“ამ პირობას უსრულებს “ოცნება” “ნაცმოძრაობას” და პრინციპში, სწორედ იქცევიან ალბათ, იკითხავთ – რატომ?”

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი  მოვლენების  შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი.


– ბატონო გია, წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილი ისევ გააქტიურდა, კლიპიც კი გადაიღო და იმუქრება, მე დავბრუნდებიო. ორივემ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის ეს მორიგი აქტიურობა, ისევ „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. მისმა მხარდამჭერებმა, უკვე  ხელახლა შემოსძახეს ძველი  და მარადი წინასაარჩევნო სიმღერა – ხმა ჩვენ მოგვეცით, თორემ ხომ ხედავთ, მიშა დაბრუნებას აპირებსო. „ნაცები“ თუ  მოიგებენ არჩევნებს, ის  9 წელი  სანატრელი გაგიხდებათ, მიშა ისეთ დღეში ჩაგყრითო. ამ სააკაშვილმა კიდევ, პირდაპირ უთხრას ხალხს, ხმა  „ქართულ ოცნებას“ მიეცით, თორემ თუ „ნაცებმა“ მოიგეს არჩევნები, დედას გიტირებთო. ეგრე უფრო ეფექტური არ იქნება?


– თუ ძალიან გაუჭირდა „ქართულ ოცნებას“, არც მაგას დაერიდება სააკაშვილი. ეს ხუმრობით და ეს უკვე ძალიან გაცვეთილი თემაა – მიშას დაბრუნება, ჩვენ მოვდივართ… ბიძინა და მიშა ხომ სულ ამ თამაშს თამაშობენ არჩევნების წინ. მიშა ამბობს, მოვდივარო  და ბიძინა იძახის, მგელი მოდისო. არა მგონია, ეს ყველაფერი, ეს უკვე მობეზრებული თამაში, ამომრჩეველზე გავლენას ახდენდეს. ვგულისხმობ,  ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. მათი, ორივეს ამოცანა გასაგებია. ბიძინას ამოცანაა, ამ მგელი, მგელის ძახილით შეინარჩუნოს ძალაუფლება და მიშას ამოცანაა, „ნაცმოძრაობა“ დარჩეს ერთადერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრად და ამ პარტიის ლიდერი თავად არის. ეს ყველაფერი გათვლილია, ისევ და ისევ, ქართულ  პოლიტიკაში ორპოლუსიანობის შესანარჩუნებლად. რეალურად, მიშა თავისი ამომრჩევლის მობილიზებასაც  ახდენს. მათთვის მნიშვნელოვანია მიშას ეს მოწოდება, რომ დაბრუნდება. ასე უფრო გამხნევდებიან, მეტი იმედი გაუჩნდებათ. ბიძინას კი მიშას ეს გააქტიურება სჭირდება, რომ შეაშინოს ის ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ  მოწყვლადია ამ ყველაფრისთვის. ჩვენ იძულებულნი ვართ, ამ  პროვინციულ, მრავალგზის ნანახ  სპექტაკლს  კიდევ ერთხელ  ვუყუროთ. ტრაგიკომიკური  ის არის, რომ ერთი მუდმივად იძახის მოვდივარო და არ ჩამოდის, მეორე იძახის, მივდივარო და არ მიდის.

– სააკაშვილმა ამ კლიპში ბოდიში მოიხადა. ჯერ 8 წლის შემდეგ მოხდილ ბოდიშს რა ფასი აქვს და მერე, ხალხი ისეთი არიფი რატომ ჰგონია, მის ბოდიშს დაიჯერებენ, მიუტევებენ ძველ დანაშაულებებს მაშინ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ისევ მთავარ მრჩევლად ჰყავს და თუ რაიმეს გეგმავს საქართველოსთან მიმართებაში, უპირველესად მასთან ერთად. ვანო მერაბიშვილი დაბრუნდა „ნაცმოძრაობაში“ და ეს პოლიტიკაში დაბრუნებაა, ბაჩო ახალაიასა და ერეკლე კოდუას კიდევ  გმირებს ეძახის,  ერთს პოლტპატიმრად მოიხსენიებს, მეორეს – პოლიტიკურ დევნილად. ბოდიშს, მონანიებას ხომ სათანადო ქმედებებიც უნდა მოჰყვებოდეს თან და თუ საკუთარ პოლიტიკურ  წარსულს, დანაშულებებს ემიჯნები, ჯერ იმ ხალხს უნდა გაემიჯნო, ვისთან ერთადაც ამ დანაშულებებს სჩადიოდი. ასე არ არის?


