18 მაისი 2019 00:15 7900

ძმები ხოჯევანიშვილების ბიზნეს-ინტერესები და გაძარცვული სახელმწიფო ბიუჯეტი

(„ალია“) დიდხანს ვიფიქრე, როგორ დამეწერა შესავალი, რამდენჯერმე დავწერე და წავშალე - მაგრამ, არ უნდა ამას შესავალი, ისეთი ამბავი მომიყვნენ.

-              საწვავს ჰყიდიან ძალოვნები!

საიდან უნდა ჰქონდეთ ძალოვნებს საწვავი?

თვეში ათი ათასობით ტონა საწვავი ეკუთვნით თანამშრომლებისთვის, ხელს აწერენინებენ თანამშრომლებს საწვავის მიღებაზე და საწვავს არ აძლევენ.

-              სად მიდის მერე ეს საწვავი - ვიკითხე მექანიკურად.

-              ჩვენთან, გორში ჩამოაქვთ და ნაწილს ჰყიდიან, ნაწილსაც თავის სამშენებლო ობიექტებზე იყენებენ ტექნიკისთვის.

-              ძალოვნები ბევრნი არიან, ვისზე ამბობთ კონკრეტულად?

-              გახარიას მოადგილე - საბანაძე და გომელაური მოადგილე - ხოჯევანიშვილი. მოგეხსენებათ, ხოჯევანიშვილის ძმა შიდა ქართლის გუბერნატორია - გასაღებას ის კურირებს.

-              დიდი ხანია საწვავის მიღებაზე ხელს აწერთ და რეალურად საწვავს ვერ იღებთ?

-              რამდენიმე თვეა.  გარდა იმისა, რომ ჩვენს ოჯახებს აკლდებათ თანხა ხელფასიდან, შეურაცხმყოფელია, საწვავს გაძლევდეს სახელმწიფო და უფროსი „გახევდეს“. შეურაცხმყოფელია, ძალოვანის თანამშრომელი იყო და საწვავს „გახევდეს“ უფროსი.

რა საერთო უნდა ჰქონდეს საბანაძეს და ხოჯევანიშვილს ისეთი, რომ ერთად გაებედათ საწვავის მოტეხვა და გაყიდვა?

კახა საბანაძის დეკლარაციაში მამა და დედა არ არის მითითებული, ისევე, როგორც მამის - ემზარ საბანაძის დეკლარაციაში ვეღარ იპოვნით - შვილზე ინფორმაციას - ახლა მშობლები ოჯახად ხომ აღარ ითვლება.

კახა საბანაძის მამა, ემზარ საბანაძე 1985 წელს მოსკოვის პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულია. არ მოვყვები, რას ნიშნავდა 1985 წელს მოსკოვის პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულობა. წლების მანძილზე, ემზარ საბანაძე კახა თარგამაძის მარჯვენა ხელი იყო, ვარდების რევოლუციის შემდგომ - თანამდებობას ჩამოშორდა, მაგრამ ასპარეზზე გაუშვა შვილი - კახა საბანაძე და ნათლული - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, არც ნათლულის ძმა - გიორგი ხოჯევანიშვილი დავიწყნია.

ემზარ საბანაძის სახელზე ბიზნესს ვერ იპოვნით, ის ამჯერადაც თანამდებობის პირია, „ოცნებამ“ ისიც გამოიყვანა ჰაერზე, იმასაც უბოძა სკამი, მაგრამ იპოვნით, მისი მეუღლის ეთერ საბანაძის სახელზე ბიზნეს წილებს. მაგალითად, 2016 წელს კახა საბანაძის დედა ექვსი კომპანიის პარტნიორად იყო მოხსენიებული დეკლარაციაში, თუმცა, 2018 წლის დეკლარაციაში ვერც წილის გაყიდვის ხელშეკრულებას იპოვნით და ვერც თავად კომპანიებს. 2018 წლის დეკლარაციაში - ეთერ საბანაძე - შპს „დიენეს“ - დამხმარედაა მოხსენიებული მხოლოდ.

გიორგი ხოჯევანიშვილის, შიდა ქართლის გუბერნატორის რომელი ბიზნესიც არ უნდა ავიღოთ - ყველა ბიზნესში იპოვნით საბანაძეების კვალს.

გიორგი ხოჯევანიშვილის ცოლიც კი, იმ კომპანიის მეწილეა, რომელი კომპანიის პარტნიორიც ასევე ეთერ საბანაძეა და რომელი კომპანიის დირექტორიც იყო 2012-2014 წლებში კახა საბანაძე.

