09 ნოე 2018 19:30 617

(არქივი) ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული ჩვენება

 

„ალია“ გთავაზობთ ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიისთვის იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიცემულ ჩვენებას.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 28 ნოემბერს ჩვენება მისცა. 

მან თავისი ხუთსაათიანი საუბრის დასაწყისშივე განუცხადა კომისიას, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ”გარდაუვალი” იყო, რადგან რუსული ძალები როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ ცხინვალის რეგიონში და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები იბომბებოდა. 

”კითხვაზე  განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”არსად, არც მე და არც მთავრობის სხვა წევრებს არსად საპირისპირო არ გვითქვამს იმიტომ, რომ საკითხი დგას, რომ თითქოს ჩვენ ამას უარვყოფდით”.

მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს ომმა გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მეორე მხრივ, ამან პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა, რადგან აჩვენა, რომ რუსები არიან არა მშვიდობისმყოფლები, არამედ აგრესორები.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არც გამარჯვებულია და არც დამარცხებული ამ ომში, რადგან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

მან კატეგორიულად უარყო რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებები და განაცხადა, რომ ”მძიმე შეცდომა” იყო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა.

კომისიაზე პრეზიდენტის გამოსვლა ასევე მოისმინეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც სპეციალურად იქნენ მიწვეული პარლამენტში. 

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:

·         მოსმენის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განუცხადა პრეზიდენტს: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ იცით, რომ რუსული აგრესია აგვისტოში არ დაწყებულა, ის დიდი ხნით ადრე დაიწყო; რატომ ვერ შეძლო საქართველომ კონფლიქტის თავიდან აცილება და რატომ ვერ მოახერხა არ წამოგებოდა რუსულ აგრესიაზე? თქვენს პასუხზე კითხვის გაცემამდე, მინდა ვთქვა, რომ ამ კომისიის ჩამოყალიბება იყო ისტორიული მოვლენა; ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოში არის დემოკრატია. კომისიის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი და ერთი წლის წინ ჩვენ ვიდექით ბარიერი სხვადასხვა მხარეს და ჩვენ დღესაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ ყველაფერი მოქცეულია საპარლამენტო ჩარჩოებში;

·         თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში საოკუპაციო ჯარი დგას, რომელიც ღიად ემუქრება საქართველოს მოქალაქეებს. ამ სიტუაციაში ბევრს ექნებოდა მცდელობა, რომ აეკრა პირი ოპოზიციისთვის, ჩვენი პასუხია მეტი, დემოკრატია, მეტი გახსნილობა; 

·         ჩვენ არ გავქცეულვართ არცერთ კითხვას, მთავრობის ყველა წევრს ჰქონდა ინსტრუქცია, რომ კითხვებზე პასუხს არ გაქცეოდნენ; 

·         მთავარი კითხვა, რომელიც დღეს აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას არის, ის განახორციელა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო მოქმედებები, რომ აღედგინა კონტროლი სეპარატისტულ რეგიონებზე;

·         კითხვაზე  განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებელი დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების დასაცავად;

·         ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო: ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული ინფორმაციის მიღება, რომ რუსულმა ძალებმა დაიწყეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა, ეს არ უარუყვიათ თავად რუსებსაც;

·         ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები. იმ ღამეს და შემდეგ ხორციელდებოდა ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების დაბომბვა; 

·         ასეთ პირობებში საკითხავი ის კი არ არის აწარმოა თუ არა ომი ქვეყანამ. ჩვენ ეს მართლაც ზუსტად ასე გავაკეთეთ. საკითხავია ის, რომ რომელი დემოკრატიული მთავრობა მოითმენდა ამას; 

·         ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული, საქართველოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

·         ჩვენ არ შევჭრილვართ სხვა ტერიტორიაზე, არამედ ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. არცერთ ქართველს არ დაუდგამს ფეხი სხვისი ქვეყნის ტერიტორიაზე; 

·         საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, რომელმაც აწარმოა ფაქტობრივი ანექსია უცხო ქვეყნის ტერიტორიის? საქართველო იყო თუ რუსეთი ის მხარე, ვინც დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულება? რომელმა ქვეყანამ გადაკვეთა მეზობელი ქვეყნის საზღვარი? რომელმა ქვეყანამ დაურიგა პასპორტები, შემდგომში მათი მოქალაქეების დაცვის მოტივით? რომელმა ქვეყანამ გამოაცხადა უარი შტაინმაიერის გეგმაზე? რომელმა დაიწყო საომარი მოქმედებების შედეგად ეთნიკური წმენდა? რომელმა ქვეყანამ განაცხადა უარი ტერიტორიის დაცლაზე და ევროკავშირის შესვლაზე?;

·         [2008 წლის] თებერვალში პრეზიდენტ პუტინთან ჩემი შეხვედრა იყო მძიმე. მან მითხრა: ჩვენ გვექნება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან, გავხსნით ავია-მიმოსვლას, შეიძლება შემოვუშვათ ღვინოები, მაგრამ რაც შეეხება, კონფლიქტებს, ჩვენ ამაზე პასუხს გავცემთ დასავლეთს და ნატოს, თქვენ არაფერ შუაში ხართ და ჩვენი პასუხი ამასთან მიმართებაში იქნება რეაქცია კოსოვოზე. ეს იყო უკიდურესად ცინიკური განცხადება და გამოვედით ამ შეხვედრიდან ძალიან გულდამძიმებულები. ვკითხე დავით ბაქრაძეს [რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას] რა იყო მისი შთაბეჭდილება და მან მითხრა, რომ ის გვემუქრება ჩვენ ომითო;

