16 მარ 2019 16:11 4820

«განა მართლა არ იციან, რომ ემიგრაციას ასე ვერ აიყოლიებენ და განა მართლა მიშას დაბრუნებას ელიან საქართველოში?! სულ სხვა მიზანი აქვთ»

ემიგრაციაში განვითარებულ ქართულ მოვლენებზე გვესაუბრება ემიგრანტი, ეკონომისტი, ამერიკული კომპანია «ჯიელჯის» საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ინვესტიციების, ბიზნესპროექტების განხრით კონსულტანტი მალხაზ ფერაძე.

-           ქართველი ემიგრანტების მდგომარეობას რომ ჩავწვდეთ, რომ მივხვდეთ, რატომ დაინტერესდნენ ახლა სააკაშვილით, ჯერ საქართველოსკენ უნდა გადმოვიხედოთ.

რა ხდება წლების მანძილზე საქართველოში, როგორ ექცევიან ემიგრანტებს? შევარდნაძე ამბობდა, რომ სახსრები არ გააჩნია ემიგრანტების მისახედად, მათ პრობლემებზე საფიქრალად, სააკაშვილის დროს ემიგრანტების ის ნაწილი ჰყავდათ შემოკრებილი საელჩოებს, ვინც მათი მომხრე იყო, დანარჩენებს საწანწალოდ წასულებს ეძახდნენ. ახლა, «ოცნების» მმართველობის დროს, სრული ნიჰილიზმია გამეფებული. სთხოვ რამეს შენს ქვეყანას? - გპასუხობენ, რომ, თუ მკვდარი არ გყავს, ვერ დაგეხმარებიან. უკრაინამ და მოლდოვამ თავისი მოქალაქეებისთვის კვოტა მოიპოვა და მათი ემიგრანტების ნაწილს ამერიკა სამუშაო ვიზას აძლევს. საქართველოს მთავრობამ არ/ვერ მოიპოვა ეს კვოტა.

მაგრამ, ეს ის ემიგრაცია აღარ არის რაც ადრე იყო, ამ ემიგრაციას ფულადი სახსრებიც აქვ და კავშირებიც. ეს უკვე დიდი ძალაა და საშიში ხდება დღითი დღე.

რა ხდება ამ დროს საქართველოში? საქართველოში მორალურად და მატერიალურად გადაუარეს ერს. პროტესტის გამოთქმის უნარი და საშუალება ვისაც ჰქონდა, ის ქვეყნიდან გააქციეს, ვინც დარჩა, ის ზის და ელოდება, როდის გადმოურიცხავენ ემიგრანტები ფულს.

ქვეყანაში შიმშილია გამეფებული და როცა ადამიანს იმის საფიქრალი აქვს, რა აჭამოს შვილს, რთულია მას მოსთხოვო თავისუფალი აზროვნება და იდეებისთვის ბრძოლა.

რას აკეთებს მთავრობა თავისი ყველა სტრუქტურით? ან მის გვერდით უნდა იდგე, ან გაიგივებული იქნები იმ ძალასთან, რომელიც კლავდა, რომელიც აუპატიურებდა, რომელიც პირად სივრცეს არ გიტოვებდა - ნაციონალებთან იქნები გაიგივებული. შუა გაკრიფეს, აღარ დარჩა შუა. და ეს აწყობთ, არ სურთ სხვა ძალა.

მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ემიგრაცია უკვე საკმაოდ ძლიერი ძალაა და ერთ დღესაც, ემიგრანტებმა რომ თავიანთი ფინანსები და კავშირები ქვეყნის სწორი გზისკენ წარმართვისთვის გამოიყენონ, სტატუს კვო - მხოლოდ ნაცი და ქოცი - დაირღვევა, ამიტომ, ახლა ემიგრანტებიც უნდა გახლიჩონ, აქაც უნდა დაყონ, ნაციონალების და «ოცნების» მომხრეებად, აქაც არ უნდათ თავისუფალი აზროვნების ადამიანების დატოვება, აქაც არ სურთ განსხვავებული აზრი.

ეს სტატუს კვო - «ოცნება» მთავრობაში და სააკაშვილი საფრთხობელად გამოკიდებული - ორივე მხარეს აწყობს. ამბობენ, რომ სააკაშვილს ბიძა აფინანსებს, მაგრამ მას «ოცნების» რიგებიდანაც აფინანსებენ. შესაძლოა, ბიძინას როლი ნაკლებია აქ, მაგრამ ფაქტია, «ოცნების» დახმარების გარეშე სააკაშვილი ასე ვერ გააქტიურდებოდა.

