“ამერიკელებმა როგორც სააკაშვილს არ დააშვებინეს 2012 წელს არჩევნების გაყალბება – იგივეს გააკეთებინებენ ივანიშვილს”

“ამერიკელები მოსთხოვენ თალაკვაძეს, გასაგებად დააბარებენ ივანიშვილთან, რომ დაანებოს თავი სოლოლაკიდან და ზაფხულობით ურეკიდან ალ კაპონესავით ქვეყნის მართვას”

„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება.

– მინდა “ალიას” ერთგულ მკითხველს შევახსენო ბიძინა ივანიშვილს დაპირება,  ჯერ კიდევ 2012  წლისა, რომ ქვეყანაში შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და ჯერ კიდევ მაშინ დაპირდა ხალხს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მაშინ მოატყუა ხალხი. შემდეგ შარშან, 20–21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაპირდა იგივეს ხალხს ივანიშვილი და კიდევ მოატყუა. სამართლიანის აღდგენასა და მართლმსაჯულების რეფორმას დაჰპირდა ხალხს და აქაც „გადააგდო“. ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური აფერისტი. რამდენჯერაც დასჭირდა, იმდენჯერ „გადააგდო“ ხალხი. რაც ჩამოვთვალე, ამერიკის ხელისუფლება სწორედ ამას ითხოვს ივანიშვილისგან. ასევე, ეუბნებიან, დააასრულე ეგ არაფორმალური მმართელობა, როდემდე უნდა მართო „შუშის სასახლიდან“ მაფიოზივით ქვეყანა, ან დაბრუნდი ოფიციალურად პოლიტიკაში და სახელმწიფო თანამდებობის პირის რანგში მართე ქვეყანა, ან დაასრულე ამ მაფიოზური სტილით მართვაო. ამერიკელთა ყველა მოთხოვნა იყო სამართლიანი. თითო–ოროლა კონგრესმენისა და სენატორის წერილებს წაუყრუეს, ხან „ნაცების“ ლობისტობა დააბრალეს, ხან – „ფრონტერასი“. თუმცა, არ გაჩერდნენ. იმრავლა კონგრესმენთა და სენატორთა  წერილებმა და განცხადებებმა. მათ შორის ისეთებიც არიან, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ოპოზიციას რომ უჭერდნენ მხარს და სააკაშვილს უთხრეს, უნდა წახვიდე ხელისუფლებიდანო. ახლა ამ ხალხის „ნაცების“  მხარდამჭერად გამოყვანა არ გამოდიოდა, ვეღარ ამბობდნენ მათზე, რომ სააკაშილი და გიგა ბოკერია უხდიან ფულს და იმიტომ აკრიტიკებენ ხელისუფლებასო. ამერიკელები ივანიშვილისგან მრავალგზის დანაპირების შესრულებას ითხოვნდნენ, მეტს არაფერს.

სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შენგან რომ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას ითხოვს, ამაში რა არის გასაკვირი და მიუღებელი?

ეს ის ამერიკაა, რომელმაც კი, ბატონო, ხელისუფლებაში მოიყვანა სააკაშვილი, მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე, მას არ მისცეს არჩევნების გაყალბების უფლება, თორემ სააკაშვილი დაიწერდა ხმების 80%–ს. ამ ამერიკის მხარდაჭერით მოვიდნენ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მოვიდნენ და რაც მოსულები არიან, ხალხის მოტყუების მეტს არაფერს აკეთებენ და მარტო ხალხს არ ატყუებენ, ამერიკას ატყუებენ, ევროპას ატყუებენ. ამოუვიდათ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს ყელში და ამოიღეს ხმა, გააკრიტიკეს ხელისუფლება. ხედავენ, რომ დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების გაყალბებას და არც მას აძლევენ ამის უფლებას, როგორც სააკაშვილს არ მისცეს 2012 წელს და კვლავ დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს. დღეს ამერიკაში არიან თალაკვაძე და სხვა დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც იქაურ პარლამენტარებს „ნაცებთან“ ალიანსში ადანაშულებდნენ და მათთან გადაღებული ფოტოებით და მათთან შეხვედრის კადრებით პოზიორობენ. თუმცა, მთავარი ის არის, დახურულ კარს მიღმა რას ეტყვიან ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მათ.


თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ეტყვიან?


– რასაც თავიან წერილებსა და განცხადებებში აფიქსირებდნენ კონგრესმენები და სენატორები. ეს არ იყო მხოლოდ ცალკეული ამერიკელი კანონმდებლების პოზიცია, ეს იყო ამერიკის ხელისუფლების პოზიცია. შარშან, მამუკა ბახტაძეს იგივე არ უთხრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ? ეს საცოდავები, გვიან მიხვდნენ ამას და როდესაც მიხვდნენ, მაშინვე გაექანნენ და ვაშინგტონში ჩავიდნენ. ამერიკელები ივანიშვილს მოსთხოვენ, არ გააყალბოს არჩევნები, არჩევნები ჩაატაროს ოპოზიციისთვის მისაღები, დემოკრატიული სისტემით, მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმა და არა ისე, როგორც აკეთებენ, სასამართლო რომ ჩააბარეს მურუსიძე–ჩინჩალაძის დანაშაულებრივ კლანს. უდიპლომო მთავარი პროკურორი ჰყავდათ და ადგნენ და ეს უდიპლომო შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გაამწესეს. ახლა არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილ ირაკლი შოთაძეს უპირებენ უკან, მთავარ პროკურორად დაბრუნებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში, ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევებს ესწრებოდა, როგორც მხარე. აი, ამ სიმახინჯეებს ბოლო უნდა მოეღოს. ამერიკელები მოსთხოვენ თალაკვაძეს, უკეთ დააბარებენ ივანიშვილთან, რომ დაანებოს თავი სოლოლაკიდან და ზაფხულობით ურეკიდან ალ კაპონესავით ქვეყნის მართვას. ან, წავიდეს საერთოდ პოლიტიკიდან, ანდა დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ამ პოსტის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ჩაერიოს ხელისუფლების მართვასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ გააკეთებს ამ ყველაფერს ივანიშვილი? მაშინ ძალიან ცუდად დაამთავრებს, დარჩება საგარეო მხარდაჭერის, მოკავშირეების გარეშე და ძალიან არ მინდა, რომ მან ისევე ცუდად დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს მმართველობა. ადამიანია მაინც და არ  მინდა მას რაიმე ავი მოეწიოს. წავიდეს და დაასრულოს ეს მარაზმი, ეს ერთი კაცის ფეოდალური მმართველობა. რა დავაშავეთ საიმისო, რომ ბიძინა ივანიშვილის კბილის ექიმი გვყავს ჯანდაცვის მინისტრად, მანამდე მისი გულის ექიმი გვყავდა. მისი პირადი დაცვის უფროსი  ხან შს მინისტრია  და ხან სუს–ის უფროსი, მისი პირადი დაცვის კიდევ წევრი სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურის უფროსია, მისი ბიზნეს–კომპანიის მთავარი ბუღალტერი ინფრასტრუქტურის და რეგიონების მინისტრი, ბანკისა და ფონდის მმართველები პრემიერ–მინისტები იყვნენ… ეს არ დაუმსახურებია ქართველ ხალხს, რომ ერთი ბიზნეს–ჯგუფის, „ქართუს“ კადრები მართავენ ქვეყანას. ეს არის ხალხის შეურაცხყოფა. ეს ხალხი არ სჭირდება ამ ქვეყანას მმართველებად. ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე მუშაობს უცხოეთში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჩამოიყვანოს ეს ხალხი, ჩააბაროს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სხვა სამინისტროები და მერე იქნება პროგრესი, ეს უცხოეთში ნამუშევარი. ნოვატორი, თანამედროვე იდეების მქონე  ხალხი სჭირდება ამ ქვეყანას მინისტრად, სხვა საკვანძო პოსტებზე და არა ივანიშვილის სტომატოლოგები და პირადი მცველები, რომელთა ურთიერთობაც ივანიშვილის მიმართ, ბატონყმურს ვერ გასცდა.