·         შემდეგ მე შევხვდი მედვედევს და მან გვითხრა, რომ მას სურდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება; მედვედევი არ მსახურობდა კგბ-ში და ეს დადებით მომენტად მივიჩნიეთ ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრა იყო ცოტათი უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი შეჩვეული ასეთ შეხვედრებზე. დეტალებში არ შევედით და შემოგვთავაზა შეხვედრა შემდგარიყო უახლოეს ხანში. მე გამოვედი იქიდან დადებითი ემოციით;

·         მივწერე მე მას წერილი და მოგვწერეს პასუხი, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს [მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს], რომელმაც მითხრა, რომ წერილი არის ძალიან იმედგამაცრუებელი;

·         ასტანაში მედვედევმა თქვა, რომ ახლა შეხვედრის დრო არ არის. სამწუხაროდ, მან ამ შეხვედრაზე იქვე, ძალიან ნათლად განმიცხადა უარი. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში მას უსაყვედურეს;

·         ივლისის თვეში მისი რიტორიკა იყო ძალიან განსხვავებული წინა შეხვედრისგან; 

·         ჩემი ბოლო მცდელობა ომის წინ, პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრასთან დაკავშირებით იყო 6 აგვისტოს საღამოს, როცა სიტუაცია ძალიან გართულდა. და პასუხი მათი საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო ასეთი: არ არის მომწიფებული სიტუაცია. 8, 9, 10 აგვისტოს ყოველდღე ვცდილობდი მედვედევთან ან პუტინთან დარეკვას; 

·         ჩემს თვალწინ პრეზიდენტ სარკოზის თბილისში ყოფნისას [12 აგვისტოს] არ აკავშირებდნენ პრეზიდენტ მედვედევთან სხვადასხვა საბაბით; 

·         კომისიის თავმჯდომარემ ჰკითხა სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტის  ”ლილიპუტინად” მოხსენებასთან დაკავშირებით; 

·         ოდესმე გაგიგიათ, რომ მე მისთვის ”ლილიპუტინი” დამეძახოს? ეს არასდროს მითქვამს, არც კერძო საუბრებში, არც საჯაროდ. ეს არის მითი, რომელიც იმ ხალხმა გაავრცელა, რომელთაც არ სურთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რეალური პრობლემების დანახვა; მე ხაზგასმით ყოველთვის პატივისცემით ვექცეოდი მას და რაიმე სახის უხეში ნათქვამი არ გამომიყენებია რუსეთის რომელიმე ლიდერის მიმართ. 

·         მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ურთიერთობები არ არის პირადი ურთიერთობები; 

·         2004 წლის თებერვალში პირველი შეხვედრის დროს ყველანაირი ინსტინქტი მკარნახობდა, რომ მქონოდა კარგი პირადი ურთიერთობა. მე ეს მოვახერხე სხვა ლიდერებთან. სამწუხაროდ, რუსეთის შემთხვევაში მათი მხრიდან სურვილის არ ქონის გამო - ისინი არ განგვიხილავდნენ ჩვენ თანაბარ მოთამაშეებად - ვერ მოვახერხეთ მათთან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

·         თუ ვინმეს ვერ იტანდა დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობა ეს არის ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე. შევარდნაძის დროს დაბომბეს მათ პირველად საქართველო, გათიშეს გაზი. ამდენად, აქ იყო ფუნდამენტური განსხვავებები და არა პიროვნული შეუთავსებლობა;

·         ჩვენ არასდროს არავისთვის მწვანე შუქის ანთება [კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებაზე] არ გვითხოვია, და მითუმეტეს ეს მწვანე შუქი თვალითაც არ გვინახავს;

·         ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ თუ დაიწყო ხალხის მასობრივი დაწიოკება, მასობრივი აფეთქებები, ეს იქნებოდა ტოლფასი წითელი ხაზისა; ჩვენ ვთხოვდით მათ: ელაპარაკეთ რუსეთს; ყველას ვთხოვდით, რომ აგვაცილეთ თავიდან ეს დაპირისპირება; 

·         ამიტომ ჩამოვიდა სოლანა, შტაინმაიერი, კონდოლიზა რაისი - სამწუხაროდ ეს ჩარევა იყო დაგვიანებული და არა იმდენად ინტენსიური, რომ ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ეს დაპირისპირება;

·         აგვისტოში საქართველოში ომი არ დაწყებულა, ომი ფართო გაგებით დაიწყო წლებით და თვეებით ადრე. აგვისტოში რუსეთმა გადაწყვიტა ომის აქტიურ ფაზაში გადაყვანა; 

·         ჩვენი მიზანი იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის ფართომასშაბიანი კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტის პირობებში, მაგრამ ეს არ გამოდის;

·         ამერიკელების პასუხი იყო, რომ მაქსიმალურად თავი შეგვეკავებინა და არ ავყოლოდით პროვოკაციებს;

·         მიუხედავად რუსეთის მუქარებისა, აგრესიულობისა, მაინც არ ელოდა ქვეყანა ფართომასშტაბიან ინტერვენციას - ბოლოს რუსეთმა აგრესია განახორციელა ავღანეთში და ჩეხოსლოვაკიაში. ეს იყო მთავარი შეუთანხმებლობა [დასავლეთთან];

·         თუმცა ზოგიერთ ჩვენგანს გულში მაინც ბოლომდე არ გვჯეროდა [რომ რუსეთი ფართომასშტაბიან აგრესიაზე წამოვიდოდა] და ამ ზოგიერთში მეც შევდივარ; 

