არიან თუ არა უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და “ბუღა” პოლიპატიმრები? – ვალერიან ხაბურძანია

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია:

– არიან თუ არა პოლიტპატიმრები უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა?

– ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ ისინი ზუსტადაც.

– რატომ?

– იმიტომ რომ ადამიანი უნდა დაიჭირო მაშინ და იმისთვის, როდესაც ის ამას სჩადის და რასაც სჩადის. როდესაც ერთი კომპონენტიც კი დააკლდება, მაგალითად არ დაიჭერ მაშინ, მაგრამ დაიჭერ მერე, თუმცა დაიჭერ იმისათვის, რისთვისაც დასაჭერი იყო – მაინც პოლიტპატიმარია, თუ ადამიანს დაიჭერ მაშინვე, ოღონდ არა იმისთვის, რისთვისაც უნდა დაიჭირო, მაინც პოლიტპატიმარია. მაგალითად, ალ კაპონეს, ვერაფერი რომ დაუმტკიცეს, გადასახადების დამალვისთვის დააკავეს – ალ კაპონეც კი, ამერიკის საზოგადოების რაღაც ნაწილში იწვევდა თანადგომას, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის დაეჭირა იმისთვის, რისთვისაც დასაჭერი იყო, ანუ მაფიოზობასთვის.

მახსოვს, კინოს სახლთან იმართება მიტინგი, გია ჭანტურია მართავს მიტინგს, ზვიად გამსახურდიას პერიოდია. მაშინ იყო მხედრიონელი, მეტსახელი ჰქონდა „ბუღა“, და ეს „ბუღა“ დაიჭირა გამსახურდიას ხელისუფლებამ – ჭანტურია ხსნის რატომ არის „ბუღა“ პოლიტიკური პატიმარი და ამბობს – როდესაც იჭერ „ბუღას“, იარაღის უკანონო ტარებისთვის და შენ გარშემო ასეთები ბევრია (დასასახელა იქვე) და ამათ არ იჭერ, მაშინ „ბუღა“ არის პოლიტიკური პატიმარი, შენ გამოარჩიე ის, იმის გამო, რომ შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. აქ საუბარია შერჩევით სამართალთან – და მით უმეტეს, წარმოიდგინეთ, როცა ეს სამართალი, არათუ შერჩევითია, დაგვიანებულიც თუა, მით უმეტეს პოლიტიკური პატიმარი ხდება ეს ადამიანი. უგულავასთან და ოქრუაშვილთან, ორივესთან ან ერთი მომენტი იყო დარღვეული – მაშინ არ დაიჭირეს, როცა უნდა დაეჭირათ და ან მეორე – იმისთვის არ დაიჭირეს, რისთვისაც უნდა დაეჭირათ.

ერთმა მკითხა, სააკაშვილმა რომ დაიჭირა ხალხი, ისინი არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრებიო? მათთანაც იყო პოლიტიკური პატიმრობის რაღაც ნიშნები, ბევრი საერთოდ არ იყო კრიმინალი, მაგრამ ერთი მომენტია, სააკაშვილმა ისინი დაიჭირა, როგორც კი მოვიდა, როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდა – სააკაშვილს რომ დაეჭირა ისინი ერთი და ორი წლის მერე, ხელისუფლებაში მოსვლიდან, აი, იქ უკვე მერე მეტად დადგებოდა პოლიტიკური პატიმრების თემა. კონკრეტული კრიმინალი, რა თქმა უნდა, ჩანს, ყველა ამ დაჭერილის ქმედებაში, მაგრამ დარღვეული იყო ორი მომენტი – დაიჭირეს არა მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ და საშუალება გაუჩნდათ და დაიჭირეს არა იმისთვის, რაც დააშავეს.

– რის გამო გამოუშვეს? საქმე 500 მილიონშია?

– მე ვფიქრობ, 500 მილიონით დააშანტაჟეს ეს ხელისუფლება, რომელიც ხვდება, რომ ეკონომიკურ სიტუაციას ვერ ამოქაჩავს და იმწამსვე ბრალად წარუდგენდნენ მერე მაგ მილიონების დაკარგვას. როგორც ჩანს  შეთანხმება იყო ამაზე მიღწეული და გადაგდების მომენტი დადგა. სამწუხაროდ, „ოცნება“  მიეჩვია გადაგდებას. და რითი დაიწყო ეს ყველაფერი? ბიძინა ივანიშვილმა როცა პროპორციულ არჩევნებზე გააკეთა განცხადება, ეს იყო უბრწყინვალესი პოლიტიკური ნაბიჯი პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვისთვის, ასეთი ჭკვიანური პოლიტიკის ხაზით, ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია. განმუხტა სიტუაცია, მერე შეუჩნდნენ, ჩვენ უკვე გვაქვს რეიტინგი, მოვმაგრდით, პროპორციული რომ დავუშვათ მაჟორიტარებს დავკარგავთ და ასე შემდეგ, ყეყეჩების გუნდი რომ ჰყავს კობახიძის სახით, ისინი შეუჩნდნენ. ეს ტიპი, კობახიძე არის პოლიტიკური ყეყეჩი – სადღაც გერმანიაში გაიარა იურისპრუდენცია, ჰგონია რომ ისწავლა, კონსტიტუციონალისტი ჰგონია თავი, მისი მრევლი ჰყავს, რამდენიმე კაცი, ეს მრევლი, ბიძინა ივანიშვილს აბრიყვებს…

– მარტო კაცი არა, ამბობენ, რომ ქალებიც ჰყავსო „მრევლში“…

– სექსიზმი რომ არ დამაბრალოთ, მე კაცი ვთქვი, როგორც ადამიანი… რა მიიღო ივანიშვილმა დღესდღეობით, ფაქტიურად არჩევნები ტარდება ძალიან მიახლოებული პროპორციულ სისტემასთან, `რუსთავი 2~-ის ნაცვლად მიიღო ვალებისგან განთავისუფლებული და უფრო აგრესიული მთავარი არხი და შეეტენა უკვე გამოშვებული და რამდენიმე გამოსაშვები პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილს…

– თუ არ მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება?

