„აუუ, აუუ, ძალიან რთული კითხვაა“… – ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან

ქართული კინოსა და თეატრის დიდოსტატთა უფროსი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი თენგიზ არჩვაძე, მაყურებლის კუმირი და ქალთა გულის მპყრობელი, სცენაზე და ცხოვრებაშიც უტყუარი ადამიანი, 88 წლის ასაკშიც ისე გამოიყურება, რომ ერთი ცნობილი პოეტის ლექსის სტრიქონისა არ იყოს, „დრომ სიბერე ვერ აკადრა“. მის გზასავალს შეიძლება ყოფითი პრობლემებიც ბევრი ახლდეს, მაგრამ მისი არისტოკრატიზმის გამო ამ წუთისოფელში ისე იცხოვრა, რომ ერთხელ არ დაუჩივლია. დიდი ხელოვანი რაზმაძის ქუჩაზე ცხოვრობს ერთ მოკრძალებულ ბინაში. ჟურნალისტს მაქვს იმის უფლება ვთქვა, რომ რიგით მსახიობებს 9 სასახლე აქვთ, ზოგი იქით ართმევს, ზოგს აქეთ ართმევენ, ზოგი კარგავს, ზოგი პოულობს, ზოგიერთები გოშიებივით დასდევდნენ ხან შევარდნაძეს, ხან მიშას, ახლა – ბიძინას. ეს ცხოვრების ამოუხსნელი ლაბირინთია, რომელშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ვართ მოქცეული და ჩვენ მივუყვებით და მივუყვებით ამ დაუსრულებელ დინებას. ბატონი თენგიზ არჩვაძე არავის არ ჰგავს. ის რჩეულთაგან გამორჩეულია. მასთან შეხვედრაზე ოცნებობდნენ მაყურებლები, ჟურნალისტები. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ჟურნალისტებთან და ტელეკამერების წინ საუბარს ძალზე ერიდება, თუმცა მე წილად მხვდა გამონაკლისი ბედნიერება, ეპოქის უშიშარ რაინდს საკუთარ სახლში ვწვეოდი და „ალიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუზე დამეთანხმებინა. დიდი მსახიობი დიდი ხნით არ შევაწუხე და პატარა ინტერვიუ ჩავწერე.

–    ბატონო თენგიზ, პირველ რიგში, გილოცავთ. შევიტყვეთ, რომ ამდენი გოგონას შემდეგ თქვენს ოჯახში ვაჟი გაჩნდა. ერთხელ, თურმე, გიხუმრიათ კიდეც, „დამსკი პარტნოი“ ვარო. სახელი ალბათ თქვენ შეურჩიეთ და საჩუქარიც.

–   ბავშვს დედაჩემის მამის სახელი ნიკოლოზი დავარქვით. საჩუქრად გავუგზავნე ხმალი და წიგნი.

–      ბატონო თენგიზ, დიდი გოეთე ფაუსტის პირით ბრძანებს, სასწაული რწმენის საყვარელი შვილიაო. არჩვაძეობაც რწმენის შვილად უნდა იწამო. სასწაულის დანახვას რწმენა სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ ფენომენს სამი სიდიდე წარმოშობს: დიდი ტალანტი, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და მაღალი ზნეობა, რომელიც ყველა ღირებულებას მოიცავს. თქვენ სამივე ერთად გიბოძათ უფალმა, რაც იშვიათობაა. თანამედროვე მეცნიერება გვერდს არ უვლის გენეტიკის მნიშვნელობას, ამიტომ გავიხსენოთ თქვენი წარმომავლობა. ვინ იყვნენ თენგიზ არჩვაძის მშობლები და წინაპრები.

–     ჯერ ჩემს ბაბუაზე, დავით არჩვაძეზე გიამბობთ. ის 1907 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დროს, მოკლეს სოციალ-დემოკრატებმა. 51 წლის ყოფილა. ბებიაჩემი 27 წლის ასაკში დაქვრივდა 5 შვილით. ბებია, ნატო ბოჭორიშვილი, რომლის სახელი ჰქვია ჩემს ქალიშვილს, 5 შვილს ზრდიდა და ქვრივად დარჩა. აი, ეს სურათი დამრჩა, –  და კედლისკენ მიმითითებს,  – არჩვაძეების სოფელი ზემო ბარია რაჭაში, ონის რაიონში. იქ სახლ-კარი გვქონდა, მაგრამ 1991 წელს, ცნობილი მიწისძვრის დროს დაგვენგრა. მერე დავიწყე მშენებლობა. თავიდან პატარა თანხაც გამომიყვეს. მაშინ რომელიღაც ფილმის ჰონორარიც მქონდა, მაგრამ ვერ შევძელი სახლის აშენება.

