ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიება სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ 4 ივნისს სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს ეხება. ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც.

“პოლიციური მოკვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელი პირთა ჯგუფი, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ. პარალელურად, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ დადგინდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებათა ხარისხიც”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაიაში. 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.