12 ოქტ 2018 16:08 414

ამ ადამიანებს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ფიზიკურად გაუსწორდა - ირმა ინაშვილი „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარებას ითხოვს

 

პატრიოტთა ალიანსისლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობისდანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა თანაგუნდელებთან და 2004-2012 წლებში წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ ადამიანებთან ერთად შეხვედრა გამართა.

მძიმე შეხვედრა გვაქვს, რადგან რეზოლუციაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. ამ ადამიანებს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ფიზიკურად გაუსწორდა. რეზოლუცია საქართველოს პარლამენტის მიერ უნდა იყოს მიღებული, რადგან ეს პარლამენტის ღირსების საკითხია. სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ დანაშაულის ჩამდენები პასუხს არ აგებენ.

აქ მყოფი ადამიანები ხმას მაშინ იმაღლებდნენ, როცა საზოგადოება სდუმდა, მათ ოჯახის წევრები დაკარგეს. წინა ხელისუფლების რეჟიმმა ადამიანებს არა მხოლოდ სიცოცხლე მოუსპო, არამედ უამრავ მათგანს ქონება წაართვა და საქართველოს 20 პროცენტი დააკარგვინა. დღეს დამნაშავეები საგამოძიებო კომისიას ქმნიან და ჭკუას გვიკითხავენ, რა არის დემოკრატია. ისინი, ვინც წინა ხელისუფლების უშუალო ხერხემალი იყვნენ, დღეს პარლამენტში ლექციას გვიკითხავენ, რა არის ადამიანის უფლებები. პარლამენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. თუ სამართლიანობა არ აღდგება, დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ”, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტს მხარს 300 ათასი ადამიანი უჭერს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ია მეტრეველი, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, ნანა თეთრაძე და სხვები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ელენე თევდორაძე, რომელსაც ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პრაიმტაიმი