ამ ყველაფრის შემდეგ აპირებს „ქართული ოცნება“ “KTW”-ს დამფუძნებლის საარჩევნო სიაში ჩაწერას?!

ბიძინა ივანიშვილს უთქვამს – ,,საარჩევნო სიაში, ისეთი ადამიანები უნდა ჩავწეროთ, საზოგადოება არ გაღიზიანდეს“-ო!
თქვენს პირს შაქარი, ბატონო ბიძინა, მაგრამ რასაც დღეს წაიკითხავთ, მერწმუნეთ თავად გაღიზიანდებით და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენი მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ დააყოვნებს!


მაშ, ასე…


კახეთი! საქართველოს ბეღელი და მარანი! დღეს იგი, სრულ ეკონომიკურ-სოციალურ კოლაფსშია და ამ ფონზე, მართალი გითხრათ ძალიან მესიამოვნა, რომ ყვარელში, თქვენს სავენახე მეურნეობაში დასაქმებულ მუშახელს, თუ მეურნეობის მომსახურე პერსონალს, საკმაოდ მაღალი და რაც მთავარია, სტაბილური ფინანსური შემოსავლის წყარო გაუჩინეთ! ვიცი, რომ ვენახი მხოლოდ რთველი არ არის და მას მთელი წლის განმავლობაში შვილივით გურგური უნდა და ისიც ვიცი, რომ მხოლოდ ყვარლის მოსახლეობა არ არის დასაქმებული და რომ მეზობელი ლაგოდეხის რაიონიდანაც ოჯახიდან ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანი შრომობს, რათა ოჯახის ბიუჯეტში დღიურად საკმაოდ სოლიდური თანხა შეიტანოს! ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ ერთ ოჯახს დღეში 200-300 ლარის შემოსავალიც აქვს და ამის გამო, ვენახების სხვა მეპატრონეები აღშფოთებას ვერ მალავენ ,,ბიძინამ დაგვღუპა, ჩვენ მუშას დღეში 40 ლარს ვერ ვუხდით და ამიტომ მუშახელის პოვნა ძალიან გაძვირდაო!“ ცალკეა აღსანიშნავი თქვენი მეურნეობის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი, რომელიც მხოლოდ თქვენს ვენახებს კი არ იცავს, არამედ მიმდებარე და მოშორებით გაშენებულ, გლეხკაცის ვენახსაც და როცა კი, სეტყვის შავი ღრუბლები შეერთდებიან ,,მიდი ბიძინას“ გაჰყვირიან „ზალპების“ მოლოდინში!


კახეთი დღეს უწყლობით და განუკითხაობით გმინავს! მილიონობით საბიუჯეტო თანხები ისე გაიფლანგა ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში, არათუ 24-საათიანი, არამედ 12-საათიანი წყალმომარაგება არ აქვთ და მეტიც, თუ 2-3 საათი მიეწოდათ, სიხარულით აღარ არიან! ცისტერნებით ყიდულობენ წყალს, რომ საოჯახო საქმე მოითავონ დიასახლისებმა და იცით, რა ღირს 1 ცისტერნა წყალი? 25-30 ლარი, რის საშუალებაც ძალიან ბევრს არ აქვს! ადგილობრივი ჩინოვნიკები, წლების განმავლობაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვას არ იშლიან და მხოლოდ არჩევნების წინ ჩნდებიან ხალხში მორიგი დაპირებებით! ასეა სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სადაც ხალხმა ლამისაა ერთმანეთი დახოცოს წყლის გამო იმიტომ, რომ აღარ დაადგა საშველი სოფლებში წყლის არც რეზერვუარების სათანადოდ მოწესრიგებას და არც ხარისხიანი მილების ჩაყრას მიწაში! მილიონები იხარჯება და წყლის რეზერვუარში ფილტრების დამონტაჟება რა გახდა, მოსახლეობამ ჭია-ღუა, ბაყაყის ფეხისა და ათასი მწერის ნარჩენი რომ არ ნახოს სასმელ წყალში? ამასწინათ სოფელ ვაქირში, რეზერვუარის თავახდილ ნაგებობაში, ციყვის გახრწნილი სხეული ამოიღო მოსახლეობამ და ეს იმ დროს, როცა იმავე ვაქირში მცხოვრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო მირიანაშვილი, მეტსახელად ,,ასხინკალა“ თავისი შვილისა და მეგობრების კომპანიებით ტენდერს ტენდერზე იგებს და ქონში ცურავენ!!!

