“ალიას” და საზოგადოების მოთხოვნა დაკმაყოფილდება – ღატაკ ოჯახს გადამოწმებისას საარსებო მინიმუნი აღარ შეუწყდება

როგორც იქნა, “ალიას” არაერთი წერილის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ კანონის მიხედვით, ბაღდათში დაღუპული ოჯახის მამისა და ბებიისთვის, სოციალური დახმარება უნდა შეეწყვიტათ – რადგან, ოჯახის წევრის გარდაცვალებისას, მას შემდეგ, რაც წარადგენ გარდაცვალების მოწმობებს, ერთი თვის ვადაში იწყება ქულების ხელმეორე დათვლა და მთელი ამ პროცესის დროს – გიჩერდება სოციალური დახმარება, გამოდის – კუბოს ფულს გიჩერებს, ან გართმევს სახელმწიფო – გააჩნია, რა იქნება ახალი ქულა – მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება.

მთავრობა დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ უამრავი ოჯახი, გადამოწმების პერიოდში – შიმშილობდა. სამწუხაროდ, ესეც ისევ და ისევ ბაღდათის დაღუპული ოჯახის მაგალითზე დაინახეს ყველაზე მკვეთრად.

წარმოდგენაც გვიჭირს, რამდენი ადამიანის ცხოვრება დაამძიმა, რამდენი ადამიანის სიცოცხლის, არსებობის უფლება შეიწირა კანონის ამ ერთმა პატარა მუხლმა!

მადლობა, საზოგადოებას, რომელიც ჩვენთან ერთად ითხოვდა კანონში ამ მუხლის ცვლილებას.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა . ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.