·         შეიძლება დაგვაგვიანდა რეაგირება. სანამ ბოლომდე არ გადავამოწმეთ და ნამდვილად არ შევეტაკეთ იმ ფაქტს, რომ ხდება ის, რაც იყო წარმოუდგენელი;

·         ფუნდამენტურად შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ცივი ომის ცხელი გამოვლინება. არ გავამტყუნებ ჩვენს მეგობრებს, რომ მათ ბოლომდე ეს მაინც არ ეჯერათ. ამის შესახებ არ სჯეროდა არც მერკელს, არც ამერიკელებს, არც იმ ლიდერებს, რომელთაც მე ვუკავშირდებოდი 7 აგვისტოს;

·         ეს პროვოკაციები ხომ 6 და 7 აგვისტოს არ დაწყებულა, ეს არის რამდენიმე წლიანი ისტორია; 

·         ესკალაცია დაიწყო აგვისტოს დასაწყისში, თუმცა ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მორიგი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება ჩაცხრეს;

·         მე გახლდით ოჯახთან ერთად დასასვენებლად საზღვარგარეთ, იტალიაში. პირველად 5 წლის განმავლობაში რამდენიმე დღით მივეცი ჩემს თავს უფლება დამესვენა ოჯახთან ერთად; 

·         ამ სიტუაციაში მე დავბრუნდი. დაგეგმილი მქონდა ოლიმპიადაზე ჩასვლა. პეკინში მივდიოდი არა გასართობად, არამედ მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩასატარებლად, სადაც უნდა მენახა პუტინი, ბუში, სარკოზი; 

·         პირველი ჩემი გეგმა იყო გავფრენილიყავი დილით პეკინში, მაგრამ რამდენიმე ჩვენს სოფელს გაუხსნეს ცეცხლი; 

·         გვქონდა არჩევანი ან ჩავმჯდარიყავი თვითმფრინავში ან დავრჩენილიყავი საქართველოში. ჩემი პროტოკოლის უფროსს ვუთხარი, რომ არ ვრისკავთ და ვრჩებით საქართველოში; 

·         იყო რამოდენიმე ფაქტორი, რის გამოც სჭირდებოდა რუსეთს ომი აგვისტოში: აგვისტოში ყველაზე დაბალია მდინარეების დონე, ყველაზე კარგი საფრენი ამინდია; მაისში მათ ამ გეგმებზე ალბათ ხელის აღება მოუხდათ იმიტომ, რომ მთელი თვე წვიმდა; 

·         რუსებმა ყველა თავისი პროვოკაცია დაგეგმეს და განახორციელეს აგვისტოში. ორივე ომი დაიწყო ჩეჩნეთში აგვისტოში;

·         მე რამდენიმე დღით ადრე მოვისმინე რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის განცხადება, რომ საქართველო აპირებს ოლიმპიადის პერიოდში ომის დაწყებას;

·         ყველაზე საშიში და სარისკო პერიოში ეს იყო აგვისტო ჩვენთვის, მაგრამ თარიღები იყო პრაქტიკულად იდეალურად შერჩეული. პუტინი ჩამოფრინდა [ვლადიკავკაზში] ყველაზე ადრე პეკინიდან, ალბათ ასე იყო დაგეგმილი;

·         საკურორტო სეზონი არა მარტო აფხაზეთში, არამედ სოჭშიც ჩავარდა;

·         თუ რუსეთს არ უნდოდა ომი, ვფიქრობდით რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა აფხაზეთისათვის, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ფუჭი;

·         აგვისტოში ყველა მსოფლიო ლიდერი ისვენებდა და აშშ-ს პრეზიდენტი [ჯორჯ ბუში] აგვისტოში პეკინში იყო; ამრიგად, საუკეთესო დრო იყო უზარმაზარი სახელმწიფოსთვის მისი შავბნელი საქმეების განსახორციელებლად; 

·         მთელი რუსული პრესა წერდა, რომ ომი გარდაუვალი იყო;

·         2001-02 წლებში მიიღეს მოსკოვში გადაწყვეტილება საქართველოსთან კონფრონტაციაზე, ხოლო მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება კოსოვოს შემდეგ და და ბუქარესტის სამიტის წინ იქნა მიღებული მოსკოვში;

·         შემდეგ სააკაშვილს ჰკითხეს, თუ რატომ არ გააუქმა საქართველომ ოფიციალურად რუსული სამშვიდობო ოპერაცია. მან უპასუხა: როგორც კი გავაუქმებდით სამშვიდობო მანდატს, ყველა იტყოდა, რომ ქართველები არიან გართულებების ინიციატორები. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით დასავლელ პარტნიორებთან, ვსვამდით საკითხს მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების თაობაზე; სამშვიდობო ფორმატების ჩანაცვლების მხრივ პროგრესი გვქონდა და სწორედ ამიტომ დაიწყო რუსეთმა მოვლენების დაჩქარება; 

·         სამშვიდობო მანდატის წესებს საქართველო ყოველთვის იცავდა. სწორი ტაქტიკა იყო საერთაშორისო წესების დაცვა;

·         შემდეგ სააკაშვილს ჰკითხეს, ვისთან გაიარა საქართველოს ხელისუფლებამ კონსულტაცია სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე; სააკაშვილმა უპასუხა: გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ თვითონ და ნებართვებს ჩვენ არავისგან არ ვიღებთ;

·         პირველი ვისაც ვუკავშირდებოდი - ეს იყო მედვედევი; მეორე ეს იყო - პოპოვი [რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი], რომელმაც არ გვაღირსა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოვიდა თბილისში; 

