11 სექ 2019 21:45 366

ირმა ინაშვილი 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან აქციას აანონსებს

 

“პატრიოტთა ალიანსი” 15 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას აანონსებს.

განცხადება ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე 10 სექტემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის, მის კოლეგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ელოდებოდა რეაგირებას, თუმცა, ამაოდ. ინაშვილმა აღნიშნა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა იცრუა, როცა თქვა, რომ ირმა ინაშვილს არ იცნობდა, რადგან მათ შორის შეხვედრა ჯერ კიდევ 2010 წელს გაიმართა. დეპუტატის თქმით, გუშინდელ კონფერენციაზე კრამერი მას ხელით შეეხო, რაც მიუღებელია.

“ამერიკის მოქალაქეს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. ბატონი კრამერი რომ გვარად კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი. ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ამის უფლება არ აქვს არც რუსს, არც ამერიკელს და არავის”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილი ითხოვს, დევიდ კრამერს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.

ასევე, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ დაიწყოს დისკუსია ნატო-ში გაწევრიანების ისეთ მოდელზე, რომლის მიხედვითაც, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

“მზად ვართ, ძალაში შევიდეს შემოთავაზებული მოდელი, მაგრამ მოგვცენ გარანტია, რომ ეს მოხდება 2-3 თვეში და ეს იქნება იგივე ფორმატში, რა ურთიერთობაც ისრაელს აქვს ამერიკასთან და ომის შემთხვევაში ამერიკის არმია იცავს ისრაელს. მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდება და ჩვენ კიდევ წლებს  დაგვაკარგინებენ ლაყბობაში და ამასობაში გვაღიარებინებენ, რომ სოხუმი და ცხინვალი არაა ქართული ტერიტორია. ეს არის სააკაშვილ-ბოკერია-კრამერების ავანტიურა და საქართველოს ახალ ომში ჩათრევის მცდელობა”, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსს” 15 სექტემბერს დაგეგმილი ჰქონდა შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ ამის ნაცვლად 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბებიან.

“ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილის გამოჩენას გუშინ, 11 სექტემბერს, ხმაური მოჰყვა.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ობიექტივის” ჟურნალისტი და ღონისძიების ორგანიზატორები. ინაშვილი კი, რომელიც კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არ არის, აცხადებს, რომ როგორც პარლამენტის ვიცესპიკერს, სრული უფლება აქვს, დაესწროს კონფერენციას.

დევიდ კრამერმა მოითხოვა, მათ შეეწყვიტათ არეულობა და მედიას დარბაზი დაეტოვებინა.

ნეტგაზეთი.