დიაღ, „ასხინკალა ვანოს“ შვილმა და ვანოს მეგობრებმა ამასწინათ გამოქვეყნებული კვლევებით 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს, რაც ჯამურად 5.375.427.64 ლარს შეადგენს!!! ამავე კვლევებით დადასტურდა ისიც, რომ სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის შვილმა, დავით მირიანაშვილმა 2019 წლის 6 მაისს უპრეცედენტო ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 10 წუთის განმავლობაში 2 ტენდერი მოიგო!

ახლა ვინმე მეტყვის, რომ ეს შემთხვევითია?! ივანე მირიანაშვილი, აგერ უკვე რამდენი წელია, ,,ქართული ოცნების“ რჩეულია და ბატონებო, ამ უბატონო კუთხედ ცნობილ ქიზიყში, ერთ მშვენიერ დღეს, მაგ დასიებულ თავებს რომ დაგაყრევინებენ არჩევნებზე, ნუთუ, არ იცით? ნუთუ, არც ის იცით, რომ ისტორიულ ძეგლების ,,რასტვორით“ შელესვა არ შეიძლება? რომ მიადექით სიღნაღის გალავანს, თქვენ მართლა თქვენი საკუთრება ხომ არ გგონიათ მანდაურობაა?

კაი გავიგეთ რომ გალავნის მიმდებარე მიწები სულ თქვენ საახლობლოზე დაჰყიდეთ, მაგრამ ,,ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო“, არ გაგიგიათ? ქართველმა გლეხმა კაცმა რა დაგიშავათ, მაგ სკამზე არჩევნებით რომ დაგდოთ, მადლობა მაინც უთხარით, წყალი მიაწოდეთ და ღმერთს ახედეთ, რააა? მირიანაშვილოო, შენ ეს ქვეყანა მართლა ჩალით დახურული ხომ არ გგონია? აბა გაიხსენე კახური გამოთქმა – ,,ხან ის არის გრძელი და ხან ისაო“


იქნებ გგონია, არ ვიცით ვინა გყავს ,,კრიშები“, გინდა მანდა და გინდა დედაქალაქში? კვირიკაშვილის კარის მეზობლობაც ვიცი და კიდევ ბევრი რამეც და ისიც ვიცი, როგორ ადიოდი „ბენზოკალონკიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობამდე, გაიგე, ჯიგაროოო? ჰოდა ახლა, არჩევნების წინ, ძალიან რომ გინდა ერთი ვინმე შენნაირის ,,ქართული ოცნების“ სიაში მოხვედრა, არ გამოგივა და თუ მაინც იყოჩაღებთ, მერე ნახე დოკუმენტების დაყრა ,,ალიას“ გვერდებზე, შე წურბელა შენა!


ლაგოდეხი წყალზე დგას და 3 წელი ჯვარს აცვეს მოსახლეობა, თუ გადათხრილ-გავერანებული ქუჩებით, თუ დაბინძურებული შემოგარენით! წყლის პრობლემა ლაგოდეხში არასდროს ყოფილა კი არა, მეზობელ რაიონებს ეხმარებოდა ვეებერთელა არხებით, მოსავალი რომ არ განადგურებოდათ გვალვების დროს! სასმელი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ლაგოდეხის ნაკრძალში სათაო მეურნეობის სარეაბილიტაციოდ, რაიონის მაშინდელი გამგებელი, თავისნაირ თაღლითთა ჯგუფს შემოუძღვა, რომლებმაც ჯერ 4 მილიონიანი ტენდერი მოიგეს და შემდეგ სამუშაოების არაკეთილსინდისიერი შესრულებისთვის მოსახლეობამ აახვევინა! შემდეგი კომპანია 6 მილიონით შემოვიდა და ლამისაა 13 მილიონამდე გაზარდეს თანხა და სამუშაოები მაინც ვერ დაასრულეს სტანდარტების დაცვით! მილების სათანადო სიღრმეში არ ჩადების გამო, დღეს ონკანში ცივი წყლის მაგივრად ცხელი წყალი მოედინება და მკაცრი ზამთრის პირობებში, გაიყინება, რაც მილების დახეთქვას და ქალაქის სხვადასხვა ქუჩების დატბორვას გამოიწვევს!


