15 ივლ 2017 21:44 1430

„ქართული მარში“ პეტიციას აქვეყნებს

გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში პეტიციას აქვეყნებს:

„ საქართველოს მთავრობას საქართველოს პარლამენტს .. ჩვენ, 2017 წლის 14 ივლისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე გამართული ქართული მარშის მონაწილენი: ვაპროტესტებთ უცხოელი მოქალაქეებისაგან ქართველ მოსახლეობაზე, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ძალადობის და ქართული კულტურის ძეგლების შეურაცხყოფის მომრავლებულ ფაქტებს. ვაპროტესტებთ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასიური და კომპაქტური დაფუძნების ფაქტებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, რასაც შეუძლია რამდენიმე წელიწადში სრულიად შეცვალოს ეთნიკური სურათი და ქართველი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდეს. ვაპროტესტებთ და მიგვაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და არალეგალების უკონტროლობაა. მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან: მაქსიმალურად გამკაცრდეს უცხოელი მოქალაქის მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების წესი; გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები და შესაბამის საკანონმდებლო მუშაობაში ჩაერთოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი. მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცროს კონტროლი არალეგალებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს უცხოელ მოქალაქეთა პერიოდული შემოწმებები ქუჩებში და იმ დაწესებულებში, რომლებშიც ხორციელდება კრიმინალური საქმიანობა. მოვითხოვთ ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის, მათი სატელიტებისა და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. მოვითხოვთ, ხელისუფლებისაგან პეტიციის ჩაბარების მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში გააკეთოს განცხადება, რომ დაიწყებს მუშაობას ყველა ზემოჩამოთვლილი მიმართულებებით და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელებისათვის ერთი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული მარშის მონაწილენი უფლებას ვიტოვებთ, გავიმეოროთ ქართული მარში უფრო რადიკალური ფორმით.

,,ქართული მარშის'' მონაწილეების სახელით, საორგანიზაციო ჯგუფი: გიორგი კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, კონსტანტინე მორგოშია, რამაზ ნოზაძე ,ჯუბა კირვალიძე,ნიკა დარსაველიძე, გიორგი გიგაური, ზაზა დავითაია, მიხეილ ცილიკაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, რამაზ გაგნიძე , ალეკო თეთრაშვილი,სოსო ჯაგაშვილი, კახა იოსელიანი, გიორგი ჭელიძე, იოსებ ხიმშიაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, მერაბ სოხაძე, გიორგი ბერეჟიანი, ზაალ შარიქაძე, გუჯა ბიძია. 14 ივლისი, 2017 წ. თბილისი.“