22 ივლ 2019 16:11 1879

«მოგვხედეთ! გველებით, ბაყაყებით, ხვლიკებით სავსეა ჩვენი კარმიდამო... გუშინაც მოვკალი ჩემს ეზოში გველი... “

 

ხელისუფლების დაუდევრობით, უგულისყურობითა და მოსახლეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების შედეგად საშინელ სიბინძურეში მყოფმა სამმა ოჯახმა სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან დასახმარებლად ,,ალიასმიმართა. გვითხრეს, რომ ყველა მედიასაშუალებას შეატყობინეს რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან - «რუსთავი 2»-იც ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ არავინ  დაინტერესებულა. ,,თქვენი იმედიღა დაგვრჩა. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ყურადღება არ მოგვაქცია, ანტისანიტარიაში და სიბინძურეში გვიწევს ცხოვრება. სოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ სუფთა ჰაერი ვერ ჩაგვისუნთქავს, საშინელი ჭუჭყის გამო, მწერები და გველები შემოგვესია, პატარა ბავშვებს  სახლიდან გარეთ ვერ ვუშვებთ, თუმცა ჩვენი სახლებიც ავარიულ მდგომარეობაშია და როდის ჩამოინგრევა, ღმერთმა უწყისო“ - შემოგვჩივლეს მათ.

 

დაუჯერებელი ამბავი, რომელსაც დაზარალებული ადამიანები თავად მოგვიყვნენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაქირის ცენტრში, ნავის უბანში ხდება. ხევი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჩამოდის, წლების განმავლობაში არავის გაუსუფთავებია, ამიტომაც გამტარი გვირაბი გაჭედილია და ჭუჭყი, რომელიც წვიმის დროს ხევის ადიდებას მოჰყვება, მოსახლეობის ეზოებში მიედინება.  როგორც გვითხრეს, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლი საქმის კურსშია, მაგრამ საქმეს არავინ აკეთებს და საშინელ სიბინძურეში მყოფ ოჯახებს წლების განმავლობაში დაპირებებით კვებავენ.

 

ოთარ ჯანიკაშვილი, დაზარალებული:

- ამ სოფლის მკვიდრი ვარ. ეს სახლი 2006 წელს ვიყიდე. მაშინ ასეთი პრობლემები არ გვქონდა. ხევი, რომელიც სოფლის ზედა ნაწილიდან იწყება, ცენტრალურ მაგისტრალს კვეთს და ჩვენ სახლთან ჩამოდის. კომუნისტების დროს, ხევზე ააშენეს .. ბოგირი და ჩვენი ეზოს ქვეშ, მიწაში  გააკეთეს ბეტონის გამტარი გვირაბი, რომელსაც მოვარდნილი წყალი უნდა გაეტარებინა. წინათ ბოგირის ქვედა ნაწილსა და წყლის გამტარს სახელმწიფო ასუფთავებდა, რადგან ეს ყველაფერი მათ ეკუთვნით, მაგრამ ბოლო პერიოდში აღარ წმენდნენ და პრობლემაც ამის გამო გაჩნდა. 4 წლის წინ დაიწყო ჩვენი, სამი ოჯახის უბედურება.

