია, კერძო ბიზნესის განვითარებას ჯერჯერობით ხელი ეშლება პანდემიის გამო. ამავე მიზეზით ტურიზმს შეეშალა ხელი, თუმცა ეს არის დროებითი და იმედი მაქვს, მალე გამოსწორდება.

-„ალიამ“ დავასახელეთ არაერთხელ, ვის წარდგენას აპირებს კანდიდატებად „ოცნება“, ბოლო დღეების მანძილზე, ჩვენი ექსკლუზივები  გაიმეორეს თავის ექსკლუზივებად სხვა მედიასაშუალებებმაც, მეტ-ნაკლებად, უკვე ვიცით, როგორი იქნება მაჟორიტართა სია, „ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილი კი უკვე აპროტესტებს ამ სიას – შენ რას ფიქრობ, მოგწონს თუ არა და ასევე, როგორ გგონია, როგორი იქნება „ოცნების“ პარტიული სია? ვის უნდა ველოდოთ ახალ სახეებად და რას შეცვლის შენთვის ეს ახალი სახეები?

-კი, გამოქვეყნდა მაჟორიტარების კანდიდატების სია, იქედან ვინც ვნახე, სერგეენკოს მივესალმები, ძლიერი და ღირსეული ადამიანია, ის, რაც მოხდა სამინისტროში, ეს იყო მის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ იგი ბიძინა ივანიშვილმა გაწირა, მაგრამ არანაირად, ერთგულ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მოიშორებს. იმ სახეებში არ ეწერა და არის საუბარი იმაზეც, რომ ისანში აპირებენ კახა კახიშვილის კანდიდატურის წარდგენასაც, რასაც ორივე ხელით მივესალმები. დანარჩენ კანდიდატებზე არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემი აზრით, მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, არ ვიცი, რამდენად შეძლებენ ეს ადამიანები მაჟორიტარული ოლქების მოგებას.  სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ გამგებლებს, ან მოქმედ მაჟორიტარებს დაასახელებდნენ დეპუტატებად. საკრებულომ, ქალაქის მერიამ და გამგებლებმა, ძალიან მაგრად იმუშავეს და მეგონა, რომ მათ (რამდენიმეს მაინც, თუ ყველას არა) ვიხილავდი მაჟორიტარებში. საბურთალოზე ვცხოვრობ და მეგონა, გიზო ვასაძეს დაასახელებდნენ, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და ენდობა – თუმცა, სერგეენკოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძლიერი კანდიდატი იქნება და საბურთალოზე ადვილად დაამარცხებს ნებისმიერ კონკურენტს.

რაც შეეხება ახალ სახეებს, თუ ახალ სახეებში ვიხილავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც ისწავლეს ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და იქ იყვნენ დასაქმებულები კომერციულ, კერძო სტრუქტურებში, ასეთ ახალ სახეებს მივესალმები – წესიერი, პატიოსანი ხალხი, ზურგს უკან შავი ლაქის გარეშე – ნამდვილად სწორი პოლიტიკური და სტრატეგიული  ნაბიჯი იქნება. თუ ყველა ძველი სახე შეინარჩუნეს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გაუჭირდეთ ასეთ შემთხვევაში უმრავლესობით მოსვლა ხელისუფლებაში. ირაკლი კობახიძე არის ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი, ის განათლებასა და პროფესიონალიზმს აქცევს ყურადღებას და თუ მასზე იქნება სიის დაკომპლექტება მინდობილი – კარგ სიას წარადგენს, დარწმუნებული ვარ.

-თუმცა, ბოლო კვლევების თანახმად, ირაკლი კობახიძე იყო პირველ ადგილზე, ნეგატიურად შეფასებულ პოლიტიკოსებს შორის.

