22 ივლ 2019 17:10 541

იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ - ადვოკატი

 

 

იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ადვოკატის მტკიცებით ნათლად ჩანს, როგორ არასათანადოდ ექცევა მედპერსონალი სუსლიაკის ბავშვებს.

ადვოკატის განცხადებით, მან ეს კადრები ფსიქოლოგებს აჩვენა და მათთან კონსულტაციები გაიარა.

„ვიდეოები, რომელსაც ვასაჯაროვებ, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული ჩანაწერები. ეს ვიდეოები დევს საქმეში 22 სიდი დისკის სახით. როცა მტკიცებულებები გადმოგვეცა, ჩემს მიერ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ 25 აპრილის მასალა იყო დაზიანებული. დამატებითი საჩივრების წერა დამჭირდა იმისთვის, რომ 2019 წლის 25 აპრილის მასალები მენახა. ამ დისკების მიღების შემდეგ ვნახე, რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კორიდორში ბავშვებს როგორ ეპყრობიან არასათანადოდ. მე ეს კადრები ვანახე ფსიქოლოგს და მომეცა ასეთი კონსულტაცია, რომ ბავშვები არ არიან საუკეთესო პირობებში ჩაყენებული და მათი ინტერესები არ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ადვოკატის მტკიცებით, იულია სუსლიაკს უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში აეროპორტშივე დააკავებდნენ.

„უკრაინაში ქართველ სამართალდამცველებს დალაგებული აქვთ უკრაინულ მხარესთან ურთიერთობები, რათა ეს სიბინძურეები რამენაირად გაამართლონ. ამ სპექტაკლს იქ ჩაატარებდნენ. საქართველოზე უარესი მდგომარეობაა იქ ზოგიერთ სფეროში. ქართველი სამართალდამცველების თხოვნას ისინი შესანიშნავად შეასრულებდნენ, ჩაატარებდნენ ამ სპექტაკლს, დააკავებდნენ იულია სუსლიაკს, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ იტყოდნენ, ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ და საქართველოში არავითარი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი პროკურორების მხრიდანო,“ - განაცხადა ადვოკატმა.