– ერთი ეგეთი, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, გიორგი ქობალია დანიშნეს ეკონომიკის მინისტრად, მაგრამ მალევე მოხსნეს, რადგან ქობალია არ მოერგო ივანიშვილის მართვის კლანურ, მაფიოზურ სტილს.


– ქობალიას ეგონა, მართლა საქმის გასაკეთებლად, ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად ჩამოიყვანეს საქართველოში. როდესაც უთხრეს, შენით ვერაფერს გააკეთებ, რასაც და როგორც ივანიშვილი გეტყვის, მარტო იმას და ისე გააკეთებო, ადგა და წავიდა. არ სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც ივანიშვილისა და უჩა მამაცაშვილის კომპანიებს არ მოაგებინებენ ტენდერებს, კონკურენტულ გარემოს შექმნის ეკონომიკაში. მონები სჭირდება და რა დღე დააწია ამ ხალხმა ქვეყანას, კი ვხედავთ. სფერო არ არის, სადაც წინსვლა გვქონდეს, ყველგან რეგრესი და უკუსვლაა და უარესის პერსპექტივა.


– „თი–ბი–სი“ ბანკში ფულის გათეთრების საქმეზე, რომელშიც მთავარი ფიგურანტები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან, ყოველდღიურად, უჩვეულო ტემპით იმართება სასამართლო პროცესები. ამას კინაღამ ან საქმეში ერთ–ერთი ბრალდებულის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის სიცოცხლე შეეწირა. 70 წლის მოხუცს, რომელსაც სიმსივნე აქვს და 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, გული აწუხებს და 4 სტენდი აქვს ჩადგმული, დიაბეტი აქვს და ინსულინზეა დამოკიდებული, თან დღეში ინსულინის 3–4 ნემსს იკეთებს, ყოველდღე სასამართლოში დაატარებენ და თან იცის, რომ შესაძლოა, მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ და სასამართლო დარბაზიდან ციხეში გაუშვან. ავთანდილ წერეთელმა ვერ გაუძლო ამდენ სტრესსა და დატვირთვას და სახლში, აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვნა მისმა შვილმა, ახლა კი კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობს. ეს რომ სააკაშვილის დროს მომხდარიყო, იტყოდნენ, კაცს შეგნებულად იმეტებენ სასიკვდილოდ ეს ჯალათებიო და დღეს, ეს საცოდავი „ქოცები“, ამას ნორმად და სამართლიანად მიიჩნევენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ სასამართლოს სხდომების ეს რეაქტიული ტემპი იმას მიანიშნებს, რომ არჩევნებამდე კი არა, ვიდრე გამოზაფხულდება, საპროტესტო აქციები დაიწყება, მანამდე უნდა ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ნეიტრალიზება, ციხეში ჩასმა, რომ მათი პარტიის მოსალოდნელი აქტივობა გაანეიტრალოს? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არჩევნებამდე თუ მათ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და „ლელო“
ლიდერების გარეშე დარჩება.