მაშინდელი გამგებელი, კახა ჯამბურია, ლაგოდეხში ცალი კალოშით ჩამობრძანდა, მისი სახლის ჭიშკარზე გაკრული მცირე ტრაფარეტი კი გვამცნობდა – ,,გიმკურნალებთ ბუასილს და სხვადასხვა დაავადებებს“ და ამ ექიმბაშობას მაშინ ჯამბურიას მამა ეწეოდა!
კახა ჯამბურია, კახი კალაძის ბიძაშვილია და კაცი, რომელიც გამგებლობის დროს თითს თითზე არ ადებდა რაიონის საკეთილდღეოდ, სძულდა ყველას და თითქმის მუდმივ რეჟიმში ადგილობრივების დაცინვის ობიექტი იყო, მოულოდნელად გამგებლობის შემდეგ, ციხეში კი არა, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გახადეს და დღეს ,,ქართული ოცნების“ სიაში ჩასაწერად ამზადებს „მავანი“!!!

ცალკე განხილვის თემაა, წყლის მრიცხველები… ლაგოდეხის მოსახლეობა ყალყზე დგას იმიტომ, რომ უმუშევრობა პიკზეა, ხოლო მრიცხველების დანახარჯი კატასტროფული! ლაგოდეხი უხვმოსავლიანი რაიონია, ყველას აქვს დიდი ბოსტანი, ბაღი და ვეღარ რწყავენ, რადგან ოჯახს მინიმუმ 60-70 ლარის ქვითარი მოსდის!
მილიონერი კაცი რომ საკუთარი სოფლის ერთადერთ სკოლას დაანგრევს, სანაცვლოდ მაგიერს რომ არ აუშენებს და მის ადგილას სახელმწიფო გრანტით, 3 სართულიან საკუთრებას წამოჭიმავს იმას რა უნდა პარლამენტში?

ოზურგეთის რაიონის, სოფელ ასკანის სკოლა დაამთავრეს მსახიობებმა იური ვასაძემ, ვიქტორ ნინიძემ და გიგლა თალაკვაძემ! პროფესორმა მარინა ნაცვალაძემ, ცნობილმა მეცნიერმა ზურაბ ასათიანმა, იუსტიციის მინისტრმა თედო ნინიძემ, ცნობილმა მებაღემ ზურიკელა შევარდნაძემ და სხვა უამრავმა ადამიანმა… სწორედ ის სკოლა დაანგრია ხელისუფლებისგან აგრერიგად ნალოლიავებმა ზურაბ ჩხაიძემ, რომელსაც დღეს საკუთარი კომპანია, ,,კახური ტრადიციული მევენახეობა“ (“KTW”) აქვს მფლობელობაში და, რომელმაც სკოლის დანგრევის შემდეგ ასკანელი ბავშვები ღია ცის ქვეშ მიატოვა, არადა პირობა დაუდია, ავაშენებო! აგერ უკვე რამდენი წელია, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც კომუნისტების დროს აშენებულ, სოფლის საბჭოს ავარიულ შენობაში არიან შეხიზნულები და საჩივარს საჩივარზე აგზავნიან, პარლამენტსა თუ განათლების სამინისტროში – ,,მოგვხედეთ, მცირე მიწისძვრაც კი ნანგრევების ქვეშ მოგვიყოლებსო“! არადა, როგორც გავარკვიეთ, ეს ამბავი დეპუტატებს – კვაჭანტირაძეს და ვოლსკის დაუგმიათ და კომენტარებიც გაუკეთებიათ – ,,გავარკვევთ, შევისწავლით და ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძეს სკოლის აშენებასაც დავავალებთო“!

ყველაზე უცნაური ის არის ამ ისტორიაში, რომ სკოლის შენობის მიწაც და მიმდებარე ნაკვეთებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე კერძო კომპანიის სასახლე როგორ აშენდა თუ არა ლობირება, როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის უმაღლესი პირებისა? ბატონ ზურაბ ჩხაიძეს კახეთში რამდენიმე რაიონში აქვს ათასობით ჰექტარი მიწა და ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ბანერებს, ბევრგან შეხვდებით! ამ რამდენიმე ხნის წინ, გურჯაანის რაიონში მდებარე ლაკბეს ტბის მიმდებარე 1000 ჰექტარი მიწების შესყიდვაც უსურვებია და ადგილობრივი მოსახლეობა თოხებით და ბარებით გამოეკიდა, აქ არ დაგინახოთო! მოსახლეობის შიშით ადგილობრივმა საკრებულომ ვერ გაბედა ზურაბ ჩხაიძისთვის 1 ლარად მიწის გადაცემა და ოფიციალური უარი დოკუმენტურად განუცხადა!


