04 ოქტ 2019 19:21 21742

რა ამბავი დაუმალეს ივანიშვილს და რომელი მინისტრი შეეწირება ამ ფაქტს?

 

 

 

 

 

"კახეთში თუ რთველი ჩაატარეს უხმაუროდ, შიდა ქართლში ვაშლის მოსავალზე არ გაიღეს ხმა, სამეგრელოში - თხილს წაუყრუეს და იგივე ელის ციტრუსსაც"

 

როგორც იქნა, ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ზომებია მისაღები და ბაზარზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ორიოდე თვის წინ გამოტანილი 40 მილიონიდან, 32.8 მილიონი გაიყიდა და მაშინ ლარმა ვარდნა ცოტა ხნით შეწყვიტა, ახლა კი პრევენციის მიზნით მოხდა დოლარის გაყიდვა და წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ეს თანხა სრულად აითვისეს. ანუ, მოხდა ის, რასაც ადრეც ვწერდით - ლარის ვარდნა გაგრძელდა და ეროვნულმა ბანკმაც ზომები მიიღო, თუმცა, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს დროებითი შეჩერებაა, ანუ ინფლაციის ხელოვნური დაჭერა და ახლა ფინანსთა სამინისტრო ახალი წლის იმედზეა. მოგეხსენებათ, ახალი წლის წინა დღეებში ლარი მოთხოვნადი ხდება და შესაბამისად მყარდება. ამიტომ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დარწმუნებული ვარ, ლარი უახლოეს ორ თვეში გამყარდებოდა, მაგრამ...

 

 

ლარის გამყარება გამორიცხულია. ახალი წელი ვარდნას შეაჩერებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალუტა ქვემოთ წამოვა. ნაახალწლევს კი, გაუფასურება იმდენად დიდი ტემპით დაიწყება, ეროვნულ ბანკს ბაზარზე ისევ მოუწევს ათეულობით მილიონის ჩაშვება, თუმცა რაც დრო გავა, დოლარის გაყიდვა სულ უფრო მეტად გახდება საჭირო და საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკი ვეღარ მოახერხებს ბაზრის დაკმაყოფილებას, - გვეუბნება ექსპერტი.

 

თუ გახსოვთ, ჩვენ პურის ფასის გაძვირებაც დავაანონსეთ, რაზეც ხელისუფლებამ ამაყად და ხმამაღლა განაცხადა, გამორიცხულია, პურის ფასმა მოიმატოსო. მოგეხსენებათ, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის გაუქმების შემდეგ, რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ვეღარ ხერხდება, მარაგიც ნელ-ნელა იწურება და ვითომც არაფერი, ხელისუფლებამ ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვა მოხსნაა. 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის შემოტანა ტრაილერებით ისევ შესაძლებელი იქნება და ათასობით ტრაილერი საქართველოს მიმართულებით უკვე დაძრულია. ახლა მთავარი ის არის, რამდენად მოახერხებს რუსული მხარე ლარსის გამშვებ პუნქტზე ოპერატიულად მუშაობას, ქართულ მხარეს კი ლარსზე პრაქტიკულად საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული, რადგან ხორბალი ქვეყანაში უპრობლემოდ შემოვიდეს. ამასთან ერთად, მოსალოდნელი უამინდობის გამო, ლარსის მიმართულებით უკვე გადასროლილია რამდენიმე ათეული ტექნიკა, რომელმაც გზის გაწმენდა უნდა უზრუნველყოს და ქართულმა მხარემ რუსეთს უკვე მიმართა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენივე ხარჯებითრუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებსაც მოვაგვარებთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ პური არ გაგვიძვირდეს.

 

 

ზოგადად, ბოლო კვირაში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა შეინიშნება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ზალკანიანისა და ლავროვის შეხვედრაზე, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. აქ საუბარია იმაზე, რომ ქართულმა მხარემ აღნიშნული შეხვედრა ერთადერთი მიზნით ითხოვა - რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აღადგინოს და ეს ჯერჯერობით მხოლოდ ტვირთებს შეეხება. თავად განსაჯეთ, ბოლო მონაცემებით, ყველაზე დიდი იმპორტიორიცა და ექსპორტიორიც საქართველოსთვის რუსეთი იყო და ბოლო კვარტალში იმპორტი თურქეთმა ჩაანაცვლა, ანუ რუსეთს რამდენიმე მილიონით გაუსწრო, თუმცა თურქეთი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ხორბლის შემოტანას.

 

 

 

წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც მარტივად ვერ ხერხდება. ხელისუფლებას აღარ აინტერესებს ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების აზრი, ის მაქსიმალურად ცდილობს, როგორმე ლარი ისე არ გაუფასურდეს, რომ დოლართან მიმართებაში 4.0 გახდეს. 3.0-ზე საუბარი აღარ არის, მარტივი ლოგიკით, აღნიშნულ ნიშნულს ეროვნული ვალუტა მაქსიმუმ ორ კვირაში გადალახავს და ეროვნული ბანკის მიერ გამეტებული 40 მილიონი უბრალოდ ამ ვარდნას ნაწილობრივ შეაჩერებს, თუმცა გამორიცხულია, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია უბრალოდ არ შემოდის, ლარს რამე ეშველოს. ხელისუფლება თანახმაა ნებისმიერი, ვინც თუნდაც 100 ათასს ჩადებს ქართულ ეკონომიკაში, ინვესტორად გამოაცხადოს და სასათბურე პირობები შეუქმნას. მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა უკვე მიიღეს განკარგულება, რომ სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობები საჭიროების შემთხვევაში ერთ ლარადაც კი გადასცენ უცხოელებს, ოღონდაც მათ რამე გააკეთონ და ამ რამეში მინიმუმ 100 ათასის ინვესტიცია იგულისხმება, - გვეუბნება ექსპერტი, რომელიც არ მალავს, რომ მმართველი გუნდის შიგნით პანიკაა და პანიკა სწორედ იმ დასკვნებს ეფუძნება, რომელიც ეროვნული ვალუტის გრძელვადიან მდგომარეობას ეხება.