-არ ვიცი, რა კვლევები ჩატარდა, მაგრამ ირაკლი კობახიძის ნეგატიურად დასახელება, ეს არის სპეციალურად აგორებული შავი პიარი, ეს არის უნიჭიერესი ადამიანი, კარგი კონსტიტუციონალისტი, კონსტიტუციას წერს კაცი და კანონპროექტებს…

-კი წერს, მაგრამ, რამდენად სწორად წერს, ეგ არის საკითხავი?

-მე რაც მომისმენია მისი პაექრობა (მაგალითად საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით), მაგალითად უსუფაშვილთან, იმდენად არგუმენტირებულად აყალიბებდა ირაკლი აზრს, იმდენად კარგად საუბრობდა მის დაწერილ კანონპროექტებზე, უსუფაშვილი „ჩასვა“ და დაამარცხა. დავა ყოველთვის და ყველაფერზე შეიძლება, ვერ დავწერთ ისეთ კანონს, რომელიც ყველას მოეწონება. ირაკლი კობახიძე არის ის პოლიტიკოსი, რომელიც კარგად უძღვება თავის საქმეს დღევანდელ მოცემულობაში.

-„ოცნების“ მომხრეები ძალიან ხშირად ლანძღავენ, წერენ წერილებში საჯაროდ მასზე – არ უყვართ და იმასაც ამბობენ, რომ ნამდვილ მებრძოლებს, რომლებიც 2012 წლამდე იბრძოდნენ, ირაკლი კობახიძე არჩია ივანიშვილმა, ის კობახიძე, რომელიც სანამ ისინი იბრძოდნენ, ბუჩქებში იჯდა – პირდაპირ ამ ფორმულერებით ამბობენ.

-მე ვერ დავეთანხმები არ ფორმულირებას, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, ალბათ იმითაცაა განპირობებული, რომ ირაკლი არის ძალიან პრინციპული, ზოგჯერ მკვახეც, მაგრამ, რასაც ამბობს, სიმართლეს ამბობს. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ მას ჩააბარეს „ოცნების“ საარჩევნო შტაბი.

-მის პოლიტიკურ ცხოვრებაში არის შავი ლაქა – „გავრილოვის ღამე“…

-„გავრილოვის ღამე“ ასეთი ფორმულირება ჩემთვის შეთითხნილი ფორმულირებაა, გავრილოვის ღამეზე ნაცებმა აგონ პირველ რიგში პასუხი, ის გავრილოვი, რომელიც სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, 2-3 დღით ადრე იყო ჩამოსული საქართველოში და ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა. 20 ივნისის ღამე არის ის თემა, რომლითაც სპეკულირებს ოპოზიცია, არანაირი გავრილოვის ღამე არ ყოფილა, ეს იყო შეცდომა. ძალიან კარგად იცოდნენ, რას გააკეთებდა გავრილოვი, გავრილოვის იქ ჩაჯდომა და ხოშტარიას შემოვარდნა იმდენად წამებში მოხდა, ეჭვი მეპარება, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული… ირაკლი კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე… ვიხილეთ, რომ იგი იქნება, ლიდერი „ოცნების“ საარჩევნო კამპანიის და იმ გადადგომით კობახიძეს არაფერი დაუკარგავს.

-რატომ ჩაანაცვლა კალაძე კობახიძეთი ივანიშვილმა?

-ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩანაცვლებაა, კი, კალაძე იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, მაგრამ დღეს კობახიძეა საჭირო და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. კობახიძეს შემოთავაზებულია ეს ახალი საარჩევნო კანონი 120/30-ზე და მან იცის, როგორ წარმართოს საარჩევნო კამპანია, ახალი კანონპროექტის პირობებში. ამ პირობებში, ამ ჭკვიანმა ადამიანმა და მის მიერ შერჩეულმა გუნდის წევრებმა (საარჩევნო შტაბის წევრებს ვგულისხმობ) უნდა წარმართონ საარჩევნო კამპანია. ვერც ერთი, „ოცნების“ ლიდერებიდან, ვერ უხელმძღვანელებდა საარჩევნო შტაბს ისე, როგორც კობახიძე.