„კოვიდ 19“-ის დროს საკარანტინო ზონები რომ ლამისაა 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრებში მოეწყო, ყველას ახსოვს.. ჰოდა ბატონი ზურაბი, ტელევიზიით გამოვიდა და ბრძანა, კახეთში, ჩემს სასტუმრო ,,ახაშენი ღვინის კურორტის“ სახელმწიფოს საკარანტინო ზონად უსასყიდლოდ გადავცემ, რათა ჩემი წვლილი შვიტანო კორონასთან ბრძოლის წინააღმდეგო! ცოტა ხანში მისმა კომპანიამ ოფიცალური განცხადებაც კი გამოაქვეყნა: “ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, “KTW” ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort& spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად”… ჰოდა ამ უსასყიდლოდ გადაცემაში, სახელმწიფომ რამდენი ათასობით ლარი ჩაურიცხა ,,ქველმოქმედს“ თავად ნახოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ისიც გაარკვიოს ვისი ,,დაკრიშვით“ და სიყოჩაღით მოხდა ასე?


და ამ ყველაფრის შემდეგ აპირებს „ქართული ოცნება“ ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძის საარჩევნო სიაში ჩაწერას? თან ორი დღის წინ ისიც უთქვამს, მე თუ არა, ჩემი ცოლი, ია მაქაცარია ჩაწერეთ სიაში, ქალების ქვოტითო! ეს ის ია მაქაცარიაა, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსობისას მის სახელს სკანდალები რომ უკავშირდებოდა და კულტურის მინისტრობასაც რომ უმიზნებდა ერთ დროს.


კახეთის გუბერნატორს კახელები მეტსახელად ,,უნდილას“ ეძახიან! უნდილა, ნედლს, დუნეს, მოუქნელს და არაფრის მკეთებელს ნიშნავს, თუმცა საქმეში ჩახედული ადამიანები ასე არ ფიქრობენ და ირაკლი ქადაგიშვილს არამხოლოდ კორუფციასა და ნეპოტიზმში, არამედ მსხვილი ბიზნესების ლობირებაშიც ადანაშაულებენ!!! მას ხან ,,ახაშენის ღვინის კურორტზე“ ხედავენ მასპინძლად და ხანაც ლოპოტის ტბის მიდამოებში, მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად!

ნეპოტიზმის ერთ-ერთ მაგალითად კი მოჰყავთ, თუნდაც მისი ნათლულისთვის სპეციალურად შექმნილ ახალი სტრუქტურა, რომელსაც გუბერნატორმა ქადაგიშვილმა კახეთის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახური დაარქვა და უფროსად თავისი ნათლული ბენო (ბენედიქტ) გეგჭკორი დანიშნა, რომელიც აგრეთვე, მისი კარის მეზობელია!
იქნებ ვინმემ მითხრას რა ხეირი მოაქვს ან სპეციალურად ნათლულებისთვის შექმნილ სამსახურებს, ან იმ ტენდერებს, ანდა მუნიციპალიტეტებში მომუშავე, ბიუჯეტის მღრღნელებს, თუკი მათი დამსაქმებელი,,ქართული ოცნება“ კახეთის დედაქალაქ თელავში საპრეზიდენტო არჩევნებს აგებს, არადა, სწორედ გეგეჭკორი იყო თელავში საარჩევნო შტაბის უფროსი, სადაც ვაშაძემ მოუგო ზურაბიშვილს?! ხოლო დანარჩენ რაიონებში შიშით ხსნიდა საარჩევნო ყუთებს, შედეგის მოლოდინში, ვაითუ წავაგეთოო?
რომელი საშვილიშვილო პროექტი განხორციელდა კახეთში და რამდენი თუნდაც ხილისა და ბოსტნეულის საწარმო აშენდა, რომ ხალხს მუდმივი სამსახური და შემოსავალი გასჩენოდაა?

ლაგოდეხის რაიონიდან მთელი საქართველო მარაგდებოდა ბოსტნეულით, ექსპორტზე გადიოდა თამბაქო, აბრეშემი, ეთერზეთები, ტურიზმი ყვაოდა როგორც ლაგოდეხში ისე სიღნაღში, თელავში და სასტუმროს ნომრებს ჩაწყობის გარეშე ვერ იშოვიდი! ახლააა? ახლა, მილიონები ჩაერიცხათ იმ სასტუმროებს, რომლებიც ბობოლა ჩინოვნიკებისა და მათი ,,კრიშებისაა“, ხოლო საოჯახო სასტუმრობი ერთი მეორის მიყოლებით იკეტება ან იყიდება იმიტომ, რომ ბანკების კრედიტები დაფარონ!
იმ ბნელ ეპოქაში, კომუნისტების დროს თუ იყო წყალიც და სამსახურიც, გლეხის შრომაც დაფასებული, მეტიც შრომის გმირები ესხდათ დეპუტატებად, ახლა ამ დემოკრატიის ზეობის ხანაში რატომ უარესდება მშრომელი ადამიანის ყოფა და ხალხის ხმა რატომ არ ისმის საპარლამენტო ტრიბუნიდან? მოწეული მოსავლის ზვინები დგას გზაზე, გლეხის მოყვანილი საზამთროს, ნესვის, ბულგარული წიწაკის, ატმის და სხვა, მაგრამ მყიდველი თითო ოროლა ,,ოპტავიკია“ და რა გააკეთოს ისედაც წელში გაწყვეტილმა კახელმა გლეხმაა? 80 თეთრად რომ შეუფასეთ მოსავალი, რა ხეირი გლეხს, მაშინ როცა აგრერიგად მომრავლებული კერძო კომპანიები, ლამისაა მხოლოდ თავის ვენახებში მოწეულ ყურძენს მოიხმარენ და კახელების უმრავლესობამ მოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯებიც ვერ უნდა დაფაროს?