·         7 აგვისტოს სიტუაცია ძალიან გართულდა. ამიტომ საღამოს მე დავიწყე დაკავშირდება ყველა მეგობართან: დავურეკე ადამკუსს [ლიტვის პრეზიდენტს], კაჩინსკის [პოლონეთის პრეზიდენტს], შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბილდტს და სხეფერს [ნატოს გენერალურ მდივანს]. მე ვუთხარი, რომ სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. ასევე ვიცი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დაუკავშირდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს;

·         ყველას გაუკვირდა, რომ ეს სიტუაცია გართულდა ცხინვალთან მიმართებაში, რადგან ყველა მოელოდა გართულებას აფხაზეთის მიმართულებით, რადგან რუსებს კოდორი ჰქონდათ ყელში გაჩხერილი;

·         რამდენიმეჯერ ვიყავი გორში, 9 აგვისტოს ვიყავი ზუგდიდში, ასევე არ გამოვდიოდი მსოფლიოს ტელევიზიების პირდაპირი ეთერებიდან. მე ნამდვილად არ ვიყავი არავიზე გაბრაზებული და დრო დაჭირდათ ჩვენ პარტნიორებს, რომ გარკვეულიყვნენ ვითარებაში, თუმცა მათ ამაში დაეხმარნენ თავად რუსები. მაგრამ ჩვენთვის დრო ძალიან ღირებული იყო;

·         რუსებმა 8 აგვისტოს გადმოგვცეს ამერიკელების მეშვეობით - ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება. თქვენ იცით, რომ სარკოზიმ გაავრცელა კიდევ სხვა უფრო კოლორიტული დეტალები, პირადად ჩემს მიმართ რას აპირებდა რუსეთის ხელმძღვანელობა;

·         საბოლოოდ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურმა ჩარევამ მკვეთრად შეზღუდა რუსეთის ქმედებები;

·         ჩვენ ავტორიტარული ქვეყნის პროპაგანდული მანქანის წინაშე ვიდექით; მათ საბჭოთა ტიპის პროპაგანდული მანქანის ტრადიცია აქვთ; გოლოდომორის დროსაც კი ეს მანქანა მუშაობდა; მაშინ New York Times-ი წერდა, რომ იქ შიმშილი არ ყოფილა;

·         ”მძინარე ქალაქ ცხინვალს დაესხნენ ქართველები”  - კლასიკური გებელსური სამხედრო პროპაგანდა. სამწუხაროდ დღესაც არიან, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტები, რომლებიც ამას აშუქებენ; 

·         ყველა ზრდასრული მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ცხინვალში ხელფასს იღებდა რუსეთიდან და მათ ყველას ეჭირა იარაღი. ცხინვალში აშენდა ბაზა.

·         იმ პერიოდისთვის, როცა ცხინვალში შევედით იყო კარგად გამაგრებული, მოსახლეობისაგან ძირითადად დაცლილი, მილიტარიზებული სამხედრო პუნქტი - სამხედრო ბაზა; 

·         ცხინვალიდან 2 აგვისტოს დაიწყო ევაკუაცია. შსს-მ თქვა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პროპაგანდისტული ტრიუკი, მაგრამ როცა მათაც გადაამოწმეს ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ მართლაც იყო უპრეცედენტო ევაკუაცია ცხინვალის მოსახლეობის. როცა მათ გაიყვანეს მოსახლეობა, ამით გაუთავისუფლეს გზა სამხედრო ტეკნიკას [როკის გვირაბში]; 

·         ერთი ორი დღით ადრე, რომ მიგვესწრო, შეიძლება ამდენი ძალა არ შემოსულიყო. უკვე 7 აგვისტოს მოხდა ავნევზე თავდასხმა;

·         6 აგვისტოს მოვიდა დავით კეზერაშვილი, მემუდარა, რომ გავხსნათ არტილერია, რომ გადავარჩინოთ სოფლები. მე ჩემ თავზე ავიღე ეს მძიმე პასუხისმგებლობა;

·         კულახმეტოვის [რუსული ძალების სარდლის] რჩევა იყო, იქნებ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოთო. და პირველად ჩემ ცხოვრებაში გავიზიარე რუსი გენერლის რჩევა [პრეზიდენტმა 7 აგვისტოს 19 საათზე ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება გამოაცხადა];

·         საღამოს 10 საათზე განახლდა ჩვენ კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიების დაბომბვა; 

·         როცა ჩვენ ყველამ შევაფასეთ სიტუაცია, მე მივეცი გენშტაბს ბრძანება: ჩაეხშოთ საცეცხლე წერტილები, შეეჩერებინათ რუსული ტექნიკის შემოსვლა და ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად, მათ შორის ეთნიკური ჩვენი თანამოქალაქე ოსების. ცხინვალის დაკავების მიზანი იყო ოსების გადარჩენა; 

·         რეალურად ამ ეტაპზე გვქონდა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს იყო ჩემი ყველაზე მძიმე არჩევანი;  

·         ჩვენ ვიყავით დაძაბული მაისში, მაგრამ როგორც კი ივნისში ცოტა ჩაწყნარდა ვითარება, მე მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] დასვენების საშუალება მივეცი, რადგან ოლიმპიადის პერიოდში არ ველოდი რუსეთის მხრიდან გამწვავებას;

·         იმ მომენტში ხეობის სოფლებში მოსახლეობის კონცენტრაცია ბევრად მეტი იყო, ვიდრე ცხინვალში. ცხინვალის გავლის გარეშე, სოფლებიდან მოსახლეობის გამოყვანა იყო შეუძლებელი და იქ საცეცხლე წერტილების ჩახშობის გარეშე;