– ქართული პოლიტიკისთვის ბოდიშის მოხდა, ზოგადად, ნონსესია. ასეთი რამ ხომ ჩვენთან არ ხდება. ჩვენი პოლიტიკოსები მუდამ მართლები არიან და ხალხი მუდამ ტყუის მათთან. გიორგი გახარიას ბოდიში რომ მოვისმინე საპროტესტო აქციაზე, გამიკვირდა და ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური იყო. ჩვენს პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბოდიშის მოხდა სისუსტის გამოვლინებაა, რაც სიბრიყვედ მიმაჩნია. პოლიტიკოსმა საბოდიშოდ არ უნდა გაიხადო საქმე და თუ გაიხდი, მაშინ უნდა მოიხადო  კიდეც. თუ მოიხადეს ბოდიში და ამასაც ცალყბად აკეთებენ. ორი ტიპის ბოდიში არსებობს. ერთია ტაქტიკური, როდესაც მიზნის მიღწევისთვის ფორმალურად იხდი ბოდიშს და გულწრფელი ბოდიში, რომელიც მონანიების ტოლფასია. გულწრფელი ბოდიში ქართული პოლიტიკისთვის უცხოა. ცხადია, გეთანხმებით იმაში, რომ თუ ბოდიშს იხდი და საბოდიშოდ რადგან გაქვს საქმე, წარსულის შეცდომა–დანაშაულებს ემიჯნები. და იმათ რატომ აღარ ემიჯნები, ვინც მაშინ შენი მთავარი დასაყრდენი იყო? მიშას ბოდიში ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი.


– „ნაციონალებმა“ გატეხეს პირობა, როდესაც განაცხადეს, რომ თბილისში, მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში ეყოლებოდათ კანდიდატი და დანარჩენ ექვსში კონკურენციას არ გაუწევდნენ ოპოზიციას. ეს ჯერ კიდევ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში განაცხადეს, ვიდრე ოპოზიცია აირევ–დაირეოდა. „ნაციონალებმა“ ხატია დეკანოიძე დააყენეს ისნის მაჟორიტარად. რატომ გააკეთეს ეს „ნაცებმა“?


– თუ პოლიტიკური ბუღალტერიის თვალსაზრისით ვისაუბრებთ, „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკა აბსოლუტურად მისაღებია. გამომდინარე იქიდან, რომ რეალური ოპოზიციური ერთობა არ არსებობს, ყველა პარტიას აქვს საკუთარი ინტერესი თვითდამკვიდრებისა. „ნაცმოძრაობის“ მთავარი სტრატეგია რაშია? ერთის მხრივ, მას უნდა ოპოზიციური ერთობა, მაგრამ ამასთან, ამ ერთიანობის ლიდერი თავად უნდა იყოს – „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი. ამ ფორმულით აწყობთ მხოლოდ ერთიანობა და არა ისე, როგორც  ხდება გაერთიანებები – ყველას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ეს ვარიანტი არ გამოდის. სხვებიც ითხოვენ სრულფასოვან პარტნიორობას და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ატარებს ფორმალურ ხასიათს და რაღაც ეტაპზე, ეს ყველაფერი იშლება. ჩემი აზრით, ცივი გონებით, ეს სწორია. მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის თბილისშიც, იქნება მეორე ტურები. დიდი ალბათობით, მეორე ტურში გავლენ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები. ყველგან თუ არა, სადაც მეორე ტურები იქნება, იქ მათი კანდიდატები მეტნი იქნებიან, მათ ამის მეტი შანსი აქვთ. ასეთ შემთხვევაში, დანარჩენი ოპოზიცია, რაც არ უნდა იჭიჭყინონ, იძულებული გახდება, მათ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი მეორე ტურში. ამაზე აქვთ გათვლა „ნაციონალებს“. შესაბამისად, პროგრამა მინიმუმი, რომ „ნაცმოძრაობა“ დარჩეს  მთავარ ალტერნატიულ პოლუსად, ასეთ შემთხვევაში, შესრულებული იქნება.  ყველა სხვა შემთხვევაში, ჩნდება საფრთხე იმისა, რომ ეს ორპოლუსიანობა დაირღვევა, გაჩნდებიან სხვა კონკურენტუნარიანი პარტიები, რომლებიც ამ ერთპოლუსიანობას დაარღვევენ. ეს „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს.  მისი ამოცანა ასეთია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობას“ სახელისუფლებო  ამბიცია აქვს, მაგრამ თუ ხელისუფლებაში ვერ მოდის, ურჩევნია „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში იმ პირობით, რომ თავად დარჩეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. ჯერჯერობით, ამ პირობას უსრულებს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და ორივენი კმაყოფილები არიან. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, პრინციპში, სწორედ იქცევიან და მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც ცუდი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი კანდიდატი იქნება ოლქებში, მით უფრო მეტი შანსი იქნება მეორე ტურების. პირველ ტურში რომ კონსოლიდირებული მხარდაჭერით გაიმარჯვებს ოპოზიციური კანდიდატი, ეს ილუზიაა. ეს არ მოხდება, პრაქტიკულად, არც ერთ ოლქში. ოპოზიციური პარტიების ცალ–ცალკე ამომრჩევლის ჯამი  ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მათი გაერთიანების შემთხვევაში,  მათი საერთო ამორჩევლის რაოდენობა იქნება. მაგალითად, „ლელოს“ ამომრჩეველი, არ მისცემს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ხმას არც ერთ შემთხვევაში. ეს ამომრჩეველი იკარგება. ასევე, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არ მისცემს ხმას „ლელოს“ კანდიდატს. შესაბამისად, არითმეტიკა ასეთია: ცალ–ცალკე მათი შედეგების ჯამი უფრო მეტია, ვიდრე ერთიანი ფრონტით გამოსვლის შემთხვევაში მათი მიღებული ხმების საერთო  რაოდენობა იქნება. ფრონტის ხაზი რაც შეიძლება, მეტად უნდა გაშალონ პირველ ტურში და მეორე ტურში კი უნდა მოილაპარაკონ, რომ  ოპოზიციურ კანდიდატებს  დაუჭირონ მხარი.