გიორგი ხოჯევანიშვილს უამრავი ბიზნესწილი და არაერთი ბიზნესის ასპროცენტიანი წილის მფლობელია, გასულ წელს, ძმას 65 ათასი აჩუქა მიწის საყიდლად, დეკლარაციის მიხედვით, თუმცა, იგივე დეკლარაციის მიხედვით, თავად გიორგის დედამ 122 ათასი ლარის ღირებულების ვაშლის ბაღი აჩუქა ერთხელ და მეორე 140 ათასი ლარის ღირებულების ვაშლის ბაღი - ორთავე ერთი წლის განმავლობაში. რას ვიზამთ - წამყვანი ბიზნესმენები დედები არიან საბანაძეების და ხოჯევანიშვილების ოჯახში, როგორც სჩანს.

საბანაძეებიდან და ხოჯევანიშვილებიდან, არც ერთია ბედკრული „ოცნების“ შვილი და არც მეორე, ორივენი „ნაცების“ შთამომავალნი არიან.

2010-2013 წლებში, ზუსტად იმ წლებში, როცა ხალხი ღიად საუბრობდა ციხეებში ადამიანთა წამების ფაქტებზე, გიორგი ხოჯევანაშვილი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო.

იგივე წლებში, ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი კომპანია, თხევადი აირის კომპანია „გაზლენდი“ -- სახელმწიფო ტენდერების ხშირი გამარჯვებულია. მაგალითად, 2013 წელს, ექვს თვეში შსს-მ „გაზლენდისგან“  33 765,02, გეტი აირი შეიძინა, დაახლოებით, 110 ათასი ლარის ღირებულების, როგორც ამას შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ. დაფინანსების წყარო - სახელწიფო ბიუჯეტი - მიწერილი აქვთ გვერდით და ვის გაუკვირდებოდა, ნეტავი.

რამდენჯერ მოგისმენიათ, „ოცნების“ წევრებისგან, რომ „ნაცები“ ქონებას „ახევდნენ“ ადამიანებს?

მე ბევრჯერ და ბევრიც გვინახავს ასეთი.

ამიტომ, ცუდად მომხვდა თვალში ისიც, ერთ ძმას ანტიკვარი როიალი აჩუქეს და მეორეს -გუდიაშვილის ნახატი. უყვართ ძმებ ხოჯევანიშვილებს ხელოვნება.

მაგრამ - არის კიდევ 2012 წელი.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2012 წელს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს აჩუქეს პრესტიჟულ უბანში ბინა, ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი. არ არის მითითებული მჩუქებელი პირი.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ მეორე ძმასაც, გიორგი ხოჯევანიშვილს, იგივე, 2012 წელს აჩუქეს ასევე პრესტიჟულ უბანში - ასევე ბინა, ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი. არც აქაა მჩუქებელი მითითებული.

რით დაიმსახურეს ძმებმა 2012 წელს ასეთი საჩუქრები?

ვისგან დაიმსახურეს?

რა გააკეთეს ასეთი, რა შეიძლებოდა, 2012 წელს გაეკეთებინათ ძმებ ხოჯევანიშვილებს?

2012 წლის 21 სექტემბერს ა(ა) იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა, რომლის დირექტორის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ბრძანდებოდა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, 9,948 კვ,მ, სააქციო საზოგადოება „სოფლის მეურნეობის კორპორაციას“.

იგივე, 2012 წლის ნოემბერში, ხოჯევანიშვილი ტოვებს ა(ა) იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დირექტორობას და 26 ნოემბერს ინიშნება ზუსტად იმ სააქციო საზოგადოების დირექტორად, რომელსაც ორი თვის წინ, 1 ლარად, საკუთარი ხელმოწერით სახელმწიფო ქონება აჩუქა.

ხოდა, რატომ უნდა გამიკვირდეს, თუ საბანაძეები და ხოჯევანიშვილები სახელწიფოსგან, ძალოვანი სისტემის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ საწვავს გაყიდიან?

რატომ უნდა გაუკვირდეთ საბანაძეების და ხოჯევანიშვილების რეკომენდატორებს?

რატომღა უნდა გაუკვირდეს, ბატონ ბიძინას ასეთი წარსულის მქონე ადამიანებისგან საწვავის მოპარვა?

-              ძმები ხოჯევანიშვილები, ისევე როგორც საბანაძე, მცირე წილს, მაგრამ წილს ფლობენ აზერბაიჯანში, კერძოდ, ნავთობის კომპანიაში, ისევე როგორც უჩა მამაცაშვილი, რომელიც, საქართველოში ყველა დიდ ბიზნესგარიგებაში გარეულია, ამიტომაც დაიყენა გახარია შს მინისტრად, მისი ბიზნეს კავშირების, ბიზნეს ისტორიების ცოდნის გამო - გვიყვება კიდევ ერთი მოქმედი თანამშრომელი.