-2012-იანებს, მათ, ვინც ამბობენ, რომ იბრძოდნენ 9 წლის მანძილზე და განზე გაწიეს, აი, ამ ხალხს არც კი მიაჭაჭანებს საარჩევნო შტაბთან კობახიძე, ეს კარგი იქნება თუ ცუდი?

-კარგია თუ ცუდი, ასე დიფერენცირება გამიჭირდება, ძალიან კატეგორიული კითხვაა. ჩემი აზრით, კობახიძემ ისინი ,,გაწია“ იმიტომ კი არა, რომ მათთან რაღაც პრობლემა აქვს, არამედ თავის შექმნილ სისტემაში (120/30-ზე), იცის ვინ უნდა დაიყენოს გვერდით და ვინ უნდა იყოს მასთან ერთად ხელმძღვანელობის მომენტში და დავალების შესრულების მომენტში- მას აქვს „ტექნიკური ტვინი“ – არაჩვეულებრივად იცის მათემატიკა და ფიზიკა და სვლებსა და ტაქტიკას ზუსტად განსაზღვრავს. ამაზე განაწყენება, არ მგონია, რომ იყოს სწორი.

-ისინი არ არიან განაწყენებულნი კობახიძეზე, ისინი, ამბობენ, რომ ივანიშვილმა არჩია მათ თავს კობახიძე…

-გააჩნია ვინ არიან ეს ადამიანები…

-მაგალითად, „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი.

-გასაგებია, კი ბატონო, თუ დააფუძნა მერაბ შათირიშვილმა, მას, ალბათ მადლობის მეტს არაფერს ეტყოდნენ, მაგრამ ხომ არის დრო ცვლილებების? ხომ არ შეიძლება, ერთი და იგივე სახეები მუდამ? „ქართული ოცნება“ უნდა გადახალისდეს, საარჩევნო სია სრულიად უნდა შეიცვალოს. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მე არ მეწყინებოდა, მაგალითად. ახლა ისეთი მოცემულობაა, ან „ოცნება“ უნდა იყოს, ან იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებმაც ათასი უბედურება მოუტანა ხალხს და ქვეყანას. ამიტომაა აუცილებელი გადახალისება და ამიტომაა ირაკლი კობახიძისადმი ამხელა ნდობა გამოცხადებული. ქვეყანა უნდა შედგეს, პარლამენტში უნდა ისხდნენ არა ბიზნესმენები, არა სპორტსმენები, უნდა ისხდნენ პროფესიონალი ადამიანები, კარგი ეკონომისტები, კარგი ფინანსისტები, კარგი იურისტები, ფსიქოლოგები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და ა. შ.

-რას ურჩევ, როგორც ამომრჩეველი, „ოცნებას“?

-იყოს მეტად ერთგული, მეტად უფრო მომთხოვნი კოლეგებისადმი, შეარჩიონ პროფესიონალი, ღირსეული კადრები, რომლებიც არ მოვლენ ხელისუფლებაში ჯიბის გასასქელებლად და იქნებ, ამ ახალ პარლამენტში, სადაც, ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობით მოვლენ და არ დაუშვებენ „ნაცების“ და „ევრონაცების“ გაპარპაშებას, ერთხელ და სამუდამოდ დააყენონ საკითხი, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარ ვიხილოთ პოლიტიკურ ასპარეზზე ისინი, რომ დებატები მათთან კი არ იმართებოდეს, არამედ სხვა, ახლა, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალასთან. დაიღალა ხალხი, ფსიქიკა შეგვერყა ყველას…

-მართლა გგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას დაუშვებენ?

-2012 წელს რატომ ავირჩიეთ „ოცნება“? გარდა იმისა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც გამოვუცხადეთ სრული ნდობა. ხალხის დაკვეთა რა იყო? „ნაციონალური მოძრაობის“ სრული გასამართლება. ამის ნაცვლად ისინი პარლამენტში ვიხილეთ.

-ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ პორტირებული „ნაცები“ მათი მომხრეები არ არიან, „ოცნების“ მომხრეებიც იგივეს ამბობენ, რომ პორტირებული „ნაცები“ მათიანები არ არიან – და ბოლოს და ბოლოს, ვისი ხალხია, ეს პორტირებულები?

-პორტირებული ნაციონალები, ისევ ნაციონალები არიან, ხვალ რომ ოცნებას ფეხი გადაუტრიალდეს, ისინი ისევ ნაციონალებად დარჩებიან, ისინი იქ არიან ჩანერგილები, მათ გამოაქვთ ინფორმაცია და ძირს უთხრიან ოცნებას, ახლაც ნაცების საქმეს აკეთებენ. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის არჩევისას, პირველ ტურში სახელმწიფო რესურსმა უღალატა სწორედ „ოცნებას“.  ჩანერგილმა ნაციონალებმა ხმა მისცეს გრიგოლ ვაშაძეს. ეგ ზღაპრები, რომ არ არიან მათ მომხრეები, მოუყვნენ ბავშვებს… „ოცნების“ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ჩანერგილი, ვინ არის სანდო და ვინ არა, თუ ჩვენი გადასაწყვეტია, გაგვიკეთონ კითხვარი და ჩვენ ავირჩევთ, ვის ვენდოთ…

-ეკა ბესელია გამოეყო გუნდს და ეგაც ჩანერგილი გგონია? თავიდან ერთად იყვნენ, მერე გარიყეს…


-აი, ბოდიშს ვიხდი მაგრამ, მე მისი საქციელიდან ეგ ეჭვები მიჩნდება… ვინ გარიყა? ეკამ შეცდომები დაუშვა და თავად გაემიჯნა ოცნებას. ეკას ჰქონდა ინფორმაცია და იმედი, რომ მისი ასეთი საქციელი იქნებოდა მხარდაჭერილი, მაგრამ როგორც ვხედავ, ხვალ, ზეგ, შეიძლება საერთოდ ბორტს მიღმა აღმოჩნდეს იმ ოპოზიციაშიც. მან დატოვა გოგიჩაიშვილთან, გედი ფოფხაძესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა და შემდგომ აი, ეს ხალხი, რომლებიც გვეგონა, რომ ოპოზიციურ ბლოკს შექმნიდნენ, ერთმანეთსაც გაემიჯნენ, ასე რომ, მე ვფიქრობ, ეკა ბესელიამ თავისი თავი გაშიფრა.

-მძიმე წელი გვიდგას, ტურისტული ბიზნესი ჩავარდა, პანდემია, არჩევნები, სექტემბერში შეზღუდვები თუ ისევ გაამკაცრა ხელისუფლებამ, ხალხის აგრესია შეიძლება გაიზარდოს, გიფიქრიათ ამაზე?

-როგორ არ მიფიქრია, ყოველ დღე ამაზე ვფიქრობ, პანდემიამ დაგვანახა ის, რომ ეს იყო მსოფლიო პრობლემა, დაიხოცა უამრავი ადამიანი და ეკონომიკური დარტყმა მიიღო წამყვანმა ქვეყნებმა. თუმცა ჩემი ქვეყანა ერთერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ამ პანდემიის დროს ,,უხილავ“ მტერთან ბრძოლაში. ქართველი ხალხი აღმოჩნდა გონიერი და დაიცვა მკაცრი რეგულაციები, ახლა როგორმე გადავიტანოთ უნდა ეს კრიზისი, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სამწუხაროდ. იყო ძალიან დიდი პრესი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, გავხსნათ და რა არის ეს პირბადე  (როგორი მავნებელი უნდა იყო, რომ ამ სიტუაციაში ცდილობდე ხელისუფლების შეცდომაში შეყვანას) და ა. შ. მათ ჭკუაზე რომ გაევლო ხელისუფლებას, დღეს გვექნებოდა სავალალო შედეგები, დიანფიცირება იქნებოდა ძალიან მაღალი… ბრავო ეპიდემიოლოგებს, უნაკლოდ და თავდაუზოგავად იმუშავეს…

-ხო, მაგრამ ხალხი უყურებს, თბილისში პარკი გახსნეს, 200-ზე მეტნი ვართო, პირბადე არ გვიკეთიაო, დისტანცია არ დაგვიცავსო და თბილისელები გვაპატიებენო… როგორც ექიმს, რომ გკითხოთ, როგორ არის, ეს კოვიდი, მარტო უბრალო ხალხს ემართება? მინისტრებს არ ემართება?