–  არადა, თქვენნაირ ხელოვანზე სახელმწიფო მუდამ უნდა ზრუნავდეს…

–    (პასუხად იღიმის და თხრობას განაგრძნობს) მამაჩემი – გრიგოლ არჩვაძე უფროსი შვილი იყო და-ძმებში. ის ლიტერატურის მოყვარული კაცი იყო. ჭიათურაში გაზეთიც კი გამოსცა. შემდეგ ამ გაზეთს რედაქტორობდა კიდეც… ქვრივიშვილის ფსევდონიმით იბეჭდებოდა, რადგან დედამისი ქვრივად დარჩა. მამა შუატანის კაცი იყო, წარმოსადეგი, ძალიან მომხიბვლელი. ლექსებსაც წერდა. იბეჭდებოდა კიდეც. ერთი სიტყვით, არ იყო ურიგო კაცი. სიტყვა-პასუხი არ ეშლებოდა, ნასვამი არასდროს მინახავს. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გოგლა ლეონიძესთან. მეგობრობდა მურმან ლებანიძესთან. სულ მწერლების საზოგადოებაში ტრიალებდა. დედაჩემი კლავდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე დიასახლისი იყო. სამ შვილს გვზრდიდა ომის წლებში. მამაჩემი უმუშევარი იყო და, რაც სახლში გაგვაჩნდა, ყველაფერს ყიდდა, ჩვენ რომ გამოვეკვებეთ. ერთი სომეხი მეზობელი გვყავდა.  იმას მივყავდით ბოდბისხევის ბაზრობაზე და ნივთებს პროდუქტებში ვცვლიდით. ძალიან ტრადიციული ოჯახი გვქონდა. სიმონიკა სხირტლაძე დედის მხრიდან ბიძად მეკუთვნოდა. ის მთელ საქართველოში ცნობილი თამადა იყო, ძალზე განათლებული ინტელიგენტი.

–     ბატონო თენგიზ, თბილისის რომელ უბანში დაიბადეთ?

–    დავიბადე პლეხანოვზე. ქაჩუბის ქუჩაზე, ჩემი ქუჩა კლდიაშვილის ქუჩაზე გადის. კლდიაშვილის ქუჩა მალაკნების ბაზრიდან იწყება. მაშინ მალაკნების ბაზართან ხის თეატრი იყო. იმ ხის თეატრის წინ იდგა იმ ბაბუას სახლი, რომელიც მოკლეს. მე ჩემი მშობლების პირველი შვილი ვიყავი, მერე ჩემი და  ლორა მომდევს, შემდეგ ჩემი ძმა ნუგზარი. მერე გადავედით საბჭოს ქუჩაზე, ილიას სახლ-მუზეუმთან ახლოს. იქ ვცხოვრობდით 30 წელი. სკოლაში კიევის ქუჩაზე დავდიოდი.

–     თქვენი სერიოზული გატაცება იყო ხატვა…

–    კი, ნამდვილად ასე იყო. ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელთ. ავიკიდებდი მოლბერტს და წყნეთისა და კოჯრის პეიზაჟებს ვხატავდი. ჩემი მეგობრების კარიკატურებსაც ვაკეთებდი. ერთ დღეს ცოტა არეულ ხასიათზე ვიყავი, ჩემი ნახატები ეზოში ჩავიტანე და დავწვი. ახლა ვნანობ.

–  ბატონო თენგიზ, თქვენ მარტო ხატვის ნიჭი კი არ გაქვთ, ზედმიწევნით კარგად იცით საქართველოს ისტორია. აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს ერთხელ წამოსცდენია, რომ თუ საქართველოს ისტორიიდან რაიმე კითხვას ვერ ვუპასუხო, თენგიზ არჩვაძეს ჰკითხეთო, მართალია?

–   ალბათ, იხუმრა.

–   თქვენ ფეხით გაქვთ, თურმე, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოვლილი. ჩემს მშობლიურ სამეგრელოზე რას იტყვით?

– ეს ულამაზესი მხარე კარგად ვიცი. როდესაც არქეოლოგი ნაპო ზაქარაია ნოქალაქევში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, მასთან ვიყავი. საერთოდ ფეხით მაქვს შემოვლილი ეს ულამაზესი კუთხე.

–  თქვენი ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით გამორჩეული როლების შესახებ მაყურებელმა კარგად იცის, მაგრამ ბევრმა არ იცის ის, რომ თეატრალურ ინსტიტუტში პირველი კურსის დასრულების შემდეგ სწავლა შეწყვიტეთ და უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარეთ გამოცდები. სულ ხუთებზე ჩაგიბარებიათ. მერე რა მოხდა?