წყალს ჩვენს ეზოებში შემოაქვს ის ნარჩენები, რაც ხევს მოაქვს მოვარდნის დროს. ათასგვარი სიბინძურით ისე ივსება საცხოვრებლის წინა ტერიტორია, ოთახებიდან გამოსვლას ვეღარ ვახერხებთ. მაღალყელიან ბოტებს ვიცმევთ და ისე ვმოძრაობთ საკუთარ ეზოში, 2-3 კვირის განმავლობაში, ყოველი წვიმის დროს, სანამ მიწა არ გაშრება. მერე კი ვიწყებთ სიბინძურისგან ეზოების გასუფთავებას. წარმოიდგინეთ, 4 წელი ამ დღეში ვართ და ჩვენი პატრონი და მშველელი არავინ არის. ისეთი ძალა აქვს მოვარდნილ ჭუჭყიან წყალს, მის მოტანილ ნაგავს, რომ ქვითკირის ღობეები დაგვინგრია. ხვლიკებით, გველებით, ბაყაყებით, მწერებით სავსეა ჩვენი კარმიდამო. გუშინაც მოვკალი ჩემს ეზოში გველი. ორი შვილი მყავს და ბავშვებს ამ სიბინძურეში ვცხოვრებ. სხვაგან წასასვლელი არ მაქვს, თორემ აქ როგორ გავჩერდებოდი. ჩემი 2 მეზობელიც იგივე მდგომარეობაშია, თუმცა პირველ დარტყმას ჩემი ეზო და სახლი იღებს. ისე აქვს შეწოვილი მიწას ეს ბინძური წყალი, რომ ეზოში, ნებისმიერ ადგილზე ბარი რომ დაარტყა, კანალიზაციის წყალი ამოხეთქავს. საშინელი სუნი დგება, პირბადეებით დავდივართ. 4 წელია ვიბრძვი იმისათვის, რომ ხელისუფლების იმ სტრუქტურებმა, ვისაც ამ ხევის, ხიდის  ქვედა ნაწილისა და გამტარის გასუფთავება ევალება, საქმე გააკეთონ და გაასუფთავონ. ჩვენ მათი უპასუხისმგებლობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო ვართ ასეთ საშინელ დღეში.

- ვის შეატყობინეთ თქვენი მდგომარეობა და რას გეუბნებიან?

-  სიღნაღის მერს, გუბერნატორს, საკრებულოს თავმჯდომარეს... ყველს, ყველას, მაგრამ თავიდან მიცილებენ, ხვალ დამირეკე, ზეგ დამირეკეო, მეუბნებიან. 2-ჯერ ვიღაცები მოვიდნენ და ფოტოები გადაიღეს, მაგრამ სულ ტყუილად. ზოგი მეუბნება, საგზაო დეპარტამენტის გასაკეთებელია და განცხადებას იქ გადავგზავნითო. ზოგიც, ინფრასტრუქტურის გასაკეთებელიაო.

არჩევნების დროს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი იყო ჩამოსული და საკუთარი თვალით ნახა, რა მდგომარეობაც გვქონდა. ჯერ აქეთ შემოგვიტია, თქვენს კუთვნილებაში რატომ უნდა შემოვიდეთ და გავასუფთავოთო. ავუხსენით, რომ ეს სახელმწიფოს გაკეთებული გვირაბი იყო და არა ჩვენი წინაპრების, სახელწიფო ქონების მიუხედავობის შედეგად ვიყავით დაზარალებულები, მერე  დაგვპირდა, კაცურ სიტყვას გეუბნებით, ხვალიდანვე შევუდგებით ამის გაკეთებასო, მაგრამ ტექნიკისთვის საწვავი მაინც თქვენ უნდა შეიძინოთო. ამაზეც დავთანხმდით, ოღონდ გვშველებოდა. აი, ეს არის მაგათი კაცური სიტყვა, დღემდე  სიბინძურეში ვიხრჩობით. ხიდი და გამტარი გვირაბი მთლიანად უნდა გასუფთავდეს ან სხვა ხიდი გაკეთდეს და მაშინ ამოვისუნთქებთ, მაგრამ არ უნდათ ჩვენს გამო ფულის დახარჯვა, რადგან ხალხი არავის ედარდება. სოფელში მერის წარმომადგენელმა გადმომცა ზემდგომების დანაბარები, მაგას დიდი თანხები სჭირდება და ბიუჯეტში არ გვაქვსო. ანუ პირდაპირ გვეუბნებიან, ჭირსაც წაუღიხართ, დაიხრჩეთ ქაქში და დაიხოცეთო. ჩვენ კიდევ იმდენი ფინანსები ვინ მოგვცა, ეს პრობლემა რომ მოვაგვაროთ?