მოკლედ…. ძვირფასო ბატონო ბიძინა და ,,ქართული ოცნების“ საღად მოაზროვნე მცირე შემადგენლობავ! ამ ბოლო დროს ყველა არჩევნებზე, ბეწვის ხიდზე რომ გადიხართ, ხომ ატყობთ? ჰოდა, წელს კახეთში იმაზე მეტად გაგიჭირდებათ, ვიდრე გგონიათ, რადგან ხალხი დაიღალა ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გასუქებული ჩინოვნიკების ყურებით, მათი სასახლეების ცქერით, მათი ძვირადღირებული ჯიპების გამონაბოლქვით და როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ,,საცა ვიწროა, იქ გაწყდეს, მაგის დედაცო“, ეგრე არ დაგემართოთ, მე გაგაფრთხილეთ!!!
ბოლოს კი, კახეთის გუბერნატორისთვის კოდური სახელწოდებით ,,სიროფი“,
მისი ნათლული გენო გეგჭკორის ფეისბუქ მიმოწერიდან დასქრინულ ტექსტსა და კიდევ ბევრ სხვა ფაქტზე, მკითხველს შემდეგ ნომრებში მოვუთხრობ.

გაგრძელება იქნება

პ.ს.ძვირფასო მკითხველო! ტელევიზიასთან განშორების შემდეგ, ვისაც სააკაშვილის არ შეეშინდა და თავისი კარი გამიღო, გაზეთი ,,ალია“ გახლდათ, სადაც დიდხანს ვიმუშავე! ახლა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ,,დიდ ავიაციაში“ კვლავ დავბრუნდი! კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე! პატივისცემით, ირინე გოგოსაშვილი

557 990 129

ალია №23

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნაციTYანია

    😂😂😂

  2. დათო

    ყოჩაღ,ქ.ირინე!მოყვარეს პირში უძრახეო,თვალები არ აქვთ ასეთ შეცდომებს რომ უშვებენ?!ხალხს მოუსმინონ.

  3. ანონიმური

    სიღნარის რაიონი ზუსტად ვიცი რომ ნაცების და ევრონაცების საყრდენები არიან, მაგრამ ქოცებად იწოდებიან.

  4. ქეთი

    სანამ დროა,მიხედეთ ყველგან მიმობნეულ ნაც დესტრუქტორებს.მერე გვიან იქნება.

  5. 123

    მე მგონი არაფერი არ არის გადაჭარბებული ისეთი სიზუსტით არის აღწერილი ყველაფერი, პირიქით იქნებ აკლია კიდევაც რაღაც . ამ ქადაგიშვილის ხელში კახეთი სულ განადგურდა.ვერსად ამოიკითხავთ ან მოისმენთ სადმე კახეთში რაიმე მნიშვნელოვანი კეთდებოდეს.თელავის მერი ხომ მკვდარზე ”ვენოკია”.მრცხვენია რომ ამათი მხარდამჭერი ვიყავი.სულ ერთ და იმავე წრეზე როგორ უნდა ტრიალებდეს ქვეყანა. წლები მიდის იცვლება მხოლოდ გვარსახელები და მეტი არაფერი.ჩვენი საშველი ალბათ არ არის.

  6. ანონიმური

    უარესის ღირსები ვართ ასეთ ფულის ტომრებს და გაუმაძღრებს გზას ვუხსნით

  7. ანონიმური

    ახლა არჩევნებზე კარტოფილი და ხახვი კი არა ხალხი ისეა გაბრაზებული თითო მანქანა დაურიგონ ხალხს სათითაოდ😆😆😆👍👍👍👍

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.