12 ივნ 2019 16:34 148

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველი ლიტურგია ჩატარდება

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველი ლიტურგია 16 ივნისს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

ლიტურგია გვერდით სამლოცველოში ჩატარდება და მას  პარიზის არქიეპისკოპოსი მიშელ ოპეტი აღავლენს. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ლიტურგიაში მონაწილე ადამიანების რიცხვი 20-მდე შემცირდა.

მორწმუნეები ნოტრ-დამიდან პირდაპირი ტელეტრანსლაციის ნახვასაც შეძლებენ. პარიზის ეპარქიის განცხადებით, ასე მესაში მონაწილეობას უფრო მეტი ფრანგი მიიღებს.

ლიტურგიის ჩატარების თარიღი  სპეციალურად შეირჩა, რადგან  ყოველწლიურად 16 ივნისს ტაძრის საკურთხევლის კურთხევას აღნიშნავენ.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ტაძრის აღდგენა 2024 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

შეგახსნებთ, 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

 

×