– სასამართლოში არის საქმეები, რომელთა სასამართლო სხდომები რამდენიმე თვეა არ გამართლდა. გნებავთ სისხლში, ადმინისტრაციულში თუ სამოქალაქოში. მარტო პოლიტიკური ელფერი რომ ასდის, იმ საქმეებს განიხილავენ დაჩქარებული წესით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს შეუქმნან სამართლებრივი პრობლემები და ესენი მარტო ხაზარაძე და ჯაფარიძე არ არიან. რასაც შენ ვარაუდობ, ეგ საფუძვლიანია. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დასასრული. ფაშისტებივით იქცევიან უკვე. სააკაშვილის რეჟიმი უკვე ძირგამომპალი იყო, ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილმა ჩემი, შენი და სხვათა მრავალწლიანი ბრძოლა გამოიყენა, მოვიდა ხელისუფლებაში და მერე, პირველი რაც გააკეთა, მოიგონა ეს კოაბიტაცია და გააძლიერა „ნაცმოძრაობა. „ქართული ოცნება“ უკვე არაფრით განსხვავდება „ნაცებისგან“. იმავე მეთოდებს იყენებს პოლიტიკური ოპოზიციის, ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინააღმდეგ, რასაც „ნაცები“ იყენებდნენ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ესენი ყველას გასწირავენ, ავთანდილ წერეთელსაც და სხვებსაც. მამუკა ხაზარაძესაც, ბადრი ჯაფარიძესაც და სხვებსაც გაუშვებს ციხეში ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ ხელისუფლება არ დაკარგოს. რა თქმა უნდა, ეშინია მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტიის, „ლელოს“ აქვს რესურსი და პარლამენტში აუცილებლად მოიპოვებენ მანდატებს. ლოგიკურია, ივანიშვილს სურს მამუკა ხაზარაძის განეიტრალება, მისი პოლიტიკური აქტივობის შესუსტება ქუჩაშიც, საპროტესტო აქციების დროს და არჩევნებზეც. რა გამოუვა ამ საქმიდან, ვნახოთ, მაგრამ უკან არ იხევს და ეს ფაქტია. ავთანდილ წერეთლის მიმართ სასამართლო სისტემის ეს არაადამიანური დამოკიდებულება კმარა ამის დასტურად. ბიძინა ივანიშვილი რაზეა იცი წამსვლელი? არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა თუ ვერ მოიპოვა, ის შეეკვრება მისთვის ყველაზე მიუღებელ ძალას, შექმნის კოალიციას  და დარჩება ხელისუფლებაში. აი, „ნაცებით“ ხომ აშინებს ხალხს და ხომ ამბობს, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, „ნაცები“ მოვლენ და ისევ ჯოჯოხეთურ ყოფაში გაცხოვრებენო? „ნაცები“ რომ დათანხმდნენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას, მაგაზეც წავა ივანიშვილი, თუ გაუჭირდა, მაგრამ „ნაცები“ არ წავლენ მაგაზე. ეშმაკსაც შეეკვრება ივანიშვილი, ოღონდ  ხელისუფლება არ დაკარგოს.


– თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ისე  დახურეს, ამ ახალგაზრდის მკვლელობისთვის არავინ დასჯილა. სუს–ის განცხადებით ისე გამოდის, რომ ის ტერორისტებთან იყო კავშირში, რისი მტკიცებულებებიც არ არსებობს ან როგორც იტყვიან, ეს მტკიცებულებები თითიდან არის გამოწოვილი. სუს–ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ თბილისი  ტერაქტებს გადაურჩა. ახმედ ჩატაევისა  და მისი დაჯგუფების წევრთა სპეცოპერაციისას ლიკვიდაციას გულისხმობს, თითქოს მე შემომეპარა საქართველოში ცალხელა და ცალფეხა ჩატაევი თავის ამფსონებიანად, მე მივიტანე მათ ბინაში იმდენი იარაღი და საბრძოლო მასალა, 17–18 საათი რომ ისროდნენ, თითქოს სუს–ი არ არის ამაზე პასუხისმგებელი. ამ სპეცოპერაციამ კიდევ ცალკე სხვა, უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა. არავინ არ უნდა აგოს პასუხი მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის? „თეთრი ძაფით“ შეკერილი საქმე ამას ჰქვია ზუსტად.


