“არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცი” – რას წერს ღორის ხორცზე მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ისევ სამედიცინო მითების შესახებ

შეიძლება ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს და ამდენ მსჯელობას არც იმსახურებდეს, ზოგს გაუკვირდება, ამ გაგანია პანდემიის დროს რა დროს ეს არისო, უბრალოდ საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების კიდევ ერთი უმარტივესი მაგალითი მინდა მოვიყვანო:

პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ არ ჭამს ღორის ხორცს და დარწმუნებულები არიან, რომ ამით ძალიან უწყობენ ხელს თავიანთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით ხშირია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

გაუგებარია, საიდან მოდის ეს ძალიან მყარად დამკვიდრებული აზრი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ღორის ხორცს რაიმე სპეციფიური მავნებლობა ახასიათებდეს ძროხის ხორცთან შედარებით. ღორის ხორცთან მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ალბათ არის ის, რომ ცხიმიანია, თუმცა არგუმენტად ეს ვერ გამოდგება, რადგან თუ ჩვენ განვიხილავთ კუნთოვან ნაწილს (ანუ „მჭლე“), სატურირებული ცხიმის შემცველობით ძროხის ხორცი აღემატება ღორისას. მეორეს მხრივ, მთელი რიგი ვიტამინების/მინერალების შემცველობით ღორის ხორცს უპირატესობებიც გააჩნია (გარდა რკინისა, რომელიც მეტია ძროხის ხორცში).

ასევე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს) არ უნდა მივცეთ ღორის ხორცი. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში ბავშვთა კვებაში ჩვეულებრივ არის წარმოდგენილი ღორის ხორცი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცის გამოყენება.

დასკვნა კი ის არის, რომ როდესაც რაღაც შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს (ან პირიქით, როდესაც რაღაც პროდუქტის თუ ნივთიერების მარგებლობის გვჯერა), კარგი იქნება, თუ შესაბამის არგუმენტებს მოვიძიებთ. ეს პირველ რიგში ეხებათ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლესაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პაციენტებისთვის თუნდაც ასეთი მარტივი რეკომენდაციების მიცემის დროს და მათი ეს რჩევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.”

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    იცის… თვითონ არის გაზრდილი ღორის მწვადებზე დაბადებიდან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.