აწიეთ ახლა ერთი ადგილი, ბოდიში მოუხადეთ ინფექციურ საავადმყოფოს

“მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს და თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც შეეძლო, კანონიერი უფლება ჰქონდა, გაეგრძელებინა აქცია და გაფიცვა და არც ერთი პაციენტი არ მიეღო, მერე გენახათ თქვენ პანიკა და მერე გენახათ, რამდენი კლინიკა დაიკეტებოდა – კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტის დანახვაზე”

“რომ არა „ალიას“ პანიკა, არც მეორე დონის უსაფრთხოების ტანსაცმელს ამოაცოცებდა ამირან გამყრელიძე სკივრიდან, რომ არა „ალიას“ პანიკა, ვირუსის ნიშნების მქონე პაციენტები ნიღბების და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაგყავთ!“

„ალია“ მიმართავს აღსრულების სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა სახელმწიფო უწყებას – სასწრაფოდ დაუკმაყოფილოს „ავერსის“ მოთხოვნა და დააცლევინონ ინფექციურ საავადმყოფოს შენობა, რომელიც უკვე წლებია, როგორც “ავერსი” ამტკიცებს, მათ ეკუთვნით!

როდემდე უნდა ელოდოს დაჩაგრული „ავერსი“ მისი კუთვნილი ფართის დაცლას? – დაეხმარეთ, გამოყარეთ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები იქედან…

რა? პაციენტები? რავიცი, როგორც გინდათ, გინდათ დაუტოვეთ „ავერსს“, გინდათ გადაიყვანეთ ნებისმიერ სხვა კლინიკაში – რაში გვაინტერესებს სად წაიყვანთ ინფექციურის პაციენტებს? სადაც გინდათ იქ წაიყვანეთ – მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, როცა ასხვისებდით! ხომ არ გჭირდებოდათ ეს შენობა, სადაც ახლა ინფექციური საავადმყოფოა? ხომ არ იყო სასარგებლო სახელმწიფოსთვის? ხოდა, მიხედეთ ჯანდაცვას ამ საავადმყოფოს გარეშე!

ინგრევა ინფექციური საავადმყოფოს შენობა – საავადმყოფო ვერ გაარემონტებს – „ავერსის“ კუთვნილებაში მყოფ ქონებას, „ავერსი“ არ არემონტებს და სახელმწიფომ უკვე გაასხვისა და…

2012 წელს გაუსხვისებიათ თან…

ისე გაუსხვისებიათ, რომ არ ჩაუდიათ ხელშეკრულებაში ვალდებულება, რომ ამ შენობაში ინფექციური საავადმყოფო უნდა იყოს და არსებობდეს.

ხოდა, კორონავირუსის საფრთხე რომ დადგა, კი გამობრძანდა რიხით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო და განაცხადა – 4 საავადმყოფოა, რომელსაც კორონავირუსით დაავადებული, ან კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტის მიღება შეუძლია, ოთხივე ინფექციური საავადმყოფოა და ქვეყნის ოთხ ქალაქშია განთავსებული, მათ შორის დედაქალაქშიო.

ოთხივე ინფექციური საავადმყოფოა, ხო? სხვას არ აქვს მსგავსი ტიპის ვირუსთან მუშაობის გამოცდილება? სხვაგან არ გვაქვს ე.წ. ბოქსები? უი, რას მეუბნებით, კაცო? ხომ არ გჭირდებოდათ ინფექციური საავადმყოფო, ხომ არ გამოისყიდეთ „ავერსისგან“? ხომ მიყიდეთ „ავერსს“? ხომ მიეცით იმის კანონიერი უფლება, რომ გარეთ გამოეყარა? ხოდა, მიდით, ახლა გამოყარეთ ინფექციური საავადმყოფო იმ შენობიდან, გადააკეთოს „ავერსმა“ როგორც უნდა და ეს პაციენტები კიდევ „ავერსის“ კლინიკაში წაიყვანეთ, ხომ აქვს „ავერსს“ კლინიკები? იქ მოათავსეთ კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტები!

ვითხოვთ, სასწრაფოდ გამოყაროთ გარეთ ინფექციური საავადმყოფოს მაღალკვალიფიციური ექიმები და გადაწყვიტოთ სად მოამზადებთ კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის კლინიკას!

უპს, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე უთხარით, რომ მზად გაქვთ საავადმყოფო დედაქალაქში, სადაც შეგიძლიათ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაცინეტების მიღება შეგიძლიათ, ხო?