-კოვიდმა არ იცის ბრალიანი და უბრალო ადამიანი, ხშირ შემთხვევებში ემართება იმ ადამიანებს, რომლებიც უხეშად დაარღვევენ რეგულაციებს და წესებს, 200 კაცი ერთად არ არის სწორი ფორმა. ეს არის რისკების გაზრდა. დროებით მოვერიდოთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები.

-სამი შედეგი შეიძლება დადგეს არჩევნების, თეორიულად, რა თქმა უნდა: 1. „ოცნება“ მოიგებს, 2. იქნება კოალიცია და 3. „ოცნება“ წააგებს. „ოცნების“მხარდამჭერები ამბობენ, რომ თუ „ოცნება“ კოალიციას დათანხმდება, ქუჩაში გამოვალთ და ორივე პარტიას დავამხობთო, რას ფიქრობ ამაზე და იგივე აზრზე ხართ თუ არა?

-მე ვფიქრობ, რომ ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს და არანაირ კოალიციაზე არ წავა. ვერ ვუშვებ კოალიციური მთავრობის არსებობას. რაც შეეხება გარეთ გამოსვლას, გააჩნია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ გამოდის ქუჩაში და მეორე – თუ მაინც და მაინც კოალიციური მთავრობა გვიწერია, იმასაც გააჩნია, როგორ დაკომპლექტდება და საკვანძო თანამდებობებს ვინ აიღებს, ამიტომ მე წინასწარ ვერ  ვიტყვი იმას, რომ გამოვალ ქუჩაში და ვერც იმას, რომ არ გამოვალ. ისე, გახარიას ხელისუფლებამ დამარწმუნა იმაში, რომ ქუჩის მიტინგები და აქციები პრაქტიკულად აღარ იარსებებს და ის, რომ ქუჩიდან ხალხი ვეღარ მოხვდება სიებში…

-გულწრფელად რომ მითხრა, 2020 წლის არჩევნებში, ხმას აძლევ „ქართულ ოცნებას“ თუ ბიძინა ივანიშვილს?

-ორივეს, მე ასე ვიტყოდი. მისი შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციაა და ერთი მეორის გარეშე აბსურდია. ყველა ვაძლევთ ხმას ბიძინა ივანიშვილის შექმნილ ,,ქართულ ოცნებას“.

თამო კეშელავა, ალია №24

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    neta gaxarias vin ekitxeba

  2. ანონიმური

    აააა, ინფექციონისტი ყოფილა! გახარიამ დაარწმუნა!!!!!!!!! ეს ეხლა უკვე პარლამენტარობა ზე ოცნებობს! ისე, სად პოულობენ ერთი ყალიბის ხალხს! გახარია ნერწყვს ძლივს ყლაპავდა ივანიშვილის გვერდითმჯომი))))))))))))))

  3. ანონიმური

    საინტერესოა, ავადმყოფებს როდის უვლის, ან პოსტავს, ან აკომენტარებს და ცოფებს ყრის, ლანძღავს ყველას და ყველაფერს—–ექიმი???

  4. ანონიმური

    კობახიძე ყოფილა ხერხემალი

  5. ანონიმური

    ამისთანებს რომ აზრს ეკითხებით იმიტომ გვაქვს კარგად საქმე, რეალობას მოწყვეტილი, ოცნების გამარჯვებას უკვე ზეიმობს, რა სასაცილია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.