 

 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უხმაუროდ ჩაატარა რთველი (თუ გახსოვთ, ადრე რთველი მთავარი ეკონომიკური მოვლენა იყო), რადგან ეს ამბავი რომ გაეშუქებინა, გაირკვეოდა, რომ ღვინის ქარხნებმა ყურძენში ძალიან ცოტა გადაიხადეს და რაც მთავარია, არ ჩაიბარეს ყურძენი, რომლის შაქრიანობა 21%-ზე ნაკლები იყო. საშუალოდ, კახეთში ყურძნის შაქრიანობა 19-დან 20%-მდე მერყეობს და ვარაუდობენ, რომ ქარხნებმა 21% სწორედ ამიტომ დასვეს. მათაც უნდა გავუგოთ - რუსეთთან არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მეღვინეებს მთავარი ბაზარი დაეკეტათ და ისინი იძულებული არიან, ყურძნის ახალ შესყიდვაზე უარი თქვან, რადგან საცავებში ადგილი უბრალოდ არ არის. ამასთან ერთად, ყველა დიდმა ქარხანამ რამდენიმე წლის წინ საკუთარი ვენახი გააშენა და ისინი მოსავალს უკვე იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხნები საკუთარი ყურძნით მუშაობენ და ახლა გლეხები იძულებული გახდებიან, ან ვაზი გაჩეხონ, ან ვენახები იმავე ქარხნებს ჩალის ფასად მიჰყიდონ.

 

კახეთში თუ რთველი ჩაატარეს უხმაუროდ, შიდა ქართლში ვაშლის მოსავალზე არ გაიღეს ხმა, სამეგრელოში - თხილს წაუყრუეს და იგივე ელის ციტრუსსაც. ანუ, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის გარეშე, ქართული პროდუქციის გასაღების პერსპექტივა პრაქტიკულად განულებულია და ახლა ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა ჩრდილოელ მეზობელს ნებისმიერ ფასად, ურთიერთობის აღდგენა დასტყუოს. ეს კი მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები გაგვიბრაზდებიან და მომავალი წლისთვის საქართველოში გრანტებად წამოსასვლელი თანხები გადაიხედება, თუმცა იქეთ მხარეს საუბარი რამდენიმე მილიონზეა და რუსეთის მხრიდან დაწესებულმა ემბარგომ, მილიარდ დოლარიანი ზარალი უკვე მოგვაყენა.

 

 

რუსეთმა ეკონომიკურ მარწუხებში მოგვაქცია და რაც დრო გადის, მკაფიოდ ჩანს, რომ საშველი არ ჩანს. იმავე ზალკანიანმა ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლებს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. ამიტომაც, მოხდა შეხვედრა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის,-გვეუბნება ექსპერტი და ადასტურებს, რომ უხალოეს მომავალში (საუბარი 2-3 კვირაზეა), ანალოგიური შეხვედრა ისევ შედგება.

 

 

და ერთიც - ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თვე გაგრძელდა მოლაპარაკება ებრაელ ინვესტორებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. საუბარი იყო ჩვენთან რეგიონში უპრეცედენტო სამედიცინო კლინიკის მშენებლობის შესახებ და ამ საქმეში 250 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. საბოლოოდ შეთანხმება ვერ მოხერხდა და როგორც გვეუბნებიან, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ებრაელ ინვესტორებს გარკვეული პირობები წაუყენეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებით(?!) იყო შენიღბული, რეალურად კი დამატებით ხარჯებს გულისხმობდა, რომელიც კონკრეტული ადამიანების ინტერესებს უნდა მოხმარებოდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიღაცები საავადმყოფოს ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილის დათმობას ითხოვდნენ (ანუ პარკინგი ფასიანი უნდა ყოფილიყო და ეს ფული ებრაელების არ იქნებოდა), ვიღაცები კვების ობიექტებისა და საავამდყოფოს ტერიტორიაზე განსათავსებელი აფთიაქების ქსელს კურირებდნენ, ვიღაცამ საავადმყოფოსთვის ავეჯის შეტანა მოითხოვა და ისე გამოვიდა, რომ ებრაელებს დამატებითი ხარჯების გარდა, მოგების სოლიდური ნაწილიც უნდა დაეკარგათ. როცა ეს პროექტი ჩავარდა, ბიძინა ივანიშვილს მარტივად უთხრეს, რომ მხარეებმა უბრალოდ ვერ მოილაპარაკეს, მაგრამ როგორც გვითხრეს, ივანიშვილი ახლა თავად არკვევს, რა მოხდა რეალურად და რის გამო არ განხორციელდა ინვესტიცია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკასა და კონკრეტული მიმართულებითსამედიცინო ტურიზმისგანვითარებაში დიდი როლი უნდა ეთამაშა. ჰოდა, ახალ წლამდე ეკონომიკური გუნდის რომელიმე მინისტრის თავი რომ გაგორდეს, არ გაიკვირვოთ.

 

 

 

ანი დვალიშვილი

ალია №35