– გახსოვს, 2006 წლის „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დროსაც ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს? მაშინ, დაახლოებით 50 სპეცრაზმელი დამიზნებით ესროდა გაჩერებულ მანქანას, ეს ორი ბიჭი მოკლეს და მერე გვიმტკიცებდნენ, რომ ყაჩაღობა აღკვეთეს, თურმე ეს ბიჭები საყაჩაღოდ მიდიოდნენ. დღეს, ამ სპეცოპერაციის დამგეგმავები ციხეში არიან. აი. ზუსტად ეგრე მოუწევთ იმ ხალხს, ვინც მაჩალიკაშვილი მოკლა. ვანო მერაბიშვილი ციხეში რომ ჩაჯდებოდა, ეგონა ვინმეს? მაგას არავინ ფიქრობდა. იგივე მოელით გახარიას, გომელაურს, სუს–ის სხვა ხელმძღვანელებს თუ ყოფილ ხელმძღვანელებს, ვინც ამ სპეცოპერაციას მეთაურობდნენ თბილისიდან, ვინც პანკისში იყო, მოჰკითხავენ ამ საქმის პროკურორს ყალბ მტკიცებულებზე აგებულ საქმეს, იმ ექსპერტებს, „მტკიცებულება“ – ხელყუმბარა რომ ააფეთქეს  და სხვებსაც. გოგაშვილსაც ეგ მოელის და ბევრს კიდევ. შეიცვლება ხელისუფლება და ამათ ყველაფერს მოჰკითხავენ. ყველა „შეკერილ საქმეს“ გახსნიან. თუ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ გაიქცევა, ამათ ზურგზე მოიკიდებს და ისე წაიყვანს, ძალიან ცდებიან. მალხაზ მაჩალიკაშვილი გაიმარჯვებს, რადგან მართალი კაცია და სიმართლე, ადრე თუ გვიან, ყოველთვის იმარჯვებს.


ისე საუბრობთ, რომ დარწმუნებული ხართ, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს და ახალი ხელისუფლება გვეყოლება შემოდგომაზე.


– უკვე იმდენად ეზიზღება ხალხს ბიძინა ივანიშვილი, რომ გასცდა სააკაშვილის ზიზღის დონეს და რა შანსი აქვს გამარჯვებისა? 8 თვეღა დარჩე არჩევნებამდე და არანაირი რესურსი აღარ გააჩნია, რომ ვითარება სათავისოდ შეცვალოს. ერთადერთი გზა დარჩა, არჩევნების გაყალბება, მაგრამ ამის უფლებას ხალხი არ მისცემს. თუმცა, ივანიშვილი რომ წავა, ეგ კარგია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ერთი მევახშე მიდის და მეორე მოდის.  


და ვინ მოდის? მამუკს ხაზარაძე?


– ამ ეტაპზე მთავარი ის არ არის, უმრავლესობას მოიპოვებს თუ არა. პარლამენტში რომ მოხვდება, ეს ხომ ნაღდია? შესაბამისად, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში იქნება რაღაც დოზით? ხალხმა ერთი ხმაც არ უნდა მისცეს მამუკა ხაზარაძეს, ისევე როგორც ივანიშვილს. ორივე მავახშეა, ორივენი ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრდნენ. თუმცა, მაინც მიიღებს მამუკა ხაზარაძე ხმებს, ეგეც დაარიგებს ფულს, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, იყიდის ხალხს.  მაგის ბანკისთვის, ხალხის მიერ პროცენტებად გადახდილ ფულს დაარიგებს. 2000 წაართვა და 20 ლარს მისცემს. ეს ჩვენი საზოგადოების ბრალია, იმ ხალხისა, 20 და 50 ლარად რომ იყიდებიან. 50 ლარს აიღებენ, 1 კვირა ჰყოფნით ის ფული და მერე რა იქნება 4 წლის მანძილზე, არ აინტერესებთ. შვილებს მომავალი როგორ უნდა გაუყიდო? აიღებენ ამ 50 ლარს, მერე 4 წელი გაჰყვირიან, გვშია, გვიჭირს, ხელისუფლებამ მოგვხედოს, არ ვარგა ეს ხელისუფლებაო. ეგ ხელისუფლება არ იყო, 8 წელი რომ გაშიმშილა და ისევ მაგათ და მაგნაირებს აძლევ ხმას? მერე რატომ გიკვირს, არაფერი იცვლება და ისეც იმ გაჭირვებაში ცხოვრობ? ამ არჩევნებზე მაინც უნდა დაფიქრდეს ხალხი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №5

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ივანიშვილს არ ჭრდება გაყალბება ისედაც ბევრ ხმას დააგროვებს

  2. ანონიმური

    რა სისულელეებს როშავ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.