ახლა რას ეტყვით ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას? ასეთი საავადმყოფო კი გვქონდა, მაგრამ გავყიდეთ შენობა, დავანგრიეთ საავადმყოფო და მაღალი დონის ექიმებიც უმუშევარი დავტოვეთო? პაციენტები ახლა სად წავიყვანოთ – არ ვიცითო? დედა, რა ცუდი სათქმელია, არა?

კანონი უნდა აღსრულდეს – გამოყარეთ ექიმები! გაათავისუფლეთ ინფექციური საავადმყოფოს შენობა და მიეცით „ავერსს“!“

17-18 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს აქცია ჰქონდათ, სადაც ერთ-ერთი ექიმი ამბობდა: “ავერსმა“ თავის დროზე, საეჭვო ვითარებაში შეიძინა ეს ტერიტორია და ფაქტობრივად, მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს. კომპანია ითხოვს ჩვენს აქედან გაძევებას, გაყრას. გადარაზეს და ჩაგვიკეტეს ადმინისტრაციული კორპუსი. ადმინისტრაციული შენობის გარეშე კი, დაწესებულების მუშაობა შეუძლებელია. საბოლოოდ, იქამდე მივდივართ, რომ შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრი შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს, რაც ქვეყნისთვის უდიდესი ზიანის მომტანია”.

ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის კომენტარი ასეთი იყო:
უკანონოდ დაკავებული ფართი უნდა დაცალონ, რა მნიშვნელობა აქვს, იქ სამედიცინო დაწესებულება იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ. კანონი ყველამ უნდა დაიცვას. ვინმე სხვის ქონებაში უკანონოდ, რომ შეიჭრას, არა მგონია მესაკუთრემ ფართის დატოვება არ მოითხოვოს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ვითვალისწინებით სამედიცინო დაწესებულების მნიშვნელობას და იქ მომუშავე პერსონალს, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იჯარის ხელშეკრულებას ვუფორმებდით, რომელიც იყო სამმხრივი. (ჯანდაცვის სამინისტროსა,ავერსსა” და ინფექციურ საავადმყოფოს შორის). 2018 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულებას ვადა ამოიწურა და ახალი ხელშეკრულება, რომ უნდა გაფორმებულიყო, ჩვენი მხრიდან დაისვა სკითხი, რომ ჩვენი ბიზნესი ვითარდება და გვჭირდება ერთი შენობა იმისთვის, რომ სრულფასოვანი, თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტებით შესაბამისი ლაბორატორია გავხსნათ. მათ ვთხოვეთ, რომ ერთი შენობა დაეთმოთ და გავაფორმებდით ხელშეკრულებას კიდევ ერთ წელზე, გონივრული ვადით, სანამ, სხვა ფართში არ გადავიდოდნენ. ამავდროულად ვითხოვდით, რომ ეთქვათ, როდის დაცლიდნენ ფართს. მათ დღეს დაკავებული აქვთ 8 შენობა და საერთო მოცულობით ეს 7000 კვ/მ-ზე მეტია. ჩვენს მიერ ბოლოს მიცემული ორ კვირიანი ვადა ამოიწურა პირველ იანვარს. მიუხედავად ახალი წლის დღეების გათვალისწინებით, 9 იანვარს მივწერეთ, რომ 13 იანვრიდან უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, აიკრძალებოდა სარეკონსტრუქციო შენობაში სხვა პირების გადაადგილება. 30-ზე მეტი წერილი იქნა გაგზავნილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში. დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ თარიღზე, თუ როდის დაცლიან ტერიტორიას სრულად”

ხოო, იქ უნდა მოვაწყო სრულფასოვანი, თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიაო.
არადა, ყოველთვის მეგონა, რომ „ავერსს“ თავის კლინიკებში უკვე ჰქონდა ასეთი ლაბორატორიები, ანუ, ახლა რა ლაბორატორიებიც აქვს არასრულფასოვანი, არათანამედროვე და არამსოფლიო სტანდარტების ლაბორატორიაა?
კაი, კაცო! რას გვეუბნებით?
ახლა, თუ დიდი ლაბორატორია გინდათ – 7 000 კვ.მ.-ზე გადაჭიმული – ეგრე გეთქვათ დიდი ლაბორატორია უნდა მოვაწყოთო, თორემ, ახლა ამით რას გვეუბნებით, რომ თქვენი ამჟამინდელი ლაბორატორიის ნდობა არ შეიძლება? ვიკითხეთ, ბატონო! თქვენი კომენტარის პასუხად ვიკითხეთ.