არის ასეთი კომპანია - „ნორბი“. „ნორბში“ წილი აქვს გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლეს, „ნორბის“ პარტნიორია ეთერ საბანაძე, კახა საბანაძის დედა, 2012-2014 წლებში, „ნორბის“ გენერალური დირექტორი იყო კახა საბანაძე.

„ნორბი“ ამაყად აცხადებს რომ აზერბაიჯანელი პარტნიორები ჰყავს...

როგორც „ალიამ“ გაარკვია, ხოჯევანიშვილების და საბანაძეების სხვა ბიზნესებშიც ჩანს აზერბაიჯანის კვალი.

აზერბაიჯანში ბიზნეს ინტერესი როცა გაქვს, დიდი ფულით, თვალს დავით გარეჯზეც დახუჭავ, ალბათ...

რაც მაღალია თანამდებობა, მით უფრო იზრდება აზერბაიჯანული ბიზნესის წილი.

რაც მეტ ჩინოვნიკს აქვს აზერბაიჯანულ ბიზნესში წილი, მით მეტია გარეჯის დაკარგვის საფრთხეც.

ასე ხდება, როცა სათავეში ბიზნესმენს დასვამ, ასე ხდება, როცა ქვეყანას ბიზნესინტერესად აქცევ...

ყველაფერი იყიდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ძალოვანი სისტემის თანამშრომლების საწვავიც კი იყიდება.

დაპირისპირებაც სუსსა და შსს-ს შორის  - ბიზნეს წილების გამოა. მამაცაშვილი ვეღარ იმორჩილებს გახარიას, რომელიც ბიძინას ისე დაუახლოვდა, რომ შუამავლი აღარ სჭირდება. ვეღარ იმორჩილებს და ვეღარ არის ყველა გარიგების საქმის კურსში.

გახარიას ეს დაუმორჩილებლობა - პანკისის სახით მოხვდა სახეში.

გავიგე, ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეგიძლიათ, მაგრამ - იმ თანამშრომლებს, რომლების მხრებზეც დგახართ, რომელთა სხეულებზეც გადავიდა ბასიანიც და პანკისიც - საწვავს როგორ „ახევთ“? აღარავისი და აღარაფრის გეშინიათ?

ყველას ჯიბეში როგორ ჰყოფთ ხელს?

თანამშრომელთა ჯიბეებშიც ხელს როგორ ჰყოფთ?

და ბოლოს, „რომპეტოლი“ - როგორ გააქვთ ათი ათასობით ლიტრი საწვავი თქვენგან? დავიჯერო ას-ას ლიტრობით? დავიჯერო, ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით?

თუ წილში არ ხარ, „რომპეტროლი“, ყურადღება მიაქციე, რა ხდება შენს ფილიალებში, თუ წილში არ ხარ, მოითხოვე, ყველა „თანამშრომელმა“ თავად ჩაასხას საკუთარი საწვავი საკუთარ მანქანაში - ნუ გადააყოლებ, ამდენი ხნის ბიზნესს საბანაძეებს და ხოჯევანიშვილებს.

გავიგე, რომ ფულის საკეთებლად ხართ მოსულები, წასართმევად ხართ მოსულები, მოსაპარად ხართ მოსულები ყველანი - მაგრამ, თანამშრომლებს რომ გვერდით ჩაუვლით და ერთი დაგცინებს:  - ბენზინის ხამოო და მეორე შეგაგინებს: - წადი, შენი, თანამშრომელთა ჯიბის ქურდოო - არ გრცხვენიათ?

ასეთი სამარცხვინო სუსი და შსს - თანამშრომლები რომ დასცინიან და აგინებენ - ჯერ არ მყოლია, არ გვყოლია ჯერ.

ამასობაში, როგორც გითხარით, გახარია ბიძინას ისე დაუახლოვდა - მამაცაშვილი აღარ სჭირდება, აღარ უცვლის ბიზნესზე ინფორმაციას მამაცაშვილს ბიძინასთან დაახლოებაში.

ამასობაში, მამაცაშვილს ბევრი ბიზნესგარიგება, ბევრი მაქინაცია გამორჩა და უკმაყოფილოა.

მხოლოდ ისაა კმაყოფილი, ის, შუშის სასახლის მეფე... მის ინტერესებს საფრთხე არ მიადგეს, თორემ, სხვა არც იმას ადარდებს.

ჩვენ ვიკითხოთ, გაქურდულებმა...

 

თამო კეშელავა

  „ალია“ #17, 13-19 მაისი

 

 

×