“არავის უხარია ცუდი ამბების გადმოცემა, არავის უხარია სიცივეში, სველი ტანსაცმლით, ქუჩაში საათობით დგომა”

“ფორმულას” ჟურნალისტი, ნიკა საჯაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ხშირად ჟურნალისტები ბევრ შეცდომას ვუშვებთ, უაზროდ ვწივით და ერთმანეთს არ ვაცდით კითხვის დასმას – პირველობა გვინდა, ადრენალინი გვაწვება, ხშირად ემოციებს ვერ ვთოკავთ, თითქოს რინგზე ვართ და მეტოქის დამარცხებას ვცდილობთ – ვცდილობთ სულ ჩვენს მხარეს იყუროს რესპოდენტმა, ვცდილობთ შეგვაქონ სამსახურში, დაგვიმახსოვროს აუდიტორიამ, ვიყოთ პირველები და ამ დროს რაღაცეები გვავიწყდება – ეს ცუდია, ეს გამოსასწორებელია და ბევრი რამ სასწავლიც გვაქვს!

მესმის გაბრაზებული მაყურებლისაც, რომელსაც არ მოსწონს ეს ყველაფერი, რომ მოსწონდეს უარესი იქნებოდა, მაგრამ იქნებ ხანდახან თქვენც დაფიქრდეთ რას (გვ)წერთ.

რამდენჯერმე მომხვდა თვალში კომენტარი, “აი საქმე მიეცათ, ნახე როგორ უხარიათ” – გეგონება მართლა გვიხარებს რაც ხდება, გეგონება ჩვენ ოჯახები არ გვყავს ან თავად ვართ რამისგან დაცული. ბევრი ვერ წარმოიდგენს რა ხდება გამორთული კამერის მიღმა, როგორ იცვლებიან “დალაგებული სახეები” ეთერის დამთავრების შემდეგ – რამდენი ინფორმაციის გაფილტვრა გვიწევს, რომ მაყურებელი, მსმენელი, მკითხველი არ შევაშინოთ, არ მოვატყუოთ.

არავის უხარია ცუდი ამბების გადმოცემა, არავის უხარია სიცივეში, სველი ტანსაცმლით, ქუჩაში საათობით დგომა და არავის გვსურს ასეთ დროს, სახლებიდან გამოსვლა.

საშინელებაა ყოველი დილა, როცა ოჯახი წევრები გთხოვენ დარჩე სახლში, წამოხვიდე სამსახურიდან და შენ ისევ თავიდან გიწევს ახსნა, რომ უბრალოდ ამის უფლება არ გაქვს და შენი საქმე, უბრალოდ გიყვარს…

ჩვენც მოკვდავები ვართ, ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ, გვყავს დედები, მამები, შვილები, მეუღლეები, მეგობრები, გვიყვარდება, გვძულს, ვბრაზდებით, ვხალისობთ, გვინდა მშვიდობა, ხშირად გვეშინია, ვტირით კიდეც, გვიყვარს ეს ქვეყანა, ვუშვებთ შეცდომებს,გვიხარია როცა სრულიად უცხო ადამიანები გვაქებენ, ჯანსაღი კრიტიკაც გვიყვარს…

ჩვენ ადამიანები ვართ, ზოგი კამერით, ზოგი მიკროფონით, დიქტოფონით, მობილურით და ფოტოაპარატით ხელში…

მოგვეცით რჩევები, შენიშვნები, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ ნუ გადაგვივლით, ვიღაც ჩვენზეც ღელავს და ვიღაც ჩვენც გველოდება სახლში!
#ყველაფერიკარგადიქნება
#შეცდომებიუნდაგამოვასწოროთ

  •  
  •  

კომენტარი

  1. სასოწარკვეთილი

    პირადად მე, როგორც მაყურებელს, ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ თითოეული კორონიანის პოვნა, თქვენთვის ზეიმია! ისწავლეთ ამ აჟიტირების დამალვა! მოეშვით გიჟივით წივილს, დააცადეთ ერთმანეთს ჟურნალისტებმა, თორე ჩამოაყალიბეთ ქართველი ჟურნალისტის სახე, რომელიც არც თუ ისე კარგი სანახავია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.