11 ივლ 2017 16:33 1142

„ეს არ არის მცოცავი ოკუპაცია, არავინ არსად არ მოცოცავს“

„ტერმინი "მცოცავი ოკუპაცია" არის არსებითად არასწორი. ეს ტერმინი გულისხმობს, რომ რუსეთი ასე ბანერ-ბანერ წინსვლით ისაკუთრებს იმ ტერიტორიებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქციის ქვეშ დარჩა. ანუ "მცოცავი ოკუპაცია" ნიშნავს იმას, რომ რუსებმა ომის შედეგად მიტაცებულ ტერიტორიებს კიდევ მიუმატეს რაღაც ტერიტორიები ბანერის უბრალო ჩარჭობით.

რეალურად კი საქმე ასე არ არის. რეალურად რუსეთი ახდენს სამხრეთ ოსეთის ბორდერიზაციას (საზღვრის გავლებას) დანარჩენ საქართველოსთან და ამაში ხელმძღვანელობს საბჭოთა კავშირის დროინდელი კარტოგრაფიით. სხვათა შორის, ამასვე ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. ბანერების ჩარჭობაც და მავთულხლართების გავლებაც ხდება იმ საზღვარზე, რაც საბჭოთა კავშირის დროს გამოცემულ რუკებშია აღნიშნული ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ყველა ამ ტერიტორიის ოკუპირება მოხდა 2008 წლის ომის დროს. ბანერის ჩარჭობა ამ შემთხვევაში ოკუპაციის ფაქტის ვიზუალიზაციაა და არა ახალი ტერიტორიის მითვისება.

არის ეს პროვოკაცია? რა თქმა უნდა, არის! არის ეს მტრული ქმედება რუსეთის მხრიდან ? რა თქმა უნდა, არის! საჭიროა თუ არა ამაზე მკვეთრი და სისტემატური რეაგირება? რა თქმა უნდა, საჭიროა! იმსახურებს თუ არა ხელისუფლება მწვავე კრიტიკას ამ ფაქტისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო? რა თქმა უნდა, იმსახურებს! მაგრამ ეს არ არის მცოცავი ოკუპაცია, არავინ არსად არ მოცოცავს იმის იქით, ვიდრე ომით მოცოცდა ამ ცხრა წლის წინ (ბოდიში ცხრაწლის ხსენებაზე, სხვანაირად არ გამიგოთ.  უბრალოდ გასაკვირია, მთელი მასმედია და სამოქალაქო საზოგადოება რატომაა აყოლილი ამ ნარატივს. გაცილებით სწორი იქნება თუ ვიტყვით "ოკუპაციის დაკანონების მცდელობას", "უკანონო ბორდერიზაციას" და არა "მცოცავ ოკუპაციას".

P. S. ისე, ასეთი ელემენტარული ამბავიც რომ ჩემი ასახსნელია და ეს ხელისუფლება ამდენი წელია თავს ვერ აბამს საზოგადოების ინფორმირებას ამ აქტუალურ საკითხზე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.“ - წერს დავით ზურაბიშვილი.