ასაჩივრებს თუ არა EMC მარნეულში კორონავირუსის გამო ქუჩების კურთხევას?

24-25 მარტს ფეისბუქის ანტილიბერალურმა გვერდებმა, ასევე “ქართული მარშის” წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამთა მიქელაძემ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათი მტკიცებით, სარჩელი ეხებოდა მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევას, რაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების და კარანტინის გამოცხადებას გამო ჩაატარეს.

რეალურად EMC-მ სასამართლოს კარანტინის გამოცხადებამდე და მღვდლების მიერ ქუჩების კურთხევამდე თებერვალში მიმართა. შესაბამისად, 23 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მარნეულის ქუჩების კურთხევას ორგანიზაცია ვერ გაასაჩივრებდა. სარჩელი კი რეალურად მარნეულის ბიუჯეტის არადისკრიმინაციულად გადანაწილების საკითხს ეხება.

რეალურად რას ეხებოდა სარჩელი და როდის შევიდა სასამართლოში?

თამთა მიქელაძემ “მითების დეტექტორთან” კომენტარში განაცხადა, რომ მათ სარჩელით სასამართლოს თებერვლის დასაწყისში მიმართეს, ხოლო სარჩელი საფუძველი მარნეულის ბიუჯეტის თანხის განაწილების საკითხს ეხებოდა და მას 23 მარტს მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ მარნეულის ქუჩების კურთხევასთან კავშირი ვერ ექნებოდა.

თამთა მიქელაძის განმარტებით, EMC-მ თვენახევრის წინ მარნეულის მერიის ბიუჯეტის ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც უკვე რამდენიმე წელია მილიონახევარი ლარით ადგილობრივი ეპარქია ფინანსდება. სარჩელში სადავო საკითხია საბიუჯეტო რესურსების არასეკულარულად და დისკრიმინაციულად ხარჯვა. EMC თვლის, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტის რესურსები საჯარო და სოციალური მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს. მაგალითად, როგორიცაა: განათლება, ღარიბებისთვის, მარტოხელა დედებისთვის და სხვა მხარდამჭერის მიმღებ პირთათვის, რაც ამ მუნიციპალიტეტში უკიდურესად სუსტია.

წყარო – მითების დეტექტორი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.