·         ძირითადად ხალხის გამოყვანა განხორციელდა შემოვლითი გზიდან; 

·         მამუკა ყურაშვილის განცხადება [კონსტიტუციული წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით] იყო სრული სიბრიყვე. ამ კაცს არ ჰქონია არანაირი მანდატი ამგვარი განცხადების გასაკეთებლად. როცა ატყდა ეს ყველაფერი, მას ეს საკუთარი თავის გამოჩენის სურვილმა ათქმევინა. ეს იქნა ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული. ეს იყო უხეში შეცდომა. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა - ეს არის ჩეჩნური ტერმინი, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ; 

·         ქართულმა არმიამ, ასიათასობით თბილისის ქუჩებში გამოსულ ადამიანებთან ერთად, გადაარჩინა ქვეყანა;

·         მათ იცოდნენ, რომ თბილისი იყო გამაგრებული, ქართული მთავრობა არ ჩამოიშალა და ასევე პრეზიდენტ ბუშის მკაცრმა განცხადებამ გადააფიქრებინა მათ თბილისში შემოსვლა;

·         მთავრობის დამხობა და ნავთობსადენების და გაზსადენების კონტროლი იყო მათი მიზანი, რომლებიც შესრულებული არ არის; 

·         მე მერჩივნა ის 4 მილიარდი, რომელიც ჯარზე დაიხარჯა, გზებზე , სკოლებზე დახარჯულიყო; 

·         საქართველოს სჭირდება დაცვა, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი. მიდის ჩქარი ტემპებით პირადი შემადგენლობის შევსება, მათი წრთვნა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება; 

·         ჩვენ მზად ვართ კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მაგრამ თუ ქვეყანას დასჭირდა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მისთვის თავის გასაწირად;

·         ამ დროს კომისიის თავმჯდომარემ უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს: რუსული საინფორმაციო სააგენტოები უკვე იტყობინებიან, რომ თითქოს თქვენი ჩვენების დროს, თქვენ აღიარეთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო; სააკაშვილმა უპასუხა: ჩვენ ვაღიარეთ, რომ ჩვენ არ დავნებდით მათ და გავუწიეთ წინააღმდეგობა ფართომასშტაბიან რუსულ ინტერვენციას. რამდენადაც მძიმე არ იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იყო დემოკრატიულად არჩეული ლიდერის პასუხისმგებლობა ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად; 

·         ამის შემდეგ პრეზიდენმა 10-წუთიანი შესვენება მოითხოვა; 

·         სხდომის განახლების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: იმ დღეებში ცხინვალიდან საცეცხლე წერტილებად გამოიყენებოდა სამშვიდობოების პოზიციები. ჩვენ გაფრთხილებული გვყავდა ჩვენი სამშვიდოები არ ჩართულიყვნენ საბრძოლო მოქმედებებში; 

·         მთლიანობაში მე ვარ ძალიან კმაყოფილი შეიარაღებული ძალების მოქმედებით. ჩვენმა ჯარმა გმირულად იბრძოლა და შეაჩერა რუსული არმიის მსვლელობა, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერეოდა აქტიურად; 

·         საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა არა ცალკე აღებული არმია და სპეცრაზმი, რომელიც ჩვენ გავანადგურეთ, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანი ნაწილის 95%; 

·         თქვენ იცით, კეთდება განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო და რუსეთმა რეაგირება მოახდინა ....  მაგრამ თვეებია საჭირო ამდენი ძალების მობილიზებისა და განთავსებისთვის; 

·         მე მითხრეს და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს დასავლეთში, რომ აქ მოგვიწყობდნენ ჩრდილოეთ კვიპროსს; 

·         ძალიან საეჭვო იყო თურქეთის ტერიტორიაზე [ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის] ნავთობსადენის აფეთქება. ადრე მსგავსი აფეთქებები არ მახსოვს ქურთი სეპარატისტების მხრიდან და ეს საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მოქმედებებს; 

·         მთელი მათი სამხედრო-პოლიტიკური მანქანა იქნა მობილიზებული საქართველოზე; ჩვენმა ჯარმა მინიმალური დანაკარგებით - რუსების მსხვერპლი იყო 15-16-ჯერ უფრო მაღალი, მოახერხა ძალების შეჩერება, სანამ ამოქმედდა საერთაშორისო დიპლომატია; 

·         60-ზე მეტი ისკანდერის რაკეტა იქნა საქართველოში გასროლილი; 

·         ისინი მოდიოდნენ ლარსიდან, სადაც 500-700 ერთეული ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული. ისინი შემოდიოდნენ დაღესტნიდან კახეთის ტერიტორიაზე; 

·         რეზერვისტთა სამსახურის ამოცანა იყო ძალიან სპეციფიური - არმიის მიერ დაკავებული პუნქტების გაკონტროლება. რეზერვისტთა მომზადება არ იყო საკმარისი, რომ ეომათ რეგულარულ ჯარში; 

·         საქართველო ისწრაფვის ალიანსებისკენ, სადაც პრობლემები მშვიდობიანად გვარდება; 

·         რა თქმა უნდა, მე ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ [ჯარში და სარეზერვო სისტემაში]. ამიტომ მე გადავაყენე [გენშტაბის ყოფილი უფროსი ზაზა] გოგავა, რომელსაც მადლობა გადავუხადე, თუმცა არა მგონი, რომ თვითონ თვლიდეს, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. მის მაგივრად დავნიშნე ჩაჩიბაია და ახლა ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ოფიცრების გაგზავნას საზღვარგარეთ სასწავლებლად; 

·         ჩვენ ინტერესებში ძალადობა არ შედის, ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც არ სურს ძალადობა;

·         შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ზემო კოდორის ხეობაში; მან განაცხადა: რატომ ჩავატარებდით ამ სამუშაოებს ომი რომ გვდომებოდა? 