- სასამართლოს რატომ არ მიმართავთ, იქნებ მან აიძულოს ხელისუფლების სტრუქტურები, თავისი გასაკეთებელი რომ გააკეთონ?

-  მაგაზეც ვიფიქრეთ, მაგრამ როგორი უსამართლო, დაკვეთების შემსრულებელი სასამართლოც გვქონდა სააკაშვილის დროს, ისეთივეა ახლაც. არ მჯერა, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ დავას, ამიტომაც არ მივმართავთ სასამართლოს. ისევ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების სტრუქტურებთან ბრძოლაში გვერდით დაგვიდგებით და ერთად ვაიძულებთ მათ, ის საქმე აკეთონ, რაც ევალებათ.

მეორე პრობლემაც გვაწუხებს სამივე ოჯახს, რომელიც ასევე არის სახელმწიფოს მოსაგვარებელი. ჩვენი სახლების უკან გადის ცენტრალური სამანქანო გზა, სადაც წვიმის დროს გუბდება წყალი და სახლის კედლებიდან ჩვენთან შემოდის. წინ სოფლის ნაგავი, ტალახი და სიბინძურე გვახრჩობს და უკან, შარაგზიდან შემოვარდნილი წყალი.

 

ლია ტურიაშვილი, დაზარალებული:

- ოთარის გვერდითა ვცხოვრობ. ჩემი ეზოს ქვეშაც გადის ხევის გვირაბი. ამას წინათ წყალი მოვარდა, ეს გვირაბი მოულოდნელად ჩაინგრა და შიგ ჩავვარდი. ძლივს ამომათრიეს. სიკვდილს გადავრჩი. ეზოში საღორე გვაქვს და ცხოველებიც წყალში ცურავდნენ. იმის საშუალებაც სად მაქვს, ჩანგრეული გვირაბი კაპიტალურად გავაკეთო და ეზოში, საშიშროება ავირიდო. თხელი თუნუქი დავაფარე და იმაზე დავდივართ. ყოველ წუთას შეიძლება, ვინმე იმსხვერპლოს და ჩავარდეს. სახელწიფოს გასაკეთებელია, მისი კუთვნილებაა და გასუფთავებაც და შეკეთებაც მისი ვალდებულებაა, მაშ ვისი? წვიმის დროს, ეზოში ბინძური წყალი რომ მოვარდება ხოლმე, მეორე სართულზე გავრბივართ და ღმერთს ვევედრებით, იქამდე არ ამოვიდეს. სახლის უკანა მხრიდან მოვარდნილმა წყალმაც გადმოხეთქა კედელი და სახლი დამიტბორა. საძინებელ ოთახებში იატაკი ჩაგვენგრა და  ორმოები გაჩნდა. ხელმოკლედა ვცხოვრობ, ამდენი რამის გაკეთება სად შემიძლია? გაუსაძლის ყოფაში ვართ სახელისუფლებოს დაუდევრობის გამო და არც ის უნდათ, დაგვეხმარონ, მდგომარეობა გამოასწორონ.

 

 

ხიზო დემეტრაშვილი, დაზარალებული:

- წვიმის დროს ხევის გაბინძურებული წყლით რომ ივსება ეზო, მე და ჩემი შვილი სახლში ვიკეტებით. არაერთი განცხადება დავწერე მეზობლებთან ერთად, მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. რამდენ ხანს გავძლებთ ამ ყოფაში, არ ვიცი. ყველა წვიმის მოსვლას შეშინებულები ველოდებით. დაგვცინიან. სახელმწიფოს აღმოსაფხვრელია ხევის გამო წარმოშობილი პრობლემაც და ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებული წყლის შემოვარდნებიც, მაგრამ  იმაზეც თანახმა ვართ, ტექნიკაში საწვავი ჩვენ ჩავასხათ და გაწმენდითი სამუშაოები როგორმე ჩატარდეს, მაგრამ არც ამას აკეთებენ, საერთოდ არაფრად გვაგდებენ. 4 წელია სახლებში საშინელი სიბინძურე გვაქვს. ვის მივმართოთ, აღარ ვიცით. სანამ მსხვერპლით არ დასრულდება ეს ამბავი, იქამდე ყურს არ შეიბერტყავენ. არადა, ბოლო აუცილებლად ეს იქნება. 