–    მაშინ ნიკო კეცხოველი გაათავისუფლეს რექტორობიდან. უნივერსიტეტში არეულობა იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგანში ფრიადი მქონდა, მაინც გარეთ დავრჩი. სპორტსმენების ლიმიტით და ომში მარჩენალდაკარგულთა შვილები მოეწყვნენ. რაოდენობა შეზღუდული იყო. დიდი მეცნიერი აკაკი გაწერელია, მამაჩემის მეგობარი, მივიდა უნივერსიტეტში საჩივლელად. კომუნისტური წყობის მიმართ ისედაც ცუდად ვიყავი განწყობილი და უნივერსიტეტს თავი დავანებე. ისევ თეატრალურში დავბრუნდი. აკაკი ხორავამ მიმიღო თავის ჯგუფში.

–    როდესაც „პერესტროიკა“ დაიწყო, შემოქმედებითი საზღვრები მოიშალა კინოსა და თეატრში, რატომ დაეცა ასე ხარისხი? მაშინ საბჭოთა ცენზურას აბრალებდნენ. არადა, გაქრა საბჭოთა ცენზურა და გაქრა კინოც. ქართულმა კინომ იმ წლებში დაამტკიცა, რომ ფუძეა ქართული სულიერების და დღეს?

–    დღესდღეობით ჩვენი კინო თითქოს ჩაკვდა. ძალიან უჭირს. თეატრმა კი მაინც ბევრ რამეს გაუძლო. მასაც უჭირს, მაგრამ თავის გადარჩენას მაინც ახერხებს. მჯერა, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

–     ბატონო თენგიზ, საქართველოს მომავალს როგორ ხედავთ?

–     აუუ, აუუ, ძალიან რთული კითხვაა. გრიგოლ ორბელიანს აქვს ერთი ლექსი, თუ გავიხსენე…

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, დიდხანს ვფიქრობდი, ნეტა, რის გახსენება სურდა ბატონ თენგიზს? რას გულისხმობდა? იქნებ იმ დარდსა და ნატვრას, რომელსაც გრიგოლ ორბელიანი გამოთქვამს თავის ლექსში „იარალის“:

„ვინ აღჩნდეს გმირი,

რომ მის ძლიერი

ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?

რომელ მარჯვენით,

ერთისა დაკვრით

უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?

მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,

არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!“

ჰო, მთავარი… ურჩი მუშნი ზარანდიას როლის შემსრულებელი ცხოვრებაში ბავშვივით მორცხვია და წრფელი. ეს რომ ასეა, მისი მეგობარი პოეტი თემურ ჩალაბაშვილი ადასტურებს თავისი ლექსით:

„ხან მკლავი მოგჭრეს, ზარანდიაც იყავი ურჩი,

ამიტომაც მოშურნეებს ვერ გადაურჩი.

სულს მსახურებდი, გადარდებდა არც არა ხორცის,

შემორჩა ქალაქს ამაყი და ბავშვივით მორცხვი“.

„ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა – ყველაფერი ჩემშია. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, ისევ ჩემს სულში დარჩებიან მარადიულად. სიყვარულს ხმაური არ უნდა, არც უხდება. ჩემთვის, ჩუმად, ჩემის ძალითა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია. ყველა ეს სიყვარული – ოქრომკერდის ერთი დიდი და ლამაზი გორგალი ჩვენს ტაძრებში დევს“, – მითხრა დიდმა ხელოვანმა ინტერვიუს დასასრულს.

წინაპართა სურათი

თენგიზ არჩვაძის ბინაში, კედელზე, წინაპრების სურათებთან ერთად კიდია ჩარჩოში ჩასმული სიგელი, რომელიც გვამცნობს იმის შესახებ, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, ბაგრატოვან მეფეთა ტახტის მემკვიდრემ ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონმა თენგიზ არჩვაძეს სამეფო ოჯახის ერთგულებისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, თავადობა უბოძა.

თავადობის სიგელი

ამასწინათ თენგიზ არჩვაძე რუსთავის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ის ასევე ონის საპატიო მოქალაქეა. მე კი დავამატებდი, ბატონი თენგიზ არჩვაძე სრულიად საქართველოს საპატიო მოქალაქეა.  

ნანა სულავა, „ალია“, #24

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ბრწყინვალე მსახიობი და პიროვნება.დღეგრძელობას ვუსურვებ ბატონ თენგიზს.

  2. merabi-3 OMIS VETERANI.

    BAJAGLO, NAMDVILI KARTVELI VAGHKAZI.

  3. ანონიმური

    Esaa kaci namdvili kartvrli vajkaci kaci, jamrteloba batono tengiz. 😍

  4. მარინა

    ჩემი ულამაზესი ქართველი მსახიობი ბატონი თენგიზი,არაჩვეულებრივი სახეების შემქმნელი.დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.🤗🤗🤗

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.