·         სადაც ჩვენ გვქონდა კონტროლი ახალგორში, ახალქალაქში, მარნეულში - არსად ჩვენ ეთნიკური ტიპის პრობლემები არ გვქონია; ცხინვალის ციხიდან ჩვენ გავათავისუფლეთ ალან პარასტაევი; საქართველომ მოახერხა ეროვნული კონსოლიდაცია; 

·         ძალიან დიდი დაწოლა იყო სომხეთზე [რუსეთის მხრიდან], რათა მოეხდინათ ახალქალაქში დაძაბულობის პერიოდში ინსპირირება, თუმცა არაფერი არ გამოუვიდათ; 

·         თავის მოწონების საფუძველი ჩვენ ნაკლებად გაგვაჩნია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო მაინც შედგა, მათ შორის ეთნიკურობის კუთხით; 

·         შემდეგ სააკაშვილს ჰკითხეს დაეკონკრეტებინა მისი განცხადება, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო უფრო სწრაფად ემოქმედა 7 აგვისტომდე; სააკაშვილმა უპასუხა: სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ შეგვეძლო უფრო სწრაფად გვემოქმედა მანამდეც; მაგრამ დღესაც კი გვიჭირს დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ რუსული აგრესიის საპასუხოდ ვმოქმედებდით და წარმოგიდგენიათ, როგორ გაიმართლებდა თავს რუსეთი, თუ ჩვენ წინასწარ ვიმოქმედებით;

·         მე ვიყავი რამდენჯერმე ცხინვალის ახლოს, სადაც ვხედავდი, რომ კარგად ხდებოდა ჯარის ლოგისტიკური მომარაგება; 

·         კითხვაზე ხომ არ დადგება თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, სააკაშვილმა უპასუხა: შთამბეჭდავი იყო კეზერაშვილის პასუხები [კომისიაზე ჩვენების მიცემისას], მაგრამ არის დემოკრატია და თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ; 

·         ჩვენ ვალდებული ვიყავით გვემოქმედა, რადგან სხვაგვარად ვერ შევაჩერებდით მათ [რუსული ძალების] წინსვლას; 

·         არ იყო ყველაზე კარგი გამოსავალი რაც მოხდა, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ სიტუაციას, დიდი არჩევანი ჩვენ არ გვქონია; 

·         კითხვაზე, თუ როგორ მიაჩნდა დამარცხდა საქართველო, თუ არა, სააკაშვილმა უპასუხა: მარცხი და გამარჯვება ფასდება ბრძოლის ბოლოს და საქართველოს ბრძოლა არ დამთავრებულა და გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. ისტორიულად ასეთი შემოჭრის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრიობა წყვეტდა ხოლმე არსებობას. ჩვენ გადავარჩინეთ საზოგადოებრივი ერთიანობა, დემოკრატიული წყობა და ინსტიტუტები; 

·         მთავრობის ჩამოგდება, ნავთობსადენების გაკონტროლება, არმიის განადგურება - რუსების მთავარი მიზნები არ არის მიღწეული, ესაა სიტუაცია, როცა დამშვიდების საფუძველი ნაკლებად არსებობს;

·         ჩვენი პასუხი არის მომზადება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების;

·         ყველა ჩემი დღე იწყება ჯოჯოხეთური განცდებით იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიის ყველაზე საყვარელი ნაწილი არის ოკუპირებული დამპყრობლების მიერ; 

·         მე გადაწყვეტილი მქონდა ავსულიყავი კოდორის ხეობაში და მეხელმძღვანელა იქ ოპერაციისთვის. სამწუხაროდ, რუსებმა დაგვასწრეს და იძულებული ვიყავი გამოვბრუნებულიყავი თბილისში მანქანით [ზუგდიდიდან 9 აგვისტოს];

·         სანამ ეს [ომის] შედეგები არ არის გამოსწორებული, რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ლაპარაკი იქნება შეუძლებელი; 

·         საქართველოს სრული განადგურება არის ჩვენი მოწინააღმდეგის მიზანი - დაყონ საქართველო, დასვან მარიონეტული მთავრობა იმისთვის, რომ დემოკრატიის ვირუსი საქართველოდან არ გავრცელდეს მათი [რუსეთის] მიმართულებით;

·         თუ ჩვენ გავაგრძელებთ აღმშენებლობას და განვითარებას ისინი იქნებიან დამარცხებული და საქართველო წარმატებული და გამთლიანებული. ეს არის ჩემი ზოგადი პასუხი; 

·         კითხვაზე შეაფერხა თუ არა აგვისტოს ომმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სააკაშვილმა უპასუხა: ეს საკითხი არ არის ასე მარტივი. თუ რუსეთი ადრე მოქმედებდა, როგორც მედიატორი, დღეს ყველამ აღიარა - საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპანტები არიან რუსები; სწორედ ამის გამო ევროპული ინსტიტუტები ჩართულები არიან ამ პრობლემის მოგვარებაში, მე ვისურვებდი, რომ მეტად იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მხარდაჭერა არის. მოულოდნელი მხარდაჭერა იყო ასევე  ჩინეთიდან და კარგად იმუშავეს შუა აზიის ქვეყნებმაც;

·         სარკოზის შეთანხმება არ იყო იდეალური; 

·         მე მოვაწერე ხელი შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ძალების გაყვანას 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე; ეს არის პირველი ეტაპი და მეორე ეტაპია მათგან თავის დაღწევა საბოლოოდ; 