 

 

 

სიღნაღის მერია, საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეეცადნენ, ,,ალიასჟურნალისტისთვის და სამი დაზარალებული ოჯახისთვის თვალში ნაცრის შეყრითა და ერთმანეთზე გადაბრალებით თავის დაძვრენას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურმა გადმოგვცა წერილები, სადაც წერია, რომ კომპანია «აიჯიეიჩი» 2019 წლის მაისში ატყობინებს საავტომობილო გზებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ მათ დაევალათ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდების საავტომობილო გზაზე, ხუთმილა წყალთან მოსახლეობის სახლებისა და ეზოების დატბორვის საკითხის შესწავლა, ამ ტერიტორიაზე არის სანიაღვრე არხი, რომელიც არ ეკუთვნის საავტომობილო გზებს, ამიტომ ეს საკითხი სცდება ჩვენს კომპეტენციასო. ანუ ამ წერილებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიგვანიშნა, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელია.

ამის შემდეგ კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც არ უარყო, რომ ამ ოჯახების მდგომარეობის შესახებ ყველაფერი იცის, ,,მე ვიყავი ამ ოჯახებში სიღნაღის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს. გავეცანით პრობლემას, იქვე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმარებოდა ოჯახებს ტრაქტორით, მანქანებით და ერთობლივად ჩატარდებოდა სამუშაო. როდესაც იქნებოდა მზაობა ამ ოჯახებიდან, რომ მათი ჩართულობით მოგვარებულიყო ეს საქმე, მაშინვე დაიწყებოდა სამუშაოები. არ ვიცი, მიაკითხეს თუ არა მათ მუნიციპალიტეტს, ან რა უთხრეს“ - გვითხრა შიოლაშვილმა..

ცხადია, ამის შემდეგ სიღნაღის მერს, გოგი გოგოლაშვილს გადავურეკეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ეს საქმე საგზაო დეპარტამენტმა უნდა მოაგვაროს. საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილის თქმით კი, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა დიდი ფინანსები, დაახლოებით ნახევარი მილიონი, ეს თანხა კი რაიონს არ  აქვს. თუმცა საკრებულოს კომპეტენცია ცდება და ეს საკითხი მერიამ  და საგზაო დეპარტამენტმა უნდა გადაწყვიტონ. როცა ვიკითხე, მითხრეს, რომ საგზაო დეპარტამენტს გაუგზავნეს წერილი, დანარჩენი არ ვიციო. მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ თავად დაგვირეკა და განგვიმარტა, თქვენი ზარის შემდეგ ვესაუბრე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, შემპირდნენ, რომ ორშაბათისთვის მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით დაეხმარონ ამ ოჯახებს პრობლემის გადაწყვეტაშიო.

ჩინოვნიკების კომენტარებიდან გაიგეთ რამე? მიხვდით, რომელი უწყების  მოსაგვარებელია აღნიშნული პრობლემა? ჩვენ ვერა. ხოდა, აბა წარმოიდგინეთ, ამ მოჯადოებულ წრეში რა უნდა გააწყოს რიგითმა მოქალაქემ, როგორ უნდა იპოვოს სამართალი? იმედია, «ალიაში» რომ დაიბეჭდება ეს სტატია და კარგი შოლტი მოხვდებათ, გატოკდებიან. ვნახოთ!

 

„ალია“, ნელი ვარდიაშვილი