22 ივლ 2019 14:23 731

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა. 

ახლა კი იმის შესახებ, აქვს თუ არა მას ტელეკომპანიის მესაკუთრეობაზე დავის საფუძველი:

2016 წელს, მაშინ როცა ტელეკოპანიისთვის ბრძოლა მორიგ ცხელ ფაზაში იყო, მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც „რუსთავი 2“ ამტკიცებდა, რომ ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო.

დოკუმენტის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს. 

ჯერ კიდევ 2016 წელს ირაკი ოქრუაშვილი „რუსთავი 2-თან საუბარში ამბობდა, რომ იგი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა. 

„პრაიმტაიმის“ კითხვას ოქრუაშვილის პრეტენზიებთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ  უპასუხა, რომ დოკუმენტი, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ემყარება, მან გააყალბა და გააყალბა მისი ექსპერტიზაც.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად გადაიფორმა.

ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.