·         მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა აქამდე და რაც მოხდება ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. ეს პასუხისმგებლობა ქართველის ხალხის და მათ შორის პარლამენტის შესაფასებელია; 

·         ეს იყო ნაღმები - არასწორად გაკეთებული ავტონომიები, რომელიც სამწუხაროდ, აგვიფეთქდა. ჩვენი გეგმა იყო მიგვეცა ბევრად უფრო მეტი ავტონომია, ვიდრე მათ ჰქონდათ ადრე. სანაკოევის [სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის] პროექტი იყო სწორი. მე ვარ ფართო ავტონომიის მომხრე;

·         უგულავა [თბილისის მერი] იმყოფებოდა გორში თავის სამოქალაქო სამსახურებთან ერთად, რომელთაც იმუშავეს კარგად და ეს მისი დამსახურებაა. სამხედრო გადაწყვეტილებებს არ იღებდა და ამის პრეტენზია არ აქვს. იქ იყო უგულავა საქმის საკეთებლად; 

·         შემდეგ მას ჰკითხეს კიწმარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა თითქოსდა განაცხადა, რომ დედაქალაქს თბილისიდან სოხუმში გადაიტანდა 2008 წლის აგვისტოში.  ამის საპასუხოდ, სააკაშვილმა განაცხადა: ჩვენ ვთავაზობდით და ვთავაზობთ აფხაზებს საქართველოს ერთად მართვას, ხელისუფლების გაყოფას. თუ ყოველივე ამის შედეგად ფედერალურ ცენტრად გამოვაცხადებდით სოხუმს, ეს იქნებოდა მოლაპარაკებების საგანი. ეს არ იყო ღია განხილვის თემა. ეს განიხილებოდა ახალი ფედერალური მოწყობის ფარგლებში;

·         კითხვაზე, თუ რატომ დაინიშნა ეროსი კიწმარიშვილი საქარველოს ელჩად რუსეთში, მან უპასუხა: საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით დაინიშნა კიწმარიშვილი, თუმცა ზოგჯერ მოგვდის მძიმე შეცდომა. მან კიწმარიშვილი მოიხსენია, როგორც  ”გადამხტომი”. ჩვენ მოქმედ თუ გაგდებულ თანამდებობის პირებს, კი შეიძლება რაღაცა ეწყინოთ და არ მოგწონდეს ეს მთავრობა, მაგრამ არასდროს არ უნდა გადალახო ის ზღვარი, სადაც მთავრდება ბრძოლა საკუთარ მთავრობასთან და იწყება ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ; 

·         როდესაც კომისიის წევრმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ჰკითხა მას კიწმარიშვილის განცხადებაზე 2004 წელს პუტინის და სააკაშვილის შეხვედრაზე, სადაც პუტინმა თითქოსდა თქვა, რომ რუსეთი მზად იყო სამხრეთ ოსეთზე დაეწყო საუბარი, და არა აფხაზეთზე, სააკაშვილმა უპასუხა: თქვენ ისე ახდენთ მის [კიწმარიშვილის] ციტირებას, თითქოს ის კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია; არ ვიცი, სად წაიკითხა ამ პიროვნებამ ამის თაობაზე, შესაძლოა ”ალიაში” ან ”ასავალ-დასავალში”; 

·         რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ ასლან აბაშიძე [აჭარის ყოფილი ლიდერი] არ დამხობილიყო; 

·         ვერასოდეს კონკრეტული პასუხი მათგან [რუსული მხარისგან] არცერთ თემაზე არ მიგვიღია, თუ რა უნდოდათ მათ ჩვენგან; 

·         ჩვენ ბევრი რამე შევთავაზეთ მათ. ცხინვალთან მიმართებაში, ვეუბნებოდით რუსებს, რომ გვაიძულეთ, რომ დავუბრუნოთ მათ ავტონომია და თქვენც გამარჯვებულები იქნებით, ჩვენც და ოსებიც; 

·         2004 წლის აგვისტოში ჩვენ ჩავატარეთ ანტიკონტრაბანდული ოპერაცია და შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება იქიდან ჯარების გამოყვანაზე; 

·         2006 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც მოხდა ჯაშუშების გადაცემა, რუსეთის მხრიდან იყო სამხედრო რიტორიკა და მედია ალაპარაკდა, რომ იქნება რუსეთ-საქართველოს ომი. ამის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველო აპირებს პატარა ერების დაჩაგვრას და გენოციდს. ამის შემდეგ კონდოლიზა რაისს ჰქონდა მკაცრი საუბარი და შედეგად, მედიიდან გაქრა ომის თემა; 

·         [2006 წელს] მინსკში პუტინმა დამტუქსა ჯაშუშების გამო და ძალიან უსიამოვნო საუბარი მქონდა მასთან, სადაც განმიცხადა, რომ მე თქვენ მოგიწყობთ ჩრდილოეთ კვიპროსს. მაშინ კოსოვო არ იყო აქტუალური; 

·         2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხდა უკრაინაში რევოლუცია და მაშინ უკვე ჩვენ ჩაგვთვალეს საფრთხედ; 

·         ამ ტიპის პოლიტიკური სისტემის საქართველოს არსებობა არის ფუნდამენტურად მიუღებელი რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის. აქ არ არის არც პიროვნული შეუთავსებლობა. დღესაც კი მე არანაირი გაღიზიანება არ მაქვს პუტინის ან მედვედევის მიმართ; 

·         ამის გამოსწორება არის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში და რუსეთის დემოკრატიულ განვითარებაში; 

