ბოლო 4 წელიწადში, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, 60-იდან 35 პროცენტამდე შემცირდა

კვლევითი ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელმაც 2019 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გააანალიზა, აცხადებს რომ მეთოდოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს.

13 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიში დანაშაულის სტატისტიკის მიმოხილვით იწყება, სადაც წერია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლიდან ყოველთვიურად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. ნათქვამია ისიც, რომ 2018 წლიდან, სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა, რაც დასახელდა აღნიშნული პერიოდიდან რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

„სამინისტროს მიერ 2018 წლიდან დანაშაულის რიცხვის ზრდის ოფიციალურად დასახელებული მიზეზების გარდა, ერთ-ერთ ფაქტორად ასევე აქტიურად განიხილებოდა წინა წლებში ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოება. მსგავს ვარაუდს ამყარებდა წინა წლებში სამინისტროს მიერ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს“, – წერს IDFI.

„2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს“.

რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ პირველივე სამ წელიწადში, როცა დანაშაულის ზრდა უმნიშვნელო იყო, გახსნილი საქმეები რიცხვმა 7 პროცენტით იკლო – იქნებ, ზუსტად ამიტომ იზრდება დანაშაულის რიცხვი, რომ უფრო და უფრო ნაკლებ საქმეს ვხსნიდით და უფრო და უფრო მეტ დამნაშავეს ვაფარებდით ხელს?

დანაშაულის სტატისტიკა. წყარო: IDFI/შსს

გაზიარება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.