როგორც ვნახეთ, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საუბრობდნენ, რომ საეჭვო ვითარებაში შეიძინა „ავერსმა“ შენობა – ახლა კეთილი ინებოს სახელმწიფომ და გამოიძიოს – თუ მართლაც საეჭვო ვითარებაში და საეჭვო ფასად, საეჭვო პირობებით გაიყიდა შენობა – უკან დაიბრუნონ და თუ საეჭვო ვითარება და პირობები არ დადგინდა – მაშინ, გამოისყიდონ!
ან – ახლავე გამოვყაროთ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები გარეთ!
თორემ, რა გამოვა? როცა გვჭირდება ვჩუმდებით, ვამუშავებთ და მერე გამოვყრით? კორონავირუსის საფრთხე რომ ჩაივლის, მერე გამოვყრით?
არა, ბატონებო, თუ მასეა, ახლა გამოვყაროთ და პაციენტები სადაც უნდა იქ წაიყვანოს ამირან გამყრელიძემ!

ჰა, რომელი ითავებთ ახლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას რომ შეატყობინოთ, საავადმყოფოს შენობა, სადაც კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტები უნდა მიგვეყვანა გაყიდული გვქონია და არ ვიცით სად წავიყვანოთ სხვაგანო? ჰა, მინისტრი ეტყვის, თუ ამირან გამყრელიძე? ორივემ უთხარით ერთად, თუ გინდათ და პასუხი გაგვაგებინეთ რა გთხოვთ!

ხო, რაც შეეხება ახლა ჩინეთიდან ჩამოყვანილ სამ მოქალაქეს, რომელსაც სიცხე გაუზომეს და სახლებში გაუშვეს, სახლებში იყვნენ კარანტინშიო – არც ერთ ქვეყანას არ გაუშვია სახლში ჩინეთიდან ჩამოყვანილი მოქალაქე – ორი კვირით ათავსებს კარანტინში პირდაპირ.

იმ ქვეყნებისთვის ცალკე წერს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდაციებს და ჩვენთვის – ცალკე?

უპს, დანგრევის პირას მიყვანილ, გაყიდული შენობაში მყოფ ინფექციური საავადმყოფოს სულ 6 ე.წ. ბოქსი აქვს, სამი მოქალაქე რომ მოეთავსებიათ კარანტინში, კიდევ სამს ახლა ჩამოიყვანენ, ის სამიც უნდა მოეთავსებინათ და ვინმეს რომ ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდეს, სად უნდა წაიყვანონ?

პანიკა არ გვჭირდებაო – გვითხრეს!
როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაგვირეკა და იბობოქრა: – პანიკა არ გვჭირდება მეტროში, თავშეყრის ადგილებში – რომ არ გადათელოს ხალხმა ერთმანეთი და ახლა, როცა ჩვეულებრივი გრიპით ხალხი გეხოცებათ და არაფერს აკეთებთ, ერთადერთი საავადმყოფოს რომ გარეთ აგდებთ, ერთადერთს, სადაც თბილისში კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტების მიყვანა შეგიძლიათ – ვითომ რატომ არ გვჭირდება პანიკა?

რომ არა „ალიას“ პანიკა, არც მეორე დონის უსაფრთხოების ტანსაცმელს ამოაცოცებდა ამირან გამყრელიძე სკივრიდან, რომ არა „ალიას“ პანიკა, ვირუსის ნიშნების მქონე პაციენტები ნიღბების და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაგყავთ!

ახლა სამი მოქალაქე კარანტინში მოთავსების გარეშე გაუშვით სახლი!
ხოდა, მოაწყოს „ავერსმა“ კარანტინი და გაუშვით იქ პაციენტები!

დიახაც, მუდმივი პანიკაა საჭირო თქვენს საკონტროლებლად და მუდმივი ყვირილის გარეშე, უსაფრთხოების წესებს მინიმალურადაც არ იცავთ!

პანიკა არ გვჭირდებაო!
ხო, თქვენ არც ინფექციური საავადმყოფო გჭირდებოდათ!

ხოდა, მიდით ახლა, გელოდებით, გამოყარეთ!
თორემ, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებთან შეხებაში თუ ეს ექიმები უნდა იყვნენ, თუ ინფექციურმა საავადმყოფომ უნდა უმკურნალოს – მერე ვინ გამოგაყრევინებთ?