·         ვიცი, რომ მოწონთ კურორტები [რუსებს]. მე ვუთხარი მათ, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეკონომიკური ინტერესები, დავაკანონოთ თქვენი სამშვიდობოების ყოფნა აფხაზეთის ჩრდილოეთით. 80 კმ-ის მანძილზე მდინარე კოდორამდე შეგვაყვანინეთ დევნილები. აღვადგინოთ კომუნიკაციები, რკინიგზა. ეს იყო გრძელვადიანი გეგმა, რომელიც შედიოდა რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებში; 

·         ეს წერილი, რომელზეც უარი მივიღეთ, მე არ დამირეკლამებია,გაჟონაამან რუსულ პრესაში და საქართველოში რეაქცია იყო ძალიან მწვავე. მაგრამ მე უნდა ამეღო ჩემ თავზე პასუხისმგებლობა, რომ ქმედითი სამშვიდობო გეგმა შემეთავაზებინა. ეს არ იყო გაყოფის გეგმა. ეს იყო დევნილების დაბრუნების ხარჯზე მოგვარების დროში გაწელვა - ეტაპობრივი მოგვარება; 

·         ჩვენ ვუჭერდით მხარს სოჭის ოლიმპიადას ამ დრომდე; 

·         მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის მთელი ძალებით იბრძოლებდა; 

·         საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ჩვენ ვერანაირ დათმობებზე ვერ წავალთ. ჩვენ შევინარჩუნეთ საკონსულო ურთიერთობები. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს რუსეთთან ჟენევის პროცესის ფარგლებში. მაგრამ ნუ მთხოვთ დავთანხმდე, რომ რუსეთს ჰქონდეს ერთი საელჩო თბილისში, ერთი ცხინვალში და ერთიც სოხუმში. რუსებთან ურთიერთობები ჩვენ აუცილებლად გვექნება; 

·         ბევრი გაგებით ჩვენ ბევრი რამე გვაერთიანებს, მაგრამ იმ პირობებში, როცა ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ; 

·         ახლა ვართ კოშმარულ სტადიაზე და თუ მათ [რუსეთმა არსებული მდგომარეობა] ეს შეინარჩუნეს შეიძლება ვითარება უარესობისკენ წავიდეს; 

·         ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენ ჩვენი ნებით არ შეგვიქმნია ეს პრობლემები. ჩვენ ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს ფსოუზე და როკის გვირაბთან და შემდეგ ვივლით ერთმანეთთან, მხოლოდ არა ტანკებით; 

·         კითხვაზე შეაფერხა თუ არა ომმა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, სააკაშვილმა უპასუხა: ამ ომის მთავარი მიზანი იყო, რომ ნატოს გამოეცხადებინა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქართველო ვეღარ გახდება ნატოს წევრი. ჩვენ MAP კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ნატოში შესვლა;

·         ჩვენ ნატოში შესვლა გვინდა იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ამ სისტემის წევრი და არა იმიტომ, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, რათა ჩვენ დავეხმაროთ მათ და ისინი დაგვეხმარონ ჩვენ. ყველა წევრმა, ყველაზე სკეპტიკურებმაც კი გერმანიის ჩათვლით განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ომის მიუხედავად; მისი თქმით, მნიშვნელოვანია იყოს წევრობის მექანიზმები და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება MAP თუ რამე სხვა მექანიზმი

·         ბევრი რაღაც [ნატოსთან დაკავშირებით] გადაწყდება უფრო გაზაფხულისკენ. მხარდაჭერა არათუ შემცირდა, არამედ ფართოვდება. ძირითადში ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი: საკითხი დგას არა იქნება თუ არა, არამედ როდის იქნება [ნატოში ინტეგრაცია]; 

·         ჩვენ მართლაც გადავარჩინეთ ჩვენი საბრძოლო ტეკნიკის დიდი ნაწილი. ჩვენ ვიყავით მზად ყველანაირი წინააღმდეგობისთვის და ახლა უფრო მეტად მზად ვართ, თუ ეს დაგვჭირდა; 

·         შემდეგ მას დაუსვეს შეკითხვა გორში მომხდარ ინციდენტთანდაკავშირებით, როდესაც კონფლიქტის დღეებში საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად პრეზიდენტის ვიზიტის დროს ქალაქს საფრენმა აპარატმა გადაუფრინა. სააკაშვილმა უპასუხა: გორში გვბომბავდნენ. როცა რუსულმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა და ჩამოყარა ბომბები გარშემო, დაცვის ბიჭებმა ისე, რომ არაფერი არ მკითხეს, გადამეფარნენ. ეს არასწორი მოქმედება იყო, როცა 500 კგ-იანი ბომბის დაცემა გემუქრება ამას აზრი არ აქვს. რომ არ შეგვშინებია,  ჩვენს, მთავრობის მოქმედებებში გამოჩნდა. ამ დროს შეიძლება განცდებისგან ჰალსტუხიც შემოგეჭამოს, მაგრამ ჩვენს შიშნარევ თვალებს ვერავინ ნახავს;

·         დღეს საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე უფრო ნაკლებია, ვიდრე ორი თვის წინ. მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დამატებითი გარანტიების შექმნა უსაფრთხოებისთვის და ტერიტორიული პრობლემების მოგვარებისთვის;

·         კომისია რაც უფრო მალე დადებს შედეგს, მით უფრო კარგია. მე ვემზადებოდი საგულდაგულოდ დღევანდელი სხდომისთვის, ბევრ მასალას გადავხედე. მე მოვისმინე ბევრი უსიამოვნო და მწვავე კითხვა. 

 

old.civil.ge. 2008 წლის 28 ნოემბერი