დახმარება არსებობს პირდაპირიც და ირიბიც, ის ფაქტი, რომ 2012 წლის მერე არ დაიწყეს საკადრო ცვლილებები და დღემდე სამინისტროებში თანამშრომელთა 75 პროცენტი ისევ ნაციონალია, არ არის «ნაციონალური მოძრაობის» დახმარება? სააკაშვილის დახმარება არ არის?

სააკაშვილი პროექტია, ისევე როგორც იყო პროექტი 1996 წელს, როცა მოქკავშირში მოვიდა, ჩაიდო მასში ფული და წამოსწიეს. მერეც აფინანსებდნენ და ამბობდნენ, რომ სოროსი აფინანსებს, მაგრამ გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის, როგორც პროექტის, დამფინანსებელი, შემსრულებელი და თავად პროექტის ავტორი ივანიშვილი იყო.

ამ ორ ძალას ერთი რამ აერთიანებს, რაც შეიძლება დიდხანს მართონ ქვეყანა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ არსებული სტატუს კვო და ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ სტატუს კვოს საფრთხე შეუქმნას, არის ემიგრაცია.

განა მართლა არ იციან, რომ ემიგრაციას ასე ვერ აიყოლიებენ და განა მართლა მიშას დაბრუნებას ელიან საქართველოში? მთავარი მიზანი, საქართველოში გამეფებული ნიჰილიზმის ემიგრაციაში გადმოტანაა. საქართველოში დღეს ბევრი ამბობს, რომ აღარავის არჩევა აღარ უნდა, რომ აღარავის იმედი აღარ აქვს - ამის გადმონერგვა უნდათ ემიგრანტებში, უნდათ ემიგრანტებს გამოხედვა აღარ მოუნდეთ ქვეყნისკენ, დაბრუნება კი არა.

რადიკალურ ცვლილებებს სჭირდება რადიკალურად მოაზროვნე ხალხი. ფინანსურ მაგნატს არ შეუძლია რადიკალურად აზროვნება. ახლა რაც «თიბისისთან» მიმართებით ხდება, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამის - აი, ვითომ, ხაზარაძე, რომელიც აქამდე ასე კარგად და ტკბილად იყო «ოცნებასთან», ჩამოშორდა მთავრობას, ისევე როგორც ბესელია და გაერთიანდებიან ახლა განაწყენებული ნაცები და «ოცნება» - მოინდომებენ რომ ამ ძალას უწოდონ მესამე ძალა. მე უკვე შემომთავაზეს აქ გავლენიანმა ქართველებმა ამ მესამე ძალაში გაწევრიანება, მაგრამ მევახშის გარშემო გაერთიანებული ძალის იმედი როგორ უნდა გქონდეს? ყველამ ვიცით, ვინ იყო ხაზარაძე და რა უკეთებია. ამ ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას.

სააკაშვილის დროს ქვეყანა იმ სამოთახიან ბინას ჰგავდა, რომლის ორი ოთახი გაყიდეს და იმ ფულით, ერთი ოთახი გაარემონტეს. ახლა გრძელდება აბუჩად აგდება და დამცირება იმ ადამიანებისა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ. მთავრობის ახალგაზრდა ჯგუფი რატომ იქცევა ასე გამაღიზიანებლად, როგორი თავხედური განცხადებებით ესაუბრებიან მოსახლეობას, როგორ გგონიათ, მართლა მიშვებულნი ჰყავთ და არავინ აკონტროლებს?

