“არ მინდოდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს, ასე დასჯილიყო” – ვინ დააკავეს შაქარაშვილის საქმეზე?

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძა ამ საკითხთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ საუბრობს.

„მე ათასგზის ვახსენე, რომ ცრუ ინფორმაციებით ხდებოდა გზა-კვალის არევა.

ყველას სურდა და დღესაც რამოდენიმე კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური დაინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მკვლელებს დააფარონ ხელი და მათ კონკრეტული ტელევიზიაც ეხმარებათ.

რაც შეეხება მოწმეს არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“

შეგახსენებთ, გურამ ამირხანაშვილმა 5–ჯერ შეცვალა ჩვენება, მირიან ნიკოლაძემ კი “ალიასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ენდობა.

რაც შეეხება დაკავებულს, მის შესახებ პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას:

„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას  და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი  პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად  მოიქცა. დაკავებულის თქმით,  ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ  ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.

ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.  მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.