20 მაისი 2019 12:47 22076

„ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს, ნორმად დაამკვიდროს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ...“

 

 

შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„როცა ჟურნალისტი, სამართალდამრღვევის დაკავების დროს, ხელს უშლის პოლიციელს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში და მომაბეზრებლად სთხოვს მას კომენტარს - ესაა ზუსტად სამართალდარღვევა და არ „პრავდება“ ჟურნალისტური საქმიანობით. კანონის წინაშე ჟურნალისტიც ანგარიშვალდებულია!

 

თუ უკანონოა დაკავება, არც მაშინო? - მკითხა ერთმა ჟურნალისტმა.

 

არა, არც მაშინ: - პოლიციელი ვალდებული არაა ინფორმაცია, დაკავებულის შესახებ, უფლებადამცველი ადვოკატის გარდა, ვინმეს მიაწოდოს. ჟურნალისტმა შესაბამის საპოლიციო დანაყოფს უნდა მიმართოს განცხადებით და შესაბამისი პროცედურის დაცვით მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

 

ასევე, მიუღებელია, ჟურნალისტის მხრიდან მოქალაქის უკან დევნა, თავისუფლად გადაადგილებაში ხელის შეშლა, მისი ნების წინააღმდეგ, სახელის, გვარის და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის იძულებით მისაღებად. მოქალაქე არაა ვალდებული, ეს ინფორმაცია მისი ნების წინააღმდეგ უთხრას ვინმეს - პოლიციის გარდა.

 

მიუღებელია, როცა ჟურნალისტი მოქალაქეს ჯიბიდან უღებს, ხელიდან გლეჯს მის კუთვნილ ნივთს, იმ მოტივით, რომ თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს.

 

როცა შსს გენერალურ ინსპექციაში ვმუშაობდი, ხშირად მოგვმართავდნენ უკმაყოფილო მოქალაქეები განცხადებებით (საჩივრებით), რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციელმა არასწორად ჩაატარა ჩხრეკა, რადგან - მას ჯიბე შეუმოწმა და ვითომდა, ამის უფლება პოლიციის თანამშრომელს არ ჰქონდათ. ამ საჩივრებს მხარს უჭერდა არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველის აპარატი... 
რა გამოდის?

 

ჟურნალისტს აქვს უფლება, ჯიბიდან სხვისი ნივთის წაგლეჯვის და პოლიციელს ჯიბის გარეგნული შემოწმება არ შეუძლია?

 

ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს, ნორმად დაამკვიდროს, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველაფრის ფასად. თვლიან, რომ სამართალდარღვევის ფასადაც კი, შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია.
თუ ნორმალური ქვეყნის შენება გვინდა - არ შეიძლება ამ ნორმის დამკვიდრება.

 

ეს არაა ნორმალური საქციელი და ის რაც არ არის ნორმალური - ნორმა ვერ იქნება!“

×