– რატომ არ უნდა მიიღონ, ახლა რას იზამენ? ჩააგდებენ? ფორმალურ წინააღმდეგობებს შექმნიან? ფორმალურ წინააღმდეგობებს შექმნიან და დასავლეთის რეაგირება იქნება ისევ მძაფრი. დასავლეთმა ხომ იცის, რომ ის ხუნდაძე მაგალითად, დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტს…  თუ ამას დაუშვებს ისევ ხელისუფლება, ეს ხელისუფლება დაიმთავრებს ვადაზე ადრე თავს, ჩემდა სამწუხაროდ.

– რამდენიმე წელი ჩანდა ისე, რომ არ ვაინტერესებთ ამერიკას, თუმცა, მას შემდეგ საქართველოში ელჩად დანიშნა პირი, რომელსაც აქვს ცხელ წერტილებში სამხედროს ხაზით მუშაობის გამოცდილება, ვითარება შეიცვალა. აპირებს თუ არა 2020 წლის არჩევნების „კონტროლს“ ამერიკა?

– აშშ ის ქვეყანაა, რომელსაც დღესაც ვერ გაურკვევია, რუსები ჩაერივნენ მაგათ არჩევნებში, თუ არა. თუმცა, ამ დროს თავად „ლეგიტიმურად“ ერევიან სხვების არჩევნებში, იმიტომ რომ ეს არის ამერიკა. რაც შეეხება ინტერესს, არ არსებობს პირველი პირის ინდივიდუალური დაინტერესება საქართველოს თემით, მაგრამ რაღაც შრეებში – კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტების დონეზე, ეს ინტერესი ყოველთვის არსებობს – სწორად სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში მიუწვდება ელჩს ხელი და როგორც კი ეს ხაზი გაიბა, უფრო აქტიურად წარიმართა მოვლენები. გარდა ამისა, ძალიან გააქტიურდა ის ჯგუფები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს, ამერიკასთან ურთიერთობებისთვის იყო აქტიური. ბოკერიას ისევ აქტიური სვლები აქვს, სააკაშვილიც შეჩხიკინების და გაფუჭების თვალსაზრისით, ასევე აქტიურად მოქმედებს.

თამო კეშელავა

ალია №17

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    კარგი ანალიზია,ჭკვიანი კაცია,ხანდახან რო არ ჭედავდეს.

  2. იოსები იბესოი

    ქოცებმაც წაიკითხეთ? რა აზრის დარჩით? 🙂

    1. ანონიმური

      მე არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს; ვენდობი მხოლოდ ჩემს თვალებს და ყურებს. ვნახე 9 წლიანი სისხლიანი ნაცრეჟიმი და მათ მიერ დახოცილი, დასახიჩრებული, ქონებაწართმეული, სადისტურად ნაწამები ადამიანები. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის; ეს რეალობაა.
      ქართველი ხალხი 9 წელი სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-ბოკერიას წიხლქვეშ იმყოფებოდა, იმედდაკარგული და პატივაყრილი.
      ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ივანიშვილის მხარდაჭერა.
      ივანიშვილმა დაუშვა მხოლოდ ერთი დიდი შეცდომა, ეს არის კოჰაბიტაცია სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენებთან. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რითაც ქართველი ხალხს იმედი გაუცრუა.
      დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ამერიკის ზეგავლენით მოხდა. რომ არა ეს დიდი შეცდომა, საქართველო დღეს სულ სხვა საფეხურზე იქნებოდა; ერის დამპალი, დემორალიზებული, მოღალატე და ყველაფერზე წამსვლელი ნაცბანდას გარეშე, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.
      ალბათ მიხვდით, რატომ არ დაიჭირეს თავის დროზე; სხვა დიდი, ვითომ კეთილისმყოფელი სახელმწიფოების რჩევის გამო.
      არ არსებობს ძალა და სამართალი ბუნებაში, რომელიც სისხლიანი ნაცრეჟიმის ბატონობას და აღვირახსნილობის გაამართლებს.

      1. ანონიმური

        სრულიად გეთანხმებით

  3. ანონიმური

    კორლეონე არა,
    კაპონე ბატონო უშიშროების ყოფილი მინისტრო.

    1. ანონიმური

      მართალია, პოსტში ალ კაპონეზე ვწერ, ინტერვიუში კორლეონე შეცდომით და უბრალო ასოციაციით გაიპარა …

      1. ვალერიან ხაბურძანია

        mailforzan@gmail.com ვალერიან ხაბურძანია მართალია პოსტში ალ კაპონეზე ვწერ, ინტერვიუში კორლეონე შეცდომითი ასოციაციით გაიპარა, კარანტინ ! 😎😜

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.