აწიეთ ახლა ერთი ადგილი, ბოდიში მოუხადეთ ინფექციური საავადმყოფოს ამდენი ნერვიულობისა და შეურაცხყოფისთვის და დაირაზმეთ – ან იმ კაცის და იმ კომპანიის დასაჭერად, ვინც უკანონოდ წაართვა შენობა ინფექციურს, ან კანონიერად წართმეული შენობის დასაბრუნებლად – ან იმის სათქმელად, რომ გონებასთან არ მეგობრობთ.

და მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს და თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც შეეძლო, კანონიერი უფლება ჰქონდა, გაეგრძელებინა აქცია და გაფიცვა და არც ერთი პაციენტი არ მიეღო, მერე გენახათ თქვენ პანიკა და მერე გენახათ, რამდენი კლინიკა დაიკეტებოდა – კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტის დანახვაზე.

პ.ს. წინა კვირაში ერთ კლინიკაში პაციენტმა მიაბოტა, რომელსაც ვირუსის სიმპტომები ჰქონდა – დაფაცურდა კლინიკა, ვერ მიეკარნენ პაციენტს, დარეკეს ინფექციურში, სასწრაფოდ გადააყვანინეს და რასაც პაციენტი შეეხეო, ყველაფერი დაწმინდეს – ხო, ასეა, არ ყოფილა მარტივი კლინიკის გახსნა და ექიმობა!
მერე კიდევ იტყვიან პანიკა არ გვინდაო! პანიკაში თავად ხართ და ჩვენი პანიკა გადაგდების შიშის გამო არ გინდათ, მხოლოდ და მხოლოდ.
ისედაც შეგვიძლია გადაგაგდოთ, პანიკის გარეშე, წყნარადა, მშვიდადა, აუღელვებლადა!

თამო კეშელავა

ალია №5

  •  
  •  

კომენტარი

  1. თ. დოლაქიძე

    ქალბატონო თამო, პათოსში აბსოლუტურად გეთანხმებით და სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს და პაციენტებს! მაგრამ აქვე გთხოვთ, კორექტულად დაწეროთ ტექსტი – ორგანიზაციები, რომლებსაც მოიხსენიებთ, არ არსებობს! არ არსებობს “დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტო”, არსებობს “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”! არ არსებობს “ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია” (არც “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” და, მით უმეტეს, არც “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია”. ეს ზოგადად, ყველასთვის), არამედ არსებობს “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია”. (მედიცინის საკითხებში მომუშავე ჟურნალისტები მეტ-ნაკლებად უნდა გაერკვეთ ტერმინებში: ჯანდაცვა სხვა რამაა და ჯანმრთელობა – სხვა!).

  2. ანონიმური

    ტერმინებში გაერკვევა, ნუთუ მეტი ვერეფერი წაიკითხეთ, ვისი ნათესავი ხართ? ვის შეეხო თქვენიანს ასეთს, რომ ტერმინების შესწორების გარდა სხვა არაფერმა შეგაწუხათ?
    პათოსი კი არა, ღორობას მორჩნენ ყველა!
    იყიდე, გაყიდე- ქარვასლაა?
    თუმცა, ჰო, ქარვასლად აქციეს ქვეყანა ყველამ.
    ღორობას მორჩნენ, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, პატივი სცენ ექიმს, ექთანს, სანიტარს, მედიცინას, თორემ ის აქლემი, რომელსაც ავადმყოფობა ჰქვია, ყველას კარებთან იჩოქებს და ვერ უშველით ფულებიიიიიიი.
    ყველას მივმართავ, ვისაც ეხება- დაუყოვნებლივ გაარემონტეთ ინფექციური საავადმყიფო დს დაუბრუნეთ ხალხს!👹

  3. ანონიმური

    რა მნიშვნელობა აქვს სიტყვების თამაშს, მაგის სწორი ცოდნით საქმის არსი შეიცვლება? ავერსს მადა დაუოკდება? ინფექვიურს ეშველება? ქ ვ ე ყ ა ნ ა ს ეშველება? ბათუმის რესპუბლიკურ საავადნყოფოს ეშველება? არაო, გამყრელიძემ. ა რ ა ო!

  4. ანონიმური

    👍👍👍👍

  5. ეს ჩემი ქვეყანაა

    მაინტერესებს რა თანხა შევიდა ქვეყნის ბიუჯეტში 2012 წელს ინფექციურის გასხვისების შედეგად. ძალიან მეეჭვება იგი რეალური ღირებულების შესაბამისი იყოს. რატომ არ ინტერესდებიან ამ საკითხით ის ადამიანები ვისაც ეს ეხება თუ ე. წ. პრიხვატიზაციის შედეგები არ გადაიხედება?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.