ივანიშვილი ბიზნესმენია, 2012 წელს პოლიტიკაში რომ მოვიდა, ყველა პოლიტიკური სახე დაიყენა გვერდით, ყველამ უღალატა, გუბაზ სანიკიძემაც კი. ცნობილი სახეები ყველანი მოღალატეები გამოდგნენ. ამიტომ გადაწყვიტა, გვერდით დაიყენოს მორჩილი, საქმის უსიტყვოდ გამკეთებელი ხალხი, მოსამართლეები, მაგალითად, მურუსიძე და ჩინჩალაძე - რასაც ეტყვი, გააკეთებს. ჩადებ ფულს და ინვესტიციას - არ გიღალატებს, არ გიმტყუნებს. მართალია, ეს ხალხისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ადარდებს ეს ივანიშვილს. ბიძინას შესაძლოა, ბევრი რამ გაუკეთებია, მაგრამ დააკვირდით, ბიზნესმენია, მილიარდერია და ამხელა ფინანსების მქონე ადამიანს ერთი ბიზნესი არა აქვს საქართველოში, გარდა «ქართუ» ბანკისა. პატარკაციშვილს ჰქონდა ბიზნესი ქვეყანაში, ცდილობდა ადამიანების დასაქმებას - ბიძინა არა. რატომ? არ გააჩნია ბიზნესიდეა? მიზეზი არის ძალიან მარტივი: არ უყურებს სერიოზულად საქართველოს, არ ფიქრობს სერიოზულად ქვეყნის პერსპექტივაზე. ქვეყანას ისე უყურებს, როგორც მამა უყურებს განუვითარებელ, ფუქსავატ შვილს. უყურებს და ფიქრობს: მე ვარჩენ და კეთილი ინებოს, მოიქცეს ისე, მე როგორც ვეტყვი, მე როგორც მინდა. როგორც სეთური ამბობდა - ხალხი უნდა აცხოვრო შიშში და შიმშილში. შიმშილი გვაქვს და შიშისთვის მიშას გამზადებული საფრთხობელაა გამოფენილი.

ამჯერად, ამერიკა ცდილობს, რუსეთთან არ გააფუჭოს ურთიერთობა, შესაბამისად, სატელიტ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებას არ აქცევს, არ ერევა. ეს ჩვენთვის წამგებიანი პოზიციაა, როცა გარს გვარტყია მონსტრი მეზობლები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დანაწილება უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკას არ სურს საქართველოს დანაწილება - რომელიმე მონსტრმა მეზობელმა რომ კიდევ ერთი ნაწილი წაგვართვას და ფაქტის წინაშე დავდგეთ - შეეგუება ამერიკა და ევროპა ამ ფაქტს. შესაბამისად, ახლა, ამ ვითარებაში ქვეყნის ბედი ძალიან მძიმეა, თუმცა, სრული თავისუფლება აქვს პოლიტიკურ სპექტრს - რასაც ორივე ძალა სათავისოდ იყენებს. მაგრამ, 2020 წელს, თუ ჯო ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა კენჭისყრა და მოიგეს დემოკრატებმა არჩევანი, ეს ვითარება რადიკალურად შეიცვლება. დემოკრატებს კონკრეტული მიდგომა აქვთ მსოფლიოს მოწყობაზე და არ დაუშვებენ ლოკალურ მეფეებს, დასრულდება ჩაურევლობის პრინციპი. დემოკრატებს ხალხის აზრი აინტერესებთ, მათ პულსზე უჭირავთ ხელი და უსმენენ. სწორედ ამის ეშინიათ, ჩვენზე მეტად ეშინიათ მდიდრებს, რადგან მათ უკვე იშოვეს ფული და მისი დაკარგვა არ სურთ, ამიტომ, სანამ ამერიკას ჩაურევლობის პოლიტიკა არ შეუცვლია, უნდათ ისე დაალაგონ პოლიტიკური ველი, რომ აი, ხალხმა გადაწყვიტა ასე, თავად რა შუაში არიან, მაგრამ არ გამოვა ასე.

ხალხი მშიერი და გატეხილია, ამდენი დამცირებით, მაგრამ ქართული ხასიათი მაინც იჩენს თავს, არის ზღვარი, როცა აღარაფერი რჩება დასაკარგი, როცა იტყვი: რაღა დამრჩენია, როცა ფიზიკური, ეროვნული განადგურების საფრთხის წინაშე დგები და მაშინ შიმშილსაც ივიწყებს ქართველი - ყოველთვის ასე იყო და ეს ზღვარი ახლოვდება.

ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი და სხვა რაც უნდა იყოს - ეს პოლიტიკა აქვთ ამჟამად, მაგრამ იციან, რომ ბუნტი იქნება, მაინც იქნება და ემზადებიან, რომ ეს ბუნტი იყოს მართვადი, ამიტომ გაააქტიურეს სააკაშვილი, ამიტომ ქმნიან მესამე ძალას.

მართლა ვისურვებდი, ბიძინამ კარგი მრჩევლები შემოიკრიბოს გვერდით და სანამ ჯერ კიდევ არის დრო, დაიწყოს ცვლილებები, თორემ, შედეგი იქნება მძიმე. გეხსომებათ, რობესპიერმა რევოლუცია რომ მოაწყო, ხალხი ისე იყო გამწარებული, გარჩევა არ დაუწყია, ყველას თავები დააყრევინა. ნუ მივიყვანთ საქმეს აქამდე.

„ალია“ #8, თამო კეშელავა