– ბატონო გია, თქვენსავე ლოგიკას უნდა გავყვე. თქვენ ბრძანებთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ უნდა დათმოს მთავარი ოპოზიციური პარტიის, ცენტრის სტატუსი. არ უნდა  ისეთი პროდასავლური პარტიის გამოჩენა, რომელიც ამ სტატუსს წაართმევს. ისანში კენჭს იყრის გიორგი ვაშაძე, რომელიც  პარტიის ლიდერთაგან,  ერთ–ერთი პირველი წამოვიდა „ნაცმოძრაობიდან“ და დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებულია. გარეგნულად  ასე ჩანს. გიორგი ვაშაძე რომ ჩაძირონ, უკაცრავად და, გააფარჩაკონ, იმიტომ ხომ არ დაუყენეს ხატია დეკანოიძე კონკურენტად? ხომ არ ეშინიათ ვაშაძისა, რომ მომავალში მის გარშემო გაერთიანდებიან პროდასავლური ძალები და დასავლეთისთვის ყველაზე მისაღებს პოლიტიკოსად იქცევა საქართველოში? აქედან უკვე  ერთი ნაბიჯია, რომ  გიორგი ვაშაძე და მისი პარტია იქცნენ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ალტერნატივად.

– არა მგონია, ასე იყოს. გიორგი ვაშაძე საკმაოდ გონიერი პოლიტიკოსია, სერიოზული მონაცემების  ახალგაზრდა და ის უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს სასარგებლოდ ინოვაციური მიმართულებით. ბევრი სასარგებლოს გაკეთება შეუძლია. გიორგი ვაშაძეს, როგორც ნაციონალური მასშტაბის  საჯარო პოლიტიკურ ლიდერად, მე არ განვიხილავდი. ისნის მაჟორიტარული ოლქი რომც მოიგოს ვაშაძემ, ამით რა მტკიცდება? ბევრი არაფერი, ერთ ოლქს მოიგებს და სულ ეს იქნება. მიმაჩნია, რომ ძალიან ღრმად შესვლა განსჯაში ამ მიმართულებით, არ ღირს. გიორგი ვაშაძე რომ დავაყენოთ მძიმე წონოსან პოლიტიკოსებთან ერთ რიგში, ერთ რანგში გავიყვანოთ ისინი, ვფიქრობ, ეს ვაშაძის გადაჭარბებული შეფასება იქნება.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №31

  •  
  •  

2 Comments

  1. romani

    ra gazetic xart is respodentebi gkavt. siafandi da araseriozuli da populisti.

  2. ანონიმური

    👃🖕🖕🖕🖕🖕👊